ეკონომიკა, ოპოზიცია, ევროპასთან ურთიერთობა და ინფრასტრუქტურული გეგმები - რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში

სინამდვილეში საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი არ კეთდებოდა, მაშინაც კი, როდესაც ამბობდნენ, რომ არავითარი პრობლემა არა ჰქონდათ ჩვენს ხელისუფლებასთან, ხალხთან, ქვეყანასთან. არაფერს არ აკეთებდნენ ქვეყნის ფეხზე დაყენებისთვის, იგივეს აკეთებენ ზუსტად ახლა მოლდოვაში, რომელიც არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მოლდოვას 13, 5 მილიარდი დოლარით გაასწრო.

 

„მთელი უკრაინის ეკონომიკა არის დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი. ძალიან კარგად, ვინც ერკვევა ოდნავ მაინც ეკონომიკაში, კარგად იცის, რომ 200 მილიარდიან ეკონომიკაში ტრილიონებს არავინ არ ხარჯავს, მათ შორის აღდგენაზე. არ სჭირდება ტრილიონები აღდგენას, როცა შენი ეკონომიკა არის 200 მილიონი დოლარი. აბსურდია, ზოგადად აქ დეტალებში არც მინდა შევიდე. აქ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ პრაქტიკას. მოლდოვის მაგალითი ავიღოთ. მე არ ვიცი არც ერთი შემთხვევა, სადაც კონკრეტული ძალები, ე.წ.  დიფ სთეითი და მისი გავლენით მოქმედი სტრუქტურები შევიდნენ და ქვეყანა ააყვავეს. ასეთი მაგალითი არ არსებობს. მოლდოვა არის ქვეყანა, რომლის მოსახლეობა არის დაახლოებით 3 მილიონი არც კი. ძალიან მცირე მოსახლეობა აქვს მოლდოვას და იცით, ათასი ხმამაღალი განცხადება გაკეთდა მოლდოვასთან დაკავშირებით, აავსეს სესხებით და ეს სესხები მოგვიანებით მოლდოველი ხალხის გასასტუმრებელი იქნება. რა ხდება ამ დროის განმავლობაში - ბოლო 3 წლის განმავლობაში მოლდოვის რეალური ეკონომიკა შემცირდა. ერთმანეთს რომ შევადაროთ საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკები, ჩვენ მოლდოვას გავასწარით ამ პერიოდის განმავლობაში 13,5 მილიარდი დოლარით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პრემიერის თქმით, ოპონენტების განცხადებები, თითქოს კანდიდატის სტატუსი თეორიულად ქვეყნის ეკონომიკის აყვავებას ნიშნავდა, მოლდოვის და უკრაინის ეკონომიკის მაგალითზეც გამოჩნდა.

 

„სად ნახა ვინმემ მოლდოვის აყვავება? სადაც აგენტურა მართავს ქვეყანას, იქაც კი არასდროს „დიფ სთეითი“ არ ზრუნავს შესაბამისი ქვეყნის ფეხზე დაყენებაზე. მოლდოვის მაგალითი არის საუკეთესო მაგალითი. მიდგომა რა არის, რომ შეიძლება შენი ხალხი მართავდეს ქვეყანას, მაგრამ ის ხელისუფლებაც არ უნდა იყოს ბოლომდე წელში გამართული. იგივე მაგალითი იყო საქართველოს ხელისუფლების მაგალითიც. იცით, რომ სააკაშვილი იყო ჩვეულებრივი უცხოელი აგენტი, პირდაპირ გარედან იმართებოდა და ყველა დავალებას ასრულებდა, მათ შორის ომი დაიწყო 2008 წელს გარე დავალებით, მაგრამ იქაც რა ხდებოდა, ისეთ დავალებებს აძლევდნენ, რომლის შესრულების შემდეგ ის ხელისუფლება ვერასდროს იქნებოდა წელში გამართული. ვგულისხმობ რას - ეს იყო მაგალითად, ის მდგომარეობა, რაც იყო ციხეებში, ეს იყო ომის დაწყების დავალება, ეკონომიკაც, როგორც მოგეხსენებათ, არ ყვაოდა იმ პერიოდში და იცით, რომ დაახლოებით 28 მილიარდი ლარი იყო საქართველოს ეკონომიკა მაშინ, როდესაც დღეს 100 მილიარდ ლარს უკვე კარგად გადავაჭარბეთ. ანუ აგენტურაც კი არ უნდა იყოს ფეხზე ძლიერად, რომ რაღაც თავში არ გადაუტრიალდეს. ეს არის მარტივი მიდგომა. ხომ ამბობენ, რომ მოლდოვასთან ყველაფერი კარგად აქვთ, მოლდოვის ფეხზე დაყენებას არ სჭირდება არაფერი. რა ფულსაც ყრიან სხვა მიმართულებით, რა ფულს იხდიან მაგალითად უკრაინის ომის დაფინანსებაში, იგივე ფული რომ დაეხარჯათ უკრაინის აღორძინებაზე თავის დროზე, ვიდრე ეს ომები დაიწყებოდა, უკრაინა დღეს იქნებოდა ბოლომდე წელში გამართული ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, ფული რომ დაეხარჯათ რეალურად საქართველოზე, საქართველოს ფეხზე დაყენებას არაფერი არ სჭირდებოდა.

