... ... hotnews.ge - მსოფლიო

ტრამპის სისხლის სამართლის საქმის განხილვა 15 აპრილს დაიწყება

15 აპრილს დონალდ ტრამპი გახდება აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგენა. საქმე პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდას ეხება.

დონალდ ტრამპს სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი, თუმცა ეს შეიძლება ერთადერთი იყოს, რომლის სასამართლო პროცესი ნოემბრის არჩევნებამდე დაიწყება.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულებს უწოდებს.

ორშაბათს ადვოკატებთან ერთად სასამართლოში ყოფნის შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმე "არჩევნებში ჩარევად" უნდა განიხილონ.

"ეს სირცხვილია და ჩვენ, რა თქმა უნდა, აპელაციას შევიტან. ამომრჩევლის დაშინებისა და არჩევნებში ჩარევის შემთხვევაა და ეს არ უნდა დავუშვათ", - განაცხადა ტრამპმა.

ნიუ-იორკის სასამართლო პროცესი 25 მარტს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ტრამპის ადვოკატებმა მოსამართლეს მიმართეს, პროცესი 90 დღით გადაედო, რათა საქმეში ახლად აღმოჩენილი გარემოებები განეხილათ. მოსამართლემ მათ 20 დღე მისცა.

მოსამართლე მერჩანმა ორშაბათს მოსმენა გამართა, რომელიც ეხებოდა იმას, იყო თუ არა რაიმე კანონდარღვევა გასულ კვირას, მოულოდნელად, 200 000-ზე მეტი გვერდი დოკუმენტის გამოქვეყნებისას, რომელიც საქმეს ეხებოდა.

სტორმის დენიელსის საქმის საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპმა მისი ადვოკატის დახმარებით დენიელსს 130 ათასი დოლარი გადაუხადა, რათა მასთან სექსუალური კავშირის შესახებ არაფერი ეთქვა. თვითონ გადახდა უკანონო არ ყოფილა, მაგრამ პროკურორები ამბობენ, რომ ის გაფორმებული იყო, როგორც ადვოკატის ხელფასი იურიდიული სამსახურისთვის, რაც შტატში ანგარიშვალდებულების გაყალბებად მიიჩნევა და სისხლის სამართლებრივად ისჯება.

ადვოკატ მაიკლ კოენს აღნიშნულ საქმეზე 2018 წელს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ტრამპს, რომელსაც მაშინ პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, ოფიციალური ბრალი არ წაუყენეს.

გარდა ამისა ტრამპს სამ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. საიდუმლო დოკუმენტების შენახვის საქმის პროცესი მაისშია ჩანიშნული, ხოლო ჯორჯიის შტატის ხელისუფლება ამ შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე განხილვის დაწყებას აგვისტოში მოითხოვს.

კიდე ერთი პროცესი არჩევნების შედეგების გასაუქმებლად შეთქმულების მოწყობასა და კაპიტოლიუმზე შტურმში ტრამპის როლს გულისხმობს.

ღაზის სექტორში შეწყდეს ცეცხლი და მძევლები უპირობოდ გათავისუფლდნენ - გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია

გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-მა ვეტოს უფლება არ გამოიყენა და თავი შეიკავა კენჭისყრის დროს.

ომის დაწყების შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით.

არაფერი მიუთითებს უკრაინის მონაწილეობაზე მოსკოვის მახლობლად განხორციელებულ ტერაქტში - ევროკავშირი

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ არაფერი მიუთითებს უკრაინის მონაწილეობაზე მოსკოვის მახლობლად განხორციელებულ ტერაქტში, რომლის გარშემოც კრემლი სპეკულაციას თესავს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ სრულიად უარვყოფთ ამ ბრალდებებს. არ არსებობს არანაირი ნიშანი, არანაირი მტკიცებულება, რომ უკრაინა რაიმე კავშირშია ამ ტერაქტთან“, - აღნიშნა პიტერ სტანომ.

მან მოუწოდა რუსეთის მთავრობას, არ გამოიყენოს ტერაქტი უკრაინის წინააღმდეგ უკანონო აგრესიის გაძლიერების საბაბად.

ოკუპანტებმა ორი ბალისტიკური რაკეტით კიევზე საჰაერო იერიში მიიტანეს

დღეს, 25 მარტს ოკუპანტებმა ოკუპირებული ყირიმიდან კიევზე ორი ბალისტიკური რაკეტით კიევზე იერიში მიიტანეს. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ორივე რაკეტა განადგურებულია. შეტევა დაახლოებით 10:30 საათზე დაიწყო. 

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რომ დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობა. მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების სამსახურები დედაქალაქის რამდენიმე უბანში არიან გადანაწილებული. 

ბოლო მონაცემებით, ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. დედაქალაქის ხელისუფლება იტყობინება, რომ რაკეტის ნამსხვრევები კიევის რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა. 

ერევანში შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის შენობაში შეჭრა სცადეს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის შენობაში შეჭრა სცადეს. განყოფილებასთან აფეთქებების ხმა ისმოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შედეგად ორი თავდამსხმელი დაშავდა. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული.

რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე პირი დააკავეს. დაჭრილები სამედინიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.

მომხდარის მოტივი უცნობია, თუმცა გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო.

"კროკუს სიტი ჰოლზე" შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილებს პატიმრობა შეუფარდეს

24 მარტს ღამით მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დააპატიმრა მოსკოვის გარეუბანში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ოთხი პირი. 22 მარტის ტერაქტს 137 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 182 დაშავდა.

დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდეს, მუჰამადსობირ ფაიზოვს და შამსიდინ ფარიდუნის სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ ტერორიზმის ბრალდებით. პატიმრობის შესახებ სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

ეჭვმიტანილები ბასმანის სასამართლოს დარბაზებში ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს. მირზოევს კისერზე ჰქონდა ცელოფნის პარკის ნაჭრები, რომელიც სახის დასაფარად გამოიყენეს. რაჩაბალიზოდეს დაკავებისას ყური მოაჭრეს. თავის ეს მხარე არ არის ნაჩვენები სასამართლოში გადაღებულ ფოტოებზე. სასამართლომ განაცხადა, რომ ორივემ აღიარა დანაშაული.

ბრალდებულებს დაუნიშნეს თარჯიმანი, ვინაიდან ორმა მათგანმა რუსული არ იცის. გამოძიებამ მოითხოვა, სხდომები დახურულ რეჟიმში გაიმართოს გამოძიების საიდუმლოდ დაცვისა და პროცესის მონაწილეთა და მათი ახლობლების უსაფრთხოების დაცვის მოტივით.

პროცესის იმ ნაწილიდან, რომელიც არ იყო დახურული, ცნობილია, რომ მირზოევი რეგისტრირებული იყო რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში. ის 32 წლისაა, დაქორწინებულია და ჰყავს ოთხი შვილი, მათ შორის წელიწად-ნახევრის ტყუპები. მუროდალიმ თქვა, რომ არის 30 წლის, ცოლიანი და ჰყავს შვილი.

შამსიდინ ფარიდუნმა სხდომაზე თქვა, რომ ის არის 25 წლის, დაქორწინებული, დარეგისტრირებულია მოსკოვის მახლობლად, კრასნოგორსკში, სადაც მდებარეობს „კროკუს სიტი ჰოლი“. მუშაობდა პარკეტის ქარხანაში. ჰყავს რვა თვის შვილი. კითხვების უმეტესობას თარჯიმნის გარეშე უპასუხა.

შებოჭილი და მუხლებზე მდგომი ფარიდუნის დაკითხვის ვიდეო გამოჩნდა ომის მომხრე საჯარო ჯგუფებში. ვიდეოში ის ამბობს, რომ მას ხალხის დახოცვაში 500 ათასი რუბლი შესთავაზეს. მოგვიანებით გამოჩნდა ფოტო, სადაც მას სავარაუდოდ ელექტროშოკით აწამებდნენ.

მეოთხე ბრალდებული, 19 წლის მუჰამედსობირ ფაიზოვი, სასამართლო დარბაზში ბორბლებიანი საკაცით შეიყვანეს. მას შიშველ ტანზე სამედიცინო ხალათი ეცვა. გუშინ ის იმყოფებოდა რეანიმაციაში, სადაც ჩაუტარდა დაკითხვა. დაკავებისას მას თვალი ამოუგდეს ბუდიდან. აცხადებენ, რომ მან შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწია.

ფაიზოვი ქალაქ ივანოვოში მუშაობდა საპარიკმახეროში. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ქალაქში პოპულარული პარიკმახერი იყო. მოსამართლე ტიმურ ვახრამეევმა ბრალდებულის თანმხლები ექიმებიც კი გაათავისუფლა მისი დაკავების შესახებ სხდომიდან.

გამოძიებას არ დაუსახელებია დანაშაულის სავარაუდო მოტივი. მანამდე საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმისთვის. საქმეზე სულ 11 ადამიანია დაკავებული. დანარჩენი დაკავებულების შესახებ არაფერია ცნობილი.

 

 

 

 

წყალდიდობა და მეწყერი ბრაზილიაში დაიღუპა, სულ მცირე, 25 ადამიანი

ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც DW წერს, შემთხვევა ესპირიტუ-სანტსას შტატსა და ქალაქ რიო დე ჟანეიროში მოხდა.

განადგურებულია 270-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ევაკუირებულია 5 400-ზე მეტი ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ათობით ჯარისკაცი და მეხანძრე-მაშველია ჩართული და კვლავ გრძელდება.

ნიგერიაში გატაცებული 300-მდე მოსწავლე გაათავისუფლეს

ნიგერიაში გატაცებული 300-მდე მოსწავლე გაათავისუფლეს. ამის შესახებ კადუნას შტატის გუბერნატორმა, უბა სანიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

"კურიგას სკოლის გატაცებული ბავშვები უვნებლად გაათავისუფლეს..." -განაცხადა უბა სანიმ, მაგრამ მას გათავისუფლების დეტალები არ დაუკონკრეტებია. მან ასევე მადლობა გადაუხადა ნიგერიის პრეზიდენტს ბოლა ტინუბუს და თქვა: "მთელი ამ დროის განმავლობაში ის ჩვენთან ერთად მუშაობდა ბავშვების უსაფრთხოდ დასაბრუნებლად."

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებულმა ბანდიტებმა, 7 მარტს, სკოლიდან 300-მდე მოსწავლე გაიტაცეს. გასულ კვირას გამტაცებლებმა, გათავისუფლების სანაცვლოდ 1 მილიარდი ნაირა (620 000 აშშ დოლარი) გამოსასყიდი მოითხოვეს.

"პუტინი პათოლოგიური მატყუარაა" - კულება

"პუტინი პათოლოგიური მატყუარაა", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს და მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით პუტინის განცხადებას ეხმაურება.

"პუტინმა იცრუა 1999 წელს კორპუსში მომხდარი აფეთქებების შესახებ, ასევე, 2000 წელს „კურსკის“ კატასტროფაზე, 2004 წელს ბესლანის სკოლის ალყაზე, პოლიტკოვსკაიას, მაგნიტსკის, ნემცოვის და ბევრი სხვა კრიტიკოსის მკვლელობების შესახებ, უკრაინაში შეჭრის გეგმებსა და სხვა...

პუტინი პათოლოგიური მატყუარაა, მათ შორის ახლაც, როდესაც სასოწარკვეთით ცდილობს, უკრაინა ან სხვა დასავლური ქვეყნები მოსკოვის მახლობლად განხორციელებულ მასობრივ სროლას დაუკავშიროს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ასეთი ბრალდებების დასადასტურებლად..

ნუ დაუშვებთ, რომ პუტინმა და მისმა მიმდევრებმა მოგატყუონ. მათი ერთადერთი მიზანია მეტ რუსს მისცენ მოტივაცია იმისთვის, რომ დაიხოცონ უკრაინის წინააღმდეგ უაზრო და კრიმინალურ ომში და აღძრან კიდევ უფრო მეტი სიძულვილი სხვა ერების, არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ მთელი დასავლეთის მიმართ“, - წერს კულება.

"დამნაშავეებმა მიმალვა სცადეს და უკრაინისკენ დაიძრნენ" | პუტინის პირველი განცხადება თავდასხმაზე, თითქმის 20 საათის შემდეგ
პუტინმა 24 მარტი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა, მიუსამძიმრა თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს თავდასხმას "ბარბაროსული ტერორისტული აქტი" უწოდა. მადლობა გადაუხადა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს, მეხანძრეებსა და მაშველებს.

პუტინის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა რეგიონში, შემოღებულ იქნა დამატებითი ანტიტერორისტული და ანტიდივერსიული ღონისძიებები. 

კათოლიკური, სომეხთა და ლუთერული ეკლესიები ბზობას აღნიშნავენ

დღეს საქართველოს კათოლიკური ეკლესია, სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ბზობას დღესასწაულობენ.

ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„ბზობა ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას განასახიერებს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, სიხარულსა და მშვიდობას გისურვებთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რუსეთში დღეს გლოვის დღეა

რუსეთში „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ.

24 მარტის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

გლოვის დღის აღსანიშნავად ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია და კულტურულ დაწესებულებებს გასართობი ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია აქვთ მიცემული. ამასთან, ტელეარხებზე უარს ამბობენ სარეკლამო და გასართობ პროგრამებზე.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა.

"კონგრესის მუშაობა არ დასრულებულა" - ბაიდენმა $1.2-ტრილიონიანი ბიუჯეტის კანონს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა 1.2 ტრილიონი დოლარის ოდენობის ბიუჯეტს და წარმომადგენელთა პალატას შეახსენა, რომ უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარების კანონი მიიღონ.

მანამდე აშშ-ს სენატმა საბიუჯეტო დაფინანსების კანონი მიიღო, რითაც ქვეყნის მთავრობა სექტემბრამდე დაფინანსდება.

"მინდა მკაფიოდ განვაცხადო - კონგრესის მუშაობა არ დასრულებულა. წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს ორპარტიული კანონი უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დამატებით დაფინანსებაზე...", - თქვა ბაიდენმა.

მისივე თქმით, კანონი, რომელსაც ხელი მოაწერა აგრძელებს მთავრობის მუშაობას, რესურს დებს ამერიკელ ხალხში, აძლიერებს ეკონომიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას.

"ეს შეთანხმება არის კომპრომისი, რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთმა მხარემ არ მიიღო ყველაფერი, რაც უნდოდა", - აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.

კანონპროექტი ეხება მთავრობის კრიტიკული ოპერაციების, მათ შორის თავდაცვის, შიდა უსაფრთხოების, შრომის, ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების, განათლების, სახელმწიფო და საკანონმდებლო ორგანოების დეპარტამენტების დაფინანსებას.