... ... hotnews.ge - პოლიტიკა

არა რუსულ კანონს! - ხვალ, 19 საათზე, თბილისში მასწავლებლების მარში გაიმართება

რუსული კანონის გასაპროტესტებლად ხვალ, 11 მაისს, 19:00 საათზე თბილისში მასწავლებლების მარში გაიმართება. ისინი თბილისის კლასიკური გიმნაზიასთან შეიკრიბებიან და ამ დღეს დაგეგმილ ევროპის მარშს შეუერთდებიან.

"მასწავლებლები და განათლების მუშაკები ვუერთდებით ევროპის მარშს და ვიკრიბებით თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან! ერთად გავაპროესტოთ რუსული კანონი და მხარი დავუჭიროთ ევროპულ მომავალს!
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 5 ლოკაციაზე:
‣ რესპუბლიკის მოედანი
‣ მარჯანიშვილის მოედანი
‣ მეტრო 300 არაგველი
‣ მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია
‣ მასწავლებლების მარში - თბილისის კლასიკური გიმნაზია

ხუთივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - წერენ ორგანიზატორები.

ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებს - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში წერს: 

„ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებს
გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს.
ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან. ესენია „ნაცმოძრაობის“, გვარამია-მელიას, გახარიას და ხაზარაძის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ათეულობით მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. ხაზარაძე აფინანსებს მოძრაობა „ჯენზისაც“, რომლის ლიდერიც ჯენ-ზის ასაკს მკვეთრად არის გადაცილებული. აქციებზე აქტიურობენ კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი და გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები - „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“, „მომავლის აკადემია“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ჯიუტი“, „ტალღა“, „ნაბიჯი“, „წერტილი“, „დაფიონი", რომლებიც 200-მდე აქტივისტს რეგულარულად უყრიან თავს და უშუალო პარტიულ აქტივთან ერთად, მოძალადე ახალგაზრდების ძირითად ბირთვს შეადგენენ.
ამ არაგულწრფელ ახალგაზრდებთან ერთად, რა თქმა უნდა, აქციებში მონაწილეობენ გულწრფელი ახალგაზრდებიც, რომლებსაც სჯერათ, რომ აქციაზე დგომით კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ერთ-ერთი ასეთი, ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის პოსტები ხშირად მხვდება „ფეისბუკში“ და შევეცადე მივყოლოდი მის ლოგიკას. ეს ახალგაზრდა დღეს 25-27 წლის იქნება. 2020 წლიდან ის რევოლუციის ორივე მცდელობას აქტიურად უჭერდა მხარს და ალბათ, არცერთი ოპოზიციური აქცია არ გამოუტოვებია.
2020 წელს მან ხმა მისცა ნაციონალებს. იმდენჯერ აქვს „ფეისბუკში“ დაწერილი, რომ ნაცი არ არის, სავარაუდოდ, პარტია „ნაცმოძრაობისთვის“ ხმის მიცემის თავის თავთანაც მოერიდებოდა. თუმცა, მის „ფეისბუკ“-აქტივობას თუ დავაკვირდებით, აშკარაა, რომ 2020 წელს მან „ნაცმოძრაობის“ ორი დანაყოფიდან ერთ-ერთი - „ევროპული საქართველო“ ან „ლელო“ შემოხაზა.
ეს ახალგაზრდა არჩევნების ღამეს აღშფოთდა, როცა „მთავარი არხისგან“ შეიტყო, რომ ცესკომ არჩევნების შედეგები „დაგვიანებით“ გამოაქვეყნა და ერთ-ერთი პირველი გავიდა ნაცების აქციაზე, რომელიც ცესკოში შეჭრის მცდელობით დასრულდა. მართალია, ცესკოში შეჭრა თვითონ არ უცდია, მაგრამ ამ ყველაფერს აქციაზე დგომით ამაგრებდა.
ეს ახალგაზრდა კიდევ უფრო აღშფოთდა, როცა „მთავარი არხის“ მიერ გაჟღერებული ბრალდება „ენჯეოებისგანაც“ მოისმინა. მართალია, რამდენიმე თვის შემდეგ გაიგო, რომ ერთმაც და მეორემაც მოატყუა და სინამდვილეში, ცესკომ შედეგები სტანდარტულ დროს გამოაქვეყნა, მაგრამ „მთავარი არხისა“ და „ენჯეოებისთვის“ საყვედურის „დაპოსტვა“ აზრადაც არ გაუვლია. ასეთია ნაციონალის ბუნება - მისთვის ნაცისგან, „ენჯეოსგან“ და „მთავარი არხისგან“ მოსმენილი ტყუილიც კი წმინდაა.