 

„სჭირდებოდა კაპიკები იმასთან შედარებით, რა ფულიც იხარჯება დღეს მაგალითად უკრაინაში ომის დაფინანსებაზე. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ომი არ არსებობდა და ეს თანხები თეორიულად მოხმარდა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წელში გამართვას, ეკონომიკის ფეხზე დაყენებას, რა თქმა უნდა, უზარმაზარი ეფექტი ექნებოდა ამ ყველაფერს. მაგრამ მიდგომა არის ასეთი, რომ მნიშვნელობა არ აქვს, შენი აგენტურა მართავს თუ არა ამა თუ იმ ქვეყანას, არც ერთი სახელმწიფო და არც ერთი ხელისუფლება არ უნდა იდგეს ფეხზე.  სინამდვილეში არავინ დახმარებია რეალურად ჩვენს ქვეყანას მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც. მოლდოვაზე ამბობენ, რომ ყველაფერი დალაგებული აქვთ, არაფერს აკეთებენ შეგნებულად იმისათვის, რომ მოლდოვა დადგეს ფეხზე. 13,5 მილიარდი დოლარით გავასწარით ეკონომიკაში, სხვაობა გავზარდეთ მოლდოვასთან ამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. რატომ? მათი ხალხია ხელისუფლებაში, „დიფ სთეითის“  ხალხია ხელისუფლებაში, მაგრამ იმ ხელისუფლებამაც არ უნდა იგრძნოს ოდნავი დამოუკიდებლობაც კი. ეს არის ძალიან მარტივი მიდგომა. ამიტომ არის, რომ რა ხდებოდა რეალურად, ხარჯავდნენ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში საშუალოდ 100 მილიონ დოლარს USAID-ის ხაზებით, ყოფილი ადმინისტრაციიდან ამერიკიდან, და ერთ ამდენივეს, დაახლოებით 100 მილიონ დოლარს ხარჯავდნენ, ევროს, ევროკავშირიდან. რაც სახელმწიფოს არ ხმარდებოდა, ეს იყო ძირითადად NGO-ების დაფინანსება, რაც არა თუ სახელმწიფოს არ ხმარდებოდა, პირიქით, სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, სინამდვილეში საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი კეთდებოდა, მაშინაც კი, როდესაც ამბობდნენ, რომ არავითარი პრობლემა არა ჰქონდათ ხელისუფლებასთან, ხალხთან, ქვეყანასთან.

 

„არაფერსაკეთებდნენ ქვეყნის ფეხზე დაყენებისთვის, იგივეს აკეთებენ ზუსტად ახლა მოლდოვაში, რომელიც არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში. სამი წლის მაჩვენებელი რომ ავიღოთ, რეალური ეკონომიკა მოლდოვაში შემცირდა და ნომინალური ეკონომიკა იზრდება მხოლოდ მაღალი ინფლაციის ხარჯზე. მოლდოვის დახმარება რომ სდომოდათ, მოლდოვის ეკონომიკა დღეს იქნებოდა წელში გამართული, მაგრამ არ აკეთებენ რატომ, სადაც შენი ხალხია, იქაც კი არ უნდა დაეხმარო სახელმწიფოს იმისათვის, რომ არავინ იგრძნოს დამოუკიდებლობის გემო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურის გამოთქვამს იმედს, რომ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროპული ბიუროკრატია დაიწყებს სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას.


„ქართველ ხალხს პირდაპირ ემტერებიან, მაგრამ არანაკლებ ემტერებიან მოლდოველ ხალხს და უკრაინელ ხალხს. მათ რომ ნდომოდათ მოლდოველი ხალხის დახმარება, დაეხმარებოდნენ მოლდოვის ეკონომიკას ფეხზე დადგომაში. არ გააკეთეს და ამის შედეგი ნახეთ რა არის - რეფერენდუმი წააგო ევროკავშირმა მოლდოვაში. მოლდოვის მაცხოვრებელი მოსახლეობის მხოლოდ 45%-მა დაუჭირა მხარი ევროინტეგრაციას. მოლდოველი ხალხიც ხედავს, რომ სინამდვილეში ხალხს არავინ ეხმარება და ამის შედეგია უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, რომელშიც არის გახვეული დღეს მოლდოვა. მოლდოვის პრეზიდენტმა წააგო არჩევნები და ბარიერი გადალახა მხოლოდ ემიგრანტების ხარჯზე. ანუ რეალურად ქვეყნის გარეთ ვინც ცხოვრობს, იმან მისცა ხმა, და ქვეყნის შიგნით ვინც ცხოვრობს, იმან არ დაუჭირა მხარი 50-ზე მეტი პროცენტით პრეზიდენტის არჩევას. მოლდოველი ხალხიც კი არ აინტერესებთ, რომელთანაც ფორმალურად მათ არ აქვთ არავითარი დაპირისპირება. ქართველ ხალხთან მათ უკვე გაფორმებული აქვთ დაპირისპირება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისინი ქართველ ხალხზე არავითარ შემთხვევაში არ ზრუნავენ. 
თვითონ „ევრობარომეტრის“ გამოკითხვაც აჩვენებს, მათივე ჩატარებული გამოკითხვაც, რომ ევროპული სტრუქტურების მიმართ, ზოგადად ევროკავშირის მიმართ ნდობაც არის შემცირებული. ამ ყველაფერს ხედავს საზოგადოება. განსაკუთრებით როცა ეკითხები ხალხს გამოკითხვებში, რას ფიქრობენ ევროპულ ბიუროკრატიასთან დაკავშირებით - ნდობა არის დაახლოებით იმავე დონეზე, რაც არის NGO-ების მიმართ ნდობა. ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, დაახლოებით 15-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
ეს არის, იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხედავს საზოგადოება ქართველი ხალხი ხედავს, რომ ევროპული ბიუროკრატია მას ემტერება. არის განწყობილი მტრულად ქართველი ხალხის მიმართ და ამას გამოხატავს კონკრეტული ნაბიჯებით. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ნდობა უკიდურესად მცირდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ და სამწუხაროდ ეს გადადის ნდობაზე ევროკავშირის მიმართაც, რაც კვლევებით დასტურდება, მათ შორის „ევრობარომეტრის“ კვლევებით, რაც ძალიან დასანანია. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ რაღაც მომენტში ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროპული ბიუროკრატია დაიწყებს სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა პრემიერმა.


მისივე თქმით, კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ქართული მხარის ოპტიმიზმი ეფუძნება იმას, რომ ვიღაც უნდა გამოფხიზლდეს და გააცნობიეროს ევროპულ ბიუროკრატიაში, რომ სუვერენული პოლიტიკის დროა და აღარ არის გარე ძალების კარნახით მოქმედების დრო.

“მე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ძალიან გამიჭირდება - რა შეიძლება მოხდეს, როდის შეიძლება მოხდეს, როგორ შეიძლება მოხდეს. ყველაფერი არის აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი. მთელი სამყარო გახდა, სამწუხაროდ, არაპროგნოზირებადი. უკრაინის ომთან დაკავშირებით მილიონი პროგნოზი კეთდებოდა, მაგრამ ვეღარავინ ვეღარ ამბობს უკვე, როდის შეიძლება ეს ომი დასრულდეს. ასეთი ომი საერთოდ გაუგონარია - ფრონტის ხაზი არის პრაქტიკულად ერთ დონეზე გაჩერებული უკვე ამდენი წლის განმავლობაში. რაც, გაუგებარი რამეა. ასევე ირანის გარშემო გაუგებრად ვითარდება მოვლენები. არაპროგნოზირებადი გახდა ზოგადად გლობალური პოლიტიკა. ასეთივე არაპროგნოზირებადია ევროკავშირი.
რაც შეეხება ოპტიმიზმს, ეს არის უბრალოდ ზოგადი ოპტიმიზმი, რაც ეფუძნება რას, რომ რაღაც მომენტში ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. როდესაც ხედავ, რომ 30 %-დან ევროკავშირის წილი გლობალურ ეკონომიკაში შემცირდა 17,5 %-მდე და მაღალი ალბათობით შეიძლება კიდევ უფრო მეტად შემცირდეს. ამასობაში ძალიან სწრაფად გაიზარდა ამერიკის ეკონომიკა, ჩინეთის ეკონომიკა და ორივე ჩრდილავს უკვე ევროკავშირს ეკონომიკური თვალსაზრისით. ასეთ დროს რაღაც მომენტში უნდა გამოფხიზლდნენ.
ან როდესაც ხედავ, რომ საერთოდ ჩაგეკეტა წვდომა იაფ ბუნებრივ რესურსებზე, რასაც ეწირება პირდაპირ ევროპული ინდუსტრიები - მაგალითად, გერმანული ავტოინდუსტრია არის უმძიმესი კრიზისის ქვეშ, რაც არის ზუსტად ამ ყველაფრის შედეგი და გამოხატულება.
რაღაც მომენტში, ჩვენი ოპტიმიზმი ეფუძნება იმას, რომ ვიღაც უნდა გამოფხიზლდეს, ვიღაცამ უნდა შეხედოს სხვანაირად მოვლენებს, ვიღაცამ უნდა გააცნობიეროს, რომ სუვერენული პოლიტიკის დროა და აღარ არის იმის დრო, რომ გარე ძალების კარნახით იმოქმედოს ევროპულმა ბიუროკრატიამ. ეს ზოგადი ოპტიმიზმი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ,”- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა პოლიტიკური ტერორის აღსაკვეთად, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონი“ იყო სწორედ კანონი პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ.

