იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჯანსაღი ფორმით გაგრძელდება ევროკავშირის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ევროპის დღესთან დაკავშირებით, თელავში, ევროკავშირის მიერ დაგეგმილ კონცერტზე ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს დემონსტრაციული ნაბიჯია.
„ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა. მათი არჩევანია. ასეთი ნაბიჯები უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე ევროპული ინსტიტუტების მიმართ. ეს ძალიან სამწუხაროა. ვნახოთ, როგორც განვითარდება მომავალში პროცესები. მშვიდად უნდა დავაკვირდეთ ამ ყველაფერს. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჯანსაღი ფორმით გაგრძელდება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.