ეს გულწრფელი ახალგაზრდა მაშინაც აღშფოთდა, როცა ცესკოს შედეგები „ენჯეოს“ პარალელური ხმის დათვლას აცდა. თუმცა, აღშფოთება იმაზე აღარ გამოუხატავს, როცა ამ „ენჯეომ“ 5 კვირის დაგვიანებით თავადვე აღიარა, რომ სწორედ მისი პარალელური დათვლა აცდა ცესკოს შედეგებს და არა პირიქით.
მოკლედ, ამ გულწრფელმა ახალგაზრდამ არჩევნები „ფეისბუკზე“ გაყალბებულად გამოაცხადა და თამარ ჟვანიას მსოფლიოს მთავარი გამყალბებლის ტიტული თამამად მიანიჭა. რამდენიმე თვეში ამ ახალგაზრდას ბოდიში აღარ მოუხდია, როდესაც ეს „მსოფლიოს მთავარი გამყალბებელი“ - თამარ ჟვანია ამერიკელებმა ერთ-ერთ ქვეყანაში თავიანთი მთავარი საარჩევნო ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშნეს.
ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა 2021 წელს აქტიურად ითხოვდა ხელისუფლების მიერ მიშელის შეთანხმების ხელმოწერას. თუმცა, ის საერთოდ არ აღშფოთებულა, როცა „ნაცმოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს და საქართველოში ჩამოსულ მიშელთან მისვლაც კი არ იკადრეს. სამაგიეროდ, გაგულისდა, როდესაც ნაცების ხელმოწერის 100-დღიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, ეს შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა.
მოკლედ, ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის პირველი რევოლუციური მცდელობა იმით დასრულდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მან ისევ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ დანაყოფს - ხაზარაძეს ან გახარიას მისცა ხმა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 47 პროცენტი მიიღო და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების იდეაც წარსულს ჩაბარდა.
2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის თებერვლის ბოლომდე ამ ახალგაზრდის „ფეისბუკ“-აქტივობა ექსკლუზიურად სააკაშვილის შიმშილობას და გათავისუფლებას უკავშირდებოდა. როგორც ყველა კლასიკური ფსევდოშუაშისტი, ისიც წერდა, რომ ახლა სააკაშვილის წარსულის გარჩევის დრო არ იყო და მხოლოდ მისი სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა გვეფიქრა. ამ გულწრფელ ახალგაზრდას მოგვიანებით ოდნავი გულისწყვეტაც კი არ გამოუხატავს, როცა სააკაშვილმა ორი წლის თავზე გადაწყვიტა, რომ აღარ კვდებოდა და სიმულანტობა პრინციპულად შეწყვიტა.
მრავალი დაშვებული შეცდომის მიუხედავად, გულწრფელმა ახალგაზრდამ საკუთარი ანალიტიკური უნარების კიდევ ერთხელ მყარად ირწმუნა, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო. ომის პირველივე დღეს მან ვლადიმირ ზელენსკი ცივილიზებული სამყაროს ლიდერად და მსოფლიო გმირად გამოაცხადა. დღეს კი ხვდება ეს ახალგაზრდა, რომ მისი ანალიტიკური დასკვნები სიმართლისგან უკიდურესად შორს იყო, თუმცა, შეცდომის აღიარება ერთხელაც არ უფიქრია. ამ ახალგაზრდის „ფეისბუკს“ დღემდე ამშვენებს წარწერა „სლავა უკრაინე“ და ჩარჩო ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით, სადაც საქართველოს დროშისთვის ადგილი ვერ გამოიძებნა.
2022 წლის თებერვალში გულწრფელი ახალგაზრდა ერთ-ერთი პირველი გავიდა აქციებზე და პირველ რიგში, რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა. მან მყისიერად გააზიარა ლომჯარიას განცხადება, სანქციების არდაწესებას მირჩევნია, ბომბებისგან მიღებულმა ცეცხლმა დაგვწვასო. სანქციების დაწესების პირობებში, საქართველოს ეკონომიკა რომ ჩამოიქცეოდა, ამაზე ეს ახალგაზრდა პასუხს არა საკუთარ თავს, არამედ ისევ ხელისუფლებას მოსთხოვდა. ნაცის ტვინი ასეა მოწყობილი - ხან ვერ ფიქრობს და ხან არ ფიქრობს.
