ლუვრის ძარცვის შემდეგ, საფრანგეთში კიდევ ერთი მუზეუმი გაქურდეს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 84
პარიზში, ლუვრის მუზეუმიდან ძვირფასი ქვების მოპარვიდან ერთი დღის შემდეგ, ქურდობა საფრანგეთის ჩრდილოეთით მოქმედ პატარა მუზეუმშიც დაფიქსირდა. 20 ოქტომბერს ლანგრში, სასტუმრო ბრული-დე-სენ-ჟერმენის მამულში განთავსებული დენი დიდროს მუზეუმი, რომელიც ჩვეული სამუშაო გრაფიკის მიხედვით ვიზიტორებს არ იღებდა, გაძარცვეს. მუზეუმის ინფორმაციით, წაღებულია ოქროსა და ვერცხლის მონეტები.
ლანგრის მუნიციპალური პოლიციის ინფორმაციით, სამშაბათს დილით მუზეუმის თანამშრომლებმა შენობაში ძალით შეღწევის კვალი და იატაკზე მიმოფანტული ვიტრინის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ძარცვა მიზანმიმართული და წინასწარ დაგეგმილი იყო. მუზეუმი ვიზიტორებისთვის დაკეტილია.
ქურდების მიერ მოპარული მონეტები 2011 წელს აღმოჩენილი თითქმის 2000 ძვირფასი მონეტის ნაწილი იყო, რომლებიც მუზეუმის ხის ნაკეთობებში იპოვეს სახლის სტრუქტურული რემონტის დროს. ფრანგული კანონმდებლობის თანახმად, ასორტიმენტის ნახევარი იმ პირს გადაეცა, ვინც ის აღმოაჩინა, ნაწილი ქალაქის მეურვეობის ქვეშ გადავიდა, ნაწილი კი - მუზეუმის ვიტრინაში გამოიფინა.
ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ექსპერტებმა 1790-დან 1840 წლამდე გამოშვებული მონეტების მთლიანი კოლექცია დაახლოებით 90 000 ევროდ შეაფასეს.
მე-18 საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსის, ხელოვნების კრიტიკოსისა და მწერლის, დენი დიდროსადმი მიძღვნილ "ლუმიერის სახლში" მისი ცხოვრების, შემოქმედების, ჩანაწერების და სხვა პირადი ნივთების კოლექცია ინახება. გამოფენილია ისეთი ნივთებიც, როგორებიცაა საბეჭდი და საზომი ხელსაწყოები, ისევე როგორც მტიცებულება, რომ დიდრო აწარმოებდა კვლევას ენციკოლპედიის პირველი გამოცემისთვის, რომლის თანარედაქტორიც თავად იყო. მუზეუმშივე ვხვდებით განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფოსის სხვადასხვა პორტრეტსა და ბიუსტს.
დიდროს მუზეუმის გაქურდვას წინ უსწრებდა ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ძარცვა, რა დროსაც ქურდებმა ლუვრის მუზეუმიდან 102 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულები მოიპარეს.
No article in the selected categories
