... ... hotnews.ge - „საინგილოში უცხოც შინაურია“ - მართა ტარტარაშვილი - 75

„საინგილოში უცხოც შინაურია“ - მართა ტარტარაშვილი - 75

ახლახან საქართველოს საპატრიარქოს ღვაწლმოსილ თანამშრომელს, საქართველოს უძველესი მხარის - საინგილოს მკვიდრსა და ამ კუთხის ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის მკვლევარს, ჟურნალისტს, ქ-ნ მართა ტარტარაშვილს 75 წელი შეუსრულდა. იგი ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის, ათეისტთა ბატონობის დროიდან, ათწლეულების მანძილზე დაუღალავად ემსახურებოდა (და დღესაც ემსახურება) დედა ეკლესიას - მას დიდი ღვაწლი მიუძღვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ქართველებს შორის ქრისტიანობის განმტკიცების, ეკლესიური ცხოვრების აღორძინების, ძველი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გახსენებისა და გამოკვლევის, მათი ტკივილისა თუ სიხარულის ქართულ მედიაში გაშუქების, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივების საქმეში. ქ-ნ მართა ტარტარაშვილს დიდ პატივს სცემენ და განსაკუთებით კარგად იცნობენ ძველი თაობის სასულიერო პირები, საპატრიარქოს თანამშრომლები, არა მხოლოდ მისი მშობლიური კახის რაიონის, არამედ ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მცხოვრები ქართველებიც, სადაც იგი არაერთხელ ყოფილა სამეცნიერო კვლევების - ეთნოგრაფიის, ფოლკლორისა თუ წეს-ჩვეულებების ჩაწერა-ფიქსაციისა და გამოკვლევის მიზნით. ქ-ნ მართა ტარტარაშვილს მრავალი ათწლეულია იცნობს და დიდ პატივს სცემს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელიც ხშირად სწორედ მისგან იგებდა აზერბაიჯანში მცხოვრები ჩვენებურების სიხარულსა თუ ჭირ-ვარამს, წინსვლისა თუ პრობლემატურ საკითხებს. მართა ტარტარაშვილი თან ახლდა უწმინდესს საინგილოში მისი პირველი, ისტორიული ვიზიტის დროსაც - 1997 წლის ივლისში. ამ ვიზიტის შემდეგ წარმოთქმულ ქადაგებაში უწმინდესმა ბრძანა: „ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩვენზე მაინც საინგილოს მოსახლეობასთან შეხვედრამ მოახდინა. ყველა სოფელში, სადაც კი მივედით, ხალხი ანთებული გულებით, ანთებული სანთლებითა და პურ-მარილით გვხვდებოდა. ბევრი მათგანი სიხარულისგან ტიროდა. მთავარი ის იყო, რომ დედა სამშობლოს მოწყვეტილმა იქაურმა ქართველებმა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ავბედობის გამო ახლა სხვა სახელმწიფოს მოქალაქენი არიან, იგრძნეს, რომ ისინი უპატრონონი არ არიან, რომ მათი ქვეყანა ფიქრობს და ზრუნავს მათზე, მათთვის ლოცულობს. ხშირად მესმოდა როგორ ამბობდნენ, ჩვენ არაფერი არ გვინდა, ჩვენ მხოლოდ გვინდოდა დაგვენახა საქართველოს პატრიარქიო. რა თქმა უნდა, მათ ბევრი რამ სჭირდებათ, განსაკუთრებით ქართული წიგნები, მაგრამ ყველაზე მეტად, ჩვენს ყურადღებასა და გულის სითბოს საჭიროებენ. მე მინდა გთხოვოთ, რომ მათთვის ვილოცოთ, რათა ღვთის მადლით დადგეს დრო, როცა ქართველი ერი გამთლიანდება“.

კათოლიკოს-პატრიარქი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა საზღვარს მიღმა დარჩენილ ჩვენს თანამემამულეებს და ლოცულობდა ამ კუთხის ქართველებისთვის, რაზეც მისი სიტყვებიც მოწმობს: „მე ბედნიერი ვარ დღეს, რომ გხედავთ საპატრიარქოში. შევთხოვთ უფალს, რომ წყალობა ღვთისა არ მოგაკლოთ. მე მინდა ვთქვა, რომ ინგილოები, საინგილოს მოსახლეობა გმირები არიან. მათ გადაიტანეს მძიმე წლები და მძიმე დღეები, მაგრამ ვერ გატეხეს... დალოცვილი იყავით! ჩვენთან არს ღმერთი! ხშირად გვესტუმრეთ და გაგვახარეთ“.

ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, ცნობილმა ქართველმა ლიტერატურათმცოდნემ, პროფესორმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე ბარამიძემ სრულიად ახალგაზრდა, მეორეკურსელი მართა ტარტარაშვილი სამეცნიერო მიზნებისთვის გააგზავნა კახის რაიონის სოფელ შოთავარში (სამწუხაროდ, ქართველ მეცნიერებსა და ისტორიკოსებს საბჭოთა აზერბაიჯანის ადგილობრივი ჩინოვნიკები ყველანაირად ზღუდავდნენ და ამ ისტორიული ქართული რეგიონის ისტორიისა თუ კულტურის კვლევის მცდელობებს ხელს უშლიდნენ) ამ სოფელში და ზოგადად საინგილოში შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის შესახებ თქმულებებისა თუ მოსახლეობაში შემორჩენილი გადმოცემების ჩასაწერად (ამჟამად შოთავარის, ისევე როგორც საინგილოს ათეულობით სხვა სოფლების - ზეგამის, თასმალოს, ჰენგიანის, ვერხვიანის (ბეჰმეთლი) და ა. შ. მცხოვრებ გამუსლიმანებულ ინგილოებს ქართული ენა და ტრადიციები თითქმის სრულიად დავიწყებული აქვთ და თავს უკვე აზერბაჯანელებად მიიჩნევენ, თუმცა უფროს თაობას ახსოვს ის დრო, როცა ქართულად ლაპარაკობდნენ, ადგილობრივი ძველი ქართული ტოპონიმები და ზოგიერთ მათგანს ძველი ქართული გვარებიც კი). აკადემიკოსმა ალ. ბარამიძემ მესამე კურსზეც გააგზავნა მართა ტარტარაშვილი ამ მხარის ადგილობრივი ტოპონიმების გამოკვლევის მიზნით და მას შემდეგ უკვე მრავალი ათწლეულია იგი დიდი სიყვარულითა და რუდუნებით იკვლევს ქართული ენის უნიკალურ ძველ ქართულ-ინგილოურ დიალექტს (რომელიც ყველაზე ახლოსაა ირანის ქართველების მეტყველებასთან - ფერეიდნულ დიალექტთან), ადგილობრივ ტრადიციებს, ფოლკლორის ნიმუშებს და ა. შ.

ვულოცავთ ქ-ნ მართას ამ საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ უფლის მფარველობას, დიდხანს სიცოცხლეს, სულიერ და ფიზიკურ მხნეობას დედა ეკლესიის, მისი მშობლიური კუთხისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ! კიდევ მრავალი სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმე შეგაძლებინოთ უფალმა! ამინ!

გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს ქ-ნ მართა ტარტარაშვილის სტატიებიდან. მიუხედავად იმისა, რომ სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა მისი ამ და სხვა პუბლიკაციებიდან, იგი დღესაც ინტერესით იკითხება და ამჟამადაც არ დაუკარგავს აქტუალობა.

საქართველოს საპატრიარქოს გაზეთი „მადლი“, 16.10.1990 (რეპორტაჟი საინგილოდან) – „ვიდეოფირის მსგავსად გარბის თვალწინ რამდენიმე საათის წინ დატოვებული თბილისის ტკივილიანი დუღილი და საინგილოს სამივე რაიონიდან მომავალი ხალხის გაბრწყინებული სახეები. „ენა, მამული, სარწმუნოება“, - ილიას ამ ანდერძს მოუყვანია დღეს აქ ყველა... უკვე მეოთხედ ტარდება წმიდა ილია მართლისადმი მიძღვნილი ზეიმი კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში (იმავე ქათმისხევში). აქ დღეს უცხოც შინაურია.

სოფლის ცენტრში, წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) სახელობის კულტურის სახლთან სულმნათი მწერლის ძეგლია.

მისასალმებელი სიტყვა რეჟისორ ანზორ დოლენჯაშვილისა. კაცი მორწმუნე, მმარხველი ოჯახით, შვილებით - მოთავე მრავალი კეთილი საქმისა... ღონისძიებისას, მრავალთაგან გამოთქმულ სურვილებს მიემატა კახის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრის - მამა ილარიონის ქრისტიანული დალოცვა და მისაგები სიტყვა წმიდა ილია მართლისადმი.

