... ... hotnews.ge - პოლიტიკა

სად იკრიბებიან დღეს, 11 მაისს ევროპის მარშის მონაწილეები

11 მაისს თბილისში ევროპის მარში იმართება. მოქალაქეები საღამოს 7 საათიდან რამდენიმე ადგილას, რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, მეტრო 300 არაგველთან და „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბებიან და მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ.

„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - ეს არის ევროპის მარშის მთავარი გზავნილი.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მათ შორის, რამდენჯერმე გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა.

3 აპრილს, "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი. მესამე მოსმენა 13 მაისის კვირას არის დაგეგმილი.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.

ამ ერთი თვის განმავლობაში, საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

პარალელურად, ბოლო დღეებია, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ფიზიკურად უსწორდებიან.

გარდა ძალადობის ფაქტებისა, თბილისში, ღამის საათებში, არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების კედლებზე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან, პოლიტიკური პარტიების ოფისების კარებზე და ჟურნალისტების საცხოვრებელ კორპუსებთან ჩნდება წარწერები და პოსტერები.

სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ბოლო დღეებში განხორციელებული სატელეფონო და მასთან ერთად, რეალურ სივრცეში განხორციელებული ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“.

"მოგიწოდებთ, გაიწვიოთ კანონპროექტი" - 29 კონგრესმენი კობახიძეს წერილით მიმართავს

29 კონგრესმენი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ერთობლივი წერილით მიმართავს. 

კონგრესმენები წერილში შეშფოთებას გამოთქვამენ რუსული კანონის ხელახლა ინიცირების გამო, კანონის მოწინააღმდეგეთა მიმართ მმართველი პარტიის მიერ გამოყენებულ მეთოდებსა და ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე.

29 კონგრესმენი მოუწოდებს კობახიძეს, გაიწვიოს კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებენ, რომ სენატის ინიციატივას შეუერთდებიან. 

"ჩვენ გწერთ, რათა გამოვხატოთ შეშფოთება "უცხოელი აგენტის" კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მთავრობამ ერთი წლის შემდეგ შემოაბრუნა. ეს კანონპროექტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თქვენი მთავრობის გაცხადებულ სურვილს, შეუერთდეთ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას, 2009 წლის შტატები-საქართველოს ქარტიის სულისკვეთებას, რომელსაც ორმა ქვეყანამ მოაწერა ხელი საქართველოში რუსული ძალების შემოჭრიდან რამდენიმე თვეში.

ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, გაიწვიოს ეს დამაზიანებელი კანონპროექტი და გააფართოოს საქართველოში დემოკრატია, ეკონომიკური თავისუფლება, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. გააძლიეროს კანონის უზენაესობა და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს, როგორც ქარტია ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში. 

კონგრესმენების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ  კანონპროექტის მიღება "ძირს უთხრის ქართველ ხალხს, რომელიც მომავალს დასავლეთში ეძებს". ამასთან, კონგრესმენები უარყოფენ მოსაზრებას, რომ კანონპროექტი შემუშავებულია აშშ-ის კანონის მიხედვით.

"კანონპროექტი ჰგავს იმ კანონს, რომელიც რუსეთში, 2012 წელს შემოიღეს. ეს კანონი პუტინმა ოპოზიციის გასაქრობად გამოიყენა, რაც რუსეთის საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმში დაბრუნებით დასრულდა.

ჩვენ გვწამს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს და სურს, უკეთესი, უფრო დემოკრატიული მომავალი, ამ კანონის მიღება კი რუსეთის მავნე გავლენას გაზრდის საქართველოში", - წერია განცხადებაში. 

ამასთან, კონგრესმენები ივანიშვილის 29 აპრილს, ქართული ოცნების აქციაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მისი რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია. 

"ივანიშვილმა მიუთითა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები ევროპაში ცდილობდნენ, შეერყიათ საქართველოს სუვერენიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს თქვენი დამოუკიდებლობის დღიდან, მათ შორის 16 წლის შემდეგ, რაც რუსეთი პირდაპირ შემოიჭრა და დაიპყრო თქვენი ტერიტორიები. ჩვენ ვგმობთ ბატონი ივანიშვილის ამ შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს.

საქართველოში სიტუაცია ნათელია. ხელისუფლებას შეუძლია, აირჩიოს – მოუსმენს ქართველი ხალხის ხმას, თუ გააგრძელებს ბნელ გზას რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ.

ვაცხადებთ, რომ ამ უკანასკნელი გზის არჩევა გამოიწვევს შტატების მიერ ჩვენი ურთიერთობის ძირეულ გადაფასებას. ისევე, როგორც კონგრესმა მხედველობაში მიიღო ბელარუსში ავტორიტარული წარმომავლობა და მიიღო ორპარტიული დემოკრატიის აქტი 2004 წელს, ჩვენ ახლაც მზად ვართ, ვუპასუხოთ სამომავლო თავდასხმებს ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც საქართველო იმსახურებს.

