უკრაინამ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ქართული წარმოშობის მიხეილ მამიაშვილი დაასანქცირა

უკრაინამ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ქართული წარმოშობის მიხეილ მამიაშვილი დაასანქცირა

უკრაინამ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ქართული წარმოშობის მიხეილ მამიაშვილი დაასანქცირა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ხელი მოაწერა სულ 5 პირისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას, რაც ითვალისწინებს უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას, აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის აკრძალვას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების მოქმედების შეწყვეტას ან შეჩერებას, ასევე პრივატიზაციასა და სახელმწიფო ქონების იჯარაში მონაწილეობის აკრძალვას.

მამიაშვილის გარდა, სანქცირებულთა სიაშია უკრაინელი იურისტი ანდრი ბოგდანი; უკრაინელი ბიზნესმენი, სანქცირებული ვიქტორ მედვედჩუკის თანამებრძოლი და პარტნიორი ბოგდან პუკიში; რუსი ბიზნესმენი ალან კირიუხინი — სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული გადახდის სისტემის, A7A5-ის საკვანძო მენეჯერი; ასევე, რუსეთის ოლიმპიური სპორტის წარმომადგენელი — სტანისლავ პოზდნიაკოვი.

 "მათმა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა უკრაინის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას" - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებაში.

მიხეილ მამიაშვილი საბჭოთა ოლიმპიური ჩემპიონია. ის უკრაინაშია დაბადებული, თუმცა 1978 წლიდან მოსკოვში ცხოვრობს.