... ... hotnews.ge - 8 აპრილს პარლამენტთან აქცია "არა რუსულ კანონს - თავისუფლება ლაზარეს!" გაიმართება

8 აპრილს პარლამენტთან აქცია "არა რუსულ კანონს - თავისუფლება ლაზარეს!" გაიმართება

8 აპრილს თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო და ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობები აცხადებენ, მონაწილეები ერთმანეთის პარალელურად: პარლამენტთან და სასამართლოს შენობასთან შეიკრიბებიან.

"ორშაბათს, 8 აპრილს, პარლამენტში ხელახლა იწყება რუსულ კანონთან დაკავშირებული პროცედურები. ამავე დღეს, ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი გაიმართება. ჩვენ პარლამენტთანაც და სასამართლოსთანაც ისტორიის სწორ მხარეს დავდგებით!

2023 წლის მარტში ქართველმა ხალხმა უკან დაახევინა ხელისუფლებას, რომელსაც განზრახული ჰქონდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შევიწროება და საქართველოს რუსულ ორბიტაზე მონიშვნა. მარცხით გაბრაზებულმა ხელისუფლებამ მალევე გადაწყვიტა, რომ შეერჩია და სამაგალითოდ დაესაჯა მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი. ამის პარალელურად კი, მან ქართველი ხალხის უმთავრესი მონაპოვრის, ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად გაწეული შრომის და კანდიდატის სტატუსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება გადაწყვიტა.

ორშაბათს, 14:00 საათზე, ჩვენ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ კავშირი იმ პროცესებს შორის, რომელიც პარალელურად ვითარდება პარლამენტსა და სასამართლოში! გთავაზობთ, რომ გადავნაწილდეთ და შევიკრიბოთ როგორც პარლამენტის უკან, ასევე სასამართლოს წინ! 1989 წლის 9 აპრილიდან 35 წლის შემდეგ, ქართველ ხალხს ისევ უწევს ბრძოლა რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ. ერთად დავიცვათ 9 აპრილის გმირების მონაპოვარი და არ დავუშვათ საქართველოს რუსეთიზაცია!", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

YOU MAY LIKE