... ... hotnews.ge - მსოფლიო

კანადამ უკრაინას, ფინანსური დახმარების სახით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, უკრაინამ კანადისგან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება მიიღო. 

მისი თქმით, ეს თანხები დაეხმარება უკრაინის მთავრობას დეფიციტის, კერძოდ სოციალური დახმარების პროგრამების დაფინანსებაში.

"მადლობელი ვართ კანადის ხალხისა და მთავრობისა, რომლებიც რჩებიან ჩვენს საიმედო მოკავშირეებად ამ რთულ დროს", - წერს შმიგალი.

 

ომი ყოველთვის დამარცხებაა, ომი არ შეიძლება გაგრძელდეს - რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინასა და პალესტინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის მოწოდებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ომის გაგრძელება ყოველთვის დამარცხებაა.

რომის პაპის თქმით, უკრაინისა და წმინდა მიწის, პალესტინისა და ისრაელის ხალხი დღეს ძალიან იტანჯებიან ომის საშინელებების გამო.

"არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ომი ყოველთვის დამარცხებაა. ომი არ შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენ ყველა ღონე უნდა გამოვიყენოთ ომის დასასრულებლად მოლაპარაკებისთვის", - დასძინა მან.

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ქსელს, რომელიც ირანში რაკეტების წარმოებას აფინანსებდა

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ქსელს, რომელიც ირანში რაკეტების წარმოებას აფინანსებდა. ამის შესახებ შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დააწესა სამი შესყიდვის ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც ირანში, თურქეთში, ომანსა და გერმანიაშია დაფუძნებული. უწყების ცნობით, ისინი მხარს უჭერდნენ ირანის ბალისტიკურ რაკეტებს, ბირთვულ და თავდაცვის პროგრამებს, ასევე, ყიდულობდნენ ნახშირბადის ბოჭკოებს, ეპოქსიდურ ფისებს და სხვა მასალებს რაკეტებისთვის, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის აეროკოსმოსური ჯიჰადის ორგანიზაცია, ირანის თავდაცვისა და ლოგისტიკის სამინისტრო და სანქცირებული სხვა სუბიექტები იყენებდნენ.

სახაზინო მდივნის მოადგილემ ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ბრაიან ნელსონმა განაცხადა, რომ დახვეწილი საიდუმლო შესყიდვების ქსელების მეშვეობით ირანი ცდილობს მოამარაგოს თაღლითი ადამიანები მთელ მსოფლიოში იარაღის სისტემებით, რომლებიც ამძაფრებს კონფლიქტს და საფრთხეს უქმნის უამრავ სამოქალაქო პირს.

"აშშ გააგრძელებს ჩვენი ინსტრუმენტების გამოყენებას ამ ქსელების დასაშლელად და პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ ქვეყნებს, რომლებიც ხელს უწყობენ ირანული თვითმფრინავებისა და რაკეტების გავრცელებას," - თქვა ნელსონმა.

ირლანდიის პრემიერმინისტრი გადადგა

ირლანდიის პრემიერმინისტრი ლეო ვარადკარი გადადგა - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

ვარადკარმა განაცხადა, რომ ის მიდის "პირადი და პოლიტიკური, მაგრამ ძირითადად პოლიტიკური" მიზეზების გამო და რომ დატოვებს თანამდებობას, როგორც კი პოსტზე მისი "მემკვიდრე" დაინიშნება. მან ასევე თქვა, რომ თანამდებობაზე ყოფნის შვიდი წლის შემდეგ აღარ თვლის, რომ საუკეთესოა ამ საქმიანობისთვის. მისივე თქმით, ახალი პრემიერმინისტრი იქნება "უკეთესი" ხელახალი არჩევნების უზრუნველსაყოფად.

შეგახსენებთ, რომ ვარადკარი ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი და ირლანდიის პირველი გეი ლიდერია.

ძლიერი თოვის გამო თურქეთის 3 პროვინციაში 158 დასახლებული პუნქტი ჩაიკეტა

თურქეთის აღმოსავლეთით სამ პროვინციაში ძლიერი თოვის გამო 158 დასახლებული პუნქტი ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს და წერს, რომ ვანის პროვინციაში ჩაიკეტა 11 გზა, მუშში - 102, ბითლისში - 45.

"ვანის, ბითლისისა და მუშის პროვინციებში თოვლის გამო 158 დასახლებულ პუნქტთან კავშირი არ არის," - ნათქვამია განცხადებაში.

გზების გაწმენდისა და დასახლებულ პუნქტებთან მისასვლელი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

 

გერმანია უკრაინას ნახევარი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს - გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინი-20“) შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც დღეს გერმანიაში მიმდინარეობს.

დახმარება მოიცავს  10 ათას ჭურვს. 

