... ... hotnews.ge - მსოფლიო

პუტინის არჩევნების მე-3 დღე - რუსეთში 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს

პუტინის საპრეზიდენტო არჩევნების მესამე დღე - გამოცემა "მედუზა" "OVD-Info"-ზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს სამართალდამცველებმა რუსეთის 14 ქალაქში 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. უფლებადამცველების თქმით, დაკავებების ყველაზე მეტი რაოდენობა ყაზანსა და მოსკოვში დაფიქსირდა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი 15 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდება. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი "არჩევნებს" მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.

მოსკოვსა და რუსეთის ზოგიერთ რაიონში დღეს საპროტესტო აქცია სახელწოდებით "შუადღე პუტინის წინააღმდეგ" მიმდინარეობს. ამ იდეის ავტორები კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს მოუწოდებდნენ, რომ გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, ერთდროულად (12:00 საათზე) შეკრებილიყვნენ პუტინის წინააღმდეგ ხმის მისაცემად ანდა კენჭისყრის ჩასაშლელად. პუტინის წინააღმდეგ დღეს აქცია გამართეს თბილისში მცხოვრებმა რუსებმაც.

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა, ლავა ქალაქ გრინდავიკს უახლოვდება

სამხრეთ ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანის მორიგი ამოფრქვევის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლავამ ევაკუირებული ქალაქ გრინდავიკის გარშემო არსებულ თავდაცვის კედლებამდე მიაღწია. აღსანიშნავია, რომ სახლებში დაბრუნების უფლება ერთი თვის წინ ქალაქის მხოლოდ 4 000-მდე მცხოვრებს მისცეს მას შემდეგ, რაც იანვარში ამოფრქვევის შედეგად ის ქალაქში გავრცელდა და სამი სახლი გაანადგურა.

ვულკანის ამოფრქვევის გამო, ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილიდან, გეოთერმული სპა ლურჯი ლაგუნის ტერიტორიიდან, 500-600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. კეფლავიკის საერთაშორისო აეროპორტი და სხვა რეგიონული აეროპორტები არ დაზიანებულა.

ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ცნობით, ამოფრქვევა შაბათს საღამოს, გრინდავიკის ჩრდილოეთით, ჰაგაფელსა და სტორა-სკოგფელს შორის დაიწყო.

"უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით და გადაწყვეტილებებით ჩავალ" - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის აუცილებლად ეწვევა უკრაინას.

მაკრონმა განმარტა, რომ მისი ვიზიტი შედგება მაშინ, როდესაც მზად იქნება „კონკრეტული წინადადებები და კონკრეტული გადაწყვეტილებები“.

"აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით - აუცილებლად ჩამოვალ, მე მაქვს წესი: ჩემი ვიზიტი მაქსიმალურად სასარგებლო იყოს უკრაინისთვის. მე ჩამოვალ უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.

მაკრონის თქმით, მისი ვიზიტი იქნება "ძლიერი გზავნილი და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები".

შეგახსენებთ, ორშაბათს ელისეის სასახლემ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა.

მოსკოვში აქცია - „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს

მოსკოვში, საარჩევნო უბნებთან, ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან ხალხმა შეკრება დაიწყო, მოსკოვის ცენტრალურ რაიონებსა და ცენტრის გარეთ რიგები ფიქსირდება, - ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

აქციის : „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ იდეა, რომელიც 17 მარტს, 12:00 საათზე საარჩევნო უბნებზე მისვლას და ამჟამინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმის მიცემის ან ბიულეტენის დაზიანებას ითვალისწინებს, სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილ დეპუტატს, მაქსიმ რეზნიკს ეკუთვნის.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, აქციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ.

ნავალნის გარდაცვალების შემდეგ მისმა თანაგუნდელებმა საზოგადოებას პოლიტიკოსის უკანასკნელი სურვილების ასრულებისკენ მოუწოდეს და ვლადიმერ პუტინის ყველა ოპონენტს შესთავაზეს, 17 მარტს, 12:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე ერთდროულად მივიდნენ.

"თითო კაცზე 2 000 დოლარს ითხოვენ" - ბოლო ცნობები მექსიკის საზღვრიდან გატაცებულ მოქალაქეებზე

ნარკოკარტელის ტყვეობაში მყოფი ქართველი ფორმულასთან აცხადებს, რომ კრიმინალების ხელში ქართველების რამდენიმე ჯგუფია, რომლებიც ამერიკაში არალეგალურად შესვლას ე.წ. გადამყვანის დახმარებით გეგმავდნენ. საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.

