... ... hotnews.ge - კრიმინალი

ბათუმში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, ის დაიღუპა

ბათუმში მანქანის დაჯახების შედეგად სამი წლის ბავშვი დაიღუპა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გარდაბანში კაცმა თანასოფლელი ცივი იარაღით მოკლა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს 1988 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დ.ა. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

სროლა წყალტუბოში - დაჭრილია ერთი პირი

სროლა წყალტუბოში - ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტერიტორია ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. 

იტალიაში მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით ქართველი დააკავეს

იტალიაში, სან დორლიგო დელა ვალეში დააკავეს ქართველი, რომელიც მიგრანტები უკანონოდ გადაყვანაშია ეჭვმიტანილი.

იტალიური მედიის ინფორმაციით, პოლიცია აედევნა ეჭვმიტანილს, რა დროსაც ქართველმა მანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავარდა. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ცნობილია, მიგრანტებმა გაქცევა შეძლეს და მათ პოლიცია ეძებს. 

ყალბი ცნობა, 2000 დოლარის სანაცვლოდ - დაკავებულია რუსთავის N1 პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. უწყება ამბობს, რომ "რუსთავის N1 პოლიკლინიკის" დირექტორმა და ამავე კლინიკის ექიმმა ეგვიპტის მოქალაქეს, რომელიც დეპორტაციას ექვემდებარებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა დაუმზადეს - 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო სამკურნალო დაწესებულება შპს „ქ. რუსთავის N1 პოლიკლინიკის“ დირექტორმა ი.ნ-მ და ამავე პოლიკლინიკის ექიმმა მ.წ-მ, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბინადრობის უფლების ვადის გასვლის გამო დეპორტაციას ექვემდებარებოდა, 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, ფორმა N100, რომელშიც დააფიქსირეს სხვადასხვა არარსებული დაავადება, რაც ხელს შეუშლიდა შესაბამის სამსახურებს განეხორციელებინათ პირის ქვეყნიდან გაძევება", - წერია განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

უწყება ამბობს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე.

ქუთაისში, ადვოკატი ჟურნალისტის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის და ადევნების ბრალდებით დააკავეს

ქუთაისში, იურისტი ჟურნალისტის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის და ადევნების ბრალდებით დააკავეს

„რუსთავი2-ის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში იურისტი ლევან ჭელიძე დააკავეს.

მას გამოცემა "ქუთაისი თუდეის" ხელმძღვანელის, ჟურნალისტ სერგი ჩივაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობისა და ადევნების ფაქტზე წარუდგინეს ბრალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ გამოძიება 115-ე და 151-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ბათუმში მანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა

ბათუმში, ხალვაშის გამზირზე, ავტომანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებული არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, დაწყებულია გამოძიება.

ყოფილი პარტნიორი ქალის ინტიმური ფოტოების გავრცელების ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების Telegram-ის ჯგუფში გავრცელების საქმეზე 27 წლის კაცი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ ახალგაზრდა ქალთან. დაშორების შემდეგ კი ეჭვიანობის ნიადაგზე, როგორც განცხადებაში წერია, მან ქალს ინტიმური ფოტოები გაუვრცელა.

„დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა. 2024 წლის მარტში, დაზარალებულმა ქალმა ბრალდებულთან დაშორების შემდეგ, სოციალურ ქსელ „Instagram”-ზე განათავსა მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო, რის გამოც ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე დაურეკა მას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, იმავე დღეს დაზარალებული ქალისთვის ცნობილი გახდა რომ მისი ინტიმური ფოტოები, რომლის წაშლაც ბრალდებულს მოსთხოვა, სოციალურ ქსელ „Telegram”-ის ერთ-ერთ ჯგუფში იყო გავრცელებული. დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, მათ შორის, ნანახი იქნა 2500 მომხმარებლისგან შემდგარი სოციალურ ქსელ „Telegram”-ის ის ჯგუფი, სადაც ბრალდებულმა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოები გაუვრცელა“, - ვკითხულობთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

კაცი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით. დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების პარალელურად, მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს სხვადასხვა ტერიტორიის მიმართულებით, რაც აფერხებს საავტომობილო მოძრაობას. ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით ხდებოდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა. ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ. გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, გარდა ამისა, ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელს უშლის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის თანახმად, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა. აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ამავე კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა -267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს.
სამართალდამცველებმა ს.ჩ. და ჰ.ე. ბრალდებულის სახით დააკავეს.
დიდი ოდენობით, ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მისი შეწყალების გადაწყვეტილება განაჩენის გამოცხადების დღესვე მიიღო. შეწყალების ოქმის გამოსაცემად მას სჭირდება განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად კი მოსამართლე ზვიად შარაძემ 14-დღიანი ვადა აიღო. 

"განაჩენი უკვე დაცვის მხარეს აქვს, შესაბამისად, დიდი ალბათობით, პრეზიდენტმა მოაწერა თუ არა ხელი ვერ გეტყვით, მაგრამ განაჩენი დასაბუთებული არის მზად და დიდი ალბათობით ლაზარე დღეს დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. ღამის 12 საათამდე აქვს პენიტენციურს დრო, შესაბამისად, როგორც კი გვეცოდინება რაიმე სიახლე, აუცილებლად გაცნობებთ", - ამბობს ადვოკატი, ლიკა ბითაძე. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, 12 აპრილს, მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ. ბრალდებული სადავო მიწის ნაკვეთის მისაკუთრებას ცდილობდა, რასაც მეზობელი არ თანხმდებოდა. წარმოშობილი უთანხმოების გამო 2023 წლის 3 სექტემბერს ბრალდებულმა ფერმიდან სანადირო თოფი გამოიტანა და ახალგაზრდა კაცს მოულოდნელად ესროლა, მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა", - წერია უწყების განცხადებაში.