ინგილო ქართველმა ძიუდოისტმა ევროპის ჩემპიონატში გაიმარჯვა

30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, იტალიის ქალაქ ნეაპოლში 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. 

ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ფინალში გასული წლის მსგავსად ისევ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, ამჯერად 3:4 დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაუფლა.

90კგ წონით კატეგორიაში ნიკოლოზ დავლაძე ლუკა ჯავახიშვილს დაუპირისპირდა. ქართულ ორთაბრძოლაში ჯავახიშვილმა გაიმარჯვა და კონტინენტის პირველობაზე ჩვენს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. 

იტალიაში გამართულ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 66 კგ. წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა აზერბაიჯანის მოქალაქე ინგილო ქართველი ძიუდოისტი ისლამ რაჰიმოვი (ძველი გვარი იაშვილი). მისი კიდევ ერთი ოქროს მედალი განსაკუთრებით გაუხარდათ საინგილოში, მის მშობლიურ ქართულ სოფელ მოსულში (ზაქათალის რაიონი), თუმცა სამწუხაროდ ჩვენებური ტიტულოვანი ძიუდოისტის კიდევ ერთი ბრწყინვალე წარმატება ქართული სპორტლი მედიის ყურადღების ცენტრში არც ამჯერად მოხვდა. 

ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულში 3000-მდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და ისინი ქართული ენის ინგილოურ დიალექტზე საუბრობენ. ისლამ რაჰიმოვმა (იაშვილი) სოფელ მოსულის სკოლის ქართული სექტორი დაამთავრა. იგი მოსულის ცნობილი ძიუდოს სკოლის აღზრდილია (მთავარი მწვრთნელი აბდურაჰიმ ალაჰვერდიევი). ინგილო ძიუდოისტი აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებთან ერთად სრულყოფილად ფლობს მშობლიურ ქართულ ენას. 

 

ავტორი: გიორგი კერესელიძე