ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ამბობს, რომ ყველაფერი, რაც საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიის საფუძვლებს, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ევროპარლამენტში ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება. მან ამის შესახებ სტრასბურგში პრესკონფერენციაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ვფიქრობ, თბილისის მოედნებზე ევროკავშირის დროშების სცენები ჩვენთან დარჩება. ეს იყო ძლიერი გზავნილი იმ ხალხისა, რომელსაც ევროპის გულში ყოფნა სურს. ეს გვიბიძგებს ჩვენ, რომ ზურგი არ შევაქციოთ. სწორედ ეს არის ის, რასაც გვთხოვენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც გვითხრეს: გთხოვთ, ჩვენ გვსურს ევროკავშირის ნაწილი ვიყოთ, თვალი არ აგვარიდოთ. ასე რომ, ყველაფერი, რაც საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიის საფუძვლებს, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ამ პარლამენტში ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება და ამაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ. ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ.
ხვალ და ზეგ ევროპულ საბჭოს ვესწრები და ეს არის გზავნილი, რომელიც თან მიმაქვს",- განაცხადა რობერტა მეცოლამ და დასძინა, რომ მედიის თავისუფლებასა და დაცვასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი მტკიცეა.
სტრასბურგში, ევროპარლამენტში 2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატების დაჯილდოებისცერემონიალი გაიმართა, რომელიც აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის უმაღლესიჯილდოა ადამიანის უფლებების დარგში. მზია ამაღლობელის სახელით პრემია „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ირმა დიმიტრაძემ მიიღო, ანდჟეი პოჩობუტის სახელით კი - მისმა შვილმა.