 

„საქართველოს მაგალითი ერთ-ერთი საუკეთესოა, როდესაც საუბარი გვაქვს ჩვენ პოლიტიკურ ტერორზე. ჯერ გავიხსენებ 2004-2012 წლის მოვლენებს, როდესაც პოლიტიკური ტერორის ქვეშ იყო ქართველი ხალხი და ამას აკეთებდა სწორედ გარედან მართული აგენტურა, რომელიც ხელისუფლებაში იყო მაშინ ჩვენს ქვეყანაში. მის შემდეგაც, განსაკუთრებით რომ ავიღოთ ბოლო წლები, 2020 წლის ბოლოდან პერიოდი, მუდმივი პოლიტიკური ტერორის ქვეშ არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა. რა პროცესები გამოვიარეთ - რევოლუციის მარტო ხუთი მცდელობა გამოვიარეთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი. როდესაც ოთხი წლის განმავლობაში გაქვს ქვეყანაში რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც ოთხი არის ძალადობრივი, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი. ამით არის მუდმივად დაკავებული აგენტურა, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ჩვენც ვუწოდებდით, თუმცა ოპოზიციას მათ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ. ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, რომელსაც აქვს ერთადერთი დავალება, ერთადერთი დაკვეთა - ეს არის სწორედ ის, რომ მუდმივი პოლიტიკური ტერორის ქვეშ უნდა ამყოფონ საქართველოს მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით ამ პოლიტიკური ტერორის აღსაკვეთად, მათ შორის გამჭვირვალობის კანონი იყო სწორედ კანონი პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ. სხვა ნაბიჯები რაც გადაიდგა, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები, სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული ნორმების გამკაცრება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, მათ შორის ის რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება სიძულვილის გავრცელებას, ეს ყველაფერი არის კანონმდებლობა და ნაბიჯები პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ. თქვენ გახსოვთ, როდესაც ჩვენ ვიღებდით გამჭვირვალობის შესახებ კანონს, გამოვიდა წინა ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მაშინდელი ელჩი და განაცხადა, რომ ეს იყო შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის. სუპერ სამშაბათი არის აქეთ და შავი დღე დემოკრატიისთვის - ერთი და იგივე ფარსია ეს სუპერ სამშაბათიც და ეს შავი დღე დემოკრატიისთვის, ერთიც და მეორეც. ესეც პოლიტიკური ტერორის აქტი იყო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მისივე თქმით, ის განცხადება, რომელიც გააკეთა მაშინდელმა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, იყო პოლიტიკური ტერორის აქტი, როდესაც სამარცხვინო ტყუილი აკადრა ქართველ ხალხს და ამით ხელოვნურად წაახალისა რევოლუციური პროცესები ქვეყანაში.

 

„როდესაც შენს ქვეყანაში ოთხი წლის განმავლობაში გიწყობენ რევოლუციის ხუთ მცდელობას და აქედან ოთხი არის თან ძალადობრივი, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო ელისაშვილის შემთხვევაც, რომელმაც პირდაპირ ტერორისტული აქტი მოაწყო, სასამართლო შენობის დაწვა სცადა და ამის მიმართაც კი იკადრეს თანაგრძნობის გამოხატვა. მათ შორის ევროკავშირის ელჩმაც, რეალურად თუ ჩავუღრმავდებით მის განცხადებას, მან ტერორისტულ აქტს უწოდა რეალურად გამოხატვის თავისუფლების გამოვლინება. სწორ ინტერპრეტაციას თუ გავუკეთებთ მის ამ განცხადებას, მან გაუთანაბრა გამოხატვის თავისუფლებას ტერორისტული აქტი, რომლის მცდელობაც ჰქონდა ელისაშვილს სასამართლო შენობის დაწვის სახით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალეკო ელისაშვილის სასჯელთან დაკავშირებით სახალხო დამცველის პოზიციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს სუბიექტური მომენტია.

 

„საზოგადოებამ დაინახა ყველაფერი. რეალურად, ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც ვიღაც ცდილობს ერთ-ერთი საკვანძო ინსტიტუტის შენობის დაწვას, ეს არის თავისი სამართლებრივი თუ პოლიტიკური არსით, ტერორისტული აქტის კვალიფიკაციის მქონე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მისივე თქმით, აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის ევროპულ მედიაში. 

“მე მახსოვს, თავის დროზე, გერმანიაში როცა ვსწავლობდი 2002-დან 2006 წლამდე, ვუყურებდი ხოლმე გერმანულ ტელევიზიებს და აბსოლუტურად გახსნილი იყო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. ახლა შეგიძლიათ ჩართოთ იგივე თოქ-შოუები, მათ შორის ხშირად იგივე წამყვანებით და აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის. ანუ, აქამდე მიიყვანეს საბოლოო ჯამში მედია სივრცე ევროპის მასშტაბით და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გამოფხიზლება ჭიანურდება. თორემ გამოფხიზლების დრო ყოველთვის იყო.
ეს 30 % ერთ წელიწადში არ ჩამოსულა 17.5 %-მდე. იყო რამდენიმე ვარდნა: პირველი იყო 2008 წლის შემდეგ, მეორე იყო 2013 წლის შემდეგ, მესამე – ახლა უკრაინაში მეორე ომის დაწყების შემდეგ. ეს ერთბაშად არ მომხდარა. მაგრამ რეალურად სივრცე არ არსებობს დისკუსიებისთვის.
იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სივრცეც გაიხსნება. ეს არის, რა თქმა უნდა, ზოგადი ოპტიმიზმი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც მომენტში ვიღაც უნდა გამოფხიზლდეს, ასე ხდება ხოლმე ზოგადად, თავისი საფეხურები აქვს ისტორიულ განვითარებას ნებისმიერ სივრცეში, იმედი დავიტოვოთ, რომ რაღაც ეტაპზე, რაღაც საფეხურზე გამოფხიზლდება ყველა ევროპაში და საბოლოო ჯამში უზრუნველყოფილი იქნება სუვერენული გადაწყვეტილების მიღება,”- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ამის გამოა, რომ ოპოზიციის რეიტინგი დღეს არის აბსოლუტურად განულებული. 

