როცა შედგა ჩემი პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, მან მითხრა, ძალიან დიდი სურვილი მქონდა 100 მილიონი ინვესტიცია გამეკეთებინა ფეხბურთში და უარი მითხრეს - მიხეილ ყაველაშვილი

როცა შედგა ჩემი პირველი  შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, მან მე მითხრა - ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ 100 მილიონი ინვესტიცია გამეკეთებინა ფეხბურთში და მე უარი მითხრეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" მიერ ქართული ფეხბურთის შესახებ მომზადებულ ფილმში განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ არა წინა ხელისუფლების უარი  ბიძინა ივანიშვილის ინვესტიციაზე, ქართული ფეხბურთი ბევრად ადრე მიაღწევდა დღეს არსებულ შედეგს.

"ხომ წარმოგიდგენიათ რაზეც მე და თქვენ ვსაუბრობთ ახლა, ეს  ყველაფერი ბევრად ადრე მოხდებოდა, ბევრად ადრე მიიღწეოდა ეს შედეგი. იმიტომ, რომ ესეც განსასაზღვრია, რომ ეს ადამიანი როცა ინვესტიციას ახორციელებს ესე ზეპირად ხომ არ ახორციელებს, კონკრეტული შედეგიდან გამომდინარე, ითხოვს იმას, რომ ეს კონკრეტული დაფინანსება სწორედ იმას მოხმარდეს, რისთვისაც მე ამ ყველაფერს ვაკეთებ. მიხვდით რაზე იყო საუბარი? მოგვეცით და ჩვენ თვითონ მივხედავთ და მან უთხრა არა, ესე არ მინდა - იქნება ადამიანი, რომელიც ამ ფინანსებს თქვენთან ერთად განკარგავს და ამაზე უარი უთხრეს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველოში ფეხბურთზე რეგისტრირებულთა რიცხვი 50 ათასს აღწევს, მაშინ როცა 2002 წლიდან თითქმის 12 ათასამდე იყო კლება.

"ელემენტარულია, რომ მასობრიობა ფეხბურთში ჩართული ბავშვების, ვეტერანები იქნება თუ ა.შ. თითქმის ოთხჯერ არის გაზრდილი 10-12 წლის მანძილზე. ის, რომ ჩვენ უშედეგობა გვქონდა იმ წლებში, მხოლოდ იმაზე არ იყო დამოკიდებული, რომ რაღაცა კონკრეტული სფერო ფეხბურთში ვერ მუშაობდა. მთავარი საკითხი იყო ის, რომ ბავშვები ფეხბურთზე აღარ დადიოდნენ, ვეღარ დადიოდნენ, მოედნები მოუსპეს. სტატისტიკას რომ შეხედავ, იქ უკვე მარტივად ჩანს, როცა 95 წელს დაახლოებით 30-დან 40 ათასამდე ფეხბურთელი რეგისტრირდებოდა საქართველოში და 2002-დან დაიწყო კლება, თითქმის 12 ათასამდე ჩამოვიდა. დღეს უკვე 50 ათასამდეა. ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა სხვაობაა სულ რაღაც 10 წელიწადში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.