შემდეგ, ამ ახალგაზრდამ საქართველოს მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაც მოითხოვა. მაშინაც კი არ დაუხევია უკან, როცა ბაიდენმა და ჯონსონმა თქვეს, უკრაინაში ჩვენგან მოხალისეების წასვლას რეკომენდაციას არ ვუწევთ, რადგან არ გვინდა, ნატო რუსეთთან ომში ჩაებასო. მეტიც, ომისკენ ღიადაც იქაჩებოდა და გიგაურის განცხადება გააზიარა: რუსეთი უკრაინაში ომს აგებს, ყველა მიმართულებით ომს ვერ დაიწყებს და შესაძლებლობის ეს ფანჯარა უნდა გამოვიყენოთო.
ეს ახალგაზრდა, რომელიც, ზოგადად, თავს ვალდებულად მიიჩნევს, ყველაფერ რუსულზე გაღიზიანდეს, საერთოდ არ გაღიზიანდა, როდესაც კიდევ ერთმა „მსოფლიო გმირმა“, დავით არახამიამ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მას რუსულ ენაზე მიმართა. აქედან ჩანს, რომ ნაცი ყველაფერ რუსულზე კი არ ღიზიანდება, არამედ თავს იღიზიანებს. ასე იღიზიანებენ დღეს თავს რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი ნაციონალები, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ. ამ და სხვა ნაციონალებმა საკუთარ თავს დააჯერეს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი არა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპირების შემდეგ გახდა. ასეა ნაცის ტვინი მოწყობილი - ხან ვერ ფიქრობს და ხან არ ფიქრობს. ამიტომ, მისთვის რუსულზე გაღიზიანებაც შერჩევითია.
2022 წლის 1-ელ მარტს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა საერთოდ გადაირია, როდესაც სანქციების არდაწესებისა და მებრძოლების არგაგზავნის საბაბით, „მსოფლიო გმირმა“ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია. „მრცხვენია, რომ ქართველი ვარ“ - ასე გამოეხმაურა ეს ახალგაზრდა ზელენსკის დემარშს. კითხვაც კი არ გასჩენია, რატომ უნდა გაეწვია ზელენსკის ელჩი საქართველოდან, როცა ომის დაწყებიდან წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ელჩი ბელარუსიდანაც კი არ გაუწვევია. არც დაფიქრდა, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ყველაფერი პოდოლიაკისა და დანილოვის პირდაპირ მოწოდებებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. იმაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ, რომ პოდოლიაკისა და დანილოვის ამ განცხადებებზე ოდნავი პროტესტიც კი არ გამოუხატავს.
გულწრფელი ახალგაზრდის ანალიტიკური ამბიციები მწვერვალებს მისწვდა, როდესაც დღის წესრიგში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხი დადგა. საზოგადოებას მრავლად გავუზიარეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს არაკეთილმოსურნეები და მეორე ფრონტის მსურველები კანდიდატის თემას შანტაჟისთვის იყენებდნენ. ყველას გავუზიარეთ ინფორმაცია ბაკურიანის შეხვედრის შესახებ, სადაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - პარტიები, ენჯეოები და ტელევიზიები შეიკრიბნენ და დაგეგმეს, როგორ უნდა მოეწყოთ რევოლუცია, როდესაც (ხაზს ვუსვამ - როდესაც და არა თუ) ივნისში კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებდნენ.
ეს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა პირველი გავიდა აქციაზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს. მან ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა და კითხვაც არ დაუსვამს იმაზე, თუ რატომ არ მიანიჭეს სტატუსი საქართველოს და მიანიჭეს მოლდოვას, რომელიც დსთ-ს წევრია, რუსეთთან სანქციებს თავადაც არ მიუერთდა და თუკი რაიმეთი გამოირჩევა, კორუფცია და გაუმართავი სახელმწიფო ინსტიტუტებია. გულწრფელ ახალგაზრდას კითხვები მაშინაც არ გასჩენია, როდესაც ევროკომისიამ რამდენიმე თვეში ქულებით შეფასება გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ საქართველო კანდიდატ მოლდოვასაც და კანდიდატ ბოსნიასაც დიდი უპირატესობით უსწრებდა.
გულწრფელმა ახალგაზრდამ მაშინ გააზიარა ნაციონალი პოლიტიკოსების, „ენჯეოშნიკების“ და ჟურნალისტების განცხადებები იმის შესახებ, რომ სტატუსის ვერმიღებით საქართველომ 14 მილიარდი ევრო დაკარგა და ქვეყანამ მყისიერი გამდიდრების შანსი გაუშვა ხელიდან. წელიწად-ნახევარში ეს გულწრფელი ახალგაზრდა საერთოდ არ გაბრაზებულა, როდესაც იმავე ადამიანებმა მას უთხრეს, რომ თურმე, კანდიდატის სტატუსი არავითარი ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლის მომცემი არ ყოფილა.
შუალედში, ამ გულწრფელმა ახალგაზრდამ გააზიარა სხვადასხვა სტილის ნაციონალების არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ ამ ხელისუფლებით საქართველო ვერასოდეს მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. თუმცა, დღემდე ეს პოსტებიც კი არ წაუშლია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში უკვე მიიღო. გასული წლის დეკემბერში ის არ მივიდა აქციაზე, სადაც ხელისუფლებამ და ევროკავშირის ელჩებმა კანდიდატის სტატუსი ერთად აღვნიშნეთ.
მოკლედ, ამდენი შეცდომის მიუხედავად, ეს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა დღესაც აქციაზე დგას. არც ქართული კანონი წაუკითხავს და მით უმეტეს, არც რუსული, თუმცა, აქვს რწმენა, რომ ქართული კანონი რუსულია. ხშირად აზიარებს ხოლმე ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორების და „ენჯეოშნიკების“ ვიდეოებს, სადაც ეს ადამიანები ათას ტყუილს ამბობენ. ის კი, ამ ყველაფერს არც ამოწმებს, რადგან მისთვის ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიც და „ენჯეოშნიკიც“ ღმერთის სწორია, რომლის სიტყვასაც გადამოწმება საერთოდ არ სჭირდება.
ამ ყველაფრის ფონზე, დღის წესრიგში დგება საკითხი: ვის უნდა გაჰყვეს ხელისუფლება - საშუალო ინტელექტის მქონე ამ გულწრფელ ახალგაზრდას და მის თანამოაზრეებს, თუ იმ ახალგაზრდა, საშუალო ასაკის და ასაკოვან ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გასული 3 წლის მანძილზე მოვლენებს სწორად აანალიზებდნენ, არცერთ ხელოვნურად შემოგდებულ პროვოკაციას არ აყვნენ და სახელმწიფოს სიმყარის შენარჩუნებაში დაეხმარნენ?
ერთი თვის წინ საინტერესო კვლევა ჩავატარეთ. გამოვიკითხეთ, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ ინტელექტის დონის მიხედვით. რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში - მხოლოდ 45,6 პროცენტი.
ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს. ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ადამიანს, რომელსაც კანონი არ წაუკითხავს, მაგრამ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისგან და ოკეანის გაღმიდან მოისმინა, რომ ეს კანონი რუსულია, ყველაზე მყარად სწამს, რომ მის მიერ წაუკითხავი კანონი ცუდია.
გულწრფელობას რაც შეეხება, მას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული. ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია.
როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე - ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა ჩემი ნაცნობი გულწრფელი ახალგაზრდის მოთხოვნების მიხედვით, არამედ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ აქციაზე მოსული 200 ათასი ახალგაზრდა, საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანის კარნახით. ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტის დაკვეთით, რომელიც „ენჯეოების“ გამჭვირვალობას და შესაბამისად, საქართველოს მშვიდობიან მომავალს მყარად და გააზრებულად უჭერს მხარს.
ყველა გულწრფელ ახალგაზრდას კი, რომელიც არასწორ გზას ადგას, გულწრფელად ვთხოვ, საკუთარ წარსულ ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ, რომ სამომავლოდ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვან. ასეც და ისეც, გპირდებით, რომ ქართული სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან. ყველა გულწრფელ ახალგაზრდას ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ, რადგან ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ღირსებით არის შესაძლებელი. 2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. “ 

ევროპის დღეს ჩემი გზავნილი საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ნათელია - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოსა და ქართველ ხალხს მიმართა.

„ევროპის დღეს ჩემი გზავნილი საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ნათელია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს თქვენს მისწრაფებას კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისკენ. ეს არის გზა ევროკავშირისა და ჩვენი საერთო მომავლისკენ. ეს არის გზა, რომელზეც თქვენს ქვეყანას ევროკავშირი მხარს დაუჭერს“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს შვილის ლიკვიდაციით ემუქრებიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, „ქართული ოცნების“ რეგიონულ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს შვილის ლიკვიდაციით ემუქრებიან.

ამის შესახებ დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა და მუქარის შემცველი შეტყობინებები გაასაჯაროვა.

„20 საათი დაგრჩათ, ლომჯარიას, გიგაურს, 5ლე ჯაფარიძეს, გვარამიას და ყველა ჩირქიანს, რომლებიც სანაცეთში ყარხართ, მომითრიოთ ჩემი შვილის ლიკვიდაციის მუქარის მომწერი! 20 საათი, თუ არა და მე თვითონ ამოვარჩევ თქვენში დამკვეთს! ყველანი ხართ ამაზე წამსვლელები, ამიტომ დიდად არ შევცდები! თქვენ გგონიათ ამით გამაჩერებთ? პირიქით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენი მოთესლება ხელისუფლებაში არ შეიძლება და ნებისმიერი ფორმით და ხერხით უნდა აღვკვეთოთ თქვენი მცდელობები❗️ აჯობებს თქვენ არ იყოთ, ვიდრე საქართველო გაქრეს‼️ გპირდებით გაგამწარებთ, არ გემუქრებით, გაფრთხილებთ ‼️‼️‼️“ - წერს დეპუტატი 

"დარჩით ევროკავშირის გზაზე" - ჰერჩინსკის გამოსვლა "ევროპის დღის" ზეიმზე

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს წევრობისკენ, ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, ჩვენ გელოდებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რუსთაველის თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„ყოველწლიურად, ევროპის დღეს ჩვენ ვზეიმობთ ევროინტეგრაციის საოცარი გზის, განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე, მაგრამ საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით დაკავშირებული 27 ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ კავშირს. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე.

შარშან, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, მართლაც ამაღელვებელი ეროვნული დღესასწაულის მოწმე გავხდი. დავინახე ყველა თაობის და წრის ადამიანები მათთვის და მათი ოჯახებისთვის მშვიდობიანი, აყვავებული, უსაფრთხო მომავლის იმედით სავსე. ვამაყობდი, რომ ამ არაჩვეულებრივი მომენტის მონაწილე ვიყავი და არა მარტო ყველა პოლიტიკურ ლიდერს, არამედ, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას ეს ისტორიული მიღწევა გულწრფელად მივულოცე. სწორედ ამიტომ, დღეს, სულ რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ევროკავშირმა საბოლოოდ ფართოდ გაუღო კარი საქართველოს, გულდასაწყვეტია ყოყმანისა და დაეჭვების დანახვა. დაბნეულობის, დაყოფის და, უფრო უარესი, დაშინების და ძალადობის დანახვა. როგორც პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა თქვა, საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს. ამ წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს წევრობისკენ. ამისთვის საქართველომ უნდა აჩვენოს ევროკავშირის ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება და საჭირო რეფორმები განახორციელოს. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. ის ხელიდან არ უნდა გაუშვათ, არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენ გელოდებით.

გვინდა, რომ საქართველო თავისი მშვიდობიანი და ეკონომიკურად სტაბილური მომავლის უზრუნველყოფაში წარმატებული იყოს. გვინდა, გახდეთ ჩვენი კავშირის ნაწილი, რადგან პატივს ვცემთ საქართველოს ამაყ ხალხს, რომელიც არის მშვიდობისმოყვარე, ნიჭიერი და ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს იზიარებს. ევროკავშირი ამაყობს თავისი მრავალფეროვნებით და ყველა წევრი ქვეყნის უნიკალურ ისტორიას, კულტურას სათუთად უფრთხილდება. გვინდა, საქართველო თავისი მდიდარი კულტურითა და ტრადიციებით ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს.

რუსთაველის ულამაზესი თეატრის შემხედვარე, ვხედავ ჩვენ პარტნიორებს, პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს. ვხედავ მუსიკოსებს, პოეტებს, მოსამართლეებს, ექიმებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს. მინდა, გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ქვეყნის, საქართველოს კეთილდღეობით აღსავსე და მშვიდობიან ევროპულ მომავალში შეტანილი წვლილისთვის, თქვენი თავდადებისთვის. ძალა ერთობაშია. ჩვენ გვჯერა თქვენი. საქართველოს შეუძლია, ეს გვერდი გადაფურცლოს და ევროკავშირის წევრობისკენ სვლა გააგრძელოს. დრო ჯერ კიდევ არის.

ძალიან მკაფიო ვიქნები: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება, მოხდება ეს საქართველოსთან ერთად თუ საქართველოს გარეშე, ეს დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე. დარჩით ევროკავშირის გზაზე. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, რათა მაქსიმალურად დაგეხმაროთ.

დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ნება მიბოძეთ, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს, საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს და მოწვეულ ხელოვანებს დღევანდელი მუსიკალური საჩუქრისთვის. ისიამოვნეთ საოცარი შესრულებით“

ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია...- ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” წერს.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ყველა სირთულე, რომელიც დღეს ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, გადაილახება.

“1950 წლის 9 მაისს, ხელი მოეწერა შუმანის დეკლარაციას, რითაც ევროკავშირის დაფუძნებას ჩაეყარა საფუძველი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპა დაეფუძნა ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, რაშიც განსაკუთრებული როლი ევროკავშირმა და მისმა ინსტიტუტებმა შეასრულა. ხანგრძლივმა მშვიდობამ ევროკავშირს მისცა ეკონომიკის თანმიმდევრული განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

დარწმუნებული ვარ, ყველა სირთულე, რომელიც დღეს ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, გადაილახება.

ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ევროკავშირის წარმატებაში თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს!”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული აზრი, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი აპარატი 8 მაისს ცალკეული მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„სახალხო დამცველი ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას. მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი და ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე, რაც შეუთავსებელია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს მოახდინონ მყისიერი რეაგირება და განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას“

არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ... - მიხეილ სააკაშვილის განცხადება

შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, არჩევნებს თუ ივანიშვილი ჩაატარებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს, არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს:

„ამ რთულ დღეებში საჭიროა შემდეგი მომენტების გათვალისწინება: შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა. არჩევნებს თუ ივანიშვილი ჩაატარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს. არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა (გარდამავალმა, ტექნიკურმა) მთავრობამ. შემოდგომაზე არჩევნებია აშშ-ში და საქართველოსთვის აღარავის ეცლება. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ივანიშვილს აქვს იმედი, რომ ის მოუხსნის მას სანქციებს, თუ კიდევაც სახ. დეპარტამენტი მანამდე მას დაასანქცირებს.

რუსეთი უფრო სუსტია მოკლე დისტანციაზე, მას აბნევს და აშინებს მოულოდნელობა, სპონტანურად შექმნილი ვითარება, ისეთი, ჩვენთან რომ არის ახლა. გრძელ დისტანციაზე, სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, ინფორმაციის გაყალბებით, ადამიანების მოსყიდვით რუსეთი ძალას იკრებს და მისი გამარჯვების შანსი იზრდება. ჩვენთვის ეს წაგებულ თამაშში შესვლაა. არ უნდა მივცეთ ეს შანსი რუსეთს.

თავის დროზე იანუკოვიჩმა დასავლეთს მიმართა თხოვნით, მიეცათ მისთვის არჩევნების ექვსი თვით გადავადების უფლება. დასავლეთი დათანხმდა, დათანხმდა უკრაინის ხელისუფლებაც. ერთადერთი, ვინც არ დათანხმდა, იყო აჯანყებული მაიდანი და შედეგად იანუკოვიჩი გაიქცა. ასე რომ არ მომხდარიყო, უკრაინა დიდი ხნის უკან, იმ ექვს თვეში, გადაყლაპული ექნებოდა პუტინს. აუცილებელია ყველა ამ პროცესმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ხალხს დიდი ძალა აქვს“

წარმატებული ადამიანების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბულინგი, შეურაცხყოფა, ძალადობა...- კახა კალაძე

წარმატებული ადამიანების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბულინგი, შეურაცხყოფა, ძალადობა, ეს დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარშ განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაკეთებული განცხადებები, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ. ხვიჩა არის ჩვენი საამაყო ადამიანი, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ამომავალი ვარსკვლავი. ზოგადად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ ეს დამოკიდებულება და განცხადებები, როგორი მიდგომა აქვთ, რომ თუ შენ არ ემხრობი მათ მოსაზრებას ხარ ქვეყნის მოღალატე, მტერი, ეს წარმოუდგენელია. ამ დამოკიდებულებას და მიდგომებს არავითარი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიასთან, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. როგორც 9 მაისს იქნა გამარჯვება ფაშიზმზე, ისე იქნება ყოველთვის, გამარჯვება რადიკალიზმზე და და იმ სიბინძურეზე, რომელიც ბოლო დღეებისა და თვეების განმავლობაში ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები, დაწყებულია გამოძიება - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე თავდასხმის ყველა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო:

„გამოძიება გუშინ მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა და მივყვებით გამოძიებას. ვნახავთ, რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, ან ეს მოხდა, ან ის. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები, დაწყებულია გამოძიება“

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით, დიმიტრი ჩიქოვანს, ლაშა ღვინიანიძესა და გია ჯაფარიძეს რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ჩიქოვანი და ჯაფარიძე ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, ჯაფარიძის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება დიმიტრი ჩიქოვანს, მას ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება.

გვსურს, საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ევროკავშირის ნაწილი გახდეს - ჰერჩინსკი

დღეს ევროპის დღეა! ყოველწლიურად, სწორედ ამ დღეს, ჩვენ ვფიქრობთ იმ გზაზე, რომელიც მშვიდობისა და თანამშრომლობის ხედვით დაიწყო და 27 ქვეყნის ყველაზე წარმატებულ და აყვავებულ კავშირში გადაიზარდა; მათ განსხვავებული ისტორია და კულტურა აქვთ, მაგრამ ყველა საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით არის გაერთიანებული, - ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ამ დღეს პირველად აღნიშნავს კანდიდატის სტატუსით და რომ ევროკავშირს სურს ქვეყანა გახდეს მისი ნაწილი თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით.

„საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე.

საქართველოსთვის მიზანია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისარგებლოს წევრობის ყველა პრივილეგიით და ასევე ამ წევრობიდან გამომდინარე ყველა პასუხისმგებლობა იკისროს. ამისთვის საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს.

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! გელოდებით! ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს. დარჩით ევროკავშირის გზაზე და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ.

ასე რომ, მოდით აღვნიშნოთ ევროპის დღე და საქართველო ევროკავშირის წევრობას ხელიხელჩაკიდებულებმა მივუახლოოთ“, - განაცხადა ელჩმა.

“როცა კეზერაშვილი და მისი მეუღლე აშშ-ს შავ სიაში მოხვდნენ…” - გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე

ვიცით, რომ შემოსულია „შავი ფული“ კვიპროსიდან, მეტსაც გეტყვით, როდესაც კეზერაშვილი და მისი მეუღლე აშშ-მა შავ სიაში მოახვედრა, გაქანდნენ და კვიპროსში ამერიკის საკონსულოში შეეცადნენ ვიზის მიღებას - რაღაც არხი აქვთ იქ დალაგებული, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ განაცხადა.

„ჩემი მოლოდინი არის ისეთი, რომ კიდევ უფრო მეტად დაძაბავენ, შეეცდებიან, რომ მსხვერპლიც იყოს, რადგან მათთვის ადამიანი რამდენად ღირებულია, ეს მათი მმართველობის წლებმაც დაგვიდასტურა და დღესაც ვხედავთ - ერთი თვალს დაკარგავს, ერთი დაშავდება, ერთი ციხეში წავაო. ადამიანის ბედი და მდგომარეობა მათთვის საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. ამიტომ მე კიდევ უფრო მეტ რადიკალიზაციას ველოდები.

ვიცით, რომ შემოსულია „შავი ფული“ კვიპროსიდან. რატომღაც, როგორც ბუზები თაფლს და სხვა პროდუქტს, ასე დასტრიალებენ კვიპროსს. იქ რაღაც არხი არის, გავიგეთ, რომ იქიდან შემოვიდა რაღაც თანხა. უფრო მეტსაც მოგახსენებთ, ეს ექსკლუზივია - როდესაც დავით კეზერაშვილი მის მეუღლესთან ერთად ამერიკამ შავ სიაში მოახვედრა და უფრო მეტიც, watchlist-ში ჰყავთ - გაქანდნენ და კვიპროსში ამერიკის საკონსულოში შეეცადნენ ვიზის მიღებას. რატომ წავიდნენ უცებ ბრიტანეთიდან კვიპროსზე? იქ რაღაცას ელოდებოდნენ, რაღაც არხი აქვთ იქ დალაგებული. იქაც ცივი უარის სტკიცეს, იმიტომ რომ ამერიკის სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე და მისნაირ ქურდბაცაცებს ასე გვერდის ავლით დერეფნებს ვერ გაუხსნის“, - აღნიშნა გამსახურდიამ.