რას წერს ევროკომისია ვიზალიბერალიზაციის ანგარიშში?

მეორე ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუკი ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს. საბოლოოდ, საქართველომ შეიძლება სრულიად დაკარგოს უვიზო რეჟიმი და მოხვდეს იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთათვისაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზა სავალდებულოა - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის მე-8 ანგარიშში წერია.

19 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ევროკომისია შეშფოთებულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სერიოზული დარღვევით და არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს მყისიერი ზომები პრობლემების აღმოსაფხვრელად და შეასრულოს კომისიის რეკომენდაციები. საქართველომ დაარღვია ვიზალიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებული არაერთი ვალდებულება და ვერ შეასრულა ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები.

"უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს განახლებული ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა. ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე ვიზის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც პირველ რიგში პასუხისმგებელნი არიან კომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო ზომების მიუღებლობაზე. ახალი წესები უზრუნველყოფს შეჩერების წესის ერთგვაროვან გავრცელებას ყველა წევრ სახელმწიფოზე. როგორც კი ამ ჯგუფებისთვის ვიზების მოთხოვნა ევროკავშირის დონეზე ხელახლა დაწესდება. მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები საქართველოს ხელისუფლების მიერ არ იქნება აღმოფხვრილი, შეჩერება შესაძლოა გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე. საბოლოოდ, საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს ვიზალიბერალიზაციის სტატუსი და გადავიდეს ევროკავშირის იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ვიზა ესაჭიროებათ", - წერია დოკუმენტში.

ევროკომისია ასევე წერს, რომ გააგრძელებს პარტნიორი ქვეყნების მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.

ევროკავშირმა 2025 წლის ნოემბერში დაამტკიცა სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ახალი წესები ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობენ. ასეთი 61 ქვეყანაა და მათ მათ შორის არის საქართველოც. ახალი წესებით, რომელიც 30 დეკემბერს შევა ძალაში, უვიზო მიმოსვლის შეჩერება მარტივდება.