ერთ-ერთი გატაცებული ქართველი 8-კაციანი ჯგუფის წევრია და ამ წუთებშიც ტყვეობაში იმყოფება. ის გადამყვანებს გამოსასყიდი თანხის გადახდისკენ მოუწოდებს.

ამასთან, კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მექსიკაში, გატაცებულთა შორისაა, სოციალურ ქსელში წერს, რომ გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაბამისი პირობები და ისინი ახლა გათავისუფლებას ელოდებიან.

ფორმულას ინფორმაციით, გატაცებული 30 საქართველოს მოქალაქიდან, 15 ადამიანის თანხა - დაახლოებით 45 000 დოლარი უკვე გადახდილია.

"თითო კაცზე 2 000 დოლარს ითხოვენ. ისე ვიზამთო, რომ გადავიყვანთო საზღვარზე. 8 კაცი ვართ და არავინ ყურადღებას არ იჩენს. დამირეკა ერთმა და ამას ვიზამთ, იმას ვიზამთო. 2 საათია ველოდებით და კაციშვილი არაა ჩვენი გამყვანი, გადაუხადეთ და გაგვიშვით", - ამბობს ერთ-ერთი გატაცებული ფორმულასთან.

მექსიკის საზღვართან ქართველები გუშინ გაიტაცეს. ქართველები, რომლებიც აშშ-ში შესვლას არალეგალურად გეგმავდნენ, კრიმინალური ჯგუფის ხელში აღმოჩნდნენ. არსებული ინფორმაციით, მექსიკურ ნარკოკარტელს 30-მდე ქართველი მძევლად ჰყავს აყვანილი.

გუშინ, გატაცებულთა ახლობელმა ფორმულასთან განაცხადა, რომ ტყვეობაში მყოფებზე ფიზიკურად ძალადობენ და გამოსასყიდს ითხოვენ. მისი თქმით, ფულს ნარკოკარტელი ე.წ. გადამყვანისგან ითხოვს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

"წელს დონალდ ტრამპს მხარს არ დავუჭერ" - მაიკ პენსი

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს არ დაუჭერს . 

"გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ წელს დონალდ ტრამპს არ დავუჭერ მხარს. წარმოუდგენლად ვამაყობ ჩვენი ადმინისტრაციის [ტრამპის ადმინისტრაცია] მიღწევებით, რამაც ამერიკა გახადა უფრო აყვავებული, უფრო უსაფრთხო. მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის დროს ცხადი გახდა, რომ ტრამპთან მთელ რიგ საკითხებზე განსხვავებული ხედვები გვაქვს", - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

“ახალი კოალიცია კიევს “შორი მანძილის სარაკეტო არტილერიით” მიამარაგებს” - შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები შექმნიან ახალ კოალიციას „შორი მანძილის სარაკეტო არტილერიით“ კიევის მომარაგებისთვის, 

შეხვედრა მოეწყო მას შემდეგ, რაც უკრაინის დახმარების საკითხში სამ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი სხვაობები გამოვლინდა: მაკრონმა განაცხადა, რომ კიევის დახმარებაში შეზღუდვები დაუშვებელია. მან არ გამორიცხა არც დასავლეთის ჯარების გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების გაგზავნა კატეგორიულად გამორიცხულია.

დასავლეთის, ძირითადად ევროპის, ქვეყნები არაერთხელ გაერთიანებულად მცირე ჯგუფებად, რომლებიც სხვადასხვა სახეობის იარაღით უკრაინის მომარაგებაზე მუშაობდნენ. ნიდერლანდმა, დანიამ, რუმინეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ შექმნეს „გამანადგურებლების კოალიცია“, საფრანგეთი სათავეში უდგას საარტილერიო კოალიციას, დიდი ბრიტანეთი და ლატვია - საბრძოლო დრონების წარმოების კოალიციას. რეაქტიული არტილერიის ახალი კოალიცია, რომელზეც შოლცმა ილაპარაკა, ამ რიგებს შეავსებს.