 

„მათი მხრიდან ხორციელდება პოლიტიკური ტერორი და ამ ყველაფერს აქვს გარედან მხარდაჭერა. რაც შეეხება ამ წამოცდენას, ეს არის ძალიან კარგი წამოცდენა, რომელიც ბევრ რამეს გაამაგრებს სამართლებრივი თვალსაზრისით, მათ შორის ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელსაც. სხვას კი არაფერს ვამტკიცებდით. ნახეთ, სანქცია როცა უწესდება ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ეს არის თავისი არსით მტრული აქტი სახელმწიფოს წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. როდესაც შენ ღიად ამბობ, რომ შენი მიზანია შენი ასკაციანი აქციებით საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოწვევა, ეს არის პირდაპირი აღიარება დანაშაულებრივი ქმედების. ეს არის, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ქმედება, რაც აუცილებლად გაამაგრებს ჩვენს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ამის გამოა, რომ მათი რეიტინგი დღეს არის აბსოლუტურად განულებული. ის რეიტინგიც კი არა აქვთ, იმის ნახევარიც კი არა აქვთ, რაც ჰქონდათ თავის დროზე. თქვენ გახსოვთ ასევე 2024 და 2025 წლის არჩევნების შედეგები, მაგალითად რომ ავიღოთ, ეს გახარიას პარტია. რა შედეგიც ჰქონდათ 2024 წელს, იმის მესამედი აიღეს დაახლოებით ერთ წელიწადში. რომ ჩაატაროთ დღეს, თეორიულად, არჩევნები, იგივე შედეგს მიიღებთ ოთხივე ამ პარტიასთან მიმართებით, რომელმაც მოახერხა 2024 წელს ბარიერის გადალახვა. ის რეიტინგიც კი არა აქვთ, არათუ ის არა აქვთ, იმის ნახევარიც კი არა აქვთ შერჩენილი, რაც ჰქონდათ 2024 წელს. რის შედეგია ეს ყველაფერი - საზოგადოებას ბოლომდე დაანახეს და გაუშიფრეს საკუთარი თავი, ბოლომდე გაშიშვლდა ეს ოპოზიცია და საბოლოო ჯამში ეს ძალიან კარგია დემოკრატიული პროცესების სწორად განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, აგენტურა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი.

„ოპოზიციის ნებისმიერი დაპირისპირება არის სისუსტის გამოვლინება. ისინი არიან სუსტად და ამ სისუსტის ფონზე, სხვადასხვა სიმპტომი იჩენს თავს და მთავარი სიმპტომი არის დაპირისპირება ერთმანეთში. მეორე ახსნა არის ის, რომ ეს არის აგენტურა და აგენტები ცდილობენ სხვა აგენტზე მეტად მოაწონონ საკუთარ პატრონებს. ორი ძირითადი ახსნა აქვს ამ ყველაფერს - ერთი რომ სისუსტე ოპოზიციის და ეს არის ამ ავადმყოფობის ერთ-ერთი სიმპტომი, და მეორე პატრონების წინაშე თავის მოწონების მცდელობა.
რაც კარგია, ამ ყველაფრით ისინი თვითონვე აკნინებენ საკუთარ თავს. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთი ძალების ადგილი არ არის პოლიტიკურ სისტემაში. აგენტურა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი. ვიდრე აგენტურა არის პოლიტიკური სისტემის ნაწილი, თუნდაც ფორმალურად, მანამდე ვერ შედგება ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ცდილობს, რომ დარჩენილი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენოს, თუმცა არც საზოგადოების ნდობა აქვს და საკუთარ პოლიტიკურ ძალაშიც დაკარგა ფიგურის სტატუსი.

“მთავარი მიზეზი, რატომაც ის აბსოლუტურად არაადეკვატურად მოქმედებს, მათ შორის საკუთარი ინტერესების გადმოსახედიდან რომ შევაფასოთ, არის ის, რომ ის ბოლომდე დაკარგულია როგორც პოლიტიკური ფიგურა. არც საზოგადოების ნდობა აქვს და საკუთარ ძალაშიც კი, პოლიტიკურ ძალაშიც კი, დაკარგა რეალურად ფიგურის სტატუსი. საინტერესო არ არის მაინცდამაინც ეს ადამიანი პოლიტიკური გადმოსახედიდან. სამედიცინო გადმოსახედიდან შეიძლება იყოს საინტერესო,”- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ისე, რომ ხალხის თვალში დაკარგონ საკუთარი რეპუტაცია. 

 

„ყოველ ჯერზე, როდესაც სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია შედგება ხოლმე, ისინი წყენას ვერ მალავენ. ეს არც არის მაინცდამაინც საინტერესო. რაც შეეხება მათ მიდგომას - ეს არის მნიშვნელოვანი და ამას ხაზი მინდა გავუსვა - რატომ ვერ შედგება ასეთი პოლიტიკური ძალებით ვერასდროს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ჯანსაღ სისტემაში, ჯანსაღი პოლიტიკური პარტია არის ორიენტირებული ხალხის სიმპატიების დამსახურებაზე. ნებისმიერი, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველა ცდილობს, რომ ხალხს მოაწონოს თავი, რომ მერე ხმა მიიღოს, ნდობა გამოუცხადონ და ასე შემდეგ. საქართველოში არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საერთოდ არ არიან ამაზე ორიენტირებული და პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ისე, რომ ხალხის თვალში დაკარგონ საკუთარი, ასე ვთქვათ, რეპუტაცია. ერთადერთი, ვის მიმართაც ცდილობენ თავის მოწონებას, ეს არის გარე ძალები. ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი მოვლენა. რატომ? ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ჩვეულებრივად უცხოური აგენტურა, შესაბამისად, აგენტურა ვერ იქნება ორიენტირებული ხალხზე, იქნება ორიენტირებული მხოლოდ საკუთარ პატრონებზე. ეს არის საერთო სურათი.

 

თუმცა, მე მინდა გითხრათ, რომ 2012 წელსაც ისინი იყვნენ აგენტურა, მაგრამ შემოვიდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი და ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაცა ეგონათ, აჩვენა ვინ იყო რეალურად ნამდვილი გროსმეისტერი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგაც, მათ მუდმივად ჰქონდათ საკუთარი პატრონების მხარდაჭერა.

 

„ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ მივდიოდით, ჯერ კიდევ მე მახსოვს 2016-2017 წლები, იქ გვხვდებოდნენ ხოლმე დამძიმებული სახეებით ევროპარლამენტარები, აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები, იგივე ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სამაგიეროდ ოპოზიცია ყოველთვის იყო ხოლმე კარგად მიღებული. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის აგენტურა. არავითარი კავშირი არა აქვს ამას არაფერთან. ჩვენ ბრიფინგზეც ვთქვით, რომ საერთოდ არც დემოკრატიის ხარისხი აინტერესებთ, არც ადამიანის უფლებები აინტერესებთ. დემოკრატია და ადამიანის უფლებები რომ ყოფილიყო მათი ინტერესის საგანი, რა თქმა უნდა, 2004-2012 წლებში მხარს არ დაუჭერდნენ მაშინდელ ხელისუფლებას. ეს საერთოდ არ აინტერესებთ. არც სხვა ქვეყნებში არ აინტერესებთ, არც მოლდოვაში, მაგალითად, არც ადამიანის უფლებები აინტერესებთ, არც დემოკრატია, არც დემოკრატიული არჩევნები, არაფერი არ აინტერესებთ. ყველა ძალიან კარგად ხედავს ამას.

 

ანუ, ამ ხალხს ყოველთვის ჰქონდა გარე მხარდაჭერა, ინსტიტუტების დონეზეც. რატომ? იმიტომ, რომ ისინი იყვნენ აგენტურა და ასე იმართებოდა პროცესები. მაგრამ ამან არ უშველა მათ არც 2012 წელს და არც 2012 წლის შემდეგ. 2012 წელს მიიღეს ერთი ჭადრაკის პარტია და 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ ზევიდან 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას რესურსი არა აქვს არც ქუჩაში, რესურსი არა აქვს არც არჩევნებზე. 

 

„რეალურად, ნახეთ რა სიტუაციაა - ერთმანეთი არ მოსწონთ და ხალხს როგორ უნდა მოაწონონ თავი. მინიმუმ ხომ ერთმანეთი უნდა მოგწონდეს, რომ მერე გამოხვიდე, ყველა ერთად და ხალხს მოაწონო თავი. ერთს მეორე არ მოსწონს, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე, მეოთხეს მეხუთე და ეს ყველაფერი ხდება თან ხალხის თვალწინ. ხალხი ხომ ამ ყველაფერს უყურებს და როცა ერთმანეთი არ მოსწონთ ერთი ძალის წარმომადგენლებს, რეალურად ყველა ხომ ერთი ძალაა. როცა ხალხი ამას ხედავს, რომ მათ ერთმანეთი არ მოსწონთ, როგორ შეიძლება, რომ ხალხმა მოიწონოს ასეთი ეკლექტური პოლიტიკური ძალა. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მათი აგენტობა ყველამ გაშიფრა უკვე. შესაბამისად, მათ არავითარი რესურსი არა აქვთ. რესურსი არა აქვთ არც ქუჩაში, რესურსი არა აქვთ არც არჩევნებზე. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, როგორც ცნობილი გამონათქვამი გვეუბნება: „ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე“.

 

ჩვენ უნდა მივყვეთ წესს. წესი არის ის, რომ აგენტურის ადგილი არ შეიძლება იყოს პოლიტიკურ სისტემაში. არსებობს თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, რომელიც გეუბნება, რომ დემოკრატიულ სივრცეში ადგილი არ უნდა დარჩეს დემოკრატიის მტერს.  ძალიან მარტივი, ჰანს კელზენის მიერ განვითარებული ცნობილი კონცეფცია. და ეს არის წესი, რომელიც უნდა იყოს დაცული.

 

თუ ეს წესი არ იქნება დაცული, ქვეყანა მუდმივად იქნება ამ პოლიტიკური ტერორის რეჟიმში, რაც ჩვენ გამოვიარეთ. კი, დავამშვიდეთ ეხლა ქვეყანა, ოთხი წლის განმავლობაში იყო ხუთი რევოლუციის მცდელობა, მივიღეთ შემდეგ კანონმდებლობა: გამჭვირვალობის კანონი, გრანტების შესახებ კანონი, შეკრებების შესახებ კანონი, სხვა საკანონმდებლო აქტები. ამის ხარჯზე დამშვიდდა ქვეყანა. მაგრამ ეს ყველაფერი ვერ მოგვადუნებს. იმისათვის, რომ ბოლომდე დამშვიდდეს ჩვენი ქვეყანა, უნდა დავიცვათ მარტივი წესი, რომ დემოკრატიის მტრები არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი დემოკრატიულ სისტემაში, რასაც გვეუბნება ცნობილი თეორია, რომელიც არის დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპზე. აგენტურა არ შეიძლება იყოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი. ჯერ წესია საქმე, მერე საქმეა საქმე. უნდა დავიცვათ ეს წესი და ამ წესის დაცვას ემსახურება, კიდევ ერთხელ, ის სარჩელი, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო ანაკლიის პორტის პროექტს და „Landlord-ის მოდელის“ უპირატესობებზე ისაუბრა.

“ძალიან ბევრი რამ გადალაგდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმისათვის, რომ გაუმჯობესებულიყო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხი,  გაუმჯობესებულიყო ტემპი სამუშაოების და შესაბამისად ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.
ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური პროექტები, ეს არის ანაკლიის პროექტი, რომლის პირველი ფაზა უნდა დასრულდეს უკვე 2029 წლისთვის და ეს რა თქმა უნდა ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს სერიოზულად გააძლიერებს. 
ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. „Landlord-ის მოდელი“ ნიშნავს იმას, რომ რეალურად პორტი იქნება ქართული, მთლიანად ასპროცენტიანი ქართული საკუთრებით. თუმცა ოპერირებაში გადაეცემა ტერმინალები სხვადასხვა პარტნიორს, სხვადასხვა სახელმწიფოს თუ კომპანიას. ინტერესი არის ძალიან დიდი და ამ მოდელის პირობებში იქნება იდეალურად დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები და მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ტვირთების მოზიდვა.
პორტის ფუნქციონირებისთვის მთავარი არის ტვირთების მოზიდვა და იმ პირობებში, როდესაც პორტი იქნება ქართული, ეს ერთი, რომ იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად დაცული და მეორე - ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოს და კომპანიის ინტერესი წარმოვადგინოთ ანაკლიის პორტში, რაც უკვე ქმნის მყარ გარანტიას ტვირთების მოსაზიდად. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას რეალურად არ აქვს არავითარი ნაკლი, პირიქით, არის იდეალური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოგვცემს ანაკლიის პორტის საუკეთესოდ ფუნქციონირების შესაძლებლობას,”- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, პარალელურად მომავალი წლის ბოლომდე დაიწყება ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანში, რაც მზარდი ტურისტული ნაკადებიდან გამომდინარე აუცილებელია ქვეყნისთვის. 

მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება დაუთმო რკინიგზის მოდერნიზაციას.

“ბათუმთან დაკავშირებით გრძელდება მოლაპარაკებები. ქუთაისთან დაკავშირებით აქტიურად წარიმართება სამუშაოები და დაახლოებით 5 მილიონს მიაღწევს მგზავრთნაკადი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. თბილისში ჩვენ დავიწყეთ უკვე არსებული აეროპორტის გაფართოება, რაც მგზავრთნაკადს გაზრდის 10 მილიონამდე წლის განმავლობაში და პარალელურად დაიწყება უკვე მომავალი წლის ბოლომდე ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანში, სადაც მგზავრთნაკადი იქნება უკვე 20 მილიონი. რაც მზარდი ტურისტული ნაკადებიდან გამომდინარე არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის.
რკინიგზის მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა - რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიხსნა როგორც მგზავრებისთვის, ისე ტვირთებისთვის. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, მათ შორის გადაადგილების დრო. ეს ყველაფერი ეკონომიკური თვალსაზრისითაც ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,”- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი 2020 წელს იყო 13,3 მილიარდი ლარი და ეს გაიზარდა ხუთ წელიწადში 33 მილიარდ ლარამდე.

„ეკონომიკური განვითარების კუთხით არის უამრავი პროექტი დაგეგმილი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც არის შესაძლებელი. ამას სჭირდება უბრალოდ ძალიან აქტიური მუშაობა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მეტი ეკონომიკა ნიშნავს ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას შიგნით თუ გარეთ, მათ შორის საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას და ეს ნიშნავს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. როცა იზრდება ეკონომიკა, ამის პარალელურად იზრდება საშუალო ხელფასი, მცირდება სიღარიბე და ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში, 2020 წლის შემდეგ მოვახერხეთ სიღარიბის შემცირება 21,3%-დან 7,1%-მდე. ზუსტად სამჯერ შემცირდა სიღარიბე, 280 000 ადამიანი რჩება სიღარიბის ზღვარს მიღმა ჩვენს ქვეყანაში. შემოსავლები არის ყველაზე კარგი ინდიკატორი. მიდის თუ არა ადამიანების ჯიბეებამდე გაზრდილი ეკონომიკა - საქართველოში ამის საუკეთესო მაჩვენებელი არის საშემოსავლო გადასახადი. თუ ავიღებთ ამ მაჩვენებელს, ნახავთ, რომ საქართველოს მოქალაქეების შემოსავალი 2020 წელს იყო 13,3 მილიარდი ლარი და ეს გაიზარდა ხუთ წელიწადში 33 მილიარდ ლარამდე. ანალოგიურად გაიზარდა კორპორაციების მიერ გადახდილი გადასახადები, რაც ნიშნავს თავისთავად, რომ კომპანიების ბრუნვა გაიზარდა, წარმოებული პროდუქცია გაიზარდა. ეს ყველაფერი მარტივად აისახება,  იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში კომპანია და ადამიანი იხდის თანხას ბიუჯეტში და თუ შემოსავალი არ არსებობს ბუნებაში, ბუნებრივია, გადასახადს მარტო ხელისუფლება ვერ გადაიხდის თავისი ჯიბეებიდან. ეს არ არის საკმარისი. ჩვენი ამოცანაა სიღარიბის განულება, რა ტემპიც გვაქვს აღებული, რომ ავიღოთ ბოლო წლების ტენდენცია, 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება სიღარიბის განულება. 
და რაც შეეხება საშუალო ხელფასის ზრდას, სხვა პარამეტრებს, ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი ძალიან დიდი პროგრესის მიღწევა. მთავარია შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გასული წლის ივნისიდან როცა დასრულდა საკადრო ცვლილებები მათ შორის საქართველოს მთავრობაში, იყო გარდამტეხი ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.


„კორუფციის მაქსიმალურად აღმოფხვრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. გარდამტეხი წელი გვქონდა ამ თვალსაზრისით. განსაკუთრებით თუ ავიღებთ გასული წლის ივნისიდან პერიოდს, როცა დასრულდა საკადრო ცვლილებები მათ შორის საქართველოს მთავრობაში, ჩვენ გვქონდა გარდამტეხი ცვლილებები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.
ყოველ ჯერზე ჩვენ მარტივ კითხვას ვუსვამთ ჩვენს ოპონენტებს, ზეპირად, ბრტყელი ფრაზებით საუბრობენ ხოლმე კორუფციაზე, მარტივ რამეს ვეკითხებით, ერთი ფაქტი მოიტანონ კორუფციასთან დაკავშირებით, რომელიმე მინისტრი თუ არის ჩართული კორუფციაში, რომელიმე სხვა მაღალი თანამდებობის პირი თუ არის ჩართული. დაბალ დონეზე მუდმივად არის საჭირო ბრძოლა კორუფციასთან და უამრავი კორუფციული დანაშაული ვლინდება, სამწუხაროდ ამას მოჰყვება ხოლმე ადამიანების დაკავება, დაპატიმრება და ასე შემდეგ, ეს არის მუდმივი პროცესი. მაღალ დონეზე კორუფცია არის აღმოფხვრილი . მარტივი ინდიკატორი გვაქვს - წარმოადგინონ ერთი ფაქტი, რომელიც უკავშირდება რომელიმე მინისტრს, მინისტრის მოადგილეს, სხვა მაღალ თანამდებობის პირს. ერთი კორუფციული ფაქტი და გვექნება მყისიერი რეაგირება. არცერთი ფაქტი არ წარმოუდგენიათ, მაგრამ აგრძელებენ საუბარს ბრტყელი სიტყვებით.
გარდამტეხი ცვლილებები გვქონდა და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას. სადაც არის კორუფცია, იქ ზიანი ადგება ეკონომიკურ განვითარებასაც. შესაბამისად, მათ შორის ის გარდამტეხი ცვლილებები, რაც გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ჩვენ გვაძლევს ოპტიმისტური მოლოდინების შენარჩუნების შესაძლებლობას“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეტაურმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის.

 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმასპინძლობ თურქმენეთის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ბატონ სერდარ ბერდიმუხამედოვს. აღსანიშნავია, რომ ეს თურქმენეთის პრეზიდენტის მეორე სახელმწიფო ვიზიტია საქართველოში. პირველი ასეთი ვიზიტი 2015 წელს შედგა, როდესაც ჩვენს ქვეყანას ბატონი გურბანგული ბერდიმუხამედოვი სტუმრობდა.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ  ერთობლივ განცხადებას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს და ურთიერთგაგების მემორანდუმებს, ეს დოკუმენტები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.

 

მქონდა ბატონ პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე, ასევე განვიხილეთ რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

 

შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს. ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.