ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად - მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად კი მერაბ გამყრელიძე დაინიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამსახურების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა მათ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მამუკა ბარათაშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2020-2021 წლებში იგი იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში, ასევე, იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მერაბ გამყრელიძეს ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მას საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე, ეკავა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.
რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება. ერთიან სამინისტროდ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ გაერთიანდება, შესაბამისად სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება კულტურის მინისტრს, პრემიერის თქმით, სიახლე უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
„რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება. ერთიან სამინისტროდ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ გაერთიანდება, შესაბამისად სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება მთავრობის შემადგენლობაში. რაც შეეხება კულტურის მინისტრს, სიახლეს უახლოეს დღეებში, მომავალში გაიგებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არაერთმა მოგებულმა არჩევნებმა დაადასტურა.
„მინდა შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული, უამრავი როტაცია განხორციელდა ხელისუფლებაში, ჩვენს გუნდში, თუმცა ერთადერთი რამ, რაც ამას მოჰყვებოდა ხოლმე, იყო გუნდის გაძლიერება. როტაცია ყოველთვის იყო მიმართული გუნდის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისკენ და ამის პრაქტიკული შედეგები უამრავჯერ ვიხილეთ, ხომ? მათ შორის ამის პრაქტიკული შედეგი იყო არაერთი მოგებული არჩევნები. გუნდს მუდმივად სჭირდება გაჯანსაღება, მუდმივად სჭირდება როტაცია. ეს როტაცია ხორციელდება ხოლმე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პირადი მიზეზით, გაჯანსაღების მიზეზით, სხვადასხვა მიზეზით და ერთადერთი შედეგი, რასაც ვიღებთ ამ როტაციების საფუძველზე, იყო გუნდის ყოველ ჯერზე კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. არაერთმა მოგებულმა არჩევნებმა ეს დაადასტურა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, ყოველთვის შეიძლება ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომელსაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს.
„ზოგადად, რაიმე არსებით ცვლილებას არ განვიხილავთ. ერთადერთი, უახლოეს მომავალში დაინიშნება კულტურის მინისტრი. ზოგადად, რა შედეგებიც გვაქვს, მათ შორის, შემოსავლების მობილიზების კუთხით, სხვადასხვა მიმართულებით, ეს ყველაფერი არის გუნდის მუშაობის შედეგი. ეს არის, მათ შორის ფინანსთა მინისტრის და მთლიანად სამთავრობო გუნდის მუშაობის შედეგი. რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჯანსაღი პროცესი. ყოველთვის შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება, ისეთი ადამიანის დანიშვნა, რომელსაც შეიძლება კიდევ უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს. ასეთი შეხედულება ჰქონდა ფინანსთა მინისტრს ამ ორ თანამდებობასთან დაკავშირებით და ჩვენ გავითვალისწინეთ მისი პოზიცია“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას საქსტატის მონაცემებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად 2026 წლის პირველ რვა თვეში სატრანსპორტო სექტორის რამდენიმე მიმართულებით დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი.
„ზოგადად, გვაქვს კარგი ეკონომიკური ტენდენციები, მაგრამ ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ კონკრეტულად ამ სექტორში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ ყველა მიმართულებით ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ, რამაც გამოიღო თავისი შედეგები, მათ შორის კორუფციის აღმოფხვრის კუთხით გვქონდა ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგმული. მთლიანობაში, ეს ყველაფერი იწვევს სხვადასხვა სექტორში სწრაფ განვითარებას, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას და ეს შემთხვევაც არის ამის გამოძახილი.
შარშანდელთან შედარებითაც ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის გაზრდილი ტემპი. შარშან წელიწადი დავხურეთ 7.5%-ით, ახლა საშუალო მაჩვენებელი არის 7.9% მაშინ, როდესაც ყველა ლოგიკით წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელზე ნაკლები უნდა ყოფილიყო. ზოგადად, ბაზისი როცა იზრდება, შემდეგი წლის მაჩვენებელი ლოგიკურად მცირდება ხოლმე. ასევე, რეგიონის ქვეყნებს თუ გადავხედავთ, არის შენელებული ეკონომიკური ზრდის ტემპი, ჩვენთან პირიქით, ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა შარშანდელთან შედარებითაც კი, რაც, ვფიქრობ, რომ არის იმ რეფორმების და ცვლილებების შედეგი, რომლებიც გატარდა გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მათ შორის კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.
