"ოპოზიციის მთელი ისტორია არის ერთიანი ღალატის ქრონიკა" - ირაკლი კობახიძე

ოპოზიციის მთელი ისტორია და მთელი მათი ბიოგრაფიები არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა საზოგადოებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისინი პირდაპირ ემტერებოდნენ სახელმწიფოს იმ პერიოდში, როდესაც კეთილსინდისიერ ოპოზიციონერს უნდა დაეკავებინა სახელმწიფოებრივი პოზიცია.

 

„მთელი მათი ისტორია, პოლიტიკოსების ბიოგრაფია, დაწყებული 2004 წლიდან დღემდე, არის ამის დასტური. გამუდმებული საბოტაჟი სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რაც ჩვენ თვალწინ წარმოებდა, ასევე ის, რაც ხდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში - რევოლუციის ხუთი მცდელობა, აქედან 4 იყო ძალადობრივი და ყველაში იყო ჩართული მთელი ეს სპექტრი თავისი პოლიტიკური პარტიებით, თავისი ენჯეოებით და თავისი მედიასაშუალებებით. ეს იყო ჩვეულებრივი ღალატის ქრონიკა, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში. მათი პოზიცია ომთან დაკავშირებით ყველას გვახსოვს, რა იყო 2022 წელს და მოგვიანებითაც, ისინი პირდაპირ ემტერებოდნენ სახელმწიფოს იმ პერიოდში, როდესაც კეთილსინდისიერ ოპოზიციონერს უნდა დაეკავებინა სახელმწიფოებრივი პოზიცია. მათ ეს ვერ მოახერხეს, უფრო სწორად არ მოახერხეს, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰყავთ ერთადერთი პატრონი, ეს არის გარე ძალები, რომლებიც მათ აძლევენ დაკვეთებს და შემდეგ ისინი მოქმედებენ დაკვეთების შესაბამისად.  მე კიდევ ერთხელ გავიხსენე, რა იყო ზეწოლის შინაარსი 2022 წელს და მოგვიანებითაც, რას გვთხოვდნენ დახურულ კარს მიღმა თუ საჯაროდ. ეს იყო ომში ჩართვა, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, ეს იყო სანქციების დაწესება და მერე რაღაცნაირად ემთხვეოდა ხოლმე, რომ ოპოზიციის ქმედებებიც პირდაპირ აგრძელებდა იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ჩვენ ვიღებდით დახურულ კარს მიღმა, თუ საჯაროდ. სრული თანხვედრა იყო, სრული კოორდინაცია იყო არაკეთილმოსურნე გარე ძალებსა და ადგილობრივ ოპოზიციას შორის. მთელი მათი ისტორია და მთელი მათი ბიოგრაფიები არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა საზოგადოებაში და ეს არჩევნებშიც გამოიხატება ხოლმე, ქუჩაშიც გამოიხატება ხოლმე და ეს არის გამოხატული ყველგან და ყველაფერში“, - განახცადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს.

 

„რა თქმა უნდა, ამას არავითარი ფასი არ აქვს, მგონი თავადაც აანალიზებენ ამ დონეზე პროცესებს, რომ ამ შანტაჟს ვერავითარი შედეგი ვერ ექნება. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ეს შანტაჟი აბსოლუტურად ფუჭად ჩაივლის, ეს არის განცხადებები, რომლებსაც არავითარი ფასი არ აქვს,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო კომპანიის შექმნას ასევე ექნება მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი - სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებთან ეფექტურად გამკლავების მიმართულებით.

 

„სერიოზული შენიშვნები იყო ხარისხთან დაკავშირებით, როდესაც კონკრეტული კერძო კომპანიები აწარმოებდნენ შესაბამის სამუშაოებს. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, რომელიც ხარისხსაც უზრუნველყოფს, ეს არის ერთი ამოცანა და ამას ექნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი - ჩვენ გვჭირდება ხოლმე სპეცტექნიკის მობილიზება, რესურსების მობილიზება სტიქიური მოვლენების დროს და ამ კომპანიის შექმნა, თავისი სპეცტექნიკით, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ეფექტურად და სწრაფად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს, ასეთის არსებობის შემთხვევებში,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდნენ ქვეყანას, ვიდრე ეს გააკეთეს 2004-2012 წლებში. 

