... ... hotnews.ge - ბიჭვინთის აგარაკები, ოჩამჩირის პორტი, სოხუმის აეროპორტი... - სუს-ი ანექსიისკენ მიმართულ პროცესებზე

ბიჭვინთის აგარაკები, ოჩამჩირის პორტი, სოხუმის აეროპორტი... - სუს-ი ანექსიისკენ მიმართულ პროცესებზე

საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყებაში აცხადებენ, რომ 2023 წელს ოკუპირებულ რეგიონებში ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა ხორციელდებოდა, რაც უკანონო სამხედრო წვრთნებს, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებს, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და სხვა დესტრუქციულ აქტივობებს მოიცავდა.

ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა გასულ წელს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მხრიდან ანექსიისკენ მიმართული პროცესებიდან რამდენიმეზეა ყურადღება გამახვილებული. კონკრეტულად კი

ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკების რუსეთის საკუთრებაში გადაცემა
უწყებაში განმარტავენ, რომ 2022 წელს დაწყებულ პროცესს თავიდან საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა 2023 წლის ბოლოს პროცესს „ოპოზიციის ლიდერების“ დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა.

„ბიჭვინთის აგარაკის გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესი რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა.

მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების მინიმიზებისთვის საოკუპაციო ძალა მუდმივად ცდილობდა წარმოჩენას, თითქოს ე.წ. სახელმწიფო აგარაკის გასხვისების შესახებ ე.წ. შეთანხმებაზე უარის თქმა პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებს და რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის „ურთიერთობას“ დააზიანებდა“, - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის „მუდმივი ბაზირების პუნქტის“ შექმნის საკითხი
სუს-ში აღნიშნავენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რუსეთის მთავრობის წევრებს ხვდებოდნენ. ოჩამჩირეშიც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის „მუდმივი ბაზის“ შექმნის საკითხიც 2023 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გაცხადდა.

„ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის აშენების შემთხვევაში რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოიყენებს.

გასათვალისწინებელია, რომ ოკუპირებული ოჩამჩირის პორტის აკვატორიის სიმცირისა და რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო, მოცემულ ეტაპზე იქ რუსეთის სამხედრო ფლოტის მსხვილგაბარიტიანი საბრძოლო ხომალდების დისლოცირება/მათი მომსახურება ნაკლებად სავარაუდოა.

ამასთან, საანგარიშო წელს ოკუპირებული ოჩამჩირის „პორტში“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება არ დაფიქსირებულია“, - წერია ანგარიშში.

სოხუმის აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ „სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი საოკუპაციო ძალის ანექსიური პოლიტიკის ფარგლებში უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან, მაღალი ალბათობით, აეროპორტის მართვის უფლება დიდწილად რუსეთის ფედერაციის ხელში იქნება. აღნიშნული კი რუსეთისთვის დამატებითი ბერკეტი გახდება რეგიონში მისი პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერებისთვის“

კიდევ ერთი საკითხი, რაშიც ანგარიშშია საუბარი და ანექსიის პოლიტიკას ემსახურება

ოკუპირებულ აფხაზეთში „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ ე.წ. კანონპროექტის შემუშავებაა
დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში დაახლოებით 30 000 აპარტამენტი უნდა აშენდეს, რომელთა ფლობის უფლება, მათ შორის „უცხო ქვეყნის მოქალაქეს“ ექნება. აღნიშნულს ე.წ. ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილი „დემოგრაფიისა“ და „სუვერენიტეტისთვის“ საფრთხის შემცველი არგუმენტით ეწინააღმდეგებოდა.

„კანონპროექტი“ ანექსიური პოლიტიკის ინსტრუმენტია, ვინაიდან ხსენებულით შესაძლებელი გახდება რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ რეგიონში უძრავი ქონების შეძენა და მნიშვნელოვანი დემოგრაფიული დისბალანსის შექმნა.

ამ კონტექსტში ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლების განმავლობაში მოსკოვი მუდმივად სთხოვდა ოკუპირებულ აფხაზეთს შეეცვალა „რეგულაცია“, რომელიც კრძალავდა „უცხო ქვეყნის მოქალაქის“ მიერ უძრავი ქონების შეძენას“, - წერია სუს-ის ანგარიშში.

YOU MAY LIKE