ზეიმში, ყველაზე მტკივნეულიცა და ყველაზე სასიხარულოც საინგილოს ორი რაიონის - ზაქათალისა და ბელაქნის მკვიდრთა ჩამოსვლაა... ორად გახლეჩილი ერთი გულის გამთლიანებას მიესალბუნა იქაური მოსწავლეების ქართული სიმღერები და უფროსების ქართულისადმი მიზანსწრაფვა. დღეს ამ ზეიმის მადლი მათ უფრო ეკუთვნით, რადგან ისინი არიან ჭავჭავაძიანთ მამულების უშუალო მემკვიდრენი.

მხატვრულ განყოფილებაში გაბედულად, მგზნებარე სულით წარმოდგენილია 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი კომპოზიცია, რომელიც მთავრდება „მამაო ჩვენოთი“...

ზეიმის დასასრულს მოძღვარმა ტაძარში გადაიხადა წმიდა ილია მართლისადმი მიძღვნილი პარაკლისი.

წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიაში ჩატარებულ პარაკლისზე წმიდა ილია მართლისადმი მიძღვნილი სავედრებელი ავსებდა ტაძარს, საეკლესიო საგალობლებს ასრულებდა კახის ქართული სიმღერების ვაჟთა გუნდი „შვიდკაცა“. სანთლების ციალში ისმოდა მოძღვრის სავედრებელი ტროპარი წმიდა ილია მართლისადმი:

„წმიდაო ილია მართალო! ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“...

ვედრება წმინდა ნინოსადმი:

„ყოვლადწმიდაო ქალწულო ნინო! ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“.

იკითხება წმიდა სახარება. მრევლის უმრავლესობა პირველად ეზიარება. წმიდა სახარების მადლი გადადის ტაძრის მიღმა დიდ მინდორზე, სადაც ერის ზეიმს, ადგილობრივ მკვიდრთა და სტუმართა მიერ ერთად შესრულებული „შავლეგოს“ ხმა უერთდება“ (მართა ტარტარაშვილი, თბილისი-კახი).

გაზეთი „მადლი“ (30.10.1990) – „ქართველ მორწმუნეებს ჯერ კიდევ არ განელებოდათ გელათის სასულიერო აკადემიის გახსნით გამოწვეული სიხარული, რომ ახალი საეკლესიო დღესასწაულები მოახლოვდა. უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ამ დღესასწაულთა აღსანიშნავად ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღეღამისო ლოცვისათვის წარავლინა სამთავროს დედათა მონასტრის მონაზვნები, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები.

სადღეღამისო ლოცვასა და მორწმუნეთა ორდღიან მგზავრობას ხემძღვანელობდა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი, მამა დავით დათუაშვილი [ამჟამად მიტროპოლიტი დანიელი - ს.კ.].

ალავერდის დიდებული ტაძარი. - ტაძარი სადაც ერთდროულად და რიგრიგობით შვიდი წირვა ტარდებოდა. შვიდი საკურთხეველი ერთ ტაძარში! რაოდენ ამაღლებული ყოფილა ქართველი კაცი სულიერად, რომ ერთ ტაძარში ერთი საკურთხევლის ნაცვლად შვიდი აუგია. ტაძარში შესულს შვიდი წმიდა ტრაპეზი გხვდება, შუაში დიდი, ცენტრალური და სამ-სამი მის მარჯვნივ და მარცხნივ...

დიდი ალავერდი (პატარა ალავერდის ტაძარი საინგილოშია) ყოველ წელს ხალხმრავლობით ხვდება. საიდან არ მოდიან აქ მლოცველები ღამისთევით: რაჭიდან, მესხეთიდან, სამეგრელოდან, ქიზიყიდან, საინგილოდან...

ალავერდში გატარებულმა დღეებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, ქართველებს იმდენი ღირსი და პატივმისაგები წმიდანი გვყავს, სად უნდა გვეცალოს უქმსიტყვაობისა და ერთმანეთისთვის ტკივილის მისაყენებლად. ქვას ქვაზე უნდა დადება, მამული მომვლელს ითხოვს, ჩვენი ღვაწლმოსილი წინაპრების მსგავს მომვლელს და გზაც გამოგვიჩნდება...“ (მართა ტარტარაშვილი).

გაზეთი „მადლი“ (29.12.1990) - „უხვად დაუჯილდოვებია უფალს საინგილო, სავსე პურითა და ღვინით, შალითა და აბრეშუმით, ბრინჯითა და ბამბით, ციტრუსებითა და თვალის მიმტაცი ტყეებით. მტერსაც ამიტომ იზიდავდა...

