... ... hotnews.ge - გიორგობას საინგილოს ქართული დელეგაცია ეწვევა

გიორგობას საინგილოს ქართული დელეგაცია ეწვევა

წელს მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსა და წმინდა გიორგის ხსენების დღეს მრავალრიცხოვანი ქართული დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკას, ისტორიულ ქართულ კუთხეს - საინგილოს ეწვევა.

დელეგაციის დიდი ნაწილი აღდგომის დღესასწაულის წინ - ვნების შვიდეულში ლაგოდეხი-ბელაქნის სახმელეთო საზღვრით გაემგზავრება კახში. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით უკვე 4 წელზე მეტია აზერბაიჯანს დახურული აქვს სახმელეთო საზღვარი როგორც საქართველოსთან, ისე ირანთან და რუსეთის ფედერაციასთან. როგორც აზერბაიჯანის, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქე ვიზიტორებს აზერბაიჯანში ჩასვლა მხოლოდ საჰაერო გზით (ჩვენს შემთხვევაში - თბილისი-ბაქოს ავიარეისით) შეუძლიათ. აზერბაიჯანის დატოვება სხვა ქვეყნების (მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს) სახმელეთო გზითაც (მათ შორის ბელაქანი-ლაგოდეხის საზღვრით) შეუძლიათ (სახმელეთო გზით ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვთ აზერბაიჯანის მოქალაქეებს). სახმელეთო საზღვრის ხანგრძლივი ჩაკეტვის გამო აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკური ქართველები, რომლებსაც ყოველთვის მჭიდრო კავშირები ჰქონდათ ისტორიულ სამშობლოსთან - საქართველოსთან, მძიმე ჰუმანიტარული პრობლემების წინაშე დგანან (გაყოფილი ოჯახები და ნათესავები წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ ერთმანეთთან შეხვედრას, ავადმყოფი ახლობლების მონახულებას, გარდაცვლილი ახლობლის დაკრძალვაზე ჩასვლას და ა. შ. ამასთან, რეგიონში მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების არარსებობისა და ხარისხიანი მედიკამენტების დეფიციტის გამო არაერთი ადამიანის გარდაცვალებაც დაფიქსირდა).

საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსა და აზერბაიჯანის რელიგიის სახელმწიფო კომიტეტის შეთანხმებით, ამ დღეებში ქართველი მომლოცველების მცირე ნაწილსაც მიეცემა შესაძლებლობა ლაგოდეხი-ბელაქანის დაკეტილი სახმელეთო საზღვარი სპეციალური კოდით და წინასწარ შეთანხმებული სიის საშუალებით გადაკვეთოს და აღდგომის, გიორგობის დღესასწაულების  შემდეგ იგივე გზით დაბრუნდეს საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქვეყანაში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს ოფიციალურად ულოცავს ქრისტეს აღდგომისა და შობის დღესაწაულებს. პრეზიდენტის სააღდგომო მილოცვის ტექსტი სავარაუდოდ აღდგომის დღესასწაულამდე 2 დღით ადრე - 3 მაისს, დიდ პარასკევს გამოქვეყნდება.

6 მაისს გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პარლამენტის დეპუტატებთან, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა, აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებს შეხვდება და გიორგობას მიულოცავს.

6 მაისს, კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს (ისტორიული კაკისთავი) წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვას აღავლენს. ღვთისმსახურება დილის 10 საათიდან დაიწყება. საღვთო ლიტურგიისა და მეუფის ქადაგების შემდეგ საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ქართულ ენაზე გამოცემულ ბიბლიისა და ახალი აღთქმის წიგნებს საჩუქრად გადასცემს ტაძარში მყოფ ადგილობრივ ქართველებს. ზაზა ვაშაყმაძე ადგილობრივი ქართველების სულიერ მოძღვარს - დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილს ქართულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს - ჩონგურებს, ფანდურებს, სალამურებს გადასცემს, რათა აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველმა ბავშვებმა უკეთესად შეისწავლონ ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერები. წირვის შემდეგ მეუფე თეოდორე სამღვდელოებასთან, ქართული დელეგაციის წევრებთან და მრევლთან ერთად ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს მოილოცავს და სადღესასწაულო პარაკლისს აღავლენს.

ვიზიტის დროს შედგება ქართული დელეგაციის შეხვედრა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელთან მუსა შექილიევთან. მეუფე თეოდორე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კახ-ინგილოს წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში წირვის შემდეგ შეკრებილ ინგილო ქართველებსაც შეხვდება.

6 მაისს საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია კახიდან ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალაში გაემგზავრება.

სოფელი ითითალა მდინარე ალაზნის პირას მდებარეობს და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედს ესაზღვრება. ითითალაში 2000-ზე მეტი ჩვენი თანამემულე ცხოვრობს.

საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ითითალის სკოლას ეწვევა და სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდება. ზაზა ვაშაყმაძე ითითალაში მცხოვრებ ინგილო ქართველ მუსლიმებს საჩუქრად გადასცემს ქართულ ენაზე გამოცემულ ყურანის წიგნებს, ხოლო მართლმადიდებელ ქრისტიანებს ქართულ ენაზე გამოცემულ ბიბლიისა დ ახალი აღთმის წიგნებს.

აღსანიშნავია, რომ ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალაში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიან ინგილოებს ადგილობრივი ადმინისტრაციისგან დღემდე არ აქვთ სამლოცველოს მოწყობის ან ეკლესიის აშენების უფლება, სადაც მშობლიურ ქართულ ენაზე ერთობლივად აღავლენენ ღვთისმსახურებას.

ავტორი: სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი

YOU MAY LIKE