... ... hotnews.ge - მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენს 9 მაისს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აშშ-ში 9 მაისს შეხვდება.  ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ეს იქნება თურქეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი თეთრ სახლში. შეხვედრის დამატებითი დეტალები უცნობია.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლიდერები განიხილავენ ისრაელ-„ჰამასის“ ომს, ასევე თურქეთის მიერ ამერიკისგან F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენის საკითხს.

შეგახსენებთ, ერდოღანი აშშ-ს ბოლოს 2019 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეწვია.

ჩრდილოეთ კორეის მიმართ გაეროს სანქციების მონიტორინგის განახლებას რუსეთმა ვეტო დაადო

ჩრდილოეთ კორეის მიმართ გაეროს სანქციების მონიტორინგის განახლებას რუსეთმა ვეტო დაადო.

BBC-ის ინფორმაციით, საბჭოს 13-მა წევრმა სანქციების განახლებას მხარი დაუჭირა, ჩინეთმა კი, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ჩრდილოეთ კორეა 2006 წლიდან ექვემდებარება გაეროს სანქციებს ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამების გამო. სანქციები განუსაზღვრელი ვადით არის დაწესებული და მის მონიტორინგს ექსპერტთა სპეციალური ჯგუფი უზრუნველყოფდა.

გერმანიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა

გერმანიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, გერმანიის დასავლეთით მდებარე ქალაქ ვერლთან, დიუსელდორფიდან 100 კილომეტრში, ავტობუსი გზატკეცილიდან გადავიდა და გადატრიალდა.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ავტობუსში დაახლოებით 60 მგზავრი იყო, მათგან სულ მცირე 20 კი დაშავდა.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ავტობუსს ვარბურგის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები გადაჰყავდა, რომლებიც ინგლისიდან ბრუნდებოდნენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ასევე სამაშველო ვერტმფრენი.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

 

მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს -ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მხრიდან უახლოეს თვეებში მორიგ მასიურ შეტევას ელოდება. CBS News-თან ინტერვიუში, ზელენსკი სავარაუდო პერიოდად მაისის ბოლო-ივნისის პერიოდს ასახელებს. 

„ამისთვის ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ მომზადება, არა მხოლოდ სიტუაციის სტაბილიზაცია, რადგან ზოგჯერ პარტნიორები ნამდვილად ბედნიერები არიან, რომ ჩვენ დავასტაბილურეთ სიტუაცია. მე ვამბობ, რომ ახლა გვჭირდება დახმარება“, - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოახერხეს რუსების შეკავება, პარტნიორების დახმარების გარეშე, გაჭირდება თავის დაცვა, კიდევ ერთი დიდი შეტევისგან. პრეზიდენტის თქმით, მოსამზადებლად სასწრაფოდ საჭიროა პარტნიორების დახმარება - "ჩვენ არ ვიცით რა იქნება ხვალ. ამიტომ უნდა მოვემზადოთ", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსეთის პატრიარქის მეთაურობით გამართულმა კრებამ უკრაინაში ომი „წმინდად“ გამოაცხადა

უკრაინის წინააღმდეგ ომი „წმინდად“ გამოაცხადეს „მსოფლიოს რუსული სახალხო კრების“ ყრილობაზე, რომელსაც მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე ხელმძღვანელობდა.

„კრებამ“, რომელსაც ფორმალურად რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირი არ აქვს, თუმცა მის მუშაობაში ჩართულია ბევრი სასულიერო პირიც, 25-ე ყრილობა 27 მარტს გამართა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში. ყრილობის მიერ მიღებული განაწესი, რომლის ადრესატი რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებაა, მოსკოვის საპატრიარქოს საიტზე გამოქვეყნდა.

განაწესის პირველივე თავი ეხება უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, რომელიც მოხსენიებულია „კიევის დანაშაულებრივი რეჟიმის და მის უკან მყოფი კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ რუსი ხალხის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის ახალ ეტაპად“. ნათქვამია ისიც, რომ ეს „ბრძოლა“ 2014 წლიდან მიმდინარეობს „სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის მიწებზე“.

განაწესის თანახმად, „სულიერ-ზნეობრივი თვალსაზრისით სპეციალური სამხედრო ოპერაცია წარმოადგენს წმინდა ომს, რომელშიც რუსეთი და მისი ხალხი წმინდა რუსეთის ერთიანი სულიერი სივრცის დაცვით ასრულებენ შემკავებლის მისიას და მსოფლიოს იცავენ გლობალიზმის მოწოლისა და სატანიზმში ჩავარდნილი დასავლეთის გამარჯვებისგან“.

განაწესის მიხედვით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დასრულების შემდეგ, „თანამედროვე უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა შევიდეს მხოლოდ რუსეთის გავლენის ზონაში“ და „სრულად უნდა გამოირიცხოს“ ამ ტერიტორიაზე „რუსოფობიური, რუსეთისა და მისი ხალხისადმი მტრული პოლიტიკური რეჟიმის არსებობა“.

განაწესის მეორე თავში საუბარია „რუსულ სამყაროზე“ (русский мир), როგორც „სულიერ და კულტურულ-ცივილიზაციურ ფენომენზე“, რომლის „საზღვრები არსებითად უფრო ფართოა, ვიდრე დღევანდელი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო და დიდი ისტორიული რუსეთის საზღვრები“.

„მსოფლიოს რუსული სახალხო კრების“ თავმჯდომარე პატრიარქი კირილეა. მისი მოადგილეა ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტი მილიარდერი ბიზნესმენი, უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების ერთ-ერთი სპონსორი და ტელეკომპანია „ცარიგრადის“ დამაარსებელი კონსტანტინ მალოფეევი. ის დასავლეთის სახელმწიფოების მიერაა სანქცირებული. მალოფეევზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ფრანგმა კანონმდებლებმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად შემუშავებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ემანუელ მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლაზეა მიმართული. Euractiv-ის ცნობით, ინიციატივას მხარი 171-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 25 იყო.

„სასწორზე დევს ჩვენი სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ლიბერალური ფასეულობების, ასევე ქვეყნის ინტერესების დაცვა“, - განაცხადა მაკრონის პარტიის წარმომადგენელმა, საშა ულიემ, რომელიც ამ საკითხზე მთავარი მომხსენებელი იყო.

ინიციატივა ითვალისწინებს ოთხწლიან სასამართლო პროცესს, რაც დაზვერვის სამსახურებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ ალგორითმული თვალთვალის ტექნიკა, რომელიც ამჟამად მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლისთვის გამოიყენება. ეს ღონისძიება თავდაპირველად მკაცრად გააკრიტიკეს მემარცხენე პარტიებმა, რომლებიც შიშობდნენ, რომ ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ინდივიდუალურ თავისუფლებებზე.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს „უცხო აქტორის ინტერესებში მოქმედი წარმომადგენლების“ რეესტრის შექმნას, რომელსაც „საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო“ (HATVP) გააკონტროლებს. რეესტრში მოხვდებიან ლობისტები, კომუნიკატორები და თანხების შემგროვებლები, რომლებიც მთავრობების, სახელმწიფო კომპანიებისა და უცხოური პოლიტიკური პარტიების სახელით მოქმედებენ.
მაისში ამ ინიციატივას საფრანგეთის სენატი განიხილავს.

82 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის გავლენიანი პოლიტიკოსი, ყოფილი სენატორი ჯო ლიბერმანი

82 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სენატორი ჯო ლიბერმანი. ის 24 წლის განმავლობაში იყო სენატის წევრი. 2000 წელს ელ გორმა საპრეზიდენტო კამპანიისას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. ის პირველი ებრაელი იყო, ვინც აშშ-ის პოლიტიკაში ასეთი მაღალი პოსტისთვის იბრძოდა.

ოთხი წლის შემდეგ ლიბერმანი საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატობისთვის იბრძოდა.

ლიბერმანი ცნობილი იყო, როგორც მკაცრი კურსის მომხრე საგარეო პოლიტიკაში. ის საკვანძო როლს თამაშობდა საშინაო უსაფრთხოების სამინისტროს შექმნაში, რაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს მოჰყვა.

ის მჭიდროდ თანამშრომლობდა ორ წამყვან რესპუბლიკელ კოლეგასთან, ჯონ მაკკეინთან და ლინდსი გრემთან, განსაკუთრებით ერაყში აშშ-ის სამხედრო პოლიტიკის საკითხებზე. ამის გამო ის დემოკრატიული პარტიიდან ვეღარ მოხვდა სენატში, მაგრამ დამოუკიდებელ კანდიდატად მოახერხა არჩევნებში გამარჯვება და სენატში დაბრუნება.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ჯო ლიბერმანი და ლინდსი გრემი პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯონ მაკკეინის ინიციატივით ჩავიდნენ საქართველოში, რათა საქართველოს ხელისუფლებისთვის სოლიდარობა გამოეხატათ. ეს არ ყოფილა მისი ერთადერთი ვიზიტი საქართველოში. ლიბერმანი გულისყურით ადევნებდა თვალს და ეხმაურებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

 

ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა - დაღუპულია 2, ეძებენ 4 პირს

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა. „ბიბისის“ ცნობით, შემთხვევის შემდეგ, მაშველებმა ადგილზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

როგორც ცნობილია, გემის შეჯახების მომენტში ხიდზე რვა მუშა იმყოფებოდა.

მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ოთხს ამ დრომდე ეძებენ.

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი მთლიანად დაინგრა.

ვლადიმირ პუტინის ყველაზე დიდი იარაღი დასავლეთის შიშია - Bloomberg

ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ვლადიმiრ პუტინი მუქარას იყენებდა უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შესაჩერებლად, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ახლა პუტინს აძლევს საფუძველს იფიქროს, რომ მისი ტაქტიკა მუშაობს, - წერს. სააგენტო Bloomberg-ი სტატიაში სათაურით ვლადიმირ პუტინის ყველაზე დიდი იარაღი დასავლეთის შიშია.

როგორც Bloomberg-ის სტატიაშია ნათქვამი, ოლაფ შოლცმა უარყო უკრაინის მოთხოვნა Taurus-ის რაკეტების მიწოდებაზე.

გადაწყვეტილება ასახავს შოლცის პოლიტიკურ სენსიტიურობასა და გერმანიის ზოგად შეშფოთებას რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის შესახებ.

„ეს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამხნევებს პუტინს და საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია სტატიაში.

შოლცი ამტკიცებდა, რომ რაკეტების გაგზავნა მოითხოვს გერმანელი ჯარისკაცების განლაგებას უკრაინაში. ეს განცხადება უარყვეს მისი კოალიციის წევრებმა.

„იმის გამო, რომ აშშ-ის კონგრესი ბლოკავს უკრაინისათვის დამატებით სამხედრო დახმარების გამოყოფას, მნიშვნელოვანია, რომ გერმანიამ უფრო მტკიცე როლი შეასრულოს. ბერლინმა უნდა იმუშაოს ევროპის სხვა მთავრობებთან, რათა მეტი იარაღი გააგზავნოს ფრონტის ხაზზე. უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვისაც მშვიდობა სურს უკრაინასა და ევროპაში, მზად უნდა იყვნენ, აჩვენონ პუტინს, რომ ის ვერ გაიმარჯვებს“, - ნათქვამია სტატიაში.

Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა

მოსკოვის მახლობლად, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში დაიღუპა. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ დაადასტურა.

მინისტრის თქმით, ტერაქტის შედეგად დაშავებული 76 ადამიანი საავადმყოფოებში რჩება. ოთხი მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

თავდასხმა საკონცერტო დარბაზში 22 მარტის საღამოს მოხდა . შეიარაღებულმა პირებმა შენობაში ცეცხლი გახსნეს. 

აშშ-ში კიბერ საფრთხის გამო, ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კიბერ საფრთხის გამო, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

"ეს მნიშვნელოვანი მავნე კიბერაქტივობა აგრძელებს არაჩვეულებრივ საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის," - ნათქვამია დოკუმენტში.

პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა 2024 წლის 1 აპრილის შემდეგ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა.

გაცნობებთ, რომ აშშ-ში პირველი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია გარე კიბერ საფრთხეებთან, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ 2015 წლის 1 აპრილს შემოიღო. მას შემდეგ ის ყოველწლიურად გრძელდება სტანდარტული პროცედურის მიხედვით.

 

დონალდ ტრამპმა თაღლითობის საქმის ფარგლებში აქტივების გაყინვა თავიდან აიცილა

დონალდ ტრამპმა თაღლითობის საქმის ფარგლებში აქტივების გაყინვა თავიდან აიცილა. ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაწესებული ჯარიმა 454 მილიონიდან 175 მილიონ დოლარამდე შეუმცირა. თანხის მოსაძიებლად და გადასახდელად კი 10 დღე მისცა.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ტრამპის წინააღმდეგ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე სისხლის სამართლის პროცესი 15 აპრილს დაიწყება. ეს ექსპრეზიდენტისთვის სისხლის სამართლის პირველი პროცესი იქნება.