... ... hotnews.ge - საქართველო წარმატებით ახერხებს როგორც საკუთარი ეროვნული და რელიგიური იდენტობის, ისე ტრადიციული ღირებულებების დაცვას - პრემიერი

საქართველო წარმატებით ახერხებს როგორც საკუთარი ეროვნული და რელიგიური იდენტობის, ისე ტრადიციული ღირებულებების დაცვას - პრემიერი

საქართველო დღემდე არსებითად წარმატებით ახერხებს როგორც საკუთარი ეროვნული და რელიგიური იდენტობის, ისე ტრადიციული ღირებულებების დაცვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ე.წ. ლიბერალები ასევე ებრძვიან ქვეყნის იდენტობის ისეთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს, როგორიც სახელმწიფო სუვერენიტეტია. 

„პროცესები თუ იმ მიმართულებით წარიმართა, რა მიმართულებითაც დღემდე წარიმართება, სახელმწიფო სუვერენიტეტს მალე უკვე ფორმალურადაც ზუსტად ისეთივე მიუღებელ ღირებულებად გამოაცხადებენ, როგორადაც დღეს ქვეყნის ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას გვიცხადებენ.
საქართველო დღემდე არსებითად წარმატებით ახერხებს როგორც საკუთარი ეროვნული და რელიგიური იდენტობის, ისე ტრადიციული ღირებულებების დაცვას. თუმცა, ჩვენს წინაშეც ურთულესი გამოწვევები დგას. ე.წ. ლიბერალები აქტიურად ცდილობენ, ქართულ საზოგადოებაში საკუთარი იდეოლოგია გაავრცელონ და სახელმწიფოს და საზოგადოების საფუძვლები შეარყიონ.
ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, ჩვენ საქართველოს პარლამენტში დავაინიცირეთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად. კანონპროექტი კრძალავს ერთსქესიანი სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას, ერთნაირსქესიანი ან პოლიგამიური წყვილის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანას, ადამიანის სქესის შეცვლას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, გარდა ქალისა და მამაკაცისა, სქესის შესახებ რაიმე სხვა ჩანაწერის შეტანას, ერთსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთსქესიანი წყვილის მიერ შვილის აყვანის და სქესის შეცვლის პოპულარიზაციას.  
გვაქვს დიდი იმედი, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას წარმატებით დაუპირისპირდება და ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, ყველასთვის მისაბაძია უნგრეთის პრინციპულობა ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. 

„უნგრეთის ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მტკიცედ დგანან უნგრეთის ეროვნული და რელიგიური იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე. მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, თქვენ არ დაუშვით უნგრეთში მიგრანტების უკონტროლო შემოსვლა, რითაც ქვეყანას შეუნარჩუნეთ მყარი ეროვნული იდენტობა. თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანობისა და ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე. თქვენ მტკიცედ უპირისპირდებით ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას, რათა არ დაუშვათ ბავშვებზე და ახალგაზრდებზე მავნე ზემოქმედება და მათი მორალური ღირებულებების შერყევა. თქვენ მყარად იცავთ უნგრეთის სახელმწიფო სუვერენიტეტს, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და რეალიზების აუცილებელი პირობაა. უნგრეთი და მისი ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არიან მისაბაძი მაგალითი ყველასთვის, ვისთვისაც სიტყვა სამშობლოს და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს. შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს ვარ თქვენი სტუმარი და თქვენთან ერთად ჩვენს საერთო ღირებულებებზე მსჯელობის შესაძლებლობა მაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

YOU MAY LIKE