ღმერთმა არ დაივიწყა გატანჯული საინგილო და აი, დადგა 1850 წელი, წელი ამ კუთხეში ძალით ჩაკლული ქრისტიანობის აღდგენა-განახლებისა. ინგილო მღვდელი და ისტორიკოსი დიმიტრი ჯანაშვილი იგონებს: „დადგა 1850 წელი.ქრისტიანობის გაძლიერების წელი. ამის მიზეზად გახდნენ ბიძა-ჩემი გიორგი ჯანაშვილი და მისი სიძე ივან (ბაბა) ბულუღაშვილი. კაცი დიდის ტანისა და დიდწვერიანი. ჯეილი იყო. გახდა ვად. ერთ კვირას უგონოდ ეგდო და ამ ავადმყოფობაში წვერი ისე გაუთეთრდა როგორც თოვლი, როგორც ბამბა. ამის მიზეზად ის ამბობდა: ძილში ვიღაც დედაკაცი მაშინებდა და მეუბნებოდა: მოინათლე, მოინათლეო. ეს ხსენებულნი ორნი პირნი მივიდნენ კახის ჯარის უფროსთან თავად შალიკაშვილთან და სთხოვეს დახმარება, რომელმაც მათ თბილისში ჩასვლა ურჩია... და აი, რვა ინგილო ჩამოვიდა ფეხით თბილისს და მოინათლა სიონში“ (მ. ჯანაშვილი, „საინგილო“, 1910, გვ. 14).

ამ პერიოდიდან იწყება ტაძრების აღდგენა-განახლება, ეკლესიების ამოქმედება, საზოგადო მოღვაწეთა ასპარეზზე გამოსვლა... ამ ხნის განმავლობაში კვლავ მრავალგზის აღმოჩნდა ქრისტიანობა საინგილოში განსაცდელის წინაშე, მაგრამ ღვთის წყალობით, ბოლომდე არასოდეს ჩამკვდარა ინგილოებში სიყვარული ჭეშმარიტი ღვთისა. და აი, 1990 წლის 21 ოქტომბერს მთელმა საინგილომ აღნიშნა ქრისტიანობის აღდგენის 140 წელი... ინგილოებმა თავიანთ ზეიმზე დედა საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც მიიწვიეს სტუმრები. საბედნიეროდ, ამ ისტორიულ მოვლენას ფართოდ გამოეხმაურა საქართველოს პრესა და ტელევიზია.

ზეიმი დაიწყო 20 ოქტომბერს საღამოს ლოცვით კახის წმიდა გიორგის ეკლესიაში. გალობდა ანჩისხატის ეკლესიის ვაჟთა გუნდი. 21 ოქტომბერს, დილის 9 საათზე დაიწყო საზეიმო წირვა. წირვა აღასრულა ტაძრის წინამძღვარმა მამა ილარიონმა. წირვის შემდგომ, ეკლესიის ეზოში, დეკანოზმა მამა დიმიტრიმ და მამა ილარიონმა ივან-ბაბა ბულუღაშვილის საფლავთან (რომელსაც აწერია: ივან-ბაბა ბულუღაშვილი (1801-1872 წწ.) ქრისტიანობის აღმდგენელი საინგილოში 1850 წელს. ძეგლი ესე აღუმართა მადლიერმა შთამომავლობამ 1921 წელს)“, გადაიხადეს მისი პანაშვიდი. ეკლესიის ეზო გაივსო ადგილობრივი და ჩამოსული ქართველებით. ჭიშკართან მოსულებს ეგებებოდა მისალმება: „ჩვენთან არს ღმერთი“ და სახარებისეული სიბრძნე: „ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“.

პანაშვიდის შემდეგ იქვე გაიმართა სახალხო დღესასწაული. ერს სიტყვით მიმართა მამა ილარიონმა. მან ხაზი გაუსვა უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ღვაწლს, რომლის ლოცვა-კურთხევითაც გაიხსნა დაკეტილი ტაძარი წმიდა გიორგისა. „უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტიანობა არ არის მხოლოდ განათვლა, - აღნიშნა მან. ქრისტიანები შინაგანად უნდა ვიყოთ, მარხვით, ლოცვით, აღსარებითა და ზიარებით, როგორებიც იყვნენ ჩვენი წინაპრები. მე შევთხოვ მაღალ ღმერთს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და დედა ნინოს, რომ სწორედ ეს შინაგანი ქრისტიანობა მოგვცეს“...

ზეიმობდა საინგილოსთან ჭირსა და ლხინში წილნაყარი კახეთიც. ყვარლის რაიონის მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებით გაახარეს შეკრებილნი, ხოლო თელაველებმა სპეციალურად ჩამოსხმული სპილენძის ზარი შესწირეს წმიდა გიორგის ეკლესიას.

ზეიმს ზეიმი დაერთო. 23 ოქტომბერს კახის რაიონის სოფელ ალათემურის ქართულმა საშუალო სკოლამ გადაიხადა დაარსების 60 წლისთავი. ალათემურელებმა ეს დღე მთელი საინგილოს ზეიმად აქციეს, მოიპატიჟეს საინგილოს სამივე რაიონის ქართული სკოლების წარმომადგენლები. დღესასწაულის სულს წარმართავდა წმიდა ილია მართლის მოწოდება ყოველი ქართველისადმი: „მამული, ენა, სარწმუნოება“.

მოწვეულმა ქართული სკოლის ბავშვებმა თავიანთი მხატვრული შემოქმედება წარმოადგინეს. ყველაზე დიდი სიხარული ზაქათალის რაიონის სოფელ [ამჟამად დაბა -ს.კ.] ალიაბადის სკოლის ბავშვთა გუნდმა „მერცხალმა“ მიანიჭა შეკრებილთ... რამდენიმე წლის უკან ალიაბადში შაქრო მასწავლებელმა მძიმე ჯვარი იტვირთა და უფალიც მიეხმარა. ამ დღეს მისმა აღზრდილმა გოგონებმა და ვაჟებმა მშვენიერი ქართული სიმღერებითა და ცეკვებით დაატკბეს ზეიმის მონაწილენი. კარგი იქნება თუ ამ გუნდს შევეწევით ქართული ეროვნული ტანსაცმლითა და ხალხური საკრავებით.

ზეიმი ქართული ტრადიციის მიხედვით საზეიმო ლხინით დასრულდა. ღმერთმა უმრავლოს ასეთი დღეები საინგილოს“ (მართა ტარტარაშვილი).

P.S. მიუხედავად იმისა რომ, სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო დღეისათვის აღარც ილიაობის დღესასწაული აღინიშნება განსაკუთრებული ზეიმით საინგილოში; ადგილობრივი აზერბაიჯანული ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის გამო არც კახის ალავერდის ტაძარი არაა ამოქმედებული დღემდე და მეტიც, დაკეტილ ტაძარში შესვლის უფლებაც კი არ აქვთ ადგილობრივ ქართველებს; კახის, ზაქათალის და ბელაქნის ქართველობა ერთობლივად აღარ ზეიმობს დღესასწაულებს; საინგილოში ქრისტიანობის აღდგენის საიუბილეო თარიღებსაც ვეღარ აღნიშნავენ ზეიმით ისე, როგორც 1990 წელს და ქართული მედიაც ძალიან იშვიათად ან საერთოდ აღარ აშუქებს ინგილო ქართველების პრობლემატურ საკითხებს; ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადშიც ქართულ ცეკვაზე (ცეკვას საინგილოშიუ შიპრობას უწოდებენ) მეტად „ლეზგინკას“ ცეკვაა პოპულარული მოზარდებსა და ახალგაზრდებში (ამასთან, საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლებს მათთვის დღემდე არ ჩაუტანიათ ეროვნული ჩოხები და ქართული ხალხური ცეკვისათვის საჭირო ატრიბუტიკა თუ მუსიკალური საკრავები), ხოლო ალიაბადის 4 სკოლიდან მხოლოდ 1 სკოლაშია დარჩენილი ქართული სექტორი და მასაც დახურვა ემუქრება; აზერბაიჯანში აკრედიტირებულმა ქართველმა დიპლომატებმა 2011 წლის შემდეგ, 12 წლის მანძილზე ერთხელაც ვერ მოიცალეს ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადსა (მოსახლეობა 11 ათასზე მეტი) და სოფელ მოსულში (მოსახლეობა 3000-ზე მეტი) ათიათასობით ინგილო ქართველთან შესახვედრად და მათი პრობლემების ადგილზე გასაცნობად... მართალია დიდი ილიას ისევ ის „ბედნიერი ერი“ ვართ XXI საუკუნეშიც, მაგრამ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება“ ათწლეულების მანძილზე ქ-ნ მართა ტარტარაშვილისა და სხვა ქართველი პატრიოტებისა, „და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო მაინც დარჩება“...

სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი

YOU MAY LIKE