ძალადობრივი აქციები, რაც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო ინსტრუმენტი იმისა, რომ დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა, ამიტომ მხარს უჭერდნენ მოძალადეებს და მათ უწოდებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველი ხალხი დაუპირისპირდა ამ ადამიანების განზრახვას და გააკეთა ის არჩევანი, რომელიც სჭირდებოდა ქვეყნის სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას.
„ძალიან მარტივად იყო საქმე კონკრეტული ადამიანებისთვის, უცხოელი პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის სამწუხაროდ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, ეს ძალადობრივი აქციები, რაც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო ინსტრუმენტი, დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ამიტომ მხარს უჭერდნენ მოძალადეებს და მათ უწოდებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს და მეორე მხრივ, გმობდნენ, მათ შორის ძალის პროპორციულ გამოყენებას. ერთი მხრივ, იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება, რაც ჩვენც დავგმეთ, მაგრამ ამასთან, სწორედ ეს ბიუროკრატები გმობდნენ ძალის პროპორციულ გამოყენებასაც, რაც არის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულება. სინამდვილეში, ერთადერთი რამით არიან ეს ადამიანები შეშფოთებული, რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ქართველი ხალხი დაუპირისპირდა ამ ადამიანების განზრახვას და გააკეთა ის არჩევანი, რომელიც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას
ორმაგ სტანდარტებს ჩვენ მიჩვეულები ვართ, ამით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში. ერთი მხრივ, საერთოდ ვერ ხედავენ იმ უხეშ გადაცდომებს, რომლებსაც აქვს ადგილი დემონსტრანტების მიმართ მიდგომის კუთხით და მეორე მხრივ, მშვიდობიან დემონსტრაციას უწოდებენ ძალადობრივ აქციებს და როდესაც პოლიციას უწევს ძალის გამოყენება ძალადობრივი აქციების მიმართ, ამას უწუნებენ ჩვენს ხელისუფლებას. ეს არის ცალსახად ორმაგი სტანდარტი და ეს ორმაგი სტანდარტებიც უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
