... ... hotnews.ge - 8 აპრილს, ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდება

8 აპრილს, ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდება

8 აპრილს, მზე, მთვარე და დედამიწა იშვიათ განლაგებაში შევლენ. ეს სამი სხეული კოსმოსში სრულყოფილ ხაზზე განლაგდება და სულ რამდენიმე წუთით, დედამიწის გარკვეულ ნაწილში, მთვარის ჩრდილი დღისით წარმოქმნის სრულ წყვდიადს. ეს გახლავთ მზის სრული დაბნელება, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის საკმაოდ ვრცელ ნაწილში მოხდება და 2044 წლამდე აღარ განმეორდება.

მთვარის ჩრდილი დედამიწაზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით წავა და გაივლის მექსიკას, აშშ-ის 13 შტატს და კანადის ნაწილს.

საქართველოს ტერიტორიიდან მზის დაბნელება არანაირი სახით არ გამოჩნდება და ვერც ვერანაირ ეფექტს ვიგრძნობთ. ეს ჩვეულებრივი ასტრონომიული მოვლენაა, რომელსაც ადამიანზე არანაირი გავლენა არ აქვს.

დაბნელება წყნარი ოკეანის შუაგულში, UTC 15:42 საათზე დაიწყება, როცა მთვარე მზის სინათლის დაბლოკვას დაიწყებს.

სრული დაბნელების ნაწილი UTC 16:38 საათზე დაიწყება და ჯამში 4 წუთსა და 48 წამს გაგრძელდება.

რა თქმა უნდა, დრო და ხედი დამოკიდებულია თქვენს ადგილმდებარეობაზე. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის დიდ ნაწილში ნაწილობრივი დაბნელება გამოჩნდება, მთვარე მზის მხოლოდ დისკოს ნაწილს დაფარავს.

დაბნელებას მზის, მთვარისა და დედამიწის კოსმოსური განლაგება იწვევს.

YOU MAY LIKE