იტალიაში, ძვირადღირებული სუნამოების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, აველინოს პროვინციაში, სუნამოების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 29 წლის კაცმა 6 შეკვრა ძვირადღირებული სუნამოს ქურდობა სცადა, თუმცა მაღაზიის დაცვამ მისი დაკავება შეძლო.  ბრალდებული ადგილზე მისულ პოლიციას გადასცეს. ცნობილია, რომ დაკავებული ჭკვიან სათვალეს იყენებდა და ქურდობამდე მაღაზიას ფოტოს უღებდა. 

გარდა ამისა, მედიის ცნობით, მას ბრალად 10 დღის წინ მომხდარი კიდევ ერთი ქურდობა ედება ბრალად - გამოძიების მტკიცებით, დაკავებულმა მაშინაც ძვირადღირებული სუნამოები მოიპარა. პოლიცია შესაძლო თანამზრახველებს ეძებს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას, მათ შორის, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიიდან, ვლადისლავ დავაცვევინო „ახალი ხალხის“ პარტიიდან და ნიკოლაი ხარიტონოვი „კომუნისტური“ პარტიიდან.

რუსეთში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 112 309 947 ადამიანს შეადგენს.

პუტინის ხელახალი არჩევა მის მმართველობას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. დღეს დილით საარჩევნო უბნები გაიხსნა ხაკასიის, კრასნოიარსკისა და ალტაის მხარეებში, ნოვოსიბირსკის, ტომსკისა და კემეროვოს ოლქებში, ასევე, ტუვის რესპუბლიკაში, ირკუტსკსა და ბურიატიაში. ხმის მიცემის პროცესი სამ დღეს გაგრძელდება.

არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობს: მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ლეონიდ სლუცკი, კომუნისტური პარტიის კანდიდატი ნიკოლაი ხარიტონოვი და „ახალი ხალხის“ პარტიის კანდიდატი ვლადისლავ დავანკოვი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი არ დაარეგისტრირა. არჩევნები ტარდება რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზეც.

"თუ ამ ომს რუსეთი მოიგებს, ევროპის სანდოობა ნულამდე დავა და ევროპაში უსაფრთხოება აღარ გვექნება" - მაკრონი

"თუ ამ ომს რუსეთი მოიგებს, ევროპის სანდოობა ნულამდე დავა და ევროპაში უსაფრთხოება აღარ გვექნება", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი France 2-ის ეთერში საუბრობს. მისი თქმით, საფრანგეთი "არასდროს გაუძღვება შეტევას", რადგან ის "არასდროს იღებს ინიციატივას". 

"როგორ ფიქრობთ, პოლონელებს, ლიეტუველებს, ესტონელებს, რუმინელებს, ბულგარელებს შეეძლებათ ერთი წამით მშვიდად დარჩენა [უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში]?" - კითხულობს მაკრონი.

მისივე თქმით, დღეს რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს, დასავლეთი სუსტი არ უნდა იყოს: "შესაბამისად, მკაფიოდ უნდა შევხედოთ სიტუაციას და მტკიცედ, ნებით, გამბედაობით უნდა ვთქვათ, რომ მზად ვართ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რითიც მიზნებს მივაღწევთ - ეს არის ის, რომ რუსეთი მარცხდება".

დანია, 2026 წლიდან, სამხედრო სამსახურში ქალებსაც გაიწვევს

ისტორიაში პირველად, დანია სამხედრო სამსახურში ქალებსაც გაიწვევს. ქვეყანა სამხედრო სამსახურის სტანდარტული დროის გაზრდასაც აპირებს. მას ასევე სურს, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში NATO-ს მიზნების მისაღწევად, თავდაცვის ბიუჯეტი დაახლოებით 6 მილიარდი დოლარით გაზარდოს.

"ჩვენ არ ვიარაღდებით იმიტომ, რომ ომი გვინდა. ჩვენ ხელახლა ვიარაღდებით იმიტომ, რომ თავიდან ავიცილოთ ის," - განაცხადა დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა და აღნიშნა, რომ მთავრობა "სქესთა შორის სრული თანასწორობის" მიღწევას ცდილობს.

თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პულსენმა კი განაცხადა, რომ "უფრო ძლიერმა გაწვევამ, მათ შორის სრულმა გენდერულმა თანასწორობამ, ხელი უნდა შეუწყოს თავდაცვის გამოწვევების გადაჭრას, ეროვნულ მობილიზაციას და შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებას".

შეგახსენებთ, რომ დანია ნორვეგიისა და შვედეთის შემდეგ, მესამე ევროპული ქვეყანა გახდება, სადაც სამხედრო სამსახურში ქალებს გაიწვევენ.