... ... hotnews.ge - ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იაპონიის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იაპონიის ფინანსთა მინისტრს სუზუკი შუნიჩის შეხვდა, რომელიც თბილისს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს.

საუბრის  დასაწყისში იაპონიის ფინანსთა მინისტრმა ირაკლი კობახიძეს ADB-ის ღონისძიების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაფართოების გზები. 

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის ხელშეწყობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო საქართველო-იაპონიის ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის შესაძლებლობას, რაც ბიზნესებს შორის კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას აღინიშნა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე. სუზუკი შუნიჩიმ მთავრობის მეთაურს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

 

"საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილების იდეის ერთგულია" - პრემიერი

საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილების  იდეის ერთგულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი და ინკლუზიური მომავლის შექმნას.

„მქონდა პატივი, თბილისში  მემასპინძლა აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისთვის. ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება მიზნად ისახავს მდგრადი და ინკლუზიური მომავლის შექმნას. საქართველო გლობალური თანამშრომლობის გაძლიერების და პოზიტიური ცვლილების  იდეის ერთგულია. მოხარული ვარ, რომ მივმართე დელეგატებს და ვისაუბრეთ მდგრადი განვითარების გზებზე,  რომელთა აქცენტირება ხდება მდგრადობასა და თანასწორობაზე“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

გაიზარდა თუ შემცირდა პასკის მომზადების საფასური 2024 წელს

სააღდგომო პასკის ძირითადი ინგრედიენტების ფასის გამოკვლევას საქსტატი ყოველთვიურად ახდენს. შესაბამისად, შესაძლებელია იმის განსაზღვრა წინა წელთან მიმართებით გაძვირდა თუ გაიაფდა პასკის მომზადება:

ანგარიშის თანახმად ინგრედიენტების უმეტესობის ღირებულება წინა წელთან შედარებით შემცირებულია, მათ შორის შემცირებულია ფქვილის და შაქრის ღირებულება, ასევე შემცირებულია კარაქის საფასურიც. თუმცა, გაზრდილია რძისა და ქიშმიშის ფასი.

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, ფასების წლიური ცვლილება ასეთია:
ხორბლის ფქვილი - ფასის შემცირება წინა წელთან შედარებით 2.7%;
შაქარი - ფასის შემცირება წინა წელთან შედარებით 0.9%;
კვერცხი - ფასის შემცირება წინა წელთან შედარებით 1.5%
რძე - ფასის ზრდა წინა წელთან შედარებით 7.1%
კარაქი - ფასის შემცირება წინა წელთან შედარებით 3.2%
ქიშმიში - ფასის ზრდა წინა წელთან შედარებით 8.5%
საფუარი - ფასის შემცირება წინა წელთან შედარებით 3.8%
იქიდან გამომდინარე, რომ მოცულობითად ყველაზე დიდი წილი მოდის ფქვილზე, შაქარსა და კვერცხზე, ასევე კარაქზე, რომელთა ფასებიც წინა წელთან შედარებით შემცირებულია, ხოლო გაზრდილია რძის და ქიშმიშის ღირებულება მთლიანობაში პასკის ინგრედიენტების საფასური წინა წელთან შედარებით დაახლოებით 1.5-2%-ის ფარგლებში არის შემცირებული.

 

"ვაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოს მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაქმნაში" - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოს მრავალგანზომილებიან     რეგიონულ     ჰაბად     გარდაქმნაში,     რათა    სრულად  ავითვისოთ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორად დაგეგმილი პოლიტიკით გრძელდება  საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას საერთაშორისო რეიტინგებშიც, რაც უფრო მეტ ინსტიტუციურ თუ კერძო ინვესტორს იზიდავს ქვეყანაში.

„მაგალითად, ამერიკის კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტის „Heritage Foundation-ის“ მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, საქართველომ წელს ევროპაში მე-19 ადგილი დაიკავა.

სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე. რეიტინგის პერსპექტივა კვლავ პოზიტიურია, რაც ასახავს ეკონომიკურ ზრდას, ინფლაციის ვარდნასთან და საგარეო პოზიციის გაუმჯობესებასთან ერთად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2030 წლამდე პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზების მიხედვით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დეკადური ზრდის პროგნოზის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა.

ეს შედეგები მიღწეულ იქნა მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგად, რომელიც მშვიდობის უზრუნველყოფით და სწორად დაგეგმილი ინსტიტუციური რეფორმებით, მიზნად ისახავს შემდგომ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყანაში სიღარიბის სრულად აღმოფხვრას და  მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებას.

ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი არის დაკავშირებადობა. ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოს მრავალგანზომილებიან     რეგიონულ     ჰაბად     გარდაქმნაში,     რათა    სრულად  ავითვისოთ ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის პოტენციალი. მიმდინარე რეგიონალური კრიზისების ფონზე, ენერგიისა და სავაჭრო სატრანსპორტო ალტერნატიული მარშრუტები გადამწყვეტია საერთაშორისო სტაბილურობის, ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოებისთვის. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ველით უფრო მჭიდრო ჩართულობას ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რათა წინ წავიწიოთ ისეთი საკვანძო სტრატეგიული პროექტების მიმართულებით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, შავ ზღვაში საბორნე მიმოსვლის სერვისები და სხვ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს როგორც საქართველოსთვის, ასევე, სრულიად რეგიონისთვის" - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკური ზრდის იმპულსის შენარჩუნებას მიმდინარე წელსაც - 2024 წლის პირველ კვარტალში ზრდამ 7,8% შეადგინა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფლაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3%-ზე ნაკლებია, ხოლო ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება. 

„მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს როგორც საქართველოსთვის, ასევე, სრულიად რეგიონისთვის და ამ პროცესში ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქართველი ხალხი და მისი კეთილდღეობაა. ამ კონტექსტში, ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ის, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება: პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, სამი წლის საშუალო მაჩვენებელმა კი 9,7% შეადგინა. ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკური ზრდის იმპულსის შენარჩუნებას მიმდინარე წელსაც - 2024 წლის პირველ კვარტალში ზრდამ 7,8% შეადგინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფლაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში 3%-ზე ნაკლებია, ხოლო ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება. აღსანიშავია ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's ქართული ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებენ”, -  განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტ მასაცუგუ ასაკავას შეხვდა, რომელიც თბილისს ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს.

 

მთავრობის მეთაურმა მასაცუგუ ასაკავას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ბანკის წლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღინიშნა ADB-ის განსაკუთრებული  მხარდაჭერა ქვეყნისთვის სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების თვალსაზრისით, მათ შორის, ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და განათლების სფეროებში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ითქვა, რომ საქართველოსა და ADB-ის თანამშრომლობის 2024-2028 წლების სტრატეგია (CPS) მიზნად ისახავს საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

 

ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ეკონომიკურ წინსვლას და ამ კუთხით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს სტრუქტურულ რეფორმებს და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას. საუბარი შეეხო მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 

დღეის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში 1.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 16 აქტიური საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს შეხვდა. 
შეხვედრის ძირითადი თემა იყო გასული სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ბანკის მხარდაჭერამ შეასრულა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების პროცესში.


აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა  ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის - საგზაო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე - რეგიონული, მუნიციპალური და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებებით, რომელთა საერთო ღირებულებამ 4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ბანკის მიმდინარე პორტფელი საქართველოში კი 15 პროექტს მოიცავს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1,5 მილიარდი აშშ დოლარია. 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისთვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პრიორიტეტულობას, ასევე სტრუქტურულ, ადამიანური კაპიტალის რეფორმებს და მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ინიციატივებს ამ მიმართულებით, რისთვისაც პრემიერმა ბანკს მადლობა გადაუხადა.

 

განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება - მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს სტატისტიკა

განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება - სააგენტო მომხმარებლის დაცვის მიმართულებით მიღებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 2024 წლის 1 იანვრიდან აპრილის თვის ჩათლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 300 განაცხადი დაფიქსირდა.

-         აღნიშნულ  პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით,  მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 31 საქმეზე.

-         სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 14 მოვაჭრეს 19 საქმეზე  ჯარიმა დაეკისრა ჯამში 11 300 ლარი.-         მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 50 საქმეზე - 46 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 88%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 3%, რომელსაც მოყვება იმერეთი და კახეთის რეგიონები.მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე  ფიქსირდება 95, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 91, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 52, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 16, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 14, ხოლო სხვა დანარჩენი 32.

საანგარიშო პერიოდში, 72%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს; ტრანსპორტი და დასაწყობება 11%-ს; ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%; ხოლო სხვა სახის საქმიანობა 13%-ს.

მომხმარებლის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401   და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე 598 05 4422.