”ჩვენ კვლავ შევადგინეთ დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულებაა თითქმის ნახევარი მილიარდი ევრო,” - განაცხადა პისტორიუსმა. 

 

უნდა გავზარდოთ სასაზღვრო ძალების საბრძოლო მზადყოფნა, პირველ რიგში შავ ზღვაში - პუტინი

უნდა გავზარდოთ სასაზღვრო ძალების საბრძოლო მზადყოფნა, პირველ რიგში შავ ზღვაში - რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ აუცილებელია სასაზღვრო ორგანოების საბრძოლო შესაძლებლობებისა და მობილური ჯგუფების ეფექტურობის გაზრდა არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო მიმართულებებითაც.

„ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ სასაზღვრო უწყებების საბრძოლო შესაძლებლობები და მობილური ჯგუფების ეფექტურობა არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო მიმართულებითაც. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს დღეს შავ ზღვას ეხება", - განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საბჭოს გაფართოებულ შეხვედრაზე.

უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა მამაკაცმა პეტერბურგის რესტორანში ნაცნობი ჩაცხრილა

უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა ალექსეი ისაკოვმა 18 მარტს სანქტ-პეტერბურგის რესტორან „ჩაბრეთში“ თავისი მეგობარი გასროლით მოკლა. როგორც გამოცემა „ფონტანკა“ წერს, ისაკოვი "დარწმუნებული იყო", რომ ბიზნესპარტნიორს მისი შვიდი მილიონი რუბლი მართებდა, რაც მათ შორის დავის საგანი გახდა. დაზარალებულმა შეხვედრაზე მხოლოდ ამ თანხის ნაწილი მიიტანა.

პორტალ „ბუმაგის“ მიერ გამოქვეყნებულ ოპერატიულ ვიდეოზე მოჩანს ორ კაცი, რომლებიც მაგიდასთან სხედან და სადილობენ. უცებ ერთ-ერთი მათგანი იარაღს იღებს და მეორეს ესვრის. დაჭრილი ახერხებს წამოდგომას, მაგრამ მაგიდის გვერდით ეცემა, ამ დროს მეორე მასთან მიდის და კიდევ რამდენჯერმე ისვრის. ამის შემდეგ, მსროლელი ბრუნდება მაგიდასთან და ფეხზე მდგარი აგრძელებს ჭამას.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილი). რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ალექსეი ისაკოვი ნასამართლევია. 2021 წლის მაისში ქურდობის რამდენიმე ეპიზოდისთვის მას სამ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ისაკოვმა კოლონია დატოვა და საომრად უკრაინაში წავიდა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ციხეებიდან რეგულარულად ათავისუფლებენ მკვლელებს, მოძალადეებსა და სხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულებს. მოკლულთა და დაზარალებულთა ოჯახის წევრები პროტესტს გამოთქვამენ, თუმცა უშედეგოდ.

რუსი ჟურნალისტების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა მინიმუმ 17 ადამიანი, რომლებიც ნასამართლევი იყვნენ მკვლელობისთვის. ყველა მათგანმა მიიღო მონაწილეობა უკრაინის ომში და ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ გათავისუფლდა. ნაწილმა უკვე მოასწრო ახალი დანაშაულის ჩადენა.

ასევე ვადამდე გაათავისუფლეს ყოფილი პოლიციელი სერგეი ხაჯიკურბანოვი, რომელსაც 2014 წელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში მონაწილეობისთვის. ხაჯიკურბანოვი, სხვა შეწყალებულ პატიმრებთან ერთად, მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში კერძო სამხედრო კომპანიის რიგებში. კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ გათავისუფლდა და ახლა კი, როგორც კონტრაქტით დაქირავებული მონაწილეობს ომში.

ევროკავშირის მინისტრებმა ნავალნის სიკვდილის გამო 30 პირის მიმართ სანქციები შეათანხმეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირისთვის სანქციები შეათანხმა. ვინ იქნებიან სანქცირებულთა სიაში, უცნობია.

თებერვალში დიდმა ბრიტანეთმა სანქციები გაატარა იმ რუსული კოლონიის ხელმძღვანელობის მიმართ, სადაც ნავალნი დაიღუპა.

ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ, სანქციები გაეტარებინათ იმ პირების მიმართ, ვინც ნავალნის სიკვდილზეა პასუხისმგებელი.

თუ გვინდა მშვიდობა, ომისთვის უნდა მოვემზადოთ - შემდეგი ჩვენ ვიქნებით-მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირი "ომის ეკონომიკის" რეჟიმზე უნდა გადავიდეს და გააკეთოს ყველაფერი ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად.

ამის შესახებ მიშელი ევროპულ გაზეთებსა და Euractiv-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში - "თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის", საუბრობს, სადაც იგი აღწერს იმ ნაბიჯებს, რომლებიც ევროკავშირმა არსებული ამოცანების შესასრულებლად უნდა გადადგას.

შარლ მიშელი იხსენებს უკრაინაში ომის დაწყების საწყის დღეებში გამართულ სატელეფონო საუბარს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი წერს, პუტინის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ "მთელი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც არსებობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სამუდამოდ შეიცვალა" და საჭიროა, ევროკავშირმაც შესაბამისი ცვლილებები განიცადოს.

"ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ რუსეთი უკრაინაში არ გაჩერდება - ისევე როგორც ყირიმში არ გაჩერებულა 10 წლის წინ. კრემლი აგრძელებს სიტუაციის დესტაბილიზაციას მოლდოვაში, საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთ ბალკანეთშია და აფრიკის ქვეყნებშიც კი", - თქვა მიშელმა.

შარლ მიშელი ასევე აცხადებს, რომ რუსეთი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას, ხოლო თუ ევროკავშირი საჭირო პასუხს არ გასცემს და უკრაინას საკმარისს დახმარებას არ მიაწვდის, პუტინის აგრესიის მორიგი სამიზნე სწორედ გაერთიანება იქნება. აქედან გამომდინარე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროპას ეკონომიკისადმი მიდგომის გადახედვას და დღის წესრიგში თავდაცვის საკითხების წინ წამოწევისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ უნდა მოვემზადოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ "ომის ეკონომიკის" რეჟიმში. დროა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს უსაფრთხოებაზე. ჩვენ აღარ შეგვიძლია სხვებზე დაყრდნობა ან ვიყოთ აშშ-ის ან სხვა რომელიმე ქვეყნის არჩევნებზე დამოკიდებული", - თქვა მან

ღაზას შიმშილი ემუქრება და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ - ურსულა ფონ დენ ლაიენი

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეგვიპტეში, პრეზიდენტ სისისთან გამართული შეხვედრისას განიხილა. მხარეებმა ანკლავში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ზავის გარეშე ღაზას შიმშილი ემუქრება.

„შემაშფოთებელია ის კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარება, რომელიც ღაზის სექტორში ომითაა გამოწვეული. ღაზას შიმშილი ემუქრება და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. უკიდურესად მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, რაც მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საშუალებას იძლევა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რუსეთის საარჩევნო კომისიის დათვლით, პუტინი ხმების 87%-ით იმარჯვებს

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87,34% მიიღო ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დღეს, 18 მარტს, გამოქვეყნებული ეს შედეგი ოქმების 98%-ის დამუშავებით მიღებულ მონაცემებს ეფუძნება.

პუტინმა ყველაზე მეტი ხმა, 98,99% ჩეჩნეთში მიიღო. ოფიციალური შედეგებით, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში პუტინის მხარდაჭერა 85,57%-ია.

მეორე ადგილზეა სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი(4,3%). მას მოსდევს დუმის ვიცე-სპიკერი, პარტია „ახალი ხალხის“ კანდიდატი ვლადისლავ დავანკოვი(3,8%). მეოთხე ადგილზეა „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი(3,17).

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 15-17 მარტს ჩატარდა, პუტინის გარდა, მონაწილეობდა ის სამი კანდიდატი, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდათ. მათ შორის ვერ მოხვდა, მაგალითად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი, რომელიც სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით პუტინს და უკრაინის წინააღმდეგ ომს ღიად აკრიტიკებდა.

დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მასშტაბური დარღვევებით ჩატარდა, მათ შორის იყო საარჩევნო ურნებში ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა იძულება.

სამდღიანი კენჭისყრისას მოქალაქეების ნაწილი პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა. მათ შორის, არაერთ ქალაქში საარჩევნო ყუთებს საღებავი შეასხეს და უბნებზე ხანძარი გააჩინეს. რუსეთის შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მსგავს ფაქტებზე სისხლის სამართლის 33 საქმე აღძრეს.

17 მარტს, კენჭისყრის ბოლო დღეს, რუსეთის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ". მისი ინიციატორები იყვნენ ციმბირის კოლონიაში 2024 წლის თებერვალში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები.

დამოუკიდებელი უფლებადამცველი მედიაპროექტის, ОВД-Инфо-ს ცნობით, 18 მარტის 04:24 საათისთვის ცნობილია, რომ რუსეთის 21 ქალაქში სულ მცირე 86 ადამიანი დააკავეს. ყველაზე მეტი, 28 - ყაზანში.

რუსეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 74,22% შეადგინა. წინა, 2018 წლის არჩევნებში ეს მაჩვენებელი 67,54% იყო. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა ხმების 76,69%-ით გაიმარჯვა.

ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით ხდება რუსეთის პრეზიდენტი.