ოპოზიცია, საგარეო გამოწვევები და ეკონომიკური ზრდა - რა საკითხებზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ

სამართალში მოქმედებს ასეთი კონცეფცია, ეს არის თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ კონკრეტული ძალები პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიის იდეას, მათი ადგილი ამ დემოკრატიულ სისტემაში ვერ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დემოკრატიას თუ უპირისპირდები, რა გინდა იმ დემოკრატიაში და ზუსტად ამას ეფუძნება კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში.

 

„მინდა, გავიხსენო ერთ-ერთი ელჩი, თუ არ ვცდები დეგნანი, გამოვიდა და ასეთი ფრთიანი ფრაზა თქვა, რომ დემოკრატიები პარტიებს არ კრძალავენ, ასეთი საოცრება თქვა. ესეც მორიგი არასერიოზული. რაღაცები არის, რაც მათემატიკური სიზუსტით დგინდება. როდესაც აშშ-ის საელჩო ქარდით გეუბნება, რომ დემოკრატიები პარტიებს არ კრძალავენ, ყველა დემოკრატიულ ქვეყანას აქვს კონსტიტუციური ჩანაწერი, სადაც მითითებულია, რომ პარტია თუ თავის შინაარსით არის არაკონსტიტუციური, შეიძლება და უნდა აიკრძალოს. ასეთ დროს აშშ-ის საელჩო ყოფილი ადმინისტრაციის ქვეშ, გამოდის და ასეთ არასერიოზულ განცხადებას აკეთებს. ამას მოყვა რა, გავიხსენოთ, რა  მოხდა უკრაინაში და მოლდოვაში, უამრავი პარტია აკრძალა, მათ შორის მოლდოვაში აიკრძალა ერთ-ერთი პარტია, რომელიც იყო წამყვანი ოპოზიციური ძალა, უკრაინაში აიკრძალა უმარავი პარტია 12 პოლიტიკური პარტია ერთბაშად. მერე ამაზე არავითარი განცხადება არ გაუკეთებია აშშ-ის საელჩოს წინა ადმინისტრაციის პირობებში. არავითარი განცხადება, რომ დემოკრატიებიც თურმე კრძალავენ პარტიებს. 

 

სამართალში მოქმედებს ასეთი კონცეფცია, ეს არის თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ კონკრეტული ძალები პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიის იდეას, მათი ადგილი ამ დემოკრატიულ სისტემაში ვერ იქნება. თუ დემოკრატიას უპირისპირდები, რა გინდა იმ დემოკრატიაში. ზუსტად ამას ეფუძნება კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. თან აქ არის საინტერესო მოცემულობა, არის ორ მხარე არსებითად, ეს არის „ქართული ოცნება“, მმართველი პარტია და მეორე მხარეს არიან ეს პარტიები, ეს 4 პარტია აცხადებს, რომ ჩვენ ვართ არალეგიტიმური როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით. საშინაო პოლიტიკური კუთხით იგულისმება ის, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნებსაც, აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და უამრავი სხვა რამ. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, ისინი აცხადებენ რომ ჩვენ ვართ არათუ პრორუსული და ა.შ. ჩვენ ვართ რუსული ძალა, გარედან ვიმართებით, ანუ ერთი მხარე როდესაც მეორეს უწოდებს არაკონსტიტუციურს, არალეგიტიმურს, ასეთ დროს უნდა გაირკვეს ან ერთია არაკონსტიტუციური, ან მეორე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ისინი არიან არაკონსტიტუციურები, რაც ბევრი რამით დაადასტურეს მათ შორის იმით, რასაც აკეთებდნენ 2004-2012 წლებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

მისივე თქმით, კონსტიტუციური წესრიგი თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელეს, ეს ეხებოდა ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას და იგივე შეიძლება ითქვას, მათ ოპოზიციურ საქმიანობაზე,

 

„ისინი ზედიზედ მეორედ არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ამაზე მეტი საბოტაჟი დემოკრატიული სისტემის მიმართ, არ არსებობს. ასეთ დროს ერთხელ და სამუდამოდ ვიღაცამ უნდა გაარკვიოს ვინ არის სინამდვილეში, რომელი მხარე ამ ორიდან არაკონსტიტუციური, მმართველი პარტია თუ ეს ოთხი ოპოზიციური პარტია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არაკონსტიტუციურია თავის შინაარსით  ეს ოთხი პოლიტიკური პარტია, ამაზე იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო. არათუ ლეგიტიმური იქნება ასეთი განვითარების პირობებში 2028 წლის ოქტომბრის არჩევნები, არამედ ბევრად უფრო ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემას დაუდებს ასეთი არჩევნები საფუძველს, რადგან ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდება ჩაკეტილი წრიდან. რასაც თავი ვერ დააღწია ქვეყანამ ამდენი წლის განმავლობაში. თავი ვერ დააღწია მათ შორის უხეში გარე ჩარევების გამო“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში პროცესები იმართება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად

 

„დღეს გადავწყვიტე სისტემურად, ფაქტებით მეჩვენებინა საზოგადოებისთვის ის, რაც არის რეალობა. ეს ბრიფინგი ჩემი ინიციატივით ჩავატარე. ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოისმენს იმ ბრიფინგს, რომელიც დღეს ჩავატარე. ეს იყო ჩემი ინიციატივა. როგორც მთავრობის მეთაურმა საზოგადოების წინაშე თავი ჩავთვალე ვალდებულად, რომ განმემარტა მმართველობის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში. საზოგადოებას მკაფიოდ განვუმარტე ის, რომ საქართველოში პროცესები იმართება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად. ასევე საზოგადოებას განვუმარტე ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი, რომელიც არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, რომლის რჩევებსაც მთელი გუნდისთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მან ამ წლებით აჩვენა გუნდსაც და მთლიანად ქვეყანასაც, რომ მის რჩევას აქვს განსაკუთრებული ფასი და სწორედ მისი პირადი კომპეტენციის შედეგია ის, რაც საქართველოს აქვს დღეს. ეს არის უწყვეტი მშვიდობა 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რამაც ქვეყანა განვითარების საშუალება მისცა. ის, რომ დღეს დემოკრატიაა ქვეყანაში და ის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული. გახსოვთ, რა ვითარება იყო 2012 წლამდე. ესეც არის პირადად მისი დამსახურება. სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ესეც არის მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველოს აქვს სწორი პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით. 

„ზოგადად, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე რეიტინგებზე, ინდექსებზე. ყველა ობიექტური შეფასებით, საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი, პირველ რიგში კანდიდატ ქვეყნებს შორის და ასევე, რეიტინგების უმეტესობაში ვუსწრებთ ხოლმე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას. ეს არის იმის შედეგი, რომ საქართველოს აქვს სწორი პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით, საქართველოში ძლიერია სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატიული ინსტიტუტები, ქვეყანას აქვს გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, რისი შედეგიც არის ის, რომ საქართველო არის პირველ ადგილზე, არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპაში მთლიანად, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შედეგია ის რეიტინგები და ინდექსები, რომლებსაც აქვეყნებენ მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციები“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30 პროცენტი, ახლა არის 17,5 პროცენტი.

 

„ეს არის ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, ამერიკაში მას უწოდებენ „დიფ სთეითს“, სხვა სახელწოდებებიც შეიძლება, ჰქონდეთ. ეს არის გლობალური ძალა. ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს ამ არაფორმალური გავლენების ქვეშ. ასე მოქმედებდა წინა ამერიკული ადმინისტრაციაც. იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია მთლიანად გათავისუფლდება ე.წ. დიფ სთეითის გავლენებისგან. სამწუხაროდ, ასეთია დღეს რეალობა. ეს არ არის ახალი მოვლენა. უკვე 2012 წლამდეც კი და 2012 წლიდან გამუდმებით უწევდა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამ გამოწვევებთან გამკლავება. 2012 წლიდან მოყოლებული თქვენ გახსოვთ, რომ არ ნელდებოდა დეზინფორმაციის კამპანია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არ დაწყებულა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გამუდმებით ჩვენ გვიწევდა ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ეს იყო აბსოლუტურად კოორდინირებული ძალისხმევა, რომლის სათავეშიც დგას ისევ და ისევ ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. ეს არის ის პარტია, რომლის კარნახითაც გაჩაღდა არაერთი ძალიან მასშტაბური ომი მსოფლიოს მასშტაბით.

 

ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე მოქმედებს სწორედ არაფორმალური ძალის გავლენის ქვეშ და ამის შედეგია ის ტენდენციები, რასაც ვხედავთ ჩვენ ევროპის მასშტაბით. მათ შორის ეკონომიკაში. ევროკავშირის ეკონომიკის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30 პროცენტი, ახლა არის 17,5 პროცენტი. რომ არა არაფორმალური გავლენები, რომ არა სუვერენიტეტის დაკარგვა იმ სივრცეში, რასაც ჰქვია ევროკავშირი, ასეთი მძიმე ეკონომიკური ტენდენციები არ იქნებოდა. იცით, როგორ იდეოლოგიასაც ავრცელებენ კონკრეტული ძალები, ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას, რითაც ისინი ცდილობენ, ქვეყნებს დააკარგვინონ რელიგიური იდენტობა, ეთნიკური იდენტობა, ადამიანებს აკარგვინებენ პიროვნულ იდენტობას. ეს არის ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი და აქაც ვხედავთ სრულ კოორდინაციას და იგივე ძალები უპირისპირდებიან ჩვენს პოლიტიკურ გუნდს 2012 წლიდან და კიდევ უფრო გამძაფრდა ეს დაპირისპირება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც კონკრეტულ ძალას, გლობალური ომის პარტიას ჰქონდა პირდაპირი ინტერესი საქართველო ჩართულიყო ომში და საქართველოში გახსნილი მეორე ფრონტი. ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ზეწოლის, შანტაჟის პირდაპირ მცდელობებს, თუმცა ხედავთ, რომ მიზანს ვერ აღწევენ და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ბოლომდე ვიცავთ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ამაშიც წამყვანი როლი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს, გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან.

 

„ჯო უილსონი წარმოადგენს პრეზიდენტის პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას. იცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი მაქსიმალურად ცდილობს, გააღრმაოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან. მას ცოტა ხნის წინ ჰქონდა ვიზიტი ჩინეთში, მეგობარს უწოდებს ჩინეთის პრეზიდენტს, ამ ფონზე როდესაც გამოდის ვიღაც ჯო უილსონი და საუბრობს იმაზე, რომ ჩინეთს აქვს ნეგატიური გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, სრულიად არასერიოზულია და რაიმე განსაკუთრებულ კომენტარს არ იმსახურებს“, - განახცადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და შესაბამისად, ეს თავს ავლენს როგორც დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის.

 

„ძალიან კარგია ეს ქართული დემოკრატიული სისტემის შემდგომი განმტკიცებისთვის. ასე უნდა გაგრძელდეს პროცესები. ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში არ არის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ეს პროცესები გაგრძელდეს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც აქამდე გრძელდებოდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შედეგი უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება.

„ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქარტველოსა და აშშ-ს შორის განახლდება. ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი. ჯო უილსონზე მე დროს საერთოდ არ დავხარჯავდი. ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი, რომელიც საქართველოს უწოდებს პროირანულს, პროჩინურს, პრორუსულს ხომ ადრე იძახდა და ახლა პროირანული გავხდით, შეიძლება, ასეთი კაცი სერიოზულად მიიჩნიოს ვინმემ? რომელიც გამოდის და საქართველოს უწოდებს პროირანულ ქვეყანას. არასერიოზული კაცია. კაცი, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პროირანული, რამდენად არასერიოზულია, ხომ ხედავთ. ასეთი არასერიოზული განცხადების გამკეთებელი კაცი როგორ შეიძლება, ვინმემ სერიოზულად მიიჩნიოს. ხვალ გამოვა და იტყვის, რომ პროკამბოჯური ხელისუფლება ვართ. საოცრებაა. ასეთი არასერიოზული მე არაფერი მინახავს და თქვენ შეგიძლიათ, ხშირად იმეოროთ ჯო უილსონის არასერიოზული ციტატები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრს ასევე კითხვა დაუსვეს კომპანია „ფრონტერას“ შესაძლო ლობირებასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კომპანიასთან საქარტველოს ხელისუფლებას ლობისტური კუთხით არავითარი კავშირი არ აქვს.

პრემიერის თქმით, აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის ჩარჩოებში მოქცეული და ეს ჩარჩოები არის კონსტიტუციური ჩარჩოები.

„დღეს მთავრობაში პროცესები წარიმართება კონსტიტუციური წესების შესაბამისად, იგივე ხდება პარლამენტში და ყველა კონსტიტუციურ ორგანოში. ამასთან ერთად, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და ის არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. ასევე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, 2024 წელს, როცა ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ ამ მოცემულობით წარვსდექით საზოგადოების წინაშე. მთელი ეს კონფიგურაცია საზოაგდოებამ იცოდა, ვინ იქნებოდა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ვინ იქნებოდა მთავრობის ხელმძღვანელი, პარლამენტის თავმჯდომარე და შესაბამისად, ამ მოცემულობას მიანიჭა პირდაპირი მანდატი და ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის ჩარჩოებში მოქცეული და ეს ჩარჩოები არის კონსტიტუციური ჩარჩოები. ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ამასთან დაკავშირებით ობიექტიურად ვერავითარი კითხვის ნიშნები ვერ იქნება. უბრალოდ, არიან ადამიანები, ძალები ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, რომლებიც არიან მტრულად განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ და რომლებსაც აღიზიანებთ ბიძინა ივანიშვილის ეს როლი, რასაც ჰქვია სუვერენიტეტის გარანტის როლი. ამ როლს ის ასრულებს მას შემდეგ, რაც ჩაერთო პოლიტიკაში. 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო პოლიტიკაში, ქვეყანას სუვერენიტეტი არ ჰქონდა. ქვეყანას მართავდა ადგილობრივი აგენტურა, უცხოური ძალების აგენტურა და ამ აგენტურამ რა მოუტანა ქვეყანას -  ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, 2 ისტორიული რეგიონის ოკუპაცია“, -  განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თავი უნდა იმართლონ მათ, ვისაც ჰქონდა საქართველოში რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა, გასული 4 წლის განმავლობაში.

 

 

„ღმერთმა დაგვიფაროს, საქართველოს საქმე ისე გაუხდეს, რომ მაქარაშვილთან იმართლოს თავი. რა თქმა უნდა, საქართველო არასოდეს იმართლებს თავს მაქარაშვილთან, რომელიც წავიდა უკრაინაში და იქ რეები აკეთა კიდევ მაგაზე ბევრი ჭორ-მართალი არსებობს. რამდენი ასეთი საქმეც წავიდა სტრასბურგის სასამართლოში, ყველგან გაიმარჯვა საქართველომ. და თავი უნდა იმართლონ იმათ, ვისაც ჰქონდა რევოლუციის 5 მცდელობა ჩვენს ქვეყანაში, გასული 4 წლის განმავლობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არავის არ უხარია ადამიანების ციხეში ყოფნა, მათ შორის, თუნდაც ისეთი ადამიანების, რომლებიც პირდაპირ ცდილობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ ეს განცხადება, თუ იქნება სინანული, აღიარება, რაც ვიხილეთ კონკრეტულ შემთხვევებში 4 ოქტომბრის საქმეზე, გვექნება შესაბამისი რეაგირება. არავის არ უხარია ადამიანების ციხეში ყოფნა, მათ შორის, თუნდაც ისეთი ადამიანების, რომლებიც პირდაპირ ცდილობდნენ ხელისუფლების გადატრიალებას, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში. მათ მიმართაც რეაგირება გვექნება შესაბამისი, თუ იქნება სინანული, აღიარება, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პრევენციისთვის, იმისათვის, რომ ასეთ რამ აღარ განმეორდეს. სახელმწიფომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი ზომები, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის დამშვიდებას, დასტაბილურებას, მათ შორის, ეს იყო ის, რომ სამართალი სათანადოდ აღსრულდა რევოლუციის შემთხვევებთან დაკავშირებით. 30-ზე მეტი ადამიანი იქნა დაპატიმრებული 4 ოქტომბრამდე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის. ასევე, 4 ოქტომბერზე სათანადო რეაგირებაც მნიშვნელოვანი იყო პრევენციისთვის. ბუნებრივია, სახელმწიფო უნდა დადგეს თავის ადგილზე. რა თქმა უნდა, ჰუმანურობაც არის ის, რაც სახელმწიფომ, ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს სათანადო პირობების არსებობისას. ესეც არის ჩვენი ჰუმანური მიდგომის გამოხატულება. კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ ეს პირობა - თუ ვინმე გამოხატავს სინანულს, თუ ვინმე აღიარებს საკუთარ დანაშაულს, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება. მოვიქცევით ისე, როგორც მოვიქეცით ამ კონკრეტული პატიმრების შემთხვევაში. ძალიან კარგია, რომ მათ აღიარეს დანაშაული, გამოხატეს სინანული. ეს არის  მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვისაც და პირადად მათთვისაც“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერდა იმ პროცესებში, რაც დღეს წარმოებს ქვეყნის გარშემო და შანტაჟი ვერ გაჭრის. 

 

„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, როდესაც ქართველ ხალხს ემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ირიბად, ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით, ეს მეტყველებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რაც არის მთლიანობაში შექმნილი ერთი მხრივ, ევროპულ ბიუროკრატიაში, მეორე მხრივ, ადგილობრივ აგენტურაში. მძიმე ვითარებაა ისინი ხალხზე ზეწოლით და მუქარით ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, რადგან ქართული საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერდა იმ პროცესებში, რაც დღეს წარმოებს ჩვენს გარშემო, აქედან გამომდინარე შანტაჟი ვერ გაჭრის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობის პირობებში საქართველო-სომხეთის ურთიერთობები არის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე და ძალიან მიხარია, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა.

„მე მყისიერად მქონდა ზარი ბატონ ნიკოლ ფაშინიანთან და მას მივულოცე არჩევნებში გამარჯვება. რა თქმა უნდა, გამოვთქვი იმედი და სურვილი, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც აქტიურად ვიზრუნოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. პირადად პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის როლი ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავებაში არის განსაკუთრებული და მადლობა მას ამისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს სომხეთის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების მიერ გაკეთებულ შეფასებებთან დაკავშირებითაც. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და კონკრეტული ქვეყნის ურთიერთობის საქმეა.

„ზოგადად, სომხეთზე არ ვსაუბრობ, ორმაგი სტანდარტები ევროპული ბიუროკრატიისთვის არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მათ შორის, ინსტიტუციური ცვლილებებიც შეუწყობს ხელს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს საქართველომ.

 

 

„რეინვესტირების წილი, რა თქმა უნდა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში არის საკმაოდ დიდი, თუმცა ასეთივე დიდი იყო შარშანაც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თანაფარდობაა მნიშვნელოვანი. შარშანაც დიდი იყო რეინვესტიციის წილი, წელსაც მაღალია და ჯამში გვაქვს 47 %-იანი ზრდა შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივია. კიდევ უფრო მეტად არის სამუშაო ინვესტორების მოსაზიდად, რაზეც მთავრობა, რეალურად, ძალიან აქტიურად მუშაობს, რაც სწყინთ ზოგიერთებს. მაგალითად EMAAR-ის, Eagle Hills-ის ინვესტიცია განსაკუთრებულად ეწყინათ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს და მთელი აქციებიც კი მოაწყვეს. ასევე, დიდად არ ესიამოვნათ არც Tether-ის შემოსვლა საქართველოში და ა.შ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც განსაკუთრებულად მსხვილ ინვესტორებთან, ასევე საშუალო მასშტაბის ინვესტორებთან. ეს არის მუდმივი პროცესი და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ კუთხით, საქართველოს მთავრობისა და კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროს მუშაობა არის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებული, მათ შორის, ინსტიტუციური ცვლილებებიც მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი იცვლება იმ ფონზე, როდესაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, სტაბილური ეკონომიკური პროცესები, ინვესტორების ინტერესები ბუნებრივადაც იზრდება და ეს ყველაფერი ოპტიმისტურად განგვაწყობს ინვესტიციების შემდგომ ზრდასთან დაკავშირებით.

მაგალითად, ბანკებში არიან მსხვილად წარმოდგენილნი, მათ შორის, ბრიტანელი ინვესტორები და ისინი როდესაც რეინვესტიციას ახორციელებენ, ეს აისახება, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრიტანელი ინვესტორი აქ არ არის. რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ, მაგრამ ამითაც არ დავკმაყოფილდებით, მუდმივად უნდა იმატებდეს ინვესტიციების მოცულობა ჩვენს ქვეყანაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო საკმარისად ძლიერი ვერ იყო საბოტაჟის მიმართ, თუმცა დღეს ნამდვილად არის.

 

 

„პირველი აქტიური განხილვა ამ საკითხისა, გვქონდა, დაახლოებით, წელიწადის და 2-3 თვის წინ. მაშინაც იყო გარკვეული დავალება გაცემული. ვერ მოხერხდა, თუმცა დღეს ვართ საკმარისად მომაგრებული იმისათვის, რომ ნებისმიერი ასეთი ინიციატივა გავიტანოთ. ჩემთვის პირადად, ამ წელიწადისა და 2-3 თვის წინ ეს არ ყოფილა მიზეზი, რომ ვინმე მფარველი ჰყავდა ამ კრიპტომაინინგს, ეს არ იყო მიზეზი. ჩვენ ძალიან ბევრი საკადრო ცვლილებაც განვახორციელეთ, მათ შორის, ძალოვანი მიმართულებით, შევცვალეთ მთლიანად მიდგომები, დამოკიდებულებები და სახელმწიფო დღეს არის ძლიერი. ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ცდილობდა საბოტაჟს ამ ქვეყანაში, კონკრეტული შემთხვევა იყო, როდესაც ინვესტორს გამოუყვანეს მოსახლეობა და ვიცით, ვინ გამოიყვანა მოსახლეობა, მიზანი იყო - წილში ჩაჯდომა. იყო შემთხვევები, როდესაც ელექტროენერგიაში ჩართულ კომპანიებს ჰქონდათ ინტერესი, ძალიან ადვილია საქართველოში, უცბად შესაძლებელია 50 კაცის მობილიზაცია და ადვილი იყო ასეთი ტიპის პროექტების ჩაშლა. აღარ არის ეს ადვილი. ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, ყველა მიმართულებით - იქნება ეს კორუფცია, საბოტაჟი, თუ ნებისმიერი სხვა, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, ნებისმიერ ლობისტს და ა.შ. წელიწადის და 2-3 თვის წინ ასე არ იყო. დღეს, სახელმწიფოს იმის ძალა და ფუფუნება აქვს, რომ იყოს ბოლომდე უკომპრომისო, ისე რომ არ დააზიანოს რაიმე გვერდითი მოვლენებით ინტერესები. სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში, როცა საქმე ეხება, მაგალითად, კრიპტომაინინგს, როცა დაახლოებით 20 მლნ ლარის ელექტროენერგიას იპარავდნენ მაინინგის საფუძველზე. სახელმწიფო საკმარისად ძლიერი ვერ იყო საბოტაჟის მიმართ და დღეს არის. ჩემთვის არასდროს, არც წელიწადნახევრის წინ და არც დღეს, არავის მიმართ მფარველობას არ აქვს არავითარი დატვირთვა. მფარველობა ვერ იქნება ასეთი ნაბიჯებიდან უკან დახევის მიზეზი ჩემთვის.

ჩვენ ხომ შეგვეძლო, მშვიდად გვეზრუნა ქვეყნის განვითარებაზე, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ თან გვიწევდა ამაზე ზრუნვა, თან გვიწევდა რევოლუციის 5 მცდელობასთან დაპირისპირება, ათასი უბედურება იყო - შანტაჟი, საბოტაჟი, კორუფციაც ამის გამოძახილი იყო,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

პრემიერის შეფასებით, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოიტანს  ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.

„ეს არის ის საკითხი, რაც საგანგებო სამთავრობო ბრიფინგსაც იმსახურებს. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დაახლოებით 3 წლის წინ გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და ახლა უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი. ამ სამმა წელიწადმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ძალიან გაღრმავდა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც კონკრეტულ ქმედებებშიც იყო გამოხატული, მათ შორის, ორმხრივად, იცით, რომ უვიზო მიმოსვლა დაწესდა, გვაქვს პირდაპირი ფრენები, ემატება ახალი ფრენები წელს, რაც უზრუნველყოფს მეტ მობილობას საქართველოსა და ჩინეთს შორის. ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით გვაქვს ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები. ეს მოიტანა 3 წლის წინ გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ.  ახლა გადავდივართ უკვე ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი, რაც  კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოგვიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი“, -  განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები ტვირთად აწვება მოსახლეობას, შესაძლებელია ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით მსჯელობა.

 

„ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სტატისტიკას და იმას, რა გავლენას ახდენს ჯარიმების ზრდა სტატისტიკის გაუმჯობესებაზე. ჩვენ დავაკვირდით გასული დაახლოებით ერთი წლის მონაცემებს და ვნახეთ, რომ პირდაპირი კორელაცია გაზრდილ ჯარიმებსა და შემცირებულ სტატისტიკას შორის სამწუხაროდ არ არის. აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმები ტვირთად აწვება მოსახლეობას, აბსოლუტურად შეგვიძლია, განვიხილოთ ასეთი ვერსია, ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით. ამაზე უნდა ვიმუშაოთ საქართველოს პარლამენტთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამუდმებით იზრდება ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ. 

„ძალიან მსხვილი ინვსტორები შემოდიან ჩვენს ქვეყანაში, არაერთი ასეთი ფაქტი იყო გასული თვეების განმავლობაში. ეს პირდაპირ აისახება იმ ფინანსურ მონაცემებზე, რომლებსაც აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მომავალშიც მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი და უშუალოდ ინვესტორებთან ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ“, -  აღნიშნა პრემიერმა.