... ... hotnews.ge - კრიმინალი

უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც 3 500 000-მდე ლარის თანხა გაათეთრა, 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო და მას 1 100 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა.

როგორც უწყება წერს, მსჯავრდებულმა სხვა პირებთან ერთად, შექმნა საერთაშორისო საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული პლატფორმა "FORSAGE", რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პირამიდის პრინციპით მოქმედებდა და ნაცვლად რეალური საინვესტიციო პროდუქტის შეთავაზებისა, დაზარალებულებს ყალბი დაპირებების გზით, ფულადი ინვესტიციების სანაცვლოდ სხვადასხვა ოდენობით სარგებელს ჰპირდებოდნენ.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, შექმნა საერთაშორისო საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული პლატფორმა „FORSAGE“, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პირამიდის პრინციპით მოქმედებდა და ნაცვლად რეალური საინვესტიციო პროდუქტის შეთავაზებისა, დაზარალებულებს ყალბი დაპირებების გზით, ფულადი ინვესტიციების სანაცვლოდ სხვადასხვა ოდენობით სარგებელს ჰპირდებოდნენ.

2020 – 2022 წლებში, მასშტაბური თაღლითური სქემის მეშვეობით, რომელსაც სტრუქტურულად მოქმედი მაღალპროფესიონალი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მართავდა, დამფუძნებლებმა პლატფორმაზე დაახლოებით 340 000 000 აშშ დოლარის კაპიტალიზაცია მოახდინეს, რის შემდგომაც თაღლითურ პირამიდულ სქემაში მაღალ პოზიციებზე მყოფი პირები თანხის მნიშვნელოვან ნაწილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და პლატფორმა გააუქმეს.

მოცემულ ფაქტზე, დანაშაულში მონაწილე რამდენიმე პირს ბრალდება ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ კომპიუტერული თაღლითობისთვის წარედგინათ.

თანხების მოტყუებით დაუფლების შემდგომ, დანაშაულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხების წარმომავლობის დაფარვისა და მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ეტაპობრივად საქართველოში შემოიტანა დაახლოებით 3 500 000 ლარის ექვივალენტი თანხა და დანაწევრებით განათავსა პირად და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე, რითაც მათთვის კანონიერი სახის მიცემა მოახდინა. 

შემდგომში, მსჯავრდებულმა განახორციელა ხსენებული თანხის ნაწილის ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში გაშვება, მათ შორის შეიძინა ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები.

სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით შეძენილი დაახლოებით 1 100 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები: კერძოდ, თბილისში, ვაკის რაიონში მდებარე ორი ძვირადღირებული საცხოვრებელი ბინა, ხუთი ავტოფარეხი და „LEXUS“-ის მარკის ავტომანქანა," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

რეგიონებში 19 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში გადატარებული ღონისძიებების შედეგად, რეგიონებში 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლინდა.

"11 ერთეული ცირკული და 1 ერთეული ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 3 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს. 2 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 1 ერთეული სახერხი საამქრო დაილუქა ქალაქ ხაშურში, ხოლო ბოლნისში მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში 1 ერთეული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო ჰქონდა მოწყობილი.

დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები და მათზე განთავსებული, ჯამში, 27 ერთეული მორი და 3 კუბურ მეტრზე მეტი ფიცარი დაილუქა. ვინაიდან, ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა," - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა აღნიშნავს, წელს, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 51 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა. 

ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა

ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ქალს სანადირო თოფიდან ესროლა. 

პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო.

"კრიმინალური ავტორიტეტი" ზაქარია (შაქრო) კალაშოვი საპატიმროს ტოვებს

რუსული მედიის ცნობით, კრასნოდარის მხარის სასამართლომ დააკმაყოფილა საპატიმროდან ზაქარია (შაქრო) კალაშოვის ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობა. გამოცემა „ჟიზნის“ თანახმად, შუამდგომლობა 70 წლის "კრიმინალური ავტორიტეტის" ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა.

ზაქარია კალაშოვი, იგივე „შაქრო მალადოი“, მოსკოვის სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დამნაშავედ 2018 წელს ცნო და 9 წლით და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას პატიმრობის ვადა 2026 წელს ეწურებოდა. ის 2016 წელს დააკავეს.

„კრიმინალური ავტორიტეტი,“ რომელიც თბილისშია დაბადებული, დამნაშავედ ცნეს მოსკოვის რესტორნის, Elements-ის მფლობელისთვის რვა მილიონი რუბლის გამოძალვაში. სასამართლომ დამნაშავედ აღიარა კალაშოვის თანაშემწედ ცნობილი ანდრეი კოჩუიკოვიც, მეტსახელად „იტალიელი“ და რვა წლით და ათი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

კალაშოვის სახელს უკავშირდებოდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში არსებული კორუფციის რეზონანსული საქმეც. ერთ-ერთი საქმის გამოძიების შეწყვეტის სანაცვლოდ „კრიმინალური ავტორიტეტისგან“ ქრთამის აღებაში ბრალდებული იყო საგამოძიებო კომიტეტის სამი მაღალჩინოსანიც, რომლებიც 2016 წლის ივლისში დააკავეს. ზაქარია კალაშოვი რუსეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერად ითვლება. სტატია სრულად იხილეთ აქ

სიღნაღში, მამის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის კაცს 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სოფელ ანაგაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის კაცს სასამართლომ 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

განაჩენი თელავის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა. მსჯავრდებული დანაშაულს აღიარებდა, თუმცა ამტკიცებდა, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ის სასამართლო პროცესებზე აცხადებდა, რომ მამა ემუქრებოდა და თავი დაიცვა. 

როგორც ადვოკატი ლალი ჩაველაშვილი განმარტავს, დაცვის მხარე თავიდანვე აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილ მკვლელობაზე საუბრობდა. უფლებადამცველი ახლა განაჩენის გასაჩივრებასა და საქმისათვის კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვს.

სასამართლომ არ გაიზიარა  დაცვის მხარის არგუმენტები და პროკურატურის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ახალგაზრდა კაცი მამის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მკვლელობა 2023 წლის 4 ივლისს მოხდა.

წარსულში ნასამართლევმა და  პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა 21 წლის  ახალგაზრდამ 51 წლის მამა დანით მოკლა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობდა.

სპეცოპერაცია სამ დიდ ქალაქში - ნარკოდანაშაულისთვის ცხრა პირი დააკავეს

სპეცოპერაციების სერია თბილისში, იმერეთსა და აჭარაში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

უწყების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდა. 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებულების საცხოვრებელი ბინების და ფერმის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, „ექსტაზი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული მ.ს., 1994 წელს დაბადებული ა.ბ., 2001 წელს დაბადებული პ.ი., 2000 წელს დაბადებული ჰ.ბ, 1992 წელს დაბადებული ა.ი. 1991 წელს დაბადებული ი.დ., 2000 წელს დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევები: 1988 წელს დაბადებული ზ.ღ., 1984 წელს დაბადებული მ.თ.

„დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.ს.-ს სხეულით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 300 გრ. „ჰეროინი“ შემოჰქონდა, ხოლო, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებულების - ი.დ.-ს, ზ.ღ.-ს და მ.თ.-ს პირადი, საცხოვრებელი ბინების და ფერმის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, „ექსტაზი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეების პ.ი.-ს და ჰ.ბ-ს პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და „პსილოცინი“ ამოიღეს.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ბ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად, ლოკაციებზე სარეალიზაციოდ განსათავსებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები „კოკაინი“, „მდმა“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“ და „ლსდ“ ამოიღეს, ხოლო, ბრალდებული გ.ა.-ს ჩხრეკისას, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომელიც მან ინტერნეტაპლიკაციის საშუალებით შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინა და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ა.ი.- ს დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას თავის დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურში ახდენდა.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე, 265-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ტრაგედია ჭიათურაში - სოფელ ნიგოზეთში კაცი ხევში გადაიჩეხა და დაიღუპა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მამაკაცი ხევში გადაიჩეხა და დაიღუპა. როგორც "მთავარ არხს " ადგილობრივებმა განუცხადეს, შემთხვევა სოფელ ნიგოზეთში მოხდა. 

კაცს ოჯახი და მაშველები გუშინდელი დღიდან ეძებდნენ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ცხედარი ცოტა ხნის წინ ამოასვენეს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ვინ სცნეს დამნაშავედ ნაფიცმა მსაჯულებმა როინ შავაძის საქმეზე

ნაფიცმა მსაჯულებმა სამხედრო მოსამსახურის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნეს.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.

მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე, რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა.

იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ - ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს.

აჭარისა და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ: უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, როინ შავაძის მკვლელობის შემდგომ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს. ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა. კერძოდ ,,მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ, სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.

