ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და სუვერენული მომავლის ფორმირებაში.
„მოხარული ვარ, რომ თბილისი განაგრძობს მრავალწლიან ტრადიციას და უკვე მეთექვსმეტედ მასპინძლობს მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს, რომელმაც მასშტაბური გლობალური პლატფორმის სტატუსი შეიძინა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი დედაქალაქი კვლავ რჩება რეგიონში საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან ცენტრად.
ბოლო წლებში ჩვენ არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით და ამ ფონზე, წლევანდელი ფორუმის მთავარი გზავნილი - „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“ - კიდევ უფრო აქტუალურია.
მზარდი საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, როდესაც ზესახელმწიფოები მცირე ქვეყნებს მხარის არჩევისკენ მოუწოდებენ, ჩვენთვის გადამწყვეტი ხდება დიპლომატიის სრულფასოვანი გამოყენება. ლოგიკური და კანონზომიერია, რომ ფორუმის დღის წესრიგი ყველაზე რთულ და აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებსაც მოიცავს. მსგავსი თემების განხილვა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფის გზების საძიებლად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.
ჩვენს სტრატეგიულ მიზნებთან მჭიდროდაა დაკავშირებული ფორუმის თემატური პანელებიც, რომლებიც სუვერენიტეტის განმტკიცებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ენერგოდამოუკიდებლობაში დიდი ჰესების როლს, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, ინოვაციების დანერგვასა და მდგრად ურბანულ რეფორმებს ეთმობა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილი კვლავ უკავია მშვიდობის პლატფორმას. გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე, პროგრესსა თუ კეთილდღეობაზე საუბარი შეუძლებელია.
ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის.
დარწმუნებული ვარ, ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და სუვერენული მომავლის ფორმირებაში.
მადლობას გიხდით ფორუმის ორგანიზატორებს, პარტნიორებსა და მონაწილეებს და ყველას ნაყოფიერ დისკუსიებს გისურვებთ!,- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხვრის მიზნით და შესყიდვები ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
„პროცედურები ძალიან მნიშვნელოვნად მოწესრიგდა და ამას ემატება ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც განხორციელდა - შეიქმნა ერთიანი, შესყიდვების ორგანიზებული სამსახური, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს შესყიდვებთან დაკავშირებულ პროცესებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის აღმოფხვრის მიზნით და შესყიდვები ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება ყველა პროცედურა, ამას უზრუნველყოფს ახალი გაერთიანებული სამსახური, რომელიც შეიქმნა. თავიდან ბოლომდე პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ შესყიდვებიდან გამორიცხული იქნება კორუფციული გარიგებები. ეს გამორიცხული იქნება თავად იმ გამჭვირვალე პროცედურებითაც, რომელიც დაინერგა სისტემაში,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის შემდგომი ზრდა უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტად როგორც ზოგადად ეკონომიკის გაძლიერებას, ისე მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.
„ჩვენ მთავარია შევუნარჩუნოთ ზრდის ეს ტემპი, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ თანდათანობით კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ავამაღლოთ მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხი. თქვენ იცით, რომ პირდაპირ აისახება ეკონომიკური ზრდა სხვადასხვა მაჩვენებელზე, ეს არის დასაქმების მაჩვენებელი, ეს არის საშუალო ხელფასის მაჩვენებელი, ეს არის სიღარიბის მაჩვენებელი, სადაც გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ბოლო 5 წლის განმავლობაში და ბუნებრივია, ბიზნესსექტორის ბრუნვის შემდგომი ზრდა, ეკონომიკის შემდგომი ზრდა, უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტად როგორც ზოგადად ეკონომიკის გაძლიერებას, ისე ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 133 მილიონი კილოვატ/საათია მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, როდესაც მსგავს მუნიციპალიტეტებში ორნიშნა მაჩვენებელსაც კი არ შეადგენს, 10%-ს არ აღემატება.
„გაკეთდა განაცხადი გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით და პარალელურად, წარიმართება შესაბამისი პროცესები, რაშიც არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამოღებული იქნა უკვე დიდი ოდენობით მაინერები, რაც გულისხმობს იმას, რომ უკანონოდ ხდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. თქვენ იცით, რა ციფრებზეა საუბარი. 133 მილიონი კილოვატ/საათია მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, როდესაც მსგავს მუნიციპალიტეტებში ორნიშნა მაჩვენებელსაც კი არ შეადგენს, 10%-ს არ აღემატება ელექტროენერგიის მოხმარება. დაახლოებით, უხეშად, 20 მილიონზე მეტი ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარება ხდება მაინინგის მიზნით. საბოლოო ჯამში, ეს აწვება თითოეულ მოქალაქეს, აისახება გადასახადზე, რომელსაც ადამიანი იხდის თბილისში, ქუთაისში თუ ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში. ბუნებრივია, ეს უნდა გამოსწორდეს, ჩარჩოებში უნდა მოექცეს. ამას ემსახურება გამრიცხველიანების პროცესი და ის ზომები, რომლებსაც იღებს პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, თუ ვინმე მოიტანს ერთ ფაქტსაც კი, რომელიც უკავშირდება სამინისტროების, სახელმწიფო საწარმოების მოქმედ ხელმძღვანელობას და მათ მიერ ჩადენილ რაიმე კორუფციულ გადაცდომას, რეაგირება იქნება მყისიერი.
„რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ამ ბრძოლის გაგრძელებას და აქამდე არსებულ მიღწევებს, თუ ვინმე მოიტანს ერთ ფაქტსაც კი, რომელიც უკავშირდება სამინისტროების, სახელმწიფო საწარმოების მოქმედ ხელმძღვანელობას და მათ მიერ ჩადენილ რაიმე კორუფციულ გადაცდომას, ერთ ფაქტსაც თუ მოიტანენ, ყველას გპირდებით, რომ რეაგირება იქნება მყისიერი. თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ დღეს ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ზეპირად საუბრობენ რაღაც თემებთან დაკავშირებით, ერთი ფაქტი მოიტანონ ნებისმიერი უწყებიდან, ნებისმიერი სახელმწიფო საწარმოდან კორუფციასთან დაკავშირებული და მყისიერი რეაგირება გვექნება. ჩვენ იმდენად გავასუფთავეთ, გავწმინდეთ სისტემა, მათ შორის გავაუმჯობესეთ პროცედურები, რომ ვერავის მოაქვს ერთი ფაქტიც კი, რომელიც უკავშირდება კორუფციას. ხედავთ, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, მთელ რიგ საქმეებზე უკვე დამდგარია განაჩენი, შესაბამისი უწყებები იძიებენ შესაბამის საქმეებს,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45 % უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და ამ ფონზე მოლდოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოღონდ გახდნენ ევროკავშირის წევრები და ისინი მზად არიან, დათმონ სუვერენიტეტიც კი, რაც სამარცხვინო მდგომარეობაა.
„ეს არის იმ შანტაჟის გაგრძელება, რომელიც დაიწყეს 2022 წლის მარტიდან, ეს შანტაჟი გრძელდება, სამარცხვინო და უსამართლო მიდგომაა ქართველი ხალხის მიმართ. თქვენ იცით, რამდენად უსწრებს წინ საქართველო ყველა პარამეტრით როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას. დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის, სოციალური პოლიტიკის კუთხით, ყველა მიმართულებით ვართ აბსოლუტური ლიდერი ამ ქვეყნებს შორის, თუმცა მიდგომა არის უსამართლო. ვნახოთ, ერთ დღეს, შეიძლება, ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტოს უსამართლო მიდგომის შეცვლა სამართლიანი მიდგომით, ეს არის მათი გადასაწყვეტი. ჩვენ მივეჩვიეთ 35 წლის განმავლობაში იმას, რომ სიმშვიდით და მოთმინებით უნდა შევხედოთ პროცესებს და სწორედ ამის ხარჯზე ვახერხებთ ჩვენ მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით შენარჩუნებას, რაც ვერ მოხერხდა მაგალითად უკრაინასა და მოლდოვაში. იცით, რა მდგომარეობაშია უკრაინა, ეს ცალკე თემაა და მოლდოვა არანაკლებ მძიმე მდგომარეობაშია.
მოლდოვის ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ თუ ვერ მოახერხებენ ასე გაწევრიანებას, შეუერთდებიან პირდაპირ რუმინეთს, როგორც ერთობლივ სახელმწიფოს. ასეთი გაერთიანება რა ფასისაა, თქვენ შეგიძლიათ თავად იმსჯელოთ. მოლდოვა თავად აყენებს ეჭვქვეშ საკუთარი გაწევრიანების პერსპექტივას და ამბობენ, რომ რადგან ამ პერსპექტივას მკაფიოდ ვერ ხედავენ, შეიძლება, იფიქრონ რუმინეთთან გაერთიანებაზე, რაც ნიშნავს სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობას. ეს განაცხადა თავის დროზე პრეზიდენტმა, ახლა აცხადებს ვიცე-პრემიერი. თან შეგახსენებთ, რომ ეს არის ის ქვეყანა, სადაც მცხოვრები მოსახლეობის, ამომრჩევლის მხოლოდ 45 % უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45 % უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და ამ ფონზე მოლდოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოღონდ გახდნენ ევროკავშირის წევრები და ისინი მზად არიან, დათმონ სუვერენიტეტიც კი. რა სამარცხვინო მდგომარეობაა შექმნილი ამ თვალსაზრისით თქვენც ძალიან კარგად შეგიძლიათ, შეაფასოთ,“- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერმა შეაფასა „ლელოს“ პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ არც ერთ სისტემაში ბოიკოტს არ მოუცია შედეგი ოპოზიციისთვის.
„ „ლელოც“ იყო ამ საბოტაჟის ერთ-ერთი მონაწილე. ასე დაავალეს, მათ შორის ყოფილი ადმინისტრაციიდან და ასე იმოქმედეს. თვითონ თქვეს უარი მანდატებზე. აქედან გამომდინარე, ახლა „ლელო“ სხვას რომ ესაუბრება, აბსოლუტურად ალოგიკურია. თვითონ იყვნენ ამ პოლიტიკური დანაშაულის თანამონაწილეები, თვითონაც თქვეს უარი 2024 წელს და მანამდეც, 2020 წელს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე. შესაბამისად, „ლელოც“ არის ამ დანაშაულის თანამონაწილე. რაც უთხრეს, რაც დაუკვეთა უცხოურმა აგენტურამ, ის შეასრულეს. ახალ ადმინისტრაციას აქვს განსხვავებული მიდგომა და შესაბამისად, „ლელოს“ ნაწილმა გადაწყვიტა განსხვავებული მესიჯებით ისაუბროს, თუმცა ეს მათ დანაშაულს ვერ გაასუფთავებს. მათ ჩაიდინეს პოლიტიკური დანაშაული, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ამ ცოდვას ასე მარტივად ვერ მოიშორებს „ლელო“, რომელიც იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დანაშაულის პირდაპირი თანამონაწილე.
რაც შეეხება მანდატების გამოყენებას, ჩვენ ვნახოთ, 2028 წელს რა მოხდება, რომელი პარტიები მიაღწევენ 2028 წლის არჩევნებამდე. ეს საკონსტიტუციო სასამართლოზეც არის დამოკიდებული. შემდეგ ვნახოთ, არჩევნებამდე მიღწეული პარტიებიდან ვინ ისარგებლებს და ვინ არ ისარგებლებს მანდატებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
