... ... hotnews.ge - პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი 18:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18:00 საათზე განცხადებას გააკეთებს - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით ისაუბრებს ზურაბიშვილი.

13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“,- ნათქვამია განცხადებაში.

"ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა, რათა მოსთხოვოს „ქართულ ოცნებას“ კანონის გაწვევა" - ჯეიკ სალივანი

ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა წვიმიან თბილისში, რათა მოსთხოვოს „ქართულ ოცნებას“ კანონის გაწვევა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართველი ხალხი თავის მოსაზრებას გამოთქვამს. არ შეუშინდა რა დაშინების ტაქტიკას, ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა წვიმიან თბილისში, რათა მოსთხოვოს „ქართულ ოცნებას“ კანონის გაწვევა“, – წერს სალივანი.

თბილისში, 11 მაისს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ორგანიზებით, საპროტესტო მარში გაიმართა. თავდაპირველად, მარშის მონაწილეები მეტროსადგურ „300 არაგველთან“, მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებას გეგმავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, პარლამენტთან ღამის გათენებას აანონსებენ, რათა ორშაბათს, 13 მაისს დეპუტატებს პარლამენტში შესვლისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის შესაძლებლობა არ მისცენ.

აღნიშნულის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს. ამასთან, სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ უკვე გამოქვეყნდა შესაბამისი ინფორმაციაც, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ, 12 მაისს, 22:00 საათზე შეკრება იგეგმება.

„ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით - გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედება“,- აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით უნდა განიხილონ, 13 მაისს, 9:00 საათზეა ჩანიშნული.

„ისევ და ისევ, თბილისი არის ევროპის დედაქალაქი“ - როთი

ისევ და ისევ, თბილისი არის ევროპის დედაქალაქი - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი X-ზე თილისში მიმდინარე მოვლენებს და ევროპულ მარშის ვიდეოს აქვეყნებს.

ისევ და ისევ თბილისი არის ევროპის დედაქალაქი. ძალიან ამაყი ვარ ქართველი ხალხის მშვიდობიანი დემონსტრაციით მშვიდობისა და დემოკრატიისთვის", - წერს როთი.

“ხვალ, საღამოს 10 საათიდან, გავათენოთ საქართველოსთვის" - დემონსტრაცია ევროპის მოედანზე

ევროპის მოედანზე გრანდიოზული დემონსტრაცია მიმდინარეობს. ევროპული მარშის მონაწილეები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა ლოკაციებიდან დაიძრნენ, უკვე ადგილზე იმყოფებიან. როგორც აქციის წამყვანმა, ლაშა ბუღაძემ აქციის მონაწილეებისთვის მიმართვისას განაცხადა, ხვალ საღამოს 10 საათიდან შეიკრიბებიან პარლამენტის წინ და ღამეს საკანონმდებლო ორგანოსთან გაათევენ, ვინაიდან ორშაბათს, დილის 9 საათიდან, "ოცნებამ" რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ჩანიშნა:

"დღევანდელი ჩვენი ზეიმი ცხადია გულისხმობს ჩვენს პოლიტიკურ მობილიზებულობასაც. ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ზეგ, ორშაბათს ქართულმა ოცნებამ ივანიშვილის მარიონეტებმა დანიშნეს საკომიტეტო სხდომა დილის 9 საათზე, ჩვენ უნდა ჩავხედოთ ამ 83-ს თვალებში. მათ არ უნდა მიიღონ რუსული კანონი. ამიტომ, ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ ხვალ, საღამოს 10 საათიდან ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ტრადიციულად ჩვენს ეროვნულ, წმინდა და ანტირუსულ ადგილას, ჩვენი პარლამენტის წინ  და გავათენოთ საქართველოსთვის. რაც მეტი ვიქნებით და რაც მეტად არ დავიღლებით მით უფრო მეტად მალე გაიტანენ ესენი რუსულ კანონს უკან მთელი მსოფლიო ჩვენ შემოგვცქერის. ახლა თბილისია ევროპის დედაქალაქი. ხვალ, 10 საათიდან გავათენოთ საქართველოსთვის." აღნიშნა ბუღაძემ. 

ევროპული მარში თბილისში - მტკვრის ორივე სანაპირო გადაიკეტა

მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები გადაიკეტა. დედაქალაქში ევროპული მარში მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც საღამოს, თბილისის სამი სხვადასხვა ლოკაციიდან დაიძრნენ და ევროპის მოედნისკენ მსვლელობას აწყობენ.

არა რუსულ კანონს - ესაა აქციის მთავარი ლოზუნგი და მოთხოვნა. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

სამი მსვლელობა თბილისში - ევროპული მარში რესპუბლიკის მოედნიდანაც დაიწყო

ევროპული მარშის მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს რესპუბლიკის მოედნიდანაც. მარში ევროპის მოედნისკენ მიემართება. მსვლელობა ამ წუთებში დედაქალაქის სამი ლოკაციიდან ერთდროულად მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ რუსული კანონის მოწინააღმდეგეები დაიძრნენ 300 არაგველიდან და მარჯანიშვილის მოედნის ტერიტორიიდან.  

„რუსული კანონის“ შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ - ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - პარტიები ხელისუფლებას მიმართავენ და ივანიშვილის გუნდს რუსული კანონის უკან გაწვევას სთხოვენ.