ჩვენ მოგიწოდებთ, გაიწვიოთ კანონპროექტი და სხვა ზომები, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს, რის შემდეგაც მოხარულნი ვიქნებით, გავმართოთ პირდაპირი მოლაპარაკება სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად და გასააქტიურებლად.

თუ ამ საზიანო კანონპროექტს არ გაიწვევენ, შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივაში, მათ შორის აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვის, სავიზო და ფინანსური სანქციების ჩათვლით იმ ადამიანებზე, ვისაც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება", – ნათქვამია კონგრესმენების წერილში. 

 

არცერთ შემთხვევაში, კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, სააკაშვილსა და სხვებს არ დავუთმობთ ამ ქვეყანას - ირაკლი კობახიძე

სამი ჟურნალისტი ხართ კეზერაშვილის, გვარამიას და ხაზარაძის ტელევიზიიდან და ვერცერთი კითხვა ვერ დასვით კანონთან დაკავშირებით, ფაქტია, საზოგადოება ხედავს; მხოლოდ 25% უჭერს თქვენს პარტიებს მხარს, ძალიან ცოტა ტყუვდება. რაც შეეხება ხელისუფლების ცვლილებას, გპირდებით, რომ არცერთ შემთხვევაში კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, სააკაშვილსა და სხვებს არ დავუთმობთ ამ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნება“ მოსახლეობას არაფერს ატყუებს, დაპირებები შესრულებულია და მომავალშიც შესრულდება.

„ჩვენ მოსახლეობას არაფერს ვატყუებთ, დავპირდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს და მივიღეთ სტატუსი, ასევე ხალხს ვპირდებით, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები და გაიხსნება მოლაპარაკებები, უფრო მეტიც, ვპირდებით, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება პირველი, ვინც დაიმსახურებს ევროკავშირის წევრობას და ეს დაპირებაც შესრულდება,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ჩვენი თხოვნაა აშშ-ის მიმართ, უზრუნველყოფილი იყოს ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირის მიმართ კი გაიხსნას წევრობაზე მოლაპარაკებები - პრემიერი

გვაქვს მზაობა, კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ეს არის საქართველოს მთავრობის პოზიცია.

„ჩვენი პოზიცია არის ნათელი – ჩვენ ვითხოვთ კიდევ უფრო მეტ ურთიერთობას, უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, თუმცა სამწუხაროდ, არის გარკვეული თავშეკავებული პოზიცია, რასაც შესაძლოა, ჰქონდეს თავისი მიზეზები, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვუწოდებთ ანტიქართულ განწყობას. პირიქით, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ღია პოლიტიკა. გვაქვს მზაობა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის. რაც მეტი ნაბიჯი გადმოიდგმება იქითა მხრიდან, მით უკეთესი. ეს არის ჩვენი განწყობა და პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მოწოდებაა აშშ-ის მიმართ, უზრუნველყოფილი იყოს ვიზალიბერალიზაცია.

„ჩვენი თხოვნაა აშშ-ის მიმართ, უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია. დარწმუნებული ვარ, ეს არ დაამძიმებს აშშ-ს, ასევე ხელი მოეწეროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, უზრუნველყოფილი იყოს პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ამერიკას შორის. რაც შეეხება ევროკავშირს – აქ ჩვენი მოწოდებაა, გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან დეკემბერში“, – განაცხადა კობახიძემ.

ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი - ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია ხელისუფლების კონსტიტუციური ამოცანაა - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში უამრავი სპეკულაცია იყო, მათ შორის ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით.

როგორც მთავრობის მეთაურმა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა, ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი და ეს კურსი არა მხოლოდ ზოგად დონეზეა განსაზღვრული, არამედ პირდაპირ წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

„პირველ რიგში, რაც შეეხება ხელისუფლების პოლიტიკას და საერთო ხედვას. უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ბოლო პერიოდში, მათ შორის საგარეო კურსთან დაკავშირებით. ინიცირებულ კანონპროექტს უკავშირებენ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, რაც არის უხეში სპეკულაცია, მანიპულაცია. მინდა, მკაფიოდ განვმარტო კიდევ ერთხელ ის, რაც ყველასთვის ცხადი და ნათელია, ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული კურსი და ეს კურსი არა მხოლოდ ზოგად დონეზეა განსაზღვრული, არამედ პირდაპირ წერია საქართველოს კონსტიტუციაში.

იცით, რომ 2017 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეიტანა ნორმა საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, როგორც ევროკავშირში, ისე ნატო-ში ინტეგრაცია ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ცხადია ჩვენი პოლიტიკური კურსი, საგარეო კურსი და არა მარტო კურსია ცხადი, არამედ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიღწევები, შედეგები ამ მიმართულებით. ყველა ხელშესახები შედეგი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ იქნა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ეს არის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, DCFTA-ის – თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსის მიღება. ყველა ეს შედეგი არის მიღწეული სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ასევე, სწორედ ჩვენი მოწოდებაა პარტნიორების მიმართ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის დაახლოება როგორც აშშ-თან, ისე ევროკავშირთან. ჩვენი თხოვნა არის, მოწოდება, მაგალითად აშშ-ს მიