... ... hotnews.ge - რუსმა ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს Microsoft-თან აშშ-ის ხელისუფლების მიმოწერაზე

რუსმა ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს Microsoft-თან აშშ-ის ხელისუფლების მიმოწერაზე

აშშ-ის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო(CISA) იტყობინება, რომ რუსმა ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს Microsoft-ისა და შეერთებული შტატების რამდენიმე ფედერალური სააგენტოს მიმოწერაზე.

ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სააგენტომ დაავალა ფედერალურ სამთავრობო უწყებებს, "დაუყოვნებლივ შეამცირონ მნიშვნელოვანი რისკი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კიბერსაფრთხესთან."

საუბარია ჰაკერული ჯგუფის, Midnight Blizzard-ის მიერ იანვარში განხორციელებულ კიბერშეტევაზე, რომელიც რუსეთთან ასოცირდება. თავდასხმის შედეგად ჰაკერებმა მოახერხეს Microsoft-ის ელექტრონული ფოსტის ანგარიშების გატეხა.

სააგენტომ არ დაასახელა კონკრეტული დეპარტამენტები, რომელთა წერილებიც ჰაკერებმა გატეხეს, მაგრამ აღნიშნა, რომ მათ მიიღეს მიზნობრივი გაფრთხილება.

"ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოქმედებას ჩვენი ფედერალური სისტემებისთვის რისკების შესამცირებლად, - თქვა CISA-ს დირექტორმა ჯენ ისტერლიმ, - რამდენიმე წელია, აშშ-ის მთავრობა რუსეთის მიერ ორგანიზებულ მავნებლურ კიბერაქტივობას დოკუმენტურად სწავლობს. ახლა ამ გრძელ სიას Microsoft-ი ემატება. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ფედერალურ მთავრობასთან და კერძო სექტორში ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, რათა დავიცვათ ჩვენი სისტემები ასეთი საფრთხისგან."

აშშ-სა და ევროპაში სამთავრობო უწყებების წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმები ბოლო დროს გახშირდა. ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე დიდი ასეთი თავდასხმა იყო გერმანიის ბუნდესვერის ოფიცრების საუბრის გაჟონვა ინტერნეტში, რომელშიც ისინი მსჯელობენ ბალისტიკური რაკეტა „Taurus-ის" შესაძლო თავდასხმაზე ყირიმის ხიდზე.

ჩანაწერი რუსეთის Russia Today-ს ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა გამოაქვეყნა 1 მარტს.
საუბრის მონაწილეები განიხილავენ კიევისთვის „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას, რაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჯერჯერობით უარყო.
კანცლერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინფორმაციის შესაძლო გაჟონვა „ძალიან სერიოზულია“.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 3 მარტს განაცხადა, რომ რუსეთს „საინფორმაციო ომი“ აქვს გაჩაღებული, რომლის მიზანი გერმანიის შიგნით უთანხმოების გაღვივებაა.
რუსეთი ჰაკერულ თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფს.

YOU MAY LIKE