... ... hotnews.ge - მსოფლიო

რუსი სამხედროების სექსუალური ძალადობის მსხვერპლ უკრაინელებს კომპენსაციას გადაუხდიან

რუსი სამხედროების მიერ გაუპატიურებული უკრაინელი ქალები და კაცები მორალური და ფიზიკური ზიანისთვის კომპენსაციას მიიღებენ. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ ისაუბრა. მისი თქმით, პირველი კომპენსაციები უახლოეს კვირებში გაიცემა.

კიევში საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლის დროს, რომელიც ომში სექსუალური ძალადობის პრობლემას ეხებოდა, ზელენსკამ კომპენსაციის გაცემას არა მხოლოდ მსხვერპლების ეკონომიკური მხარდაჭერა, არამედ სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. მან აღნიშნა, რომ ძალადობის მსხვერპლები ვერ დაელოდებიან, სანამ კონფლიქტი დასრულდება ან სანამ რუსეთი რეპარაციების გადახდას დაიწყებს - მათ დახმარება დღესვე სჭირდებათ.

"ვერ გავაქრობთ იმ ტკივილს, რომელიც აგრესორმა უკვე გამოიწვია, მაგრამ შეგვიძლია, გავხდეთ ტკივილგამაყუჩებელი. შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ მსოფლიოში ყველა არაა მოძალადე და მკვლელი, რომ არსებობს დახმარება, მხარდაჭერა და სამართლიანობა", - თქვა მან.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ კომპენსაციის პროექტი წარადგინა. მისი თქმით, თითოეული დაზარალებულის საქმე ინდივიდუალურად შეფასდება. საპილოტე პროექტის ფარგლებში, ძალადობის 500-მდე მსხვერპლს ერთჯერადი კომპენსაციის მიღება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე შეუძლია.

უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ რუსული ჯარები ფართოდ და სისტემატურად იყენებენ სექსუალურ ძალადობას, როგორც ომისა და წამების იარაღს. ომის დროს ძალადობას განიცდიან ქალები, კაცები, ბავშვები და მოხუცები. კისლიცას თქმით, უკრაინის საგამოძიებო ორგანოების მიერ დაფიქსირებულია სექსუალური ძალადობის 290 შემთხვევა, რეალური რიცხვი კი შეიძლება გაცილებით დიდი იყოს.

 

 

 

ვენეციაში შესვლაზე საფასურის დაწესებას საპროტესტო აქციები მოჰყვა

=ვენეციაში ერთდღიანი ტურისტებისთვის გადასახადის შემოღების გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. საპროტესტო აქციაზე გამოსულ პირებს ხელში ეჭირათ ბანერები გადასახადის გაუქმების მოთხოვნით. საპროტესტო აქციებს მომიტინგეებსა და სპეცრაზმელებს შორის დაპირისპირებაც მოჰყვა.

ვენეციის მერი ლუიჯი ბრუნარო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ის საშუალებით გამოეხმაურა.

„ოვერტურიზმი მხოლოდ ვენეციის პრობლემა არ არის. მიღებული ზომების მიზანი ქალაქში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა, რათა ის უფრო სუფთა და უსაფრთხო გავხადოთ, უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეებისა და ვიზიტორების სიმშვიდე“, – წერს ბრუნარო სოციალურ ქსელში.

ქალაქის მცხოვრებლების განცხადებით, ვენეცია სუვენირების საგამოფენო პარკადაა ქცეული, ტურისტთა დიდი რაოდენობის გამო კი პროდუქტებსა და სერვისებზე ფასები მუდმივად იზრდება.

ვენეცია მსოფლიოში პირველი ქალაქი გახდა, რომელმაც ტურისტებისთვის ქალაქში შესვლაზე გადასახადი დააწესა. საპილოტე პროგრამის ფარგლებში ქალაქში შესვლის საფასური 5 ევრო იქნება. განკარგულება ძალაში დღეს, 25 აპრილს, იტალიის ეროვნულ დღესასწაულზე შევიდა.

ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს

ბაღდადში ერაყელი TikTok-ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC იტყობინება.

ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი უცნობმა თავდამსხმელებმა მოკლეს“. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

არსებული ინფორმაციით, ომ ფაჰადი (რეალური სახეილ ღუფრან სავადი) საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილი მოტოციკლით დატოვა.

ომ ფაჰადს TikTok-ზე პოპულარობა ცეკვის ვიდეოებმა მოუტანა. გასულ წელს მას „უზნეო ვიდეოების გამოქვეყნებისთვის“ ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს.

„მიმდინარე კვირაში ჩვენ გავაგზავნით იარაღსა და აღჭურვილობას უკრაინაში მაშინ, როდესაც ის იცავს თავს რუსული დაბომბვისგან“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა

შვედეთი სქესის შეცვლას ამარტივებს

შვედეთში სქესის შეცვლა, 18 წლის ნაცვლად, უკვე 16 წლიდან იქნება შესაძლებელი. ქვეყნის პარლამენტმა შესაბამისი კანონი უკვე მიიღო, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედება. დოკუმენტის თანახმად, საკმარისი იქნება უფრო ხანმოკლე კონსულტაცია ექიმთან ან ფსიქოლოგთან და ასევე ნებართვის მიღება ჯანდაცვის ეროვნული ბორდისგან. ამასთან, ახალი კანონი განაცალკევებს კანონიერი სქესის შეცვლასა და სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურას, რომელსაც კვლავ ხანგრძლივი შეფასება დასჭირდება.

შვედების 59% ამ წინადადებას ცუდს ან ძალიან ცუდს უწოდებს, ხოლო 22% მას დადებითად აფასებს.

შვედეთში სქესის შეცვლა 1972 წლიდან არის ნებადართული, თუმცა აქამდე საჭირო იყო გენდერული დისფორიის დიაგნოზის დასმა.

"ჩვენ ვიმუშავებთ აშშ-ის ნებისმიერ პრეზიდენტთან" - ზელენსკი ტრამპზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად, უკრაინა გააგრძელებს თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან.

ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა ჟურნალისტის კითხვის ფორმულირებაზე, რომ ყველაფერი, რასაც დონალდ ტრამპი ამბობდა, არ იყო უკრაინის წინააღმდეგ და მხოლოდ ზოგიერთ ასპექტს ეჭვქვეშ აყენებდა.

„ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ის უკრაინის წინააღმდეგ არ იქნება. იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, რაღაცაზე, რაღაც დეტალებზე განსხვავებული შეხედულებებია. მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს საერთო შეხედულებები და საერთო ღირებულებები, მაშინ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმუშაოთ ტრამპთან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავებთ შეერთებულ შტატებთან ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ლიდერი მსოფლიოში“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

ვენეციამ ერთი დღით ჩასული ტურისტებისთვის გადასახადი დააწესა

25 აპრილიდან ვენეციაში ერთი დღით ჩასულ ტურისტებს, რომელთა ასაკიც 14 წელს აღემატება, 5 ევროს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ France24 წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 2024 წელს თანხის გადახდა ტურისტებს მხოლოდ 29 ყველაზე დატვირთული დღის განმავლობაში მოუწევთ - საუბარია უქმეებზე და მაისიდან ივლისის ჩათვლით დღესასწაულებზე. გადახდა ქალაქში შესვლისას უნდა განხორციელდეს. ბილეთის ყიდვა, რომელიც QR-კოდის სახით იქნება ხელმისაწვდომი, ადგილზე არის შესაძლებელი. ვენეციაში ბილეთის გარეშე შესვლისთვის ტურისტს ჯარიმის გადახდა მოუწევს, რომლის ოდენობაც 50-300 ევროა.

ვენეციის მთავრობა ამ ზომის შემოღებას ჯერ კიდევ სექტემბერში გეგმავდა. ასე მათ სურთ დაარწმუნონ ტურისტები, რომ ვენეციას ნაკლებად დატვირთულ დღეებში ესტუმრონ. ერთი წლის განმავლობაში ვენეციაში, რომლის მოსახლეობაც 50 ათასს შეადგენს, 3,2 მილიონი ტურისტი ჩადის.

 

დაკავებულია მოზარდი, რომელიც პარიზში ზაფხულის ოლიმპიადაზე, ტერაქტს ამზადებდა

საფრანგეთში დააკავეს 16 წლის მოზარდი, რომელიც პარიზში დაგეგმილ ზაფხულის ოლიმპიადაზე, სავარაუდოდ, ტერაქტს ამზადებდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მოზარდი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „შაჰიდის ქამრის“ დამზადებას აპირებს, რათა ოლიმპიადაზე „ისლამური სახალიფოსთვის მოწამეობრივი სიკვდილით მოკვდეს“.

ანონიმური წყაროს ცნობით, მოზარდი ტერაქტს „დეფანსის“ სტადიონზე გეგმავდა.

საქმის გამოძიებას საფრანგეთის ეროვნული ანტიტერორისტული პროკურტურა აწარმოებს.

ამჟამად დაკავებული მოზარდი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, სადაც სამართალდამცველები არკვევენ, რეალური იყო თუ არა მისი მუქარა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდი მშობლების სახლში აიყვანეს. ამოღებულია ჩანაწერები, სადაც ის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების შესახებ წერს.

ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ შეშფოთებული არიან პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ტერაქტების მოწყობის ალბათობის გამო.

კიევი უკრაინელი მამაკაცებისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე დიპლომატიურ მისიებში პასპორტების გაცემას აჩერებს

კიევი უკრაინის მოქალაქე 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე დიპლომატიურ მისიებში პასპორტების გაცემას აჩერებს. მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, პასპორტების მიღებას ისინი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე შეძლებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია უკრაინის არმიის რიგების შევსებას ისახავს მიზნად. ცნობილი ხდება ისიც, რომ ვარშავამ კიევს უკვე შესთავაზა პოლონეთში მყოფი წვევამდელი ასაკის ახალგაზრდების იდენტიფიცირება და გადაცემა. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე ამჟამად 4,3 მილიონზე მეტი უკრაინელი, მათ შორის, 860 ათასი მამაკაცი იმყოფება.

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს შვეიცარიაში გლობალური სამშვიდობო სამიტის ჩაშლა სურს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს შვეიცარიაში გლობალური სამშვიდობო სამიტის ჩაშლა სურს. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინელ და უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მას აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ რუსეთს არა მხოლოდ სამიტის ჩაშლა სურს, არამედ კონკრეტული გეგმა აქვს, როგორ შეამციროს ქვეყნების სამიტზე ჩართულობა, რათა მშვიდობა კიდევ უფრო დიდხანს არ დამყარდეს.

„და ჩვენ ერთად უნდა დავუპირისპირდეთ ამას – ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთიანად სამართლიანი სამყაროსთვის. სწორედ ეს სამიტი გვაძლევს ყველას რეალურ შანსს სამართლიანი მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის მოქმედების აღდგენისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსულმა მხარემ კი განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, სამიტზე შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას რუსეთს ზოგიერთი მონაწილე ქვეყანა გადასცემს.

შეგახსენებთ, ორდღიანი გლობალური სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში 15 და 16 ივნისს გაიმართება.

ირანულმა სასამართლომ პოპულარულ რეპერ თუმაჯ სალეჰის სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა

ირანულმა სასამართლომ პოპულარულ ირანელ რეპერ თუმაჯ სალეჰის, რომელიც ანტისამთავრობო პროტესტებს უჭერდა მხარს, სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

33 წლის რეპერი 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს, როდესაც მან ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს საჯაროდ დაუჭირა მხარი და პროტესტების შესახებ რამდენიმე კომპოზიციაც ჩაწერა.

ირანული სამართალდამცავი ორგანოები სალეჰის „დედამიწაზე კორუფციის გავრცელებაში“ ადანაშაულებდნენ, რისთვისაც ყველაზე მკაცრი სასჯელის სახით სიკვდილით დასჯა არის გათვალისწინებული.

2023 წელს რეპერს 6 წლიდა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასიკვდილო განაჩენს მან ირანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აარიდა თავი. დღეს კი მისმა ადვოკატმა ირანულ მედიას განუცხადა, რომ ქალაქ ისპაჰანის სასამართლომ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რეპერს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ადვოკატის თქმით, ის განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს.

პენტაგონმა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების დაწყება გამოაცხადა

პენტაგონმა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების დაწყება გამოაცხადა - აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა 61 მილიარდიანი დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა.

დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და უკრაინისთვის კრიტიკულად საჭირო სხვა შეიარაღებას.

შეგახსენებთ, სენატმა დღეს საბოლოოდ დაამტკიცა 61 მილიარდიანი დახმარების პროექტი, რომელსაც ჯო ბაიდენმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა.