... ... hotnews.ge - თვითნებურად მიღებული მედიკამენტებით და ვიტამინებით გამოწვეული საფრთხეები - ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

თვითნებურად მიღებული მედიკამენტებით და ვიტამინებით გამოწვეული საფრთხეები - ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

მედიცინის და საზოგადოების განვითარების მიუხედავად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დღესდღეობით უამრავი ადამიანი თვითნებურად მკურნალობს, იღებს მედიკამენტებსა თუ ვიტამინებს ექიმის დანიშნულების გარეშე. ალბათ, ხშირად გსმენიათ, უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან, რომ ვიტამინების მიღება, როგორიცაა მაგალითად: ომეგა, კალციუმი, D ვიტამინ, C ვიტამინი და სხვა, სპეციალისტის და ანალიზების ჩატარების გარეშეც შეიძლება და ძალიან სასარგებლოა. თანამედროვე ეპოქაში კი მედიასაშუალებებიდან დაწყებული სოცალური ქსელით დამთავრებული, უამრავი მედიკამენტის/ვიტამინის რეკლამას ვაწყდებით, რომლებიც ჩვენთვის საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება და შეძენისკენ გვიბიძგებს. თუმცა, ერთი შეხედვით სრულიად უწყინარმა მედიკამენტმა, შესაძლოა ადამიანი ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს.

რა საფრთხის შემცველია თვითმკურნალობა და რამდენად ხშირია მსგავსი შემთხვევები საქართველოში, ამ თემასთან დაკავშირებით,ვერსიაენდოკრინოლოგ სალომე ჟვანიას ესაუბრა.

_სალომე, თქვენი აზრით, რა უბიძგებს ადამიანებს თვითმკურნალობისკენ, ძირითადად რა ასაკის და ჯგუფის პაციენტებში გხვდებათ მსგავსი შემთხვევები?

_ძალიან ბევრი მიზეზია, ძირითადად პაციენტის ტიპაჟს გააჩნია, მაგალითად უფროსი თაობის პაციენტებში ხშირია თვითმკურნალობის შემთხვევები, რადგან ადრე იმის საშუალებაც კი არ იყო, ლაბორატორიულად დაედასტურებინათ თუნდაც რაიმე ვიტამინის დეფიციტი. სიმპტომების მიხედვით მკურნალობდნენ ჩვენი ბებია-ბაბუის თაობა და ალბათ, ამიტომ გვხვდება ასეთ ასაკში მსგავსი ქცევა. დღევანდელ თაობაში კი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ კონკრეტული ბრენდების რეკლამირება და პოპულარიზაცია ხდება ინტერნეტ სივრცეში, მათ ბევრი არასაჭირო მედიკამენტის შესახებ მიუწვდებათ ინფორმაციაზე ხელი და რეკლამის მსხვერპლნი ხდებიან.  ძირითადად ეს ორი მიზეზია ხოლმე თვითმკურნალობის გამომწვევი.

უამრავი არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული ინტერნეტსივრცეში, სხვადასხვა მედიკამენტების შესახებ. ხალხს ჰგონია, სხვას რომ დაუნიშნა ექიმმა რაღაც მედიკამენტი, მათაც მოუხდებათ. ერთ პაციენტენტზე დანიშნული მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ სხვასაც იგივე ესაჭიროება, თუნდაც იდენტური დიაგნოზი იყოს. შესაბამისად, ამ კუთხით საზოგადოების განათლება არის ძალიან მწირი. ინტერნეტში რაც წერია ყველაფერი სიმართლე ჰგონიათ. ექიმთან მისვლის კულტურაც კი არაა ჩამოყალიბებული. მეზობლების და ნათესავების რჩევით იღებენ წამლებს. თუ რაიმე სიმპტომი გაქვთ, რაც არ უნდა ელემენტარული იყოს, უნდა მიმართოთ პროფესიონალს.

_რამდენად ხშირია თქვენს პრაქტიკაში თვითმკურნალობის შემთხვევები და ბოლო წლებში იკლო თუ არა სტატისტიკამ?

