... ... hotnews.ge - მადრიდში „სპორტული ოსკარების“ გადაცემის ცერემონია გაიმართა

მადრიდში „სპორტული ოსკარების“ გადაცემის ცერემონია გაიმართა

მადრიდში გაიმართა Laureus-ის პრემიის გადაცემის ყოველწლიური ცერემონია. ამ ჯილდოს არაოფიციალურად „სპორტულ ოსკარს“ უწოდებენ და ის წლის შედეგების მიხედვით საუკეთესო სპორტსმენებს ენიჭებათ.

ნომინაციაში „წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი“ გაიმარჯვა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მან უკან ჩამოიტოვა ფეხბურთელები ლიონელ მესი და ერლინგ ჰალანდი, მონდო დუპლანტისი (მძლეოსნობა), ნოა ლაილსი (მძლეოსნობა) და მაქს ფერსტაპენი (ფორმულა 1).

გასულ სეზონში ჯოკოვიჩმა „დიდი სლემის“ ოთხი ტურნირიდან სამი მოიგო და მხოლოდ უიმბლდონის ფინალში დამარცხდა ესპანელ კარლოს ალკარასთან.

ნოვაკი კარიერაში მეხუთედ გახდა „სპორტული ოსკარის“ მფლობელი.

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი გახდა „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი აიტანა ბონმატი. მან ამ ნომინაციაში გაუსწრო იგა შვიოტეკს (ჩოგბურთი), შერიკა ჯექსონს (მძლეოსნობა), მიკაელა შიფრინს (სამთო თხილამურები), ფაიტ კიპიეგონს (მძლეოსნობა) და შა’კარი რიჩარდსონს (მძლეოსნობა).

გასულ წელს ბონმატი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ასევე „ბარსელონას“ შემადგენლობაში მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. 2023 წელს ის „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა.

ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები წლის გუნდად დასახელდა. Laureus-ის ცერემონიის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა „წლის გუნდის“ ნომინაცია ქალთა გუნდმა მოიგო.

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის გარღვევა“, ხოლო ლეგენდარულმა ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ, სიმონა ბაილსმა მოიპოვა „წლის დაბრუნების“ პრიზი. მან ორწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა კარიერა და 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედალი მოიგო.

YOU MAY LIKE