ჩატარებული გამოძიებით, უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს. აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ როინ შავაძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბრიგადის სერჟანტის წოდებით. 2005-2006 წლებში მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის დაჯილდოვდა მედლით. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გამოეცხადა მადლობა. როინ შავაძეს ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებულები წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ კი, მათ სასჯელის სახით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დანიშნული სასჯელი ამნისტიის შესახებ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

საზოგადოებას შევახსენებთ რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით.

ინფორმაციას პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ბოლო 1 თვეში, "სარფისა" და "სადახლოს" საბაჟოებზე 25 873 ლარის არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ბოლო ერთ თვეში, "სარფისა" და "სადახლოს" საბაჟო გამშვებ პუნქტებში საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, 219,39 გრამის არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები ამოიღეს. 

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 25 873,98 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 25 873,98 ლარის ოდენობით განესაზღვრა" აცხადებს სამინისტრო.

 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში, კაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში, 50 წლამდე ასაკის მამაკაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა. დანაშაული რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები შემთხვევის დროს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებული 40 წლამდე ასაკის მამაკაცია.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

20 წლის კაცმა მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური კადრები FB-ზე გაავრცელა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, 20 წლის კაცმა, მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა და გავრცელების მუქარით, უსიტყვო მორჩილება და კონკრეტული ქმედებების შესრულება, მათ შორის, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების გადაგზავნა და დაზარალებულის სოციალურ ქსელ Facebook-ის პაროლის გადაცემა მოსთხოვა.

გარდა ამისა, მან Facebook-ის ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, მისი მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ბრალდებული სოციალურ ქსელ „Facebook”-ის ყალბი გვერდის გამოყენებით დაუკავშირდა დაზარალებულს და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების მუქარით, უსიტყვო მორჩილება და კონკრეტული ქმედებების შესრულება, მათ შორის, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების გადაგზავნა და დაზარალებულის სოციალურ ქსელ „Facebook”-ის პაროლის გადაცემა მოსთხოვა.

გარდა ამისა, იგი პირადად უკავშირდებოდა დაზარალებულს და სთხოვდა ჰქონოდათ სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, დაზარალებული ქალის დაკნინების მიზნით, სოციალურ ქსელ „Facebook”-ის ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა", - წერია განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ასევე მხილებულია 2 000 წელს დაბადებული ქალი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს, სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის" ყალბი პროფილის გამოყენებით, 2000 წელს დაბადებული ქალი, შურისძიების მოტივით მამაკაცის სახელით მისი ყოფილი მეუღლის დას გაეცნო და ნდობა მოიპოვა. დაზარალებულმა მითითებულ ყალბ პროფილზე ყოფილ რძალს, რომელიც მამაკაცის სახელით, ყალბი პროფილით ესაუბრებოდა, თავისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. ბრალდებულმა, ამ გზით, მოტყუებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რომლებიც შემდგომ სახელის გატეხის მიზნით დაზარალებულის ნათესავებთან გაავრცელა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ბრალდებული ქალის პირადი ჩხრეკისას, მობილურ ტელეფონიდან ამოღებულ იქნა დაზარალებულის შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა", - წერს უწყება.

დანაშაულში მხილებულ ქალს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქალმა ყოფილ მულს შიშველი ფოტოები ნათესავებში გაუვრცელა - საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2000 წელს დაბადებული ქალი ამხილეს. უწყება ამბობს, რომ ის "ინსტაგრამზე", კაცის სახელით მისი ყოფილი ქმრის დას გაეცნო.

დაზარალებულმა ქალმა მას თავისის შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეო გაუგზავნა, ბრალდებულმა კი ეს ნათესავებთან გაავრცელა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ ყალბი პროფილის გამოყენებით, 2000 წელს დაბადებული ქალი, შურისძიების მოტივით მამაკაცის სახელით მისი ყოფილი მეუღლის დას გაეცნო და ნდობა მოიპოვა. დაზარალებულმა მითითებულ ყალბ პროფილზე ყოფილ რძალს, რომელიც მამაკაცის სახელით, ყალბი პროფილით ესაუბრებოდა, თავისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. ბრალდებულმა, ამ გზით, მოტყუებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რომლებიც შემდგომ სახელის გატეხის მიზნით დაზარალებულის ნათესავებთან გაავრცელა", - წერია უწყების განცხადებაში.

დანაშაულში მხილებულ ქალს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე წარედგინა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.