_სამწუხაროდ, არა, პირიქით, რაც უფრო იზრდება ინფორმაციის მიღების საშუალების არეალი, მით უფრო იმატებს მსგავსი შემთხვევები. რაღაც მხრივ კარგია, რომ სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფებში არის ინფორმაციის გაცვლის საშუალება, მაგრამ მეორე მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ყველა პაციენტთან არის შემთხვევა, როდესაც იგი არასწორად არის ხოლმე ინფორმირებული ინტერნეტ სივრციდან. ხშირად უარსაც კი ამბობენ ექიმის დანიშნული მედიკამენტის მიღებაზე, წყვეტენ მკურნალობას, რადგან სოც. ქსელში წაიკითხეს, რომ ვიღაცას არ მოუხდა ეს წამალი ან რაიმე გვერდითი მოვლენა გამოიწვია. იშვიათია სრულყოფილად ინფორმირებული პაციენტი შეგვხვდეს, საუბარი მაქვს ელემენტარულ ინფორმაციაზე და არა სამედიცინო განათლებაზე. თუნდაც, დიაბეტის შესახებ, საზღვარგარეთ ყველა პაციენტმა იცის, რა არის მათთვის სასარგებლო და რა არა. საქართველოში დღემდე ვუხსნი, პაციენტებს რომ წიწიბურა დიაბეტის დროს საერთოდ არ არის დიეტური, ვინაიდან, 75-80 % არ არის ინფორმირებული საკუთარი ჯანმრთელობის და დაავადების შესახებ.

_როგორც მსმენია, პროფილაქტიკურ მკურნალობასაც თვითმკურნალობასთან აიგივებენ...

_დიახ, ასეა. ანალიზის გარეშე მკურნალობაც ექიმმა უნდა დანიშნოს. მაგალითად, თუ კონკრეტული ვიტამინის დეფიციტის რისკჯგუფს მიეკუთვნებით, გაქვთ თუ არა, საპროფილაქტიკოდ საქმე ესეც ექიმმა უნდა განსაზღვროს. ვიმეორებ, ნებისმიერი სახის მკურნალობას ნიშნავს სპეციალისტი და ეს მისი გადასაწყვეტია.

სტატისტიკურად რომ მივუდგეთ, 10  პაციენტისთვის თუნდაც რომელიმე ვიტამინი მაგალითად ომეგა-3, თუ 9-ში ეფექტურია, შეიძლება იმ ერთში საერთოდ არ გამოდგეს, უსარგებლო ფინანსური ხარჯი ან ჯანმრთელობის გაუარესება შეიძლება მოიტანოს. ამ ინფორმაციის დანერგვა და გავრცელებაა საზოგადოებაში საჭირო. არ არსებობს ნივთიერება ბუნებაში, რომლის ზედმეტად მიღებას  შეიძლება კარგი შედეგი ჰქონდეს. ნებისმიერი რაღაც შეიძლება იყოს მავნე თქვენი ჯანმრთელობისთვის, რაც არ უნდა ბევრი ადამიანი სვამდეს. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, ჩვენ ახლა დანამატებზე  ვსაუბრობთ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისეთ ძლიერ მედიკამენტებს იღებენ თვითნებურად, რომ მის მიერ დარღვეული ჯანმრთელობის აღდგენა საერთოდ შეუძლებელია. ჯანმრთელი ადამიანი ხდება ქრონიკული დაავადებების მატარებელი.

_რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი თვითნებურმა მკურნალობამ?

_ბევრად უფრო რთულ შედეგებს გვიდებს თვითნებური მკურნალობა ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ძალიან ჩვეულებრივ შეიძლება ლეტალობამდეც მივიდეს პაციენტი. აბსოლუტურად ჯანმრთელ ადამიანს ყველაზე კარგ ვარიანტში ინტოქსიკაცია ექნება. შეიძლება, რაიმე ორგანო დაიზიანოს და ქრონიკული დაავადება განივითაროს. შეიძლება, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს და ა.შ. ძალიან ბევრი პაციენტი მყავს ნანახი, ვინც არასტეროიდული ჯგუფის მედიკამენტს ტკივილის გაყუჩების მიზნით იღებდნენ დღეში რამდენჯერმე და თირკმლის უკმარისობა დაემართათ. ამ ეტაპზე, დიდი პრობლემაა და აქტუალურია, გასახდომი მედიკამენტების თითნებურად მიღება, წონაში კლებისთვის. წონაში რომ დაიკლებ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწორი გზით მოხდა კლება, ეს არის ჯანმრთელობის ხარჯზე მიღებული შედეგი.

_როგორ უნდა მოხდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია და რა როლი უნდა შეასრულონ ჯანდაცვის პროფესიონალებმა ამ პროცესში?

_ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელება, ექიმებს რაც შეგვიძლია არის ჩვენი პაციენტების ინფორმირება და მედიასაშუალებებთან ასეთი ინტერვიუები. სამწუხაროდ, ინტერნეტ სივრცეში უფრო სხვადასხვა პროდუქტების რეკლამირებაა, ვიდრე იმ რეალური პროვლემების რის წინაშეც ვდგავართ. ძალიან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი

YOU MAY LIKE