 

„მინდა, ერთი წამით წარმოიდგინოთ, ბატონი ჰერჩინკის იმედები რომ გამართლებულიყო და ამათ რომ მოეგოთ არჩევნები და ამათი მთავრობა რომ ყოფილიყო ახლა ხელისუფლებაში ამ პოლიტიკური ძალების, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. მადლობა ღმერთს, რომ ბატონი ჰერჩინსკის ეს სურვილი არ ახდა, ქართველმა ხალხმა არ დაუჯერა ევროკავშირის ელჩს და საქართველოს არ ჰყავს დღეს ასეთი მთავრობა, თუმცა ძალისხმევა ძალიან დიდი იყო, არა მარტო წინასაარჩევნო მოწოდებებში გამოიხატებოდა ეს ყველაფერი, არამედ გამოიხატებოდა იმითაც, რომ გახსოვთ, არჩევნების დასრულების შემდეგ, არც ერთმა ელჩმა და ქვეყანამ საქართველოს შესაბამის სივრცეში არ მიულოცა არჩევნების წარმატებით ჩატარება, რადგან ეს ხალხი უნდოდათ ხელისუფლებაში. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდნენ ქვეყანას, ვიდრე ეს გააკეთეს 2004-2012 წლებში. ეს არის ხალხი, რომლის ხელისუფლებაში მოყვანა უნდოდა ბატონ ჰერჩინსკის, მის თანამზრახველებს. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ასეთი მთავრობა არ შედგა, ეს იქნებოდა უბედურება. თეორიულადაც კი არ მინდა ამის წარმოდგენა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობა არ არის პარტნიორობა ქაღალდზე, მას აქვს კონკრეტული შინაარსი და კონკრეტული შედეგები. 

 

„ჯო უილსონი ერთია, მაგრამ როდესაც საუბარია ამერიკულ ადმინისტრაციაზე, როდესაც ის თავადაც ცდილობს ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებას, სხვას ვერ გააკრიტიკებს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო. ეს ხომ მარტივი ალოგიკური მოვლენა იქნებოდა. 

 

მე იმედი მაქვს, რომ რაზეც დღეს ვსაუბრობდი, ამას მაგალითად აიღებს ამერიკული ადმინისტრაციაც. ჩვენ ძალიან ძალიან გულწრფელად ვისაუბრეთ მათ შორის ბოლო შეხვედრაზე ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ რაც იყო სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან ამ წლების განმავლობაში, ეს იყო სტრატეგიული პარტნირობა ქაღალდზე. თავიდან ბოლომდე ქაღალდზე, ამას არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, ახლა უკვე ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს არ არის პარტნირობა ქაღალდზე, მას აქვს კონკრეტული შინაარსი და მას აქვს კონკრეტული შედეგები. ჩვენ ამას ვეუბნებით ამერიკულ ადმინისტრაციას, რომ ასეთივე მიდგომით შეხედონ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას საქართველოსთან. ამ სტრატეგიულ პარტნირობას უნდა ჰქონდეს თავისი შინაარსი, ორმხრივი სარგებელი თავის გზამკვლევი. როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ასე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, 2011-2012 წლების მოვლენებმა გაამყარა გუნდში რწმენა იმის მიმართ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული გათვლებით შეუძლია პოლიტიკის დაგეგმვა.

