... ... hotnews.ge - რამდენად უსაფრთხოა სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტები

რამდენად უსაფრთხოა სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტები

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამჯერად სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების უვნებლობით დაინტერესდა. აუდიტის ანგარიში, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 2020-2021-2022 წლებს მოიცავს. სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტები მრავალფეროვანია და მერყეობს ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთებიდან - მსხვილ მანქანა-დანადგარებამდე. ბაზრის ეფექტიანი ზედამხედველობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული პროდუქტები იყოს უსაფრთხო, ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს შესაბამის მარეგულირებელ მოთხოვნებს.

სტრატეგიული და წლიური დაგეგმვის არარსებობა

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ გრძელვადიანი სტრატეგიული და წლიური გეგმების არარსებობის გამო, არ არის განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნები და მკაფიო საოპერაციო ჩარჩო, რასთან მიმართებითაც სააგენტო შეძლებდა ეფექტიანი დეტალური სამოქმედო გეგმების შედგენას და განხორციელებას. გარდა ამისა, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი დაგეგმვის არარსებობის გამო, რთულდება იმ გამოწვევების მართვა, რომლებიც სწრაფად ცვალებად გარემო პირობებში ყალიბდება.

„სააგენტოს 2020, 2021 და 2022 წლების პროგრამულ ბიუჯეტებში მითითებული აქვს საქმიანობის საბოლოო შეფასების ინდიკატორები, თუმცა ზოგადი ხასიათის გამო, ეს არ წარმოადგენს საზედამხედველო საქმიანობის შედეგების შეფასების გაზომვად ინდიკატორებს. საქმიანობის შეფასების კონკრეტული ინდიკატორების გარეშე, სააგენტო ვერ უზრუნველჰყოფს განხორციელებული საქმიანობის ობიექტურ შეფასებას და საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის გაზომვას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს დაგეგმილი აქტივობების განხორციელების მიმართ ანგარიშვალდებულების შემცირება, ასევე სამომავლო აქტივობებზე რესურსების არაეფექტიანი განაწილება და პრიორიტეტების არასწორი განსაზღვრა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტორების რეკომენდაცია ასეთია - სააგენტომ, ბაზარზე ზედამხედველობის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა, რომელშიც განისაზღვრება ბაზარზე ზედამხედველობის პოლიტიკა და პრიორიტეტები, ორგანიზაციული განვითარების ხედვა და მიდგომები, გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და რესურსების განაწილების კომპონენტები, ცვალებადი გარემო, მათ შორის, ონლაინ-ბაზრის ზედამხედველობის საკითხები, მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირება.

„სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ობიექტური შეფასების, მისი ეფექტიანობის გაზომვის, ანგარიშვალდებულების გაზრდისა და სამომავლო აქტივობებზე რესურსების ეფექტიანი განაწილების მიზნით, სააგენტომ, საუკეთესო პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, უნდა შეიმუშაოს საქმიანობის ობიექტური შეფასების ინდიკატორები, რითაც შესაძლებელი იქნება სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების მიღწევის პროგრესის მონიტორინგი და შეფასება“.

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

YOU MAY LIKE