ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ, 2 600 კვ.მ ფართობზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
სამუშაოები უსახური ნაგებობებისა და უკანონო შემოღობვების დემონტაჟის შემდეგ განხორციელდა. დაიშალა ტერიტორიაზე არსებული წყლის რეზერვუარიც, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, საფრთხეს წარმოადგენდა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ბავშვთა გასართობი ზონა, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა და გამწვანდა ხე-მცენარეებით.
რეკრეაციული სივრცის მიმდებარედ, დამატებით, 500 კვ.მ ფართობზე ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა. მოწესრიგდა ბორდიურები და საპარკინგე სივრცე.
ორივე პროექტისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში 700 000 ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე პარლამენტის დელეგატ ვარლამ ლიპარტელიანსა და მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა ხაბარელთან ერთად გაეცნო.
სამგორის რაიონში გრძელდება ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც აუმჯობესებს საცხოვრებელ გარემოს, ქმნის დასვენებისა და ბავშვების გართობისთვის უსაფრთხო სივრცეებს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.
No article in the selected categories