"უმძიმეს რამეს ითხოვდა აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ჩვენგან და ამას მოჰყვა შემდეგ ზეწოლა" - ირაკლი კობახიძე

იყო  საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი, რომელიც შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარია, რომ დამკვიდრდეს სამართლიანი მიდგომები ურთიერთობებში.

„ჩვენ გვქონდა საინტერესო საუბრები. ამ საუბრის დეტალებზე საჯაროდ გაგვიჭირდება ლაპარაკი,  თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო  საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი, რომელიც შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს. 
მინდა, კიდევ ერთხელ მოგახსენოთ ზოგად მიდგომაზე. მთავარია, რომ დამკვიდრდეს სამართლიანი მიდგომები ურთიერთობებში. რამაც გააფუჭა ურთიერთობები გასული წლების განმავლობაში, ეს იყო სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა. ძალიან კარგად გახსოვთ, რას აკეთებდა წინა ადმინისტრაცია, როგორ უჭერდა მხარს რადიკალიზმს, სიძულვილს, სიცრუეს ჩვენს ქვეყანაში, როგორ ახალისებდა სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟს, მათ შორის, როგორ უბიძგებდა რადიკალურ ოპოზიციას არ ესარგებლათ მანდატებით. ეს მოხდა, როგორც 2020 წელს, ასევე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. დღეს ვხედავთ, რომ ეს მიდგომები არის შეცვლილი, რაც გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. ეს არის ჩვენი მთავარი შეთავაზება ამერიკული მხარისთვის“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეროვნული ინტერესები არის განმსაზღვრელი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. 

 

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ ყველა სახელმწიფო ამოდის საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან, ასეთია თანამედროვე პოლიტიკა და არა მარტო თანამედროვე პოლიტიკა. ყველა სახელმწიფო ამოდის საკუთარი ინტერესებიდან შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ დღეს ახალი ადმინისტრაცია იწყებს საუბარს ურთიერთობების გადახედვაზე, მათ შორის რუსეთთან.

 

კიდევ ერთხელ ეროვნული ინტერესები არის განმსაზღვრელი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და ამას მოვუწოდებდით ყველას, მთელ საზოგადოებას, რომ პრაგმატულად შეეხედათ მოვლენებისთვის და დღევანდელი პროცესები აჩვენებს იმას, რომ პრაგმატულ მიდგომას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომით.

 

„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ რას იტყვის სახელმწიფო მდივანი საქართველოს შესახებ ამ ოპოზიციისთვის საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იმდენად არის დისკრედიტირებული, იმდენადაა დასუსტებული ოპოზიცია, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას სახელმწიფო მდივნის მიმართ, ამერიკული ადმინისტრაციის მიმართ, ჩვენი დამოკიდებულება არის ის, რომ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. აქედან გამომდინარე, ოპტიმიზმით ვუყურებთ ყველა გზავნილს, მათ შორის, იმ გზავნილებს, რომლებიც მოვისმინეთ უშუალოდ საქართველოში ვიზიტის დროს. ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება საქართველოსა და აშშ-ს შორის. დანარჩენი დამოკიდებულია შემდგომ მოლაპარაკებებზე.

მიდგომები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ეს მიდგომები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. თუ რაიმე გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან, 100 %-ით. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან. საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოითხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან. საქართველო, სწორედ, ღირსებას იცავდა, როდესაც პირდაპირ უმძიმეს რამეს ითხოვდნენ ჩვენგან და ჩვენ ღირსების დაცვის საფუძველზე მოვახერხეთ, უმძიმესი რისკები აგვეცილებინა თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის. უმძიმეს რამეს ითხოვდა წინა ადმინისტრაცია ჩვენგან და ამას მოჰყვა შემდეგ ზეწოლა, წნეხი, შანტაჟი და ათასი უბედურება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომით,“- აღნიშნა პრემიერმა.