 

„მიზეზი, რატომაც ყველაზე ხშირად ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს ხოლმე არის ის, რომ ჩვენს გუნდს აქვს განსაკუთრებული ნდობა მისი გამოცდილებისა და კომპეტენციის მიმართ, ეს გამოცდილებამ გვაჩვენა. ამდენი ხნის განმავლობაში, 2011-2012 წლები რომ ავიღოთ, რომ არა მისი განსაკუთრებული ინტელექტი და კომპეტენცია, ძალიან რთული კი არ იყო, შეუძლებელი ეგონა ხალხს იმ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება, ისეთი რეჟიმი იყო და სრული მხარდაჭერა ჰქონდათ ევროპული და მაშინდელი ამერიკული ბიუროკრატიიდან. ამხელა ძალას დაუპირისპირდა და ჩამოაშორა ხელისუფლებას. შესაბამისად, 2011-2012 წლების მოვლენებმა გაამყარა, რა თქმა უნდა, გუნდში რწმენა იმის მიმართ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული გათვლებით შეუძლია პოლიტიკის დაგეგმვა. შემდეგ იყო სხვა მოვლენები, განსაკუთრებით შევეხები 2022, 2023, 2024 წლების მოვლენებს, იქ რომ არა განსაკუთრებული სვლები, რომლებიც გაკეთდა ჩვენი გუნდის მიერ და ამაზე სხვათა შორის ერთი საინტერესო დეტალია - ჯერ კიდევ 2020 წელს გვესაუბრებოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რა პროცესები შეიძლება განვითარებულიყო და გუნდს როგორ უნდა ემოქმედა ასეთი პროცესების პირობებში. 2020 წელს ჰქონდა გათვლილი ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით 2022, 2023, 2024 წლებში. 2020 წელს მას უკვე ჰქონდა წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევების წინაშე შეიძლებოდა დამდგარიყო ჩვენი გუნდი. როდესაც ასეთი გამოცდილება გაქვს, ასეთ დროს ნდობა კონკრეტული ადამიანის კომპეტენციის მიმართ არის განსაკუთრებული და ეს არის მიზეზი, რატომაც ყველაზე ხშირად იმარჯვებს ხოლმე სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისიც არის ანგარიშგასაწევი, რომ ძალიან  ბევრი ადამიანი უბრალოდ შეცდომაშიც შეიყვანეს, ისეთ პროცესში ჩართეს, რაც შეიძლება საერთოდ არ უნდოდათ. 

„მიხარია, რომ პროცესი დაიძრა. ჩვენ ვთქვით, რომ სადაც იქნებოდა აღიარება, სინანული, იქ გვექნებოდა შესაბამისი რეაგირება. მოხარული ვართ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ბოლომდე აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გააკეთეს და ეს ძალიან დასაფასებელია, მნიშვნელოვანია. ჩვენი პირობა ძალაშია, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება. ვინც გამოხატავს სინანულს, ვისაც ექნება აღიარება, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.
ისიც არის ანგარიშგასაწევი, რომ ძალიან  ბევრი ადამიანი უბრალოდ შეცდომაშიც შეიყვანეს, ისეთ პროცესში ჩართეს, რაც შეიძლება საერთოდ არ უნდოდათ მათ. 
საბოლოო ჯამში, სრულად ვერავინ ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას, მორალურ პასუსმგებლობას, იმიტომ, რომ პირდაპირ სათაური იყო ამ აქციის - დამხობის აქცია. დამხობის აქციაზე გავიდა არაერთი ადამიანი, პოლიტიკოსები, სალომე ზურაბიშვილიც დამხობის ჟინით მივიდა იმ აქციაზე, თუმცა წამოვიდა იმედგაცრუებული, ვიღაც გაჰყვა პრეზიდენტის სასახლემდე, ვიღაც არ გაჰყვა. 
მთავარია, რომ ჩვენ გვქონდეს პრევენციული ეფექტი. ეს არის მთავარი. არავის ციხეში ყოფნა არავის არ უხარია, მთავარია, გვქონდეს პრევენციული ეფექტი იმისათვის, რომ მომავალში არავინ არც გაიფიქროს ასეთი ქმედებების დაგეგმვა. ეს არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.