... ... hotnews.ge - მსოფლიო

ჩინეთის პრეზიდენტი საფრანგეთში ჩავიდა

ჩინეთის პრეზიდენტი საფრანგეთში ჩავიდა. პარიზში ის ემანუელ მაკრონს შეხვდება. ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი შეეცდება დაარწმუნოს ჩინეთის ლიდერი, უკრაინის საკითხზე რუსეთის მიმართ ზეწოლა გააძლიეროს.

მაკრონის გარდა, სი ძინპინი მოლაპარაკებას ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთანაც გამართავს. საფრანგეთის შემდეგ ის სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა.

რუსეთის შსს-მ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა.

როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში აღნიშნულია, რომ უკრაინის პრეზიდენტზე ძებნა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით გამოცხადდა, თუმცა კონკრეტულად რომელი მუხლით, დაზუსტებული არ არის.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში ასევე შეყვანილია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.

რუსეთს არაერთ ყოფილ და მოქმედ უკრაინელ მაღალჩინოსანზე აქვს ძებნა გამოცხადებული, მათ შორის უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს უფროსზე, კირილ ბუდანოვზე, უკრაინის ფინანსთა ყოფილ მინისტრზე, ალექსანდრე შალაპაკზე და უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანზე, ალექსანდრე ლიტვინენკოზე.

ბრაზილიაში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობაა - 56 დაიღუპა, დაკარგულია 70-ზე მეტი ადამიანი

ბრაზილიაში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულია 70-ზე მეტი.

სტიქია ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიო გრანდე დუ სოლის რეგიონს დაატყდა თავს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო 25 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

წყალდიდობამ ურუგვაისა და არგენტინის საზღვართან ახლოს მდებარე შტატის 497 ქალაქს მიაყენა ზიანი. რამდენიმე რეგიონში დანგრეულია გზები და ხიდები. უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გამოიწვია. ერთ-ერთ ქალაქში ელექტროსადგურის კაშხალი გაირღვა. დატბორილია რიო გრანდე დუ სოლის შტატის დედაქალაქი პორტო ალეგრეც. გაურკვეველი ვადით შეჩერებულია აეროპორტის მუშაობა.

ვარაუდობენ, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. სინოპტიკოსები რეგიონში წვიმას კიდევ პროგნოზირებენ, რის გამოც ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, დატოვონ ის დასახლებები, რომლებიც სახიფათო ზონებში მდებარეობს.

არც ისე უსაფუძვლოა საქართველოს ხელისუფლების შეშფოთება NGO-თან დაკავშირებით, რომლებიც მოქმედებენ როგორც უცხოური გავლენის ინსტრუმენტები - The American Conservative

საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია - ამ სათაურით სტატიას გამოცემა The American Conservative-ი აქვეყნებს.

როგორც სტატიის ავტორი ჰელენ ენდრიუსი წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს კანონი დაგმო, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოური დაფინანსების გამჟღავნების უზრუნველყოფა გონივრული სიფრთხილეა.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ დაგმო კანონპროექტი, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი გეგმავს და რომელიც მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოური წყაროებიდან, გაამხილონ ეს ფაქტი. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, არც ისე ფარული მუქარით, რომ კანონი „ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს მისწრაფებებზე“.

რატომ ეწინააღმდეგება ასე ამერიკის შეერთებული შტატები გამჭვირვალობის კანონპროექტის? კანონპროექტის ოპონენტები მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ და გულისხმობენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შიდა პოლიტიკაში საგარეო ჩარევის აღკვეთის ხელის შეშლით ერთიანდება ვლადიმირ პუტინთან. ეს შეურაცხყოფა უგულებელყოფს „ქართული ოცნების“ სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებიკენ და უარს რუსეთის ხელმძღვანელობით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს მმართველი პარტია არ არის პრორუსული. ისინი პრაგმატისტები არიან, რომლებსაც გულწრფელად აწუხებს თავიანთი პატარა ერის სუვერენიტეტის შენარჩუნება, მათი შეშფოთება არასამთავრობო ორგანიზაციებისთან დაკავშირებით, რომლებიც მოქმედებენ როგორც უცხოური გავლენის ინსტრუმენტები, არც ისე უსაფუძვლოა.

ალმუტ როხოვანსკის და სოფიკო ჯაფარიძის თქმით, დღეს საქართველოში 25 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული და „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ უმრავლესობას საერთოდ არ აქვს ადგილობრივი დაფინანსება“. ამის ნაცვლად, მათი დაფინანსება მოდის მსოფლიო ბანკიდან, USAID-იდან ან ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდებიდან. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არ შემოიფარგლებიან ჰუმანიტარული საქმიანობით. ბევრი მათგანი თავისუფლად ეწევა პარტიულ საქმიანობას და ღიად ეწინააღმდეგება მმართველ პარტიას.

კანონპროექტი ხელს არ შეუშლის უცხოური დაფინანსებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ავადმყოფი ბავშვების მკურნალობაში ან დაზარალებული ქალთა თავშესაფრების ფუნქციონირებაში. ეს უბრალოდ მოსთხოვს ჯგუფებს გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება, რათა საშინაო პოლიტიკაში მათი საქმიანობა სათანადოდ იყოს დანახული. საგარეო ჩარევა არჩევნებში ბოლო დროს მტკივნეული თემაა ჩვენს [ამერიკულ] პოლიტიკაშიც. რთულია, ქართველებს შევედავოთ, თუ მსგავსი შეშფოთება აქვთ“, - წერს გამოცემა.

ვლადიმირ პუტინი ჩინეთში 15-16 მაისს ჩავა - Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 15-16 მაისს ჩინეთში ჩასვლას გეგმავს.  გამოცემის ცნობით, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდ მნიშვნელობას.

როგორც სააგენტოს კრემლთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, ვიზიტის თარიღი შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში პუტინის ჩინეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც კრემლის ლიდერი მორიგი ვადით არჩევის შემდეგ ეწვევა.

აღსანიშნავია, რომ პუტინის ინაუგურაცია კრემლში 7 მაისს გაიმართება.

2004 წელს უნგრეთი სხვა ევროკავშირში გაწევრიანდა და არა ისეთში, როგორიც ის ახლაა - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, 2004 წელს უნგრეთი სხვა ევროკავშირში გაწევრიანდა და არა ისეთში, როგორიც ის ახლაა. ამის შესახებ მან რადიო Kossuth-ის ეთერში განაცხადა:

„ასეთ ევროკავშირში არ გავწევრიანებულვართ. 2004 წელს მე თვითონ ვატარებდი კამპანიას ევროკავშირში გასაწევრიანებლად და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს სწორი იყო, მაგრამ ვერ დავმალავ, რომ როდესაც 2004 წელს ამას ვაკეთებდით, საუბარი არ ყოფილა იმაზე, რომ კონტინენტზე მილიონობით მიგრანტი ჩამოვიდოდა, ხოლო უნგრეთსა და მისნაირ ქვეყნებზე განხორციელდებოდა ზეწოლა იმის გამო, რომ მათ კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის კავშირია“, - აღნიშნა ორბანმა.

მისივე თქმით, უნგრეთი შედიოდა ევროკავშირში, რათა თავი უსაფრთხოდ ეგრძნო და ჰქონოდა თავისუფალი წვდომა მსხვილი ევროპული ქვეყნების ბაზრებზე, ახლა კი ევროპა სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, ისევე როგორც უსაფრთხოების კრიზისს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.

„გონიერება გვმართებს: შემთხვევითი არაა, რომ მომდევნო კვირაში უნგრეთს ჩინეთის ლიდერი ეწვევა, ვზრდით აქტიურობას ცენტრალურ აზიაში, ვაუმჯობესებთ ეკონომიკურ ურთიერთობებს აფრიკის ქვეყნებთან, იზრდება ინვესტიციების მოცულობა, ვყიდით ჩვენს საქონელს მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში. რა თქმა უნდა, უნგრეთი კვლავ ფოკუსირებულია ევროპაზე, თუმცა ჩვენი ეკონომიკის მოქმედების რადიუსი აუცილებლად უნდა გაფართოვდეს“

"დიახ, ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ არაფერი" - ემანუელ მაკრონი უკრაინაში დასავლური ჯარების შესვლაზე

არაფერს გამოვრიცხავ, რადგან საქმე გვაქვს ისეთ ადამიანთან, რომელიც არაფერს გამორიცხავს, – ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ დასმულ შეკითხვას.„ეკონიმისტთან“ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზრი არ შეუცვლია, როდესაც უკრაინაში დასავლური ჯარების შესვლას არ გამორიცხავდა და ამ მიდგომას მართებულად მიიჩნევს:

„რუსებს ფრონტი რომ გაერღვიათ და უკრაინისგან თხოვნა რომ ყოფილიყო – და ახლა ასე არ არის – ჩვენ ლეგიტიმურად დავუსვამდით საკუთარ თავს ამ კითხვას. ასე რომ, ვფიქრობ, ამ სცენარის გამორიცხვა ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ ბოლო ორი წლის გაკვეთილები. მე მაქვს მკაფიო სტრატეგიული მიზანი: რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს უკრაინაში. თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, ევროპაში უსაფრთხოება აღარ იქნება. ვის შეუძლია, იფიქროს, რომ რუსეთი იქ გაჩერდება? როგორი იქნება მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოება – მოლდოვა, რუმინეთი, პოლონეთი, ლიეტუვა და ა.შ. და გარდა ამისა, რა სანდოობა ექნებათ ევროპელების მიმართ, რომლებმაც დახარჯეს მილიარდები, თქვეს, რომ კონტინენტის გადარჩენა იყო საფრთხის ქვეშ და შემდეგ ვერ იპოვეს რუსეთის შეჩერების გზა? ასე რომ, დიახ, ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ არაფერი. ჩვენი მიზანი ხომ ისაა, რომ რუსეთმა ვერასდროს გაიმარჯვოს უკრაინაში“

ლონდონში ხმლით შეიარაღებული კაცის თავდასხმას 13 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ლონდონში ხმლით შეიარაღებული კაცის თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, 1 კი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ლონდონის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მოხდა. პოლიციის მონაცემებით, კაცი ჯერ მანქანით დაეჯახა ერთ-ერთ სახლს, შემდეგ კი ხმლით დაესხა თავს გამვლელებს. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მისი დაკავება შეძლეს. ცნობილია, რომ თავდამსხმელი 36 წლისაა. მისი მოტივების შესახებ ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი.

დაშავებულთა შორის 2 პოლიციელია. 13 წლის ბიჭი კი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

G7-ის ქვეყნები ნახშირზე უარის თქმას 2035 წლისთვის აპირებენ

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა პრინციპულ შეთანხმებას მიიღწიეს ელექტროენერგიის წარმოებაში ნახშირის გამოყენების შეწყვეტაზე. ამის შესახებ იტალიის ენერგეტიკის მინისტრმა ჯილბერტო პიკეტო-ფრატინმა განაცხადა. საბოლოო შეთანხმებას მხარეებმა ხელი დღეს უნდა მოაწერონ. მასში ნახშირზე უარის თქმის საბოლოო თარიღად 2035 წელი იქნება განსაზღვრული.

G7-ის ქვეყნები ჯერ კიდევ 2023 წელს შეთანხმდნენ, რომ ნახშირზე უარს იტყოდნენ, თუმცა თარიღზე ვერ თანხმდებოდნენ. იტალია, რომელიც წელს „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეა აპირებს, რომ უკვე 2025 წელს გათიშოს თავისი ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების უმეტესი ნაწილი.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იტალიის ძალისხმევას საბოლოო თარიღის დაწესებასთან დაკავშირებით გერმანია ეწინააღმდეგებოდა. ქვეყანაში ელექტროენერგიის 26%-ს სწორედ ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებზე აწარმოებენ. ძველი გეგმის მიხედვით, გერმანია ნახშირზე უარის თქმას 2038 წელს აპირებდა.

პუტინის პოტენციური გამარჯვება გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერა - სტოლტენბერგი

კიევში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინის პოტენციური გამარჯვება გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერა.

„ყველაზე დიდი რისკია, თუ [რუსეთის] პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს. ყველაზე დიდი საფასური არის თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, რადგან მაშინ ჩვენ ვსაუბრობთ უაღრესად დიდ ფულზე, ბევრად უფრო დიდ თანხაზე, რომელიც ნატოს მოკავშირეებმა უნდა ჩადონ ჩვენს უსაფრთხოებაში. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა არის საუკეთესო გზა ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ეს არის გზავნილი ნატოს მოკავშირეებისთვის.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ დახმარებას არ მივაწვდით [უკრაინას], თუ შეფერხება იქნება, ეს სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია. ამას რეალური შედეგები აქვს. ომი არ არის რაღაც აბსტრაქტული, ის გრძელდება 24 საათის განმავლობაში. როცა რაღაცას ისე არ ვაწვდით, როგორც უნდა მიგვეწოდებინა, ამის საფასურს უკრაინელები იხდიან“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში იმყოფება. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბლინკენი ერ-რიადში 5 არაბული ქვეყნის (კატარი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იორდანია) ლიდერებთან ისრაელთან ურთიერთობებსა და ღაზის სექტორის მომავალზე იმსჯელებს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც.

საუდის არაბეთიდან ბლინკენი იორდანისა და ისრაელში გაემგზავრება. Reuters-ის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანს სურს დაარწმუნოს ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომ მან ღაზაში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას.

აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში ტორნადოს შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში ტორნადოს შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ჩვილი, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, 20 000-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. განადგურებულია შენობები, მანქანები,ავტობუსები.

ოკლაჰომას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ცნობით, შტატის მასშტაბით საავადმყოფოებმა განაცხადეს დაახლოებით 100 დაშავებულის შესახებ, მათ შორის არიან ნამსხვრევებისგან დაშავებული ადამიანები.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ესაუბრა ოკლაჰომას გუბერნატორს, კევინ სტიტს და ფედერალური მთავრობის სრული მხარდაჭერა შესთავაზა.