გავრცელებული განცხადებით ისინი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა ტერორში არა მხოლოდ "ოცნების" მიერ ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები, არამედ შსს-ს საპოლიციო დანაყოფები არიან ჩართული.

"პოლიტიკური რეპრესიები ივანიშვილმა ჩვენი ხალხის ყოველდღიურობად აქცია" - ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ მიმდინარე მოვლენებმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად შეულახა.

"ქართული ოცნების’" წარმომადგენლების საჯარო განცხადებები რუსულ კანონში კოსმეტიკური ცვლილებებისა და ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული ინიციატივის შელამაზების შესახებ, წარმოადგენს ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

ივანიშვილის ამ რუსული ინიციატივის გამო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის მსხვერპლი გახდა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, კანონის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ტერორში ჩართულია არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, არამედ შსს-ს საპოლიციო დანაყოფები. პოლიტიკური რეპრესიები ივანიშვილმა ჩვენი ხალხის ყოველდღიურობად აქცია, საქართველოს საერთაშორისო იმიჯს უკვე მიადგა უმძიმესი ზიანი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი დარტყმის ქვეშ დგას, ამიტომ, ჩვენ, დემოკრატიული ოპოზიცია რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ეს კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება და უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული.

საქართველოს ევროპული მომავლისთვის ვაგრძელებთ ერთიან წინააღმდეგობას რუსული კანონისა და რუსული რეჟიმის მიმართ". - ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები: 

ახალი
სტრატეგია აღმაშენებელი
დროა
გირჩი - მეტი თავისუფლება
რესპუბლიკური პარტია 
ლელო საქართველოსთვის 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

"რაც შვილებს უნდათ!" - „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე მშობლების მარში "ექსპო ჯორჯიადან" დაიწყო

„ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობა დაიწყო. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები, რომლებიც დღეს წერეთლის გამზირზე შეიკრიბნენ მარჯანიშვილის მოედნისკენ გადაინაცვლებენ, საიდანაც იქ შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან. ექსპო ჯორჯიასთან დღეს მშობლები შეიკრიბნენ

შეგახსენებთ, რუსული კანონის წინააღმდეგ დემონსტრაცია დღეს 19 საათზე სწორედ ევროპის მოედანზეა დაანონსებული. ევროპის მარშის მონაწილეები იქ ოთხი ლოკაციიდან მივლენ - ექსპო ჯორჯია, მარჯანიშვილის მოედანი, მეტრ 300 არაგველი და რესპუბლიკის მოედანი. 

[ფოტო "მაუწყებელი"]

ირაკლი ღარიბაშვილი ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ადიგენისა და ნინოწმინდის პარტიულ აქტივს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ადიგენისა და ნინოწმინდის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბორჯომში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ბორჯომში. შევხვდით სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პარტიის აქტივს. ვისაუბრეთ საარჩევნო და მიმდინარე საკითხებზე, შევეხეთ მოვლენებს, რომელიც ვითარდება ქვეყანაში და რეგიონში. ჩვენი მთავარი მესიჯია - პარტია კარგად უნდა იყოს მომზადებული არჩევნების დღისთვის, რომ ძლიერად გავიმარჯვოთ. მინდა ჩვენს მოსახლეობას, მივმართო, თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას დღეს შესწევს უნარი და ძალა იმისა, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და უზრუნველყოს განვითარება, მათ შორის, ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის ერთადერთი უალტერნატივო ძალა „ქართული ოცნება“. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. სხვა ალტერნატივა, ეს არის ნგრევა, ომი და ქაოსი და უბედურება, რომელიც უკავშირდება „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტებს" - ირაკლი ღარიბაშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. სამცხე-ჯავახეთის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უჩას პორნოფაილები - თავისივე ოჯახის წევრის მონაწილეობით მოგროვებული კომპრომატები…“ - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„უჩას პორნოფაილები - თავისივე ოჯახის წევრის მონაწილეობით მოგროვებული კომპრომატები…
(არ დაგვავიწყდეს, ეს იმ ადამიანზეა საუბარი, რომელიც მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია და აქციის სხვა ორგანიზატორებმა დაკავებისას გმირად და ყველაზე უცოდველ არსებად
გამოაცხადეს!)
ქართველობაზე გველაპარაკებიან-ხოლმე, ქალთა უფლებებზე… ევროპაზეც…
ახალგაზრდების და საქართველოს მომავლის სახელითაც ესენი გველაპარაკებიან…
ეს რა იკადრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორ გაბედა ამ საქმის გახსნაო - ესაა კოლექტიური ნაცების რეაქციები. უჩამ და მისმა ცოლმა რა იკადრესო, ან მათი დავალებების მიმცემებმაო - ერთს არ დაუწერია ჯერ!..
ამას ერთადერთი მიზეზი აქვს: დავალებებით მუშაობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კომპრომატებით შანტაჟი,  დამნაშავეობა და გარყვნილება არის მათი მთავარი მახასიათებელი. მხოლოდ მათ ტვინში შეიძლება მოიხარშოს ასეთი ამაზრზენი დანაშაული! რა ზრდილობა, რა კულტურა, რა IQ, მსგავსი უმორალო და მანიაკალური დაჯგუფება მეორე წარმოუდგენელია“