... ... hotnews.ge - ონკოპაციენტები ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ათევენ

ონკოპაციენტები ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ათევენ

ონკოპაციენტები ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათევენ. მათ პერმანენტული აქციები დღეს, 8 აპრილს დააანონსეს.

მათი ძირითადი მოთხოვნებია:

მკურნალობისთვის გამოყოფილი 25-ათასლარიანი ლიმიტის გაუქმება;
პერსონალიზებული მედიცინა – ყველა პაციენტს ინდივიდუალური მკურნალობა სჭირდება, რაც სხვადასხვა ხარჯთან არის დაკავშირებული;
ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას გადადგომა, ვინაიდან მან "ონკოპაციენტები მოატყუა;"
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა.
მოძრაობა "კავშირი სიცოცხლისთვის" დამფუძნებელი გვანცა აფხაიძეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ონკოპაციენტისთვის უძილობა და სიცივეში ყოფნა არ შეიძლება, ისინი მაინც ათევენ ღამეს.

"ზოგიერთი მწერს, თავს დამნაშავედ ვგრძნობთ, რომ ვერ მოვდივართო. გთხოვთ, ნუ გრძნობთ თავს დამნაშავედ. თავი დამნაშავედ იგრძნოს პრემიერმინისტრმა, დღეს ჩვენთან შესახვედრად რომ არ გამოვიდა და პრეზიდენტმა, ერთი სიტყვა რომ არ თქვა ჩვენ მხარდასაჭერად," - დაწერა აფხაიძემ სოციალურ ქსელში.

ონკოპაციენტების განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ონკოლოგიური მედიკამენტები 25 000-ლარიან ლიმიტში აღარ შევა, არ არის ის, რაც მათ თავდაპირველად ეგონათ და მიხეილ სარჯველაძემ "სიტყვებით ითამაშა."

მათი თქმით, 25-ათასლარიანი ლიმიტის მიღმა რჩება 13 დასახელების მედიკამენტი, რომლებიც ისედაც ფინანსდებოდა. აფხაიძის თქმით, ეს ძალიან ცოტაა და წამლები მუდმივ დეფიციტშია. ზოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამალი კი საქართველოში ჯერ რეგისტრირებულიც არ არის. მათ, ასევე, უგვიანდებათ დაფინანსების დადასტურებაც "ლოდინის დრო არ აქვთ" – 2 და 3 თვე ზოგიერთისთვის, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ფოტო: "პუბლიკა"

 

YOU MAY LIKE