2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე მსჯავრდადებული მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე დღეს, 4 ნოემბერს, საპატიმროებიდან გათავისუფლდნენ. ზოდელავამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა, ლაშა ბერიძემ კი - გლდანის ციხე.
„ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ“
საპატიმროდან გათავისუფლებულმა მურთაზ ზოდელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა დაგროვდა, თუმცა ყველა მათგანზე პასუხის გაცემა ამ ეტაპზე არ შეუძლია.
მისი თქმით, ზოგი საკითხი ხელოვნურად არის შექმნილი და ზოგ შეკითხვას პასუხი საერთოდ არ აქვს. ზოდელავამ აღნიშნა, რომ უამრავი შეთქმულების თეორიის ფონზე, გარკვეული დროის შემდეგ განმარტებების გაკეთება მოუწევს.
„4 ოქტომბერს მოხდა ის, რაც ყველამ ნახა. [...] არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცისკენ მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება. ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ. ამიტომაც ყოველთვის, ყოველ ჯერზე, როცა ამის საშუალება მქონდა, მოვუწოდებდი მათ, (ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით)“, - თქვა მან.
ზოდელავამ ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკური გეგმები არ აქვს და საკუთარ თავს პოლიტიკაში ვეღარ ხედავს.
„ბევრი მიზეზი მაქვს. ციხეში 50 წელი შემისრულდა. ამ დროს ბევრი რამის გადაფასება ხდება, ადამიანი ბევრ რამეზე ფიქრობს. მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმებას არ უკავშირდება.
ზოდელავას თქმით, საქართველოდან წასვლას არ აპირებს და ქვეყანაში დარჩება.
მურთაზ ზოდელავა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი და ყოფილი გენერალური პროკურორია;
ლაშა ბერიძე კი თადარიგის პოლკოვნიკია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე.
ამავე საქმეზე მსჯავრდადებული ირაკლი ჩხვირკია ციხეს 6 ნოემბერს დატოვებს, გური ჟვანია კი - 16 ნოემბერს.
28 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ოთხივე მათგანთან საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.
ბრალის აღიარების საფუძვლით, სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება მსჯავრდადებულებთან მოსამართლე მზია ლომთათიძემ დაამტკიცა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ 3 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიესაჯათ, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად. სასჯელის ათვლა დაიწყო მათი დაკავების დღიდან.
ზოდელავას და ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი, ჟვანიასა და ჩხვირკიას კი - 5-5 წლით.
28 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ.
რაც შეეხება კიდევ ერთ მსჯავრდადებულს, დავით ჟღენტს, ის სასამართლოს სხდომას არ დასწრებია და საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცნობია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. საქმეზე ამავე ჯგუფში მსჯავრდადებული ია დარახველიძე კი ძებნაში იმყოფება.
ვინ არ აპირებს საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას
4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე დაკავებული სხვა პოლიტიკოსები: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე არ აპირებენ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართონ.
საოპერო მომღერალი, რომელიც, სხვებთან ერთად, უკვე ერთი წელია საპატიმროშია, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებას არ ითხოვს და გისოსებს მიღმა დარჩენას ამჯობინებს.
მას არასდროს უარუყვია, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი იყო.
საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერთან, პაატა მანჯგალაძესთან და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან, ირაკლი ნადირაძესთან.
ბოლოს გამოქვეყნებულ წერილში პაატა მანჯგალაძე წერს, რომ „სამშობლოს სიყვარულს ვერ მოინანიებს“.
„რეჟიმთან საპროცესო შეთანხმებას და შეწყალების თხოვნას არც კი განვიხილავ“, - ასეთია ირაკლი ნადირაძის პოზიცია.
პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე მსჯავრდადებული არიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში - 225-ე მუხლის პირველი ნაწილით; სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებასა ან ბლოკირებაში, ჯგუფურად - 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; და ასევე, ბრალდებებს შორის არის „მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ“ - 317-ე მუხლი. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ 7-7 წელი მიუსაჯა.
პაატა მანჯგალაძე მსჯავრდადებულია სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. მანჯგალაძის ორგანიზატორობას საორგანიზაციო ჯგუფი უარყოფდა. მისჯილი აქვს 7 წელი.
ლაშა ბერიძე მსჯავრდადებულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებისთვის ან ბლოკირებისთვის - ჯგუფურად - 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი. ასევე, სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. თავდაპირველად მისჯილი ჰქონდა 7 წელი.
ირაკლი ჩხვირკია მსჯავრდადებულია სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობისთვის, ჯგუფურად - 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. თავდაპირველად მისჯილი ჰქონდა 5 წელი.
გური ჟვანია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაშია მსჯავრდადებული - 225-ე მუხლის მეორე ნაწილი. თავდაპირველად მისჯილი ჰქონდა 5 წელი.
ნანა სანდერი საპატიმროს 6 ნოემბერს დატოვებს
23 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართა მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმა.
„ვაღიარებ ბრალს. ყველაფერში ვეთანხმები ჩემს ადვოკატს. თანახმა ვარ 1 წელსა და 1 თვეზე გამიფორმონ საპროცესო შეთანხმება“, - განაცხადა მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმა სასამართლო სხდომაზე.
2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნანა სანდერთან საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. მოსამართლე პაატა სილაგაძის გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახით ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა და ორწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
შეთანხმების თანახმად, ნანა სანდერი საპატიმროს 6 ნოემბერს დატოვებს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ნანა სანდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აბო ნავერიანი საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს აცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმარია. 28 ოქტომბრის სხდომას სააპელაციო სასამართლოში ისიც ესწრებოდა.
2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ აბო ნავერიანისა და მარიამ მეყანწიშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენები ძალაში დატოვა.
აბო ნავერიანს 5 წელი მიესაჯა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობისთვის.
ამავე მუხლით დამნაშავედ ცნეს ანტონ უპერი და მასაც 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის ძებნაში იმყოფება.
მარიამ მეყანწიშვილს კი 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს, მას ყველაზე მსუბუქი მუხლით ედავებოდნენ - ბრალად ედებოდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება.
„4 ოქტომბრის აქციის“ საქმე სააპელაციოში
4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქციის საქმეზე მსჯავრდადებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებებს სააპელაციო განხილვის ეტაპზე აფორმებს. საპროცესო გაუფორმეს მსჯავრდადებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, სასჯელის მოხდას პირობითი მსჯავრის ქვეშ გააგრძელებს.
საპროცესო გაუფორმეს ნიკოლოზ გვენცაძესა და ზაქრო ალბუთაშვილს. მათ ციხე 8 ოქტომბერს დატოვეს.
19 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხეს ნოემბრის დასაწყისში დატოვებს საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი ზურაბ ჭავჭანიძე - „ბათუმელი მედროშე“.
პოლიტიკოსების ჩათვლით, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს.
საპროცესო შეთანხმებით სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს 20-ზე მეტი დაკავებული.
ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ასევე საპროცესოთი გათავისუფლდება - 12.
პატიმრობა მიუსაჯეს თხუთმეტს.
ჯერ საპროცესო გაუფორმეს, შემდეგ კი შეთავაზების გაუქმება და დაპატიმრება მოითხოვეს გიორგი კირვალიძის შემთხვევაში. მისი საქმე საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა.
გასული წლის 4 ოქტომბერს, მაშინ, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.
ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
