... ... hotnews.ge - „საქართველოს არ ჰყავს უფროსები, საქართველოს ჰყავს სტრატეგიული პარტნიორები“-მამუკა მდინარაძე

„საქართველოს არ ჰყავს უფროსები, საქართველოს ჰყავს სტრატეგიული პარტნიორები“-მამუკა მდინარაძე

ჩვენს პარტნიორებს ვეუბნებით, რომ თქვენ ხართ ჩვენი მეგობრები, ჩვენ - თქვენი, მაგრამ არავინაა ჩვენი უფროსი. საქართველოს არ ჰყავს უფროსები, საქართველოს ჰყავს სტრატეგიული პარტნიორები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ნინო ლომჯარიას შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ღია საზოგადოების ფონდში“ არასამთავრობოების შეკრებისას, იქ მყოფი ლომჯარია მაშველ რგოლს ითხოვდა და ამბობდა - „თუ თქვენგან და ევროპიდან უმძიმესი შეფასებები არ იქნა, ქუჩაში ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ, სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება”.

მდინარაძის თქმით, ეს ნათლად აჩვენებს, რომ ოპოზიციას მხოლოდ გარედან დავალებების მიღების იმედი აქვს, რაც მონური საბჭოთა სტილის დამოკიდებულებაა.

„რადგან ლომჯარია კომენტარს არ აკეთებს, ე.ი. ინფორმაცია რეალურია. რადგან ინფორმაცია რეალურია, ე.ი. რეალურია ისიც, რომ მათ მხოლოდ გარედან დავალებების მიღების იმედი და შემდეგ გარედან რაღაცების დალაგების იმედი აქვთ, იმისთვის, რომ ამან შემდეგ აღაშფოთოს საზოგადოება. სწორედ ამას ვამბობთ, რომ ეს ერთ-ერთმა ელჩმა „დასტარტა“ შარშან. პირველმა მან დაუძახა „რუსული კანონი“ ამერიკულ კანონს. ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანსაც კი დაუძახა „რუსული კანონი“. ევროპელები, დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი. ეს უნდა შევიგნოთ რაღაცნაირად და ეროვნული თავმოყვარეობა მივიყვანოთ იქამდე, რომ შევიგნოთ, რომ ყველაფერი დამოუკიდებლობასთან არის დაკავშირებული. რუსული კი არ არის, ეს არის ქართული თავმოყვარეობიდან გამომდინარე. როდესაც ოპოზიციას რაღაც გაუჭირდება და ეგრევე გარეთ რეკავს, ეს არის მონური, საბჭოთა სტილის დამოკიდებულება. ჩვენ გვაქვს ასეთი დამოკიდებულება - ჯერ ქართული საზოგადოების აზრი და შემდეგ ყველა დანარჩენი. ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვეუბნებით, რომ თქვენ ხართ ჩვენი მეგობრები, ჩვენ - თქვენი, მაგრამ არავინაა ჩვენი უფროსი. საქართველოს არ ჰყავს უფროსები, საქართველოს ჰყავს სტრატეგიული პარტნიორები, მეგობრები. როგორც კი ამას ვლაპარაკობთ „ნაცმოძრაობის“ პარტიები, მედიები არქმევენ ამას რუსულს. უნდა დავიმახსოვროთ, რასაც ესენი რუსულს ეძახიან, ყველაფერი დაკავშირებულია დამოუკიდებლობასთან“, - აღნიშნა მამუკამდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.

YOU MAY LIKE