... ... hotnews.ge - ეკონომიკა

დავით ნარმანია ენერგოეფექტურობისა და მდგრადი გათბობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში საერთაშორისო თანამშრომლობის, ენერგოეფექტურობისა და მდგრადი გათბობის საკითხებზე,  პარტნიორ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

 

            დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორში  მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტების დანერგვის კუთხით.

 

„სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს ეძლევა შესაძლებლობა ევროკავშირის პროექტთან - EU4Energy-სთან ერთად უმასპინძლოს კონფერენციას მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ. კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს განიხილონ ენერგოეფექტურობის საკითხები, თანამედროვე ტენდენციები, მარეგულირებელი ჩარჩოები და ხელი შეუწყონ ახალი მიდგომების დამკვიდრებას. საქართველო დიდ ყურადღებას ანიჭებს ენერგოეფექტურობის საკითხების სრულყოფას. მნიშვნელოვანია ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, ასევე ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების ხელშემშლელი დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრა.

  მნიშვნელოვანია ცენტრალური გათბობის მიმართულება, რასთან დაკავშირებითაც განსხვავებული მოთხოვნები და მიდგომები არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მათი კლიმატური პირობებიდან და პოლიტიკის სპეციფიკიდან გამომდინარე. გათბობის სისტემებს სათბურის გაზების ემისიაში დიდი წვლილი შეაქვს. რეგულაციებით, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგოეფექტიანობას და განახლებადი ენერგიის წყაროების გავრცელებას გათბობის სექტორში, შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს ემისიები. ამასთანავე,  საყურადღებოა, რომ ეფექტური გათბობის სისტემების საშუალებით  მომხმარებელს შეუძლია დაზოგოს ენერგიაზე გადასახადები.

მარეგულირებელი ორგანოების პრეროგატივაა აღნიშნული მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება. მათ შორის, განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა ინფორმირებულობის ზრდა, სტანდარტებისა და რეგულაციების შესრულების მონიტორინგი“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა, ევროპის ენერგეტიკის მარეგუილრებელთა საბჭოს გენერაკურმა მდივანმა მარა ბერზინამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგადი განვითარების სამინისტროს  ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა, სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს ორგანიზებით 15-16 აპრილს, ქ. თბილისში  მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ სემეკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები. კონფერენცია ტარდება  ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიებზე ტრანზაქციის ხელშეწყობის“ ევროკავშირის პროექტის EU4Energy-ს ფარგლებში. EU4ENERGY-ს ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ 8.5 მილიონი ევროს ოდენობით და ერთობლივად ხორციელდება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს (EnCS) მიერ.

 

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.5 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 699.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 1 325.7 მლნ. აშშ დოლარი იყო. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით შემცირდა 9.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 3 373.6 მლნ. აშშ დოლარი – კლებამ 5.3 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მარტში 2 047.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6 პროცენტია.

15-16 აპრილს, თბილისში მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს ორგანიზებით 15-16 აპრილს, ქ. თბილისში  მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სემეკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

კონფერენციას გახსნის სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია. კონფერენცია ტარდება  ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიებზე ტრანზაქციის ხელშეწყობის“ ევროკავშირის პროექტის EU4Energy-ს ფარგლებში.

 კონფერენციის მიზანია მდგრადი გათბობისა და ენერგოეფექტურობის შესახებ შესაძლებლობების გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება, პოლიტიკის შემუშავება და თანამედროვე მიდგომების განვითარება. კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ განახლებადი ენერგიების ინტეგრირებისა და კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრის გზებზე.

პანელური დისკუსიების ფორმატში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია გათბობის მდგრადობის გაუმჯობესების კუთხით არსებული სტრატეგიებისა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირეული ინიციატივების შესახებ, სუფთა ენერგიების ხელშეწყობის მექანიზმების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანებების მეშვეობით, გათბობისა და ენერგოეფექტურობის კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული მდგრადობის შესახებ. 

EU4ENERGY-ს ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ 8.5 მილიონი ევროს ოდენობით და ერთობლივად ხორციელდება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს (EnCS) მიერ. პროგრამა ხაზს უსვამს ევროკავშირს, განმახორციელებელ ქვეყნებსა და ბენეფიციარ უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეფორმების განხორციელებისა და მოქალაქეებისათვის კონკრეტული სასარგებლო ზომების მიღების პროცესში.

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი  გაზის,  წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების  აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება, ქალთა ჩართულობის ზრდა ენერგეტიკის სექტორში, სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და სხვა. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გაიარონ სასწავლო კურსები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის, სატარიფო რეგულირების შესახებ.

 

შემოსავლების სამსახურს გადავეცით 13 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გრანტი - რობინ დანიგანი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში უმასპინძლა.

ღონისძიება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მიერ, საბაჟო დეპარტამენტისთვის 13 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის გადაცემას მიეძღვნა.

მაღალტექნოლოგიური რენტგენო ინსპექტირების სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტვირთების სწრაფ კონტროლს, რაც ბიზნესის დროსა და თანხებს დაზოგავს.

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურს აშშ-მ 13 მილიონი დოლარის ღირებულების გრანტი გადასცა.

"შემოსავლების სამსახურს გადავეცით 13 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გრანტი, რომლითაც მოხდება მაღალტექნოლოგიური რენტგენო ინსპექტირების აღჭურვილობის შეძენა, რაც ხელს შეუწყობს საბაჟო ადმინისტრაციის კიდევ უკეთეს ფუნქციონირებას.

ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი თანამშრომლობა საქართველოს შემოსავლების სამსახურსა და საბაჟო დეპარტამენტთან და ისინი მართლაც დიდ საქმეს აკეთებენ, იმისთვის რომ საქართველოს საბაჟო საზღვრები იყოს დაცული და ეს, რა თქმა უნდა, კარგია როგორც საქართველოსთვის, ისე - რეგიონისთვის. განსაკუთრებით, როცა საქმე შეეხება იმას, რომ სტრატეგიული დანიშნულების ტვირთი არ მოხვდეს არასწორ ადგილას და ხელში, ასევე აღკვეთილი იქნეს არაკანონიერი ტვირთების მოძრაობა,"- აცხადებს დანიგანი

საზოგადოების 69.5%-ის აზრით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისია - ISSA-ს კვლევა

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა "მთავარი არხის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" (ISSA) ჩაატარა.

ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ დღეს საქართველოში ეკონომიკური კრიზისია? - ამ მოსაზრებას საზოგადოების 69.5% ეთანხმება, 28.0% კი არა.

არ ვეთანხმები - 28.0%

ვეთანხმები - 69.5%

არ ვიცი - 2.5%.

რუსული კანონის შესახებ კითხვა კვლევაში არ არის, რადგან კვლევის მიმდინარეობისას ის დაინიცირებული არ ყოფილა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს სრულწლოვან (18 წლის და მეტი ასაკის) მოსახლეობაში. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 1601 რესპონდენტი. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. მთლიანი მოცულობისთვის შერჩევის ცდომილება შეადგენს + - 2.4%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არის 20.9%. შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 79.1%. საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 1 - 10 აპრილის შუალედში.

სემეკი რეგულირებად კომპანიებში მარეგულირებელ აუდიტს ამკაცრებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) რეგულირებად სექტორებში მოქმედ რეგულირებად კომპანიებში მარეგულირებელ აუდიტს ამკაცრებს. სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, გეგმურ მარეგულირებელ აუდიტთან ერთად სისტემატურად მოხდება არაგეგმური მარეგულირებელი აუდიტის განხორციელება, რაც გულისხმობს რეგულირებული კომპანიების ფინანსური და ტექნიკური მდგომარეობის, მათ მიერ განხორციელებული შესყიდვების მიზნობრიობის შესწავლას, დანახარჯების რეგულირებად საქმიანობასთან კავშირის/საჭიროების დადგენას, მიზანშეწონილობისა და გონივრულობის განსაზღვრას.

სემეკში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის ფუნქციებსაც სატარიფო მიზნებისათვის განსახორციელებელი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის პარალელურად წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, რეგულირებულ საწარმოთა ხარჯების შედარებითი ანალიზი.

სემეკში შექმნილი მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებია ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი, ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შესაბამისად კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებების შესწავლა და ანალიზი, დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის, სახელმძღვანელო ინსტრუქციების, სატარიფო განაცხადთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალის შემუშავება, აუდიტის გეგმის შემუშავება და აუდიტის პროცესის დაგეგმვა, კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადებისა და თანდართული მასალების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება, საპროგნოზო სატარიფო დანახარჯების შესწავლა/ანალიზი და მიზანშეწონილი ოდენობის განსაზღვრა.

საქართველოში ხორბლის წარმოება შემცირდა, სიმინდის კი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ხორბლის წარმოებამ 146.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 6.5 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 26.9 პროცენტით შემცირდა და 43.0 ათასი ტონა შეადგინა.

საქსტატის ცნობით, სიმინდის წარმოება 189.8 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 24.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. კარტოფილის წარმოება 0.4 პროცენტით გაიზარდა და 199.7 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2023 წლის განმავლობაში წარმოებულია 138.2 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 7.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ხორბლის და ქერის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა. გაიზარდა სიმინდის, კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.6 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ – 2.2 ტონა/ ჰა, სიმინდის – 2.6 ტონა/ჰა, კარტოფილის – 12.3 ტონა/ჰა, ბოსტნეულის – 11.1 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 14.2 ტონა/ჰა, კიტრის 12.2 ტონა/ჰა, ხახვის 7.9 ტონა/ჰა, ნივრის 3.1 ტონა/ჰა, კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობამ კი შეადგინა 25.8 ტონა ერთ ჰექტარზე.

ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9 პროცენტით ჩამორჩება. საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და შეადგინა 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა. ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში წარმოებულია 61.1 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 32.0 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 59.3 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 16.8 პროცენტით ნაკლებია), 45.9 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (5.0 პროცენტით მეტია), 18.3 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (2.8 პროცენტით მეტია), 71.8 ათასი ტონა ციტრუსი (35.2 პროცენტით მეტია). გარდა ზემოთქმულისა აღსანიშნავია, რომ 2023 წელს წარმოებულია 223.4 ათასი ტონა ყურძენი, რაც 22.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 12 აპრილს - ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 12 აპრილს - ეროვნული ბანკის განახლებული, ოფიციალური მონაცემებით:

  • 1 აშშ დოლარი - 2.6720;
  • 1 ევრო - 2.8663;
  • 1 ფუნტი - 3.3491;
  • 1 ლირა კი 0.0828 ლარი ეღირება.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პროგნოზის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზრდება, რაც ბანკის წინა პროგნოზს, რომელიც 2024 წლის იანვარში გამოქვეყნდა, 0.4 პროცენტული პუნქტით აღემატება.

ამასთან, გაუმჯობესებულია 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც, რაც, 4.5%-ის ნაცვლად, 5%-ზე არის ნავარაუდევი.

„ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2024 წელს, სავარაუდოდ, 5.2 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება, რაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მეტია. ფულადი გზავნილების შემოდინების კლების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ აქტიური ინვესტიციები და ტურიზმი გაამყარებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2024 წლის ბოლოსთვის 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს გაუტოლდება, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის თანდათანობით შემსუბუქებასთან ერთად“, – წერია ანგარიშში.

ანგარიშის პროგნოზის მიხედვით, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა 2023 წელს არსებული 3.8 პროცენტიდან 2024 წელს 3.5 პროცენტამდე შემცირდება, ძირითად პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირში ზრდის შენელების პარალელურად. ამ ფონზე ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2024 წელს, სავარაუდოდ, 5.2 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება, რაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მეტია. ფულადი გზავნილების შემოდინების კლების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ აქტიური ინვესტიციები და ტურიზმი გაამყარებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

ასევე, პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2024 წლის ბოლოსთვის სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს გაუტოლდება, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის თანდათანობით შემსუბუქებასთან ერთად. ამასთან, ანგარიშის სპეციალური თავი ეთმობა კერძო სექტორის პოტენციალის გამოყენებას. ის მიუთითებს, რომ რეგიონის ეკონომიკური განვითარება დაიწყო გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით და კერძო ინიციატივის გაჩენით, რომელიც ზრდის და კეთილდღეობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების, რეგულაციების აღსრულების და საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით.

„საქართველომ წარმატებით განახორციელა ბაზრის გარდაქმნის პირველი თაობის რეფორმები; ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების, რეგულაციების აღსრულების და საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით. საქართველოსთვის, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, ბიზნესის დინამიზმი მოითხოვს რამდენიმე გამოწვევაზე რეაგირებას, მათ შორისაა, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესება, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შემცირება, განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ფირმებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის ამაღლება“, – აღნიშნა როლანდ პრაისმა.

„თუ ჩვენი სიმძლავრეები არ განვავითარეთ ვიქნებით დაუცველები ენერგეტიკის თვალსაზრისით“ - გიორგი ფანგანი

დღესდღეობით საქართველო თავისი ენერგო რესურსების მხოლოდ და მხოლოდ 22.5%-ს იყენებს. ენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის (IEA) შეფასებით, ჰიდრორესურსები საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრეა. ენერგიის საწარმოებლად შესაძლოა 300-მდე მდინარე იქნეს გამოყენებული, 15000 მგვტ დადგმული სიმძლავრით და 50 ტრვტ წარმოებით. აღნიშნული გარემოების ფონზე სემეკის წევრი გიორგი ფანგანი აცხადებს, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის მსხვილი ჰესების მშენებლობა უმნიშვნელოვანესია.

 მისივე თქმით, თუ საქართველომ ეს პოტენციალი არ აითვისა, მაშინ ენერგეტიკის თვალსაზრისით დაუცველი დარჩება.

„იმ შემთხვევაში თუ არ განვავითარეთ ჩვენი ენერგო სიმძლავრეები ვიქნებით აბსოლუტურად დაუცველები ენერგეტიკული თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ენერგეტიკული მდგრადობა საქართველოსი არ იქნება ჩვენზე დამოკიდებული, რაც რასაკვირველია, საფრთხის შემცველია და ეს ასე არ უნდა იყოს.

სტატისტიკას რომ ჩავხედოთ ვნახავთ, რომ ადგილზე თბოსადგურების მიერ წარმოებული ენერგია საკმაოდ დიდი მოცულობისაა, რაც ერთი შეხედვით დადებით შეხედულებებს გვიყალიბებს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ეს თბოსადგურებიც იმპორტირებულ ნედლეულზე მუშაობენ. შესაბამისად, ქვეყანა მაინც დამოკიდებულია იმპორტზე. საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევის შესაძლებლობა არსებობს დიდი ჰიდრო პროექტების, როგორებიცაა ნამახვანი, ნესკრა, ჰუდონი განვითარებით. აქვე აღვნიშნავ, რომ დღესდღეობით მზისა და ქარის ენერგია ვერ ჩაგვინაცვლებს სრულად ჰიდრო რესურსებიდან გენერირებულ ენერგიას. ამიტომ, მსხვილი ჰესების მშენებლობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებს გიორგი ფანგანი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქვეყნის მომარაგების 68%-ზე მეტი სწორედ ჰესებიდან მოდის, ხოლო ქვეყნის შიდა გენერაციის მხრივ ჰესების წილი დაახლოებით 80%-ს წარმოადგენს.

წყარო: energynews.ge

საქართველოს რომელ ქალაქში ღირს ყველაზე ძვირი და იაფი საცხოვრებელი უძრავი ქონება?

იანვარში თბილისში კვადრატულ მეტრზე საშუალო შეწონილი ფასი 1 205$ იყო, გაყიდული ბინების ფართობი კი 194,534 კვ.მ.

ბათუმში საშუალო ფასად განსაზღვრულია $987, გაყიდული ბინების საერთო ფართობი კი წლის პირველ თვეში 50,095 კვ.მ.-ს შეადგენდა.

საშუალო შეწონილი ფასით ბათუმს მცირედით ჩამორჩება ბორჯომი, სადაც 971$-ია ღირებულება, მოთხოვნა კი ბევრად ნაკლები. იანვარში ტრანზაქციები სულ 3, 740კვ.მ-ის ფართობზე განხორციელდა.

თბილისის ბაზრის გააქტიურებამ დაასტიმულირა რუსთავის მიმართულებაც, სადაც ვხედავთ, რომ საშუალო ფასი 2024 წელს 705$-მდეა გაზრდილი, გაყიდული ფართობი კი 10,917 კვ.მ.-ია.

„თიბისი კაპიტალის“ მონაცემების მიხედვით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქზე იაფი ღირს უძრავი ქონება ქუთაისში, სადაც კვ.მ-ის ფასად 2024 წლის დასაწყისში 598$ იყო. იანვარში აქ 10, 981კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი ბინა გაიყიდა.

ჩამონათვალში უძრავი ქონება ქუთაისზე იაფი მხოლოდ გორშია, სადაც კვ-ზე ფასი $544-ად ანგარიშდება. რეალიზებული ქონების საერთო ფართობი კი 3,501 კვ იყო.

საქართველოში მთლიანად უძრავი ქონების საშუალო ფასი $997-ია, გაყიდული ფართობი კი იანვარში 307,396 კვ.მ-ს აღწევდა.

ისეთ ქალაქებში როგორიცაა ფოთი თუ ზუგდიდი, შეიძლება ძველ აშენებულ, 3-5 სართულიან სახლებში კვ-ზე ფასი $250-300-იდანაც იწყებოდეს და $1000-მდე იზრდებოდეს. ახალაშენებული ბინების მხრივ საკმაოდ აქტიურია ზუგდიდი.

რაც შეეხება კახეთს და კონკრეტულად თელავს, ss.ge-ზე სულ 57 განცხადება იძებნება და მათგან ყველაზე მეტი $600-მდე საფასო სეგმენტშია, თუმცა შეთავაზებაში ზუგდიდს მსგავსად არის ახალი კორპუსებიც, სადაც ფასი რიგ შემთხვევაში 1000$-საც აღემატება.

გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას კახეთში მომუშავე უძრავი ქონების კომპანია “ფროფერთრაის” დამფუძნებელმა ელენე იაშვილმა განაცხადა, რომ კახეთში მოთხოვნა მიწოდებას მნიშვნელოვნად აჭარბებს. ფასი კი 400-იდან 800$-მდე მერყეობს.

„კახეთში და განსაკუთრებით თელავში ფასი ყოველდღიურად მატულობს და ბინების დეფიციტია. იმის მიუხედავად რომ არ ჩანს, თელავში რეალურად 118 ძველი კორპუსია სადაც ყოველდღიურად იყიდება ბინები, მყიდველი თუა ათი, გასაყიდი შეიძლება იყოს ნული, როგორც კი შემოდის ბინა შეიძლება1სთ-ში გაიყიდოს. ძველ კორპუსში კვ.მ-ის ფასი არის 400-500$, გარემონტებული 600-650$-მდე, თუმცა აქ არ ვგულისხმობ ქალაქის ცენტრს, ისტორიული ხედებით. ახალ კორპუსებს რაც შეეხება შავი კარკასით ფასები იწყება 400$-იდან 800$-მდე.“ - განაცხადა იაშვილმა.

რაც შეეხება ქუთაისს, უძრავი ქონების კომპანია „კიდობანის“ დამფუძნებელი თენგიზ გიორგაია ამბობს, რომ ცენტრალურ უბნებში მშენებლობაზე ნებართვები თითქმის არ გაიცემა, რამაც ქალაქის ისტორიულ ნაწილში ფასი 1200$-იდან 1 400$-მდე გაზარდა. ახალაშენებულ კორპუსებში კი ფასები 700$-იდან იწყება.

„ქუთაისში უმეტესად საცხოვრებელი ტიპის უძრავი ქონება შენდება, რომელიც საშუალო კლასის არის. პრემიუმ კლასის საცხოვრებლები თავის ეზოთი, პარკინგით, რეკრეაციული ზონით არ გვაქვს. ქალაქის ცენტრში ისტორიული ზონაა და შეზღუდვებია მაღალ სართულიანზე, ნებართვა არ გაიცემა, ამიტომ კომპანიები გამოდიან გარეუბნებში. ახალაშენებულ კორპუსში ნორმალურ ადგილზე 700$-იდან იწყება ფასი, ცენტრში 1200-1400$-იც კი ღირს რადგან ცენტრში როგორც აღვნიშნე შეზღუდვაა ახალ მშენებლობებზე, რაც დეფიციტს ქმნის.

ძველი გარემონტებული ბინები ცენტრალურ უბნებში, ავეჯით 1200$ ღირს, სარემონტოს ფასი ცენტრში 900-1000$-ია.“ - განაცხადა გიორგაიამ.

წყარო: bm.ge

ვის ჩამოეწერება 2021 წლის იანვრამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება - პრემიერი

ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შემდეგ 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება, ჯამში, 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.

„ეკონომიკურ საბჭოზე ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. საქმე ეხება ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას. მადლობას გადავუხდი ფინანსთა სამინისტროს, რომ მოამზადა ეს საკითხი. მადლობა ფინანსთა მინისტრს. საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები, კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.

როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება, ჯამში, 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, 145 ათას ჩვენს თანამოქალაქეს საშუალება ექნება, აქტიურად ჩაერთოს ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც ეკონომიკის განვითარებასაც წაადგება. მადლობა ფინანსთა მინისტრს ამ გადაწყვეტილების მომზადებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.