უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
გამოცემა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს იმ ახალი წესების ფარგლებში, რაც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შედის.
ევროკომისიის თანახმად, პირველ ეტაპზე შეზღუდვა შეიძლება შეეხოთ დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, შემდეგ კი - მთელ მოსახლეობას;
ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება „პრობლემებს არ მოაგვარებს“ - არ შეასრულებს ბრიუსელისგან არაერთგზის მიღებულ რეკომენდაციებს.
მიღებული დოკუმენტის ძირითად მიგნებებში ასევე წერია, რომ: „კონკრეტულად საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და საქართველომ 2024-2025 წლებში გადაუხვია თავისი გზიდან, მიუხედავად ბოლო წლების არაერთი რეკომენდაციისა".
ევროკომისია 19 დეკემბერს მიღებული ანგარიშის ძირითად მიგნებებში საუბრობს საქართველოს მიერ არაერთი „ძირითადი კრიტერიუმების შეუსრულებლობაზე“.
კერძოდ:
„კომისიამ წარსულში უკვე გამოთქვა შეშფოთება საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დარღვევის შესახებ და არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ამ საკითხების მოსაგვარებლად და კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად“.
შემდეგ წერს, რომ ამ მოწოდებების მიუხედავად, საქართველომ „დაარღვია ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული მრავალი ვალდებულება და ვერ შეასრულა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეშვიდე (2024 წლის) ანგარიშის რეკომენდაციები“.
„ამ [დემოკრატიული] უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის 30 დეკემბერს“, - წერს ევროკომისია.
ევროკომისია იქვე აკონკრეტებს:
„ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ზომების მიუღებლობაზე“.
„ახალი წესები უზრუნველყოფს შეჩერების წესის ერთგვაროვან გავრცელებას ყველა წევრ სახელმწიფოზე … როგორც კი ამ ჯგუფებისთვის ვიზების მოთხოვნა ევროკავშირის დონეზე ხელახლა დაწესდება“ [ეს ნიშნავს, რომ თუკი ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველა წევრი ქვეყანა, მათ შორის უნგრეთიც და სლოვაკეთიც, იძულებული იქნება, დაემორჩილოს მას].
„მეორე ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუკი ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს“.
„საბოლოო ჯამში, საქართველომ შეიძლება სრულიად დაკარგოს უვიზო რეჟიმი და მოხვდეს იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთათვისაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზა სავალდებულოა", - წერს "რადიო თავისუფლება".
