... ... hotnews.ge - მსოფლიო

ო.ჯ. სიმპსონი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, ო.ჯ. სიმპსონი, რომელიც ყოფილი ცოლისა და მისი მეგობარი მამაკაცის სასტიკ მკვლელობაში იყო ბრალდებული, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას სიმსივნე ჰქონდა.

1994 წელს, ფეხბურთელი ეჭვმიტანილი იყო საკუთარი მეუღლის, ნიკოლ ბრაუნისა და მისი საყვარლის, რონალდ გოლდმანის მკვლელობაში.

სიმპსონს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, მაგრამ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სასამართლო პროცესზე სპორტსმენი უდანაშაულოდ ცნეს.

ვიეტნამელ მილიარდერს 44 მილიარდი დოლარის მითვისებისთვის სიკვდილი მიუსაჯეს

ყველაზე მასშტაბური საქმე ვიეტნამის ისტორიაში - ასე უწოდებს მედია უძრავი ქონების დეველოპერის, თროუნგ მაი ლანის საქმეს, რომლის მტკიცებულებებიც 104 სხვადასხვა ყუთშია მოთავსებული და 6 ტონას იწონის. საქმის ფარგლებში დაიკითხა 2 700 ადამიანი, სასამართლო პროცესში ჩართული იყო 10 პროკურორი და 200-მდე ადვოკატი. თროუნგ მაი ლანთან ერთად საქმეზე კიდევ 45 ადამიანი გაასამართლეს.

ქვეყნის უდიდესი ბანკის თაღლითურად ძარცვა 11 წლის განმავლობაში - ეს არის ბრალდება, რის გამოც 67 წლის თროუნგ მაი ლანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მსჯავრდადებულმა საიგონის კომერციული ბანკიდან თაღლითური გზებით 44 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოიტანა. პროკურორების მტკიცებით, ბანკი გაცემული თანხიდან 27 მილიარდ დოლარს ვერასოდეს დაიბრუნებს.

ვიეტნამური კანონით, ფიზიკურ პირს ბანკის აქციების 5%-ზე მეტის ფლობა ეკრძალება, თუმცა პროკურორები აცხადებენ, რომ ასობით სატელიტი კომპანიისა და მის მიერ მართული ადამიანების მეშვეობით, თროუნგ მაი ლანი რეალურად ფლობდა საიგონის კომერციული ბანკის აქციების 90%-ზე მეტს.

თროუნგ მაი ლანმა საკუთარი ძალაუფლება გამოიყენა იმისთვის, რომ ჯერ საკუთარი ხალხი დაენიშნა ბანკში საპასუხისმგებლო პოზიციებზე, ხოლო შემდეგ მათ ასობით სესხის დამტკიცება დაავალა იმ სატელიტი კომპანიებისთვის, რომლებსაც თავად აკონტროლებდა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ამ მაქინაციების შედეგად, მის მიერ აღებულმა თანხამ ბანკის მთლიანი სესხების 93% შეადგინა.

საქმის მასალების მიხედვით, 2019 წლიდან სამი წლის განმავლობაში, მსჯავრდადებულმა თავის მძღოლს ბანკიდან 4 მილიარდ დოლარზე მეტი ნაღდი ფულის გამოტანა და სარდაფში შენახვა უბრძანა.

თროუნგ მაი ლანს ასევე ადანაშაულებენ ბანკის თანამშრომლების მოსყიდვაში. მასთან ერთად ამ საქმეზე ცენტრალური ბანკის მთავარი ინსპექტორიც გაასამართლეს, რომელსაც 5 მილიონი დოლარის ქრთამად აღებას ედავებიან.

უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 283-მა დეპუტატმა დაუჭირა. მისაღებად საჭირო იყო 226 ხმა. ბოლო ორი დღის განმავლობაში უზენაესმა რადამ კანონპროექტში თითქმის 4000 ცვლილება განიხილა, თუმცა საბოლოოდ მიღებული იქნა ყველა ის ნორმა, რასაც ხელისუფლება მოითხოვდა. დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა მოაწეროს და ამის შემდეგ, ის ერთ თვეში ამოქმედდება.

დოკუმენტი ავალდებულებს 18-დან 60 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის ყველა მოქალაქეს, დარეგისტრირდეს სამხედრო სამსახურში და ეს ეხება საზღვარგარეთ მცხოვრებლებსაც. სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტის გარეშე, უკრაინელებს საკონსულო მომსახურება არ ექნებათ. მობილიზაციისთვის გაწვევის ასაკი 27-დან 25 წლამდე შემცირდა. ხოლო მათთვის, ვინც თავს აარიდებს სამხედრო სამსახურს, ვერ იმუშავებს საჯარო სამსახურში, მათ შორის, ვერს სამართალდამცავ ორგანოებში, შეიძლება ჩამოერთვას მართვის მოწმობაც. ჯარიმები გაიზრდება ჯარისგან თავის არიდების შემთხვევაში.

გადავადება, ან გაწვევიდან გათავისუფლება ეხევათ შშმ პირებს, სამი და მეტი მცირეწლოვანი შვილის მამებს, სამართალდამცავებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც მიიღებენ პირველად განათლებას, სამეცნიერო და პედაგოგიურ სფეროში. 

ფილადელფიაში მეჩეთთან სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა

ფილადელფიაში, მეჩეთთან, რამადანის დღესასწაულის დასრულების აღნიშვნის დაწყებამდე, სროლის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სროლის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ოთხი ადამიანი. შემთხვევა ეიდ ალ-ფიტრის მეჩეთის გარეთ მოხდა. პოლიციის ცნობით, სროლის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ოთხი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

ჯო ბაიდენი იაპონიის პრემიერ-მინისტრს, ფუმიო კიშიდას შეხვდა

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას თეთრ სახლში შეხვდა. ლიდერებმა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართეს.

როგორც „როიტერი“ წერს, ბაიდენმა შეაქო იაპონიის ლიდერი სწრაფი და „მამაცი“ წინააღმდეგობისთვის რუსეთის უკრაინაში 2022 წელს შეჭრის დროს და სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

„ჩვენ ნამდვილად გლობალური პარტნიორობა გვაქვს. ამისთვის, მადლობას გიხდით ბატონო პრემიერო. ჩვენი ქვეყანები ახლა უფრო გააღმავებენ თავდაცვით პარტნიორობას და მივიღებთ ძლიერ ინდო-წყნარ ოკეანეს, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – აღნიშნა ბაიდენმა.

თავის მხრივ, კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონია აშშ-სთან ერთად გააგრძელებს მსოფლიოს გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას.

„როგორც გლობალური პარტნიორი, იაპონია შეუერთდება ამერიკელ მეგობრებს და ჩვენ ერთად გავუძღვებით გზას ინდო-წყნარი ოკეანისა და მსოფლიოს გამოწვევების დაძლევაში“, – განაცხადა კიშიდამ.

როგორც „როიტერი“ წერს, საერთო ჯამში, აშშ-მ და იაპონიამ გააფორმეს 70-მდე შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

 

 

ირლანდიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

ირლანდიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. პარლამენტმა მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე, საიმონ ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

37 წლის საიმონ ჰარისი, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია. მანამდე ის განათლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

პრემიერის თანამდებობა ვაკანტური გასულ თვეს გახდა, როდესაც ლეო ვარადქარმა 20 მარტს, მოულოდნელად თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

მსოფლიოში ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს ისრაელის ჯარის რაფაჰში შესვლას - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მსოფლიოში ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს ისრაელის ჯარის რაფაჰში შესვლას, რათა „ჰამასის“ დარჩენილი შენაერთები გაანადგურონ:

„ჩვენ დავასრულებთ „ჰამასის“ ბატალიონების განადგურებას, მათ შორის რაფაჰში. მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც შეგვაჩერებს. ბევრი ძალა ცდილობს ამის გაკეთებას, მაგრამ ეს არ უშველის, რადგან ეს მტერი მას შემდეგ, რაც ჩაიდინა, აღარ გააკეთებს ამას, ის შეწყვეტს არსებობას“

ოლაფ შოლცი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა

ოლაფ შოლცი ჩინეთს სამდღიანი ვიზიტით ეწვევა. გერმანიის კანცლერი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება და რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებს განიხილავს. ამის შესახებ საერთაშორისო მედია გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ცნობით, ვიზიტი მომავალ კვირას, 14 აპრილს დაიწყება, სი ძინპინთან შეხვედრა კი 16 აპრილსაა დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში შოლცი ჩინეთის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდება.

ესპანეთი „ოქროს ვიზებს“ გააუქმებს

ესპანეთის მთავრობა გააუქმებს „ოქროს ვიზის“ პროგრამას, რომელიც ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე მსხვილი ინვესტიციის დაბანდების შემთხვევაში უცხოელებს ბინადრობის უფლებას ანიჭებს. ესპანეთის მინისტრთა კაბინეტი პროგრამის ლიკვიდაციის პროცესს დღეს, 9 აპრილს დაგეგმილ სხდომაზე დაიწყებს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 8 აპრილს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროგრამის შეწყვეტა საცხოვრებელზე წვდომას აქცევს უფლებად და არა სპეკულციურ ბიზნესად.

„ოქროს ვიზის“ პროგრამით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქე იპოთეკის გარეშე სულ მცირე 500 ათასი ევროს უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში იღებს სამი წლის განმავლობაში ესპანეთში ცხოვრების და მუშაობის უფლებას.

ესპანეთის მთავრობის მონაცემებით, პროგრამის ამოქმედებიდან, 2013 წლიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით გაიცა 5000-მდე ასეთი ნებართვა.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2023 წლის ანგარიშით, „ოქროს ვიზის“ პროგრამით მოსარგებლეთა სიაში პირველ ადგილზე ჩინელი ინვესტორები არიან, მეორეზე კი - რუსები, რომლებმაც ესპანეთში 3,4 მილიარდი ევროს უძრავი ქონება შეიძინეს. საერთაშორისო ორგანიზაციას ეჭვი ეპარება, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ ამ ინვესტორების ქონების წარმომავლობა გამოიკვლია.

რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში ზაპოროჟიეზე მიიტანეს - დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები, ჯანდაცვისა და კულტურული დაწესებულებები დაზიანდა.

 

რომის პაპი აბორტს, სუროგაციასა და სქესის შეცვლას გმობს

რომის პაპი ფრანცისკე აბორტს, სუროგაციასა და სქესის შეცვლას გმობს.

როგორც პონტიფიკოსი „დიგნიტას ინფინიტას“ (ლათინურიდან „უსაზღვრო ღირსების“) სახელწოდებით მომზადებულ 25-გვერდიან დოკუმენტში საუბრობს, ორსულობის შეწყვეტა სხვა არაფერია, თუ არა „ყველაზე დაუცველთა და უცოდველთათვის“ ადამიანური ღირსების ჩამორთმევა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადამიანი, დაუბადებელიც კი, წმინდა და ხელშეუხებელია და ეს მოიცავს ნებისმიერ ვითარებას, მისი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე.

რომის პაპს ანალოგიური პოზიცია აქვს სუროგაციაზე. პონტიფიკოსის აზრით, სარგებლის მიღების მიზნით დაორსულებისას ბავშვი ხდება მხოლოდ „ობიექტი“ და ასევე ითელება ქალის ღირსება. მისი თქმით, „ბავშვის ყოლის კანონიერი სურვილი არ შეიძლება გარდაიქმნას შვილის ყოლის უფლებად“.

რომის პაპი შეეხო სქესის შეცვლის საკითხსაც და ქალსა და მამაკაცს შორის სქესობრივი განსხვავების მოშლის „გენდერულ თეორიებს“, რასაც ფრანცისკე ღმერთის მიერ მონიჭებული ღირსების სერიოზულ დარღვევად აფასებს.

„სურვილი, განაგებდე თავს, სხვა არაფერია, თუ არა მარადიული ცდუნების მიმართ დანებება თავის გასაღმერთებლად“, – ამბობს რომის პაპი ფრანცისკე.

რომის პაპის აზრით, ადამიანმა უნდა მიიღოს და პატივი სცეს საკუთარ სხეულს, როგორადაც ის არის შექმნილი, სქესის შეცვლა კი საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანის უნიკალურ ღირსებას, რომლითაც ჩასახვის მომენტიდან არის დაჯილდოებული.

პონტიფიკოსმა ასევე დაგმო სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანთა დევნა, რაც ადამიანის ღირსების შელახვად შეაფასა, ისევე როგორც სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანების წამება და მოკვლა. ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობაზე, დაგმო ომები და ტრეფიკინგი.

25-გვერდიანი დოკუმენტი რამდენიმე წლის განმავლობაში მზადდებოდა.

 

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ილონ მასკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ილონ მასკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამერიკელ მილიარდერსა და სოციალურ ქსელ X-ის მფლობელს ბრაზილიის სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირებაში ადანაშაულებენ.

საქმე ეხება ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს წევრი მოსამართლის, ალეშანდრო დე მორაესის განკარგულებას, რომელმაც სოციალურ ქსელ X-ი დაავალდებულა, დაბლოკოს რამდენიმე ანგარიში, რომლებიც თითქოსდა დეზინფორმაციას ავრცელებენ. ილონმ მასკმა ეს განკარგულება გაასაჩივრა და განაცხადა, რომ არაკონსტიტუციურია.

ამასთან, მასკმა ბრაზილიელ მოსამართლე მორაესს „აგრესიულ ცენზურასა და ბრაზილიელი ხალხის ნების დარღვევაში“ დასდო ბრალი და მისი გადაყენება მოითხოვა. საპასუხოდ, ბრაზილიელმა მოსამართლემ განაცხადა, რომ სოციალური ქსელი სასამართლოს განკარგულების იგნორირებას თუ  გააგრძელებს, მას ყოველდღიურად ჯარიმის სახით 18 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

„სოციალური ქსელი სამართლებრივი ნორმებისაგან თავისუფალი ზონა არ არის. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა მილიარდერებმა გააკონტროლონ სოციალური ქსელები და გათელონ სასამართლო სისტემა, ახდენენ რა სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირებას და ემუქრებიან ჩვენს უწყებებს“, – განაცხადა მოსამართლე მორაესმა.

„ბიბისი“ წერს, რომ სრულიად შესაძლებელია, ამ დავის ფონზე სოციალური ქსელი X-ი ბრაზილიაში საერთოდ დაბლოკონ.

ცნობისთვის, მოსამართლე მორაესმა მანამდეც არაერთხელ შეზღუდა ბრაზილიაში სოციალური ქსელების მუშაობა. ის ასევე იძიებს ბრაზილიაში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომელიც შარშან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერებმა მოაწყვეს, როდესაც ისინი ბრაზილიის კონგრესში, უზენაეს სასამართლოსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. როგორც „ბიბისი“ იუწყება, მოსამართლე ილონ მასკისგან, სავარაუდოდ, იმ ულტრამემარჯვენე მოძრაობებისა და მათი ლიდერების ანგარიშების დაბლოკავს ითხოვდა, რომლებიც შარშან მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებულ მასალას ავრცელებდნენ.