სააღდგომოდ, საქართველოში დამატებითი შიდა ფრენები ინიშნება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით, დამატებით, 8 ავიარეისს ნიშნავს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 2-8 მაისის პერიოდში შესრულდება შემდეგი განრიგით:

"2 მაისი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა -17:00 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა -18:15 საათზე;

3 მაისი:ნატახტარი – მესტია, გაფრენა- 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 18:15საათზე;

6 მაისი: ნატახტარი -ამბროლაური, გაფრენა – 17:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი გაფრენა – 18:15საათზე;

8 მაისი: ნატახტარი – მესტია გაფრენა- 16:15 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 18:15საათზე.

შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით – 90 ლარი, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე", – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხარვეზები სავალდებულო სამხედრო სამსახურში - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა

მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო მაკონტროლებლები სამხედრო სწავლებით დაინტერესდნენ არის ის, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოსთვის ეფექტიან თავდაცვისუნარიანობას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. თავდაცვისუნარიანობის განვითარების ერთ-ერთი საწყისი და მნიშვნელოვანი წინაპირობა კი სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შესაბამისი განათლებითა და საბრძოლო მომზადებით უზრუნველყოფაა. სამხედრო განათლება მოიცავს საფეხურებრივი განათლების სისტემას, რომელიც შედგება დაწყებითი, საწყისი, ძირითადი და უმაღლესი განათლების ეტაპებისგან. გარდა ამისა, საქართველოში მოქმედებს სამხედრო სავალდებულო სამსახური. რაც მთავარია, სამხედრო განათლების მიმართულებით, ბოლო პერიოდში, განხორციელდა სხვადასხვა რეფორმა, რაც ითვალისწინებს თანამედროვე მოთხოვნებთან თავსებადი, მაღალპროფესიული, ბრძოლისუნარიანი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებას ქვეყანაში. ახლა ვნახოთ, რა დარღვევები და ხარვეზები გამოავლინეს სახელმწიფო მაკონტროლებლებმა სამხედრო განათლებაში.

ხარვეზები სავალდებულო სამხედრო სამსახურში

საკონტრაქტო სამსახურის პირველ ეტაპზე კონტრაქტის შეწყვეტა არ ითვალისწინებს პირის დაჯარიმებას, რაც სახელმწიფო აუდიტორების ვარაუდით, შესაძლოა, წვევამდელებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის თავიდან არიდების (ვადის გადაწევა) საშუალება იყოს. ეს ნიშნავს, რომ თუ პირს უწევს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა, მოქმედი კანონმდებლობით, მას აქვს უფლება, აირჩიოს საკონტრაქტო სამსახურის გავლა, ხოლო პირობა, რომ კონტრაქტის პირველ ეტაპზე შეწყვეტა დაჯარიმებისგან მას ათავისუფლებს, შესაძლებლობას აძლევს, ყოველგვარი დამატებითი პროცედურების გავლით, თავი აარიდოს (გადაავადოს) სამხედრო სავალდებულო სამსახური.

„დღევანდელი მდგომარეობით, არ არის შექმნილი წვევამდელთა შესახებ შესაბამისი რეესტრების წარმოების მიზნით, ერთიანი გამართული პროგრამული/საინფორმაციო ბაზა, რომელიც მოგვცემდა საშუალებას, მიგვეღო სრულყოფილი ინფორმაცია 2019-2022 წლებში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოსაძახებელ პირებსა და მათზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

2024 წლამდე, წვევამდელის მოძებნის, გამწვევ კომისიაზე გამოცხადებისა და სხვა ინფორმაციის დადასტურების მიზნით, პროცესის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციის პროცედურები და ვადები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა. ეს წარმოშობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის თავის არიდების ხელშეწყობის რისკს. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა მკაფიოდ განსაზღვრული სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც დაარეგულირებდა სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციას, წვევამდელების მიმართ გამოიყენებოდა არაერთგვაროვანი მიდგომა“.

ცნობილია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოსაძახებელ პირთა რაოდენობა უწყებების მიხედვით განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით. ყოველი გაწვევისას, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რაოდენობა გამოსაძახებელ პირთა მხოლოდ 8%-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ხორციელდება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოსაძახებელ პირთა რაოდენობის სრულად ადმინისტრირება.

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

რა ხარვეზები გამოვლინდა სამხედრო განათლებაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამხედრო განათლებით დაინტერესდა. აუდიტის დასკვნა, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, მოიცავს 2020-2021 წლებს და როგორც მოსალოდნელი იყო, აუდიტორებმა სამხედრო განათლებაშიც კი უამრავი ხარვეზი გამოავლინეს.

ხარვეზები დაწყებით სამხედრო განათლებასა და სამოქმედო გეგმაში

აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ 2020-2021 წლებში, სამხედრო განათლების სისტემის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულებს შემუშავებული ჰქონდათ სტრატეგიული მიმოხილვისა და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, არ მიმდინარეობდა შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების შედგენა.

„ამასთან, სამოქმედო გეგმებში განსაზღვრული მიზნები ზოგად ხასიათს ატარებდა, დეტალურად არ იყო გაწერილი კონკრეტულ წელს მიზნის მისაღწევად განსახორციელებელი აქტივობები და არ იყო წარმოდგენილი შეფასების ინდიკატორები. შესაბამისად, აუდიტმა ვერ უზრუნველყო გეგმით დასახული სხვადასხვა მიზნის მისაღწევად განხორციელებული აქტივობების ზუსტი და სრული შეფასება“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

რაც შეეხება სამხედრო მომზადების დაწყებით პროგრამას, ამას ახორციელებს სსიპ „გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი“, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას საშუალო საფეხურზე (X, XI, XII კლასი) ეროვნული და ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად. დაწყებითი სამხედრო განათლების მიღების პროცესში, სახელმწიფო აუდიტორებმა რამდენიმე ძირითადი ნაკლოვანება გამოავლინეს.

„ლიცეუმის წესდებით, მკაფიოდ არ არის გაცხადებული მისი მთავარი დანიშნულება - მოამზადოს მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში შემდგომი სწავლისთვის და საქართველოს თავდაცვის ძალებში მომავალი კარიერისთვის, რაც რეალურად სამხედრო სკოლის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს, კადეტის მიერ პირველადი სამხედრო ცოდნისა და უნარების შეძენასთან ერთად. არსებული ლოგისტიკური რესურსიდან გამომდინარე, ლიცეუმი ახორციელებს მსურველთა, საშუალოდ, მხოლოდ 30%-ის მიღებას.

2017-2020 წლების ანალიზის შედეგად, ჩარიცხული მოსწავლეებიდან სწავლების სხვადასხვა ეტაპზე, საშუალოდ, 40%-მა შეწყვიტა სწავლა და ამოირიცხა ლიცეუმიდან. ლიცეუმდამთავრებულ აბიტურიენტთა 50-60% აგრძელებს სწავლას სხვადასხვა სასწავლებელში და არა - ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. ამასთან, 2016, 2017, 2018 წლებში კადეტთა სამხედრო ლიცეუმდამთავრებული 215 კადეტიდან, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩაირიცხა 103 ანუ 48%. მათგან, აკადემია დაასრულა 59-მა პირმა (57%), რომელთაგან დღევანდელი მდგომარეობით, თავდაცვის ძალებში ირიცხება 50 ოფიცერი. აღნიშნული მაჩვენებლები არ არის ეფექტიანი და ვერ უზრუნველყოფს სამინისტროს სამოქმედო გეგმებით დასახული მიზნების მიღწევას“.

ვრცლად სტატია იხილეთ აქ.

დავით ნარმანია: მზარდია საბანკო სექტორის მიერ ენერგეტიკის სექტორით დაინტერესება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული სექტორის კვლევის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.

ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია. ენერგეტიკის სექტორის შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ ენერგეტიკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.

დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული კვლევის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორის განვითარებისათვის, არსებული გამოწვევების უკეთ იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია კვლევების  ჩატარება.

 „მისასალმებელია, რომ მზარდია საბანკო სექტორის მიერ ენერგეტიკის სექტორით დაინტერესება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დარგის განვითარებასა და სხვადასხვა პროექტის წახალისებას. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული კვლევა მოიცავს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული პროექტების, არსებული გამოწვევებისა და  ფინანსური მაჩვენებლების ანალიზს. გარდა ადგილობრივი ბაზრის მახასიათებლებისა, კვლევაში მოცემულია სხვა ქვეყნების ენერგეტიკის სექტორების შედარებითი ანალიზი საქართველოს ენერგეტიკულ ბაზართან.

აღსანიშნავია, რომ სემეკსა და ეროვნულ ბანკს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც არის იმის წინაპირობა, რომ ორ უწყებას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.