"თავიდან ბოლომდე არიან ორიენტირებულები არა ქართველ ხალხზე, არამედ უცხოელ პატრონებზე" - პრემიერი ოპოზიციაზე

ბევრჯერ გაერთიანდნენ, თუმცა ყველა ეს გაერთიანება საბოლოო ჯამში აღმოჩნდა წარუმატებელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა. 

მისივე თქმით, თავიდან ბოლომდე არიან ორიენტირებული არა ქართველ ხალხზე, არამედ უცხოელ პატრონებზე. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი ვერ აღწევენ წარმატებას.

„მნიშვნელობა არ აქვს, ხან ცალ-ცალკე გამოდიან, ხან ერთად, ასეც და ისეც არიან ხოლმე წარუმატებლები. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი: მათ არა აქვთ სწორი პრინციპები და კიდევ უფრო მეტად რომ დავაზუსტო, ისინი არ არიან სინამდვილეში ოპოზიცია. ისინი არიან უცხოური აგენტურა, იმართებიან გარედან. ერთადერთი, ვის წინაშეც ანგარიშვალდებულად გრძნობენ თავს, არის გარე ძალები. ხალხთან არც გადიან, ანუ მხოლოდ იმიტაციები აქვთ ხოლმე ძირითადად საარჩევნო პერიოდში, ზოგჯერ სხვა დროსაც. მხოლოდ იმიტაცია აქვთ. დანარჩენი, თავიდან ბოლომდე, არიან ორიენტირებული არა ქართველ ხალხზე, არამედ უცხოელ პატრონებზე. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი ვერ აღწევენ წარმატებას. ეს მათი საქმეა, მათი არჩევანია და ეს არის ძალიან მძიმე არჩევანი,“- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის შეფასებით, ეს იყო მიზანმიმართული კამპანია და ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო ბარამიძის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება.

 

„ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით მე თავიდანვე გავაკეთე პოლიტიკური შეფასება. ეს იყო აბსოლუტურად ამაზრზენი განცხადება და ვფიქრობ, ამ ყველაფრის უკან დგას შესაბამისი დაკვეთა. ამას უკავშირდებოდა სხვა კამპანიებიც, იგივე, რაც მიმართული იყო მაგალითად, აფხაზეთში საწვავის შეტანის წინააღმდეგ. იყო მიზანმიმართული კამპანია და ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო ბატონი ბარამიძის ეს ყოვლად არა მარტო გაუმართლებელი, არამედ ამაზრზენი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. ეს არის პოლიტიკური შეფასება. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, სამართლებრივ შეფასებას ამ საკითხებზე არ უნდა აკეთებდეს პოლიტიკური თანამდებობის პირი. შესაბამისად, ეს საკითხი დავტოვოთ იმ ორგანოების კომპეტენციის ქვეშ, რომლებიც სამართლებრივად არიან პასუხისმგებელი, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.


პრემიერის თქმით, საზოგადოება ელოდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

„ჩვენ ველოდებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე მგონი ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ. მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში, მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი. როდესაც სუსტდება რაიმე ორგანიზმი, შემდეგ ამას აქვს თავისი გამოვლინება და ამ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა არის, რა თქმა უნდა, ამის გამოხატულება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ცალკეული ლიდერების რეიტინგები ევროპის მასშტაბით არსებული პრობლემების გამოძახილია. 

„ზოგადად, ევროპაში არის სერიოზული პრობლემები. არსებითად ჩვენი საქმე ნაკლებად არის სხვა ქვეყნების ლიდერების რეიტინგებზე კომენტარის კეთება, უბრალოდ კიდევ ერთხელ უნდა შევეხოთ იმ პრობლემებს, რომლებიც  არის ევროპის მასშტაბით. აქ საუბარი გვაქვს არასწორ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტენდენციებზე. რა თქმა უნდა, ამის გამოძახილია ის რეიტინგები, რომლებსაც სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აფიქსირებს. დანარჩენი არის შესაბამისი საზოგადოებების და ქვეყნების საქმე“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.