საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქმენეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და თურქმენეთის პრეზიდენტს სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველო-თურქმენეთის მთავრობათაშორისი კომისიის როლი.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და სატრანზიტო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. აღნიშნულ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის  განვითარების ხელშეწყობაზე და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას. ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ფინანსურ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო, ასევე  ჯანდაცვის,  განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. დოკუმენტების გაცვლის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თურქმენეთის პრეზიდენტი დაესწრნენ.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონული დაკავშირებადობის სტრატეგიულ პოტენციალზე.

„რამდენიმე ძირითადი შეთანხმებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერამ კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი საერთო ერთგულება საქართველოსა და თურქმენეთს შორის ძლიერი და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის განვითარებაზე“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბარი ასევე შეეხო რეგიონულ  და საერთაშორისო საკითხებს.

„ჩემთვის დიდი პატივია თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის მასპინძლობა საქართველოში მისი პირველი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ  საქართველოსა და თურქმენეთს  შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და განვიხილეთ  ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები. ვისაუბრეთ ასევე რეგიონულ  და საერთაშორისო საკითხებზე“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცილა.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქმენეთის პრეზიდენტის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა.