... ... hotnews.ge - თუ გრიპი გაქვთ, დიდი ალბათობით ეს “ღორის გრიპია” - რა უნდა იცოდეთ?

თუ გრიპი გაქვთ, დიდი ალბათობით ეს “ღორის გრიპია” - რა უნდა იცოდეთ?

აციებასთან ერთად საქართველოში გრიპით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება - ასეთია ექიმების მოლოდინი მომდევნო კვირებთან დაკავშირებით. წელს სეზონური ვირუსებიდან საქართველოში ყველაზე ხშირად ავადდებიან ე.წ. ღორის გრიპით, რომლის სამედიცინო დასახელება H1N1-ია.

რა არის ეს "ღორის გრიპი"?
გრიპმა, სახელად H1N1, რომელიც ახლა უკვე სეზონურ ვირუსად არის ქცეული, 2009 წელს პანდემია გამოიწვია. იმ წელს "ღორის გრიპმა" მსოფლიოში 280 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ეს ვირუსი ახლაც საფრთხილოა რისკჯგუფებისთვის: ჩვილი ბავშვებისა და ორსულებისთვის, ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გართულდეს ფილტვების ანთებით, დამძიმების შემთხვევაში კი შესაძლებელია გარდაცვალების მიზეზიც გახდეს.

რატომ ეძახიან "ღორის გრიპს"?
2009 წელს, როცა ვირუსი პირველად აღმოაჩინეს, ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მისი გენი ჰგავდა მანამდე ჩრდილო ამერიკაში ღორებში გავრცელებულ ვირუსს.

"ღორის გრიპის" სიმპტომების სხვა გრიპებისგან განსხვავება თითქმის შეუძლებელია. მისი დადგენა შესაძლებელია ლაბორატორიული კვლევებით, ასევე სახლში, აფთიაქში ნაყიდი ე.წ. სწრაფი ტესტით.

H1N1-სთვის დამახასიათებელია:
მაღალი ტემპერატურა (380C) - ცხელება, მაგრამ არა ყოველთვის;
კუნთების ტკივილი;
ოფლიანობა, შემცივნება;
ხველა;
ყელის ტკივილი;
ცხვირიდან გამონადენი;
დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება;
ღებინება, თუმცა იშვიათად.
როდის უნდა დავურეკო ექიმს?
თუ ადამიანი ჯანმრთელია, რომელიმე რისკჯგუფს არ მიეკუთვნება და არც რაიმე გართულებას გრძნობს, შესაძლოა ექიმის დახმარება არც დასჭირდეს. თუმცა აუცილებელია სამედიცინო დახმარების მიღება, თუ:

გიძნელდებათ სუნთქვა;
გტკივათ მკერდი;
გაქვთ დეჰიდრატაციის ნიშნები (მაგალითად, არ გაქვთ შარდვის სურვილი);
თავბრუსხვევა;
გრძნობთ ძლიერ სისუსტეს ან კუნთები გტკივათ.
როგორ შეიძლება გადამედოს?
ვირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს. როცა ინფიცირებული ადამიანი საუბრობს, ახველებს, აცემინებს ან საუბრობს, ვირუსი ჰაერში ვრცელდება წვეთებით, მეორე ადამიანი კი ინფიცირდება "დაბინძურებული" ჰაერის ჩასუნთქვით.

ადამიანი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე. ღორის ხორცის ჭამით ადამიანი არ ინფიცირდება.

თავის დაცვა შემიძლია?
ვაქცინაცია ყველაზე ეფექტიანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი აღარ დაინფიცირდება. ვაქცინა იცავს მდგომარეობის გართულებისგან და უკიდურესი გართულებისგან - სიკვდილისგან. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 3 კვირამდე დრო სჭირდება.

ვაქცინის გაკეთება რეკომენდებულია ოქტომბერ-ნოემბერში, როცა ვირუსები ჯერ გავრცელებული არ არის. თუმცა ვაქცინაცია საქართველოში შესაძლებელია ახლაც.

YOU MAY LIKE