ბათუმში უძრავი ქონება ძვირდება - ივლისში, ზღვისპირა ქალაქში 104 მილიონის ტრანზაქციები დარეგისტრირდა

2025 წლის ივლისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა გაიზარდა.

Colliers Georgia-ს მონაცემებით, ბათუმში, ივლისში ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით 35.6%-ით გაიზარდა და 1,664 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 60.7%-ით 104 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

გარიგებები აჩვენებს, რომ ბათუმში 2025 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 38.4%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

“ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის ივლისში ერთიანად დარეგისტრირდა 180-მდე ტრანზაქცია. ამ პროექტის გარეშე ზრდა კი 23.3%-ს შეადგენს”, - მიუთითებს Colliers Georgia.

მზარდი იყო ფასებიც. ბათუმში 2025 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 28.9%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,369 აშშ დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად (48.3%), ასევე მეორეულ ბაზარზე (12.5%).

“საშუალო შეწონილი ფასების ზრდაზე გავლენა მოახდინა ივლისში ერთ-ერთ მსხვილ პროექტში ერთიანად დარეგისტრირებულმა 180-მდე ტრანზაქციამ. ამ პროექტის გარეშე მაჩვენებელი 14.5%-ით გაიზარდა, პირველად ბაზარზე კი - 19.3%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას”, - ნათქვამია ბაზრის მიმოხილვაში.