... ... hotnews.ge - რა ხარვეზები გამოვლინდა სამხედრო განათლებაში

რა ხარვეზები გამოვლინდა სამხედრო განათლებაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამხედრო განათლებით დაინტერესდა. აუდიტის დასკვნა, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, მოიცავს 2020-2021 წლებს და როგორც მოსალოდნელი იყო, აუდიტორებმა სამხედრო განათლებაშიც კი უამრავი ხარვეზი გამოავლინეს.

ხარვეზები დაწყებით სამხედრო განათლებასა და სამოქმედო გეგმაში

აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ 2020-2021 წლებში, სამხედრო განათლების სისტემის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულებს შემუშავებული ჰქონდათ სტრატეგიული მიმოხილვისა და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, არ მიმდინარეობდა შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების შედგენა.

„ამასთან, სამოქმედო გეგმებში განსაზღვრული მიზნები ზოგად ხასიათს ატარებდა, დეტალურად არ იყო გაწერილი კონკრეტულ წელს მიზნის მისაღწევად განსახორციელებელი აქტივობები და არ იყო წარმოდგენილი შეფასების ინდიკატორები. შესაბამისად, აუდიტმა ვერ უზრუნველყო გეგმით დასახული სხვადასხვა მიზნის მისაღწევად განხორციელებული აქტივობების ზუსტი და სრული შეფასება“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

რაც შეეხება სამხედრო მომზადების დაწყებით პროგრამას, ამას ახორციელებს სსიპ „გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი“, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას საშუალო საფეხურზე (X, XI, XII კლასი) ეროვნული და ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად. დაწყებითი სამხედრო განათლების მიღების პროცესში, სახელმწიფო აუდიტორებმა რამდენიმე ძირითადი ნაკლოვანება გამოავლინეს.

„ლიცეუმის წესდებით, მკაფიოდ არ არის გაცხადებული მისი მთავარი დანიშნულება - მოამზადოს მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში შემდგომი სწავლისთვის და საქართველოს თავდაცვის ძალებში მომავალი კარიერისთვის, რაც რეალურად სამხედრო სკოლის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს, კადეტის მიერ პირველადი სამხედრო ცოდნისა და უნარების შეძენასთან ერთად. არსებული ლოგისტიკური რესურსიდან გამომდინარე, ლიცეუმი ახორციელებს მსურველთა, საშუალოდ, მხოლოდ 30%-ის მიღებას.

2017-2020 წლების ანალიზის შედეგად, ჩარიცხული მოსწავლეებიდან სწავლების სხვადასხვა ეტაპზე, საშუალოდ, 40%-მა შეწყვიტა სწავლა და ამოირიცხა ლიცეუმიდან. ლიცეუმდამთავრებულ აბიტურიენტთა 50-60% აგრძელებს სწავლას სხვადასხვა სასწავლებელში და არა - ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. ამასთან, 2016, 2017, 2018 წლებში კადეტთა სამხედრო ლიცეუმდამთავრებული 215 კადეტიდან, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩაირიცხა 103 ანუ 48%. მათგან, აკადემია დაასრულა 59-მა პირმა (57%), რომელთაგან დღევანდელი მდგომარეობით, თავდაცვის ძალებში ირიცხება 50 ოფიცერი. აღნიშნული მაჩვენებლები არ არის ეფექტიანი და ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს სამოქმედო გეგმებით დასახული მიზნების მიღწევას“.

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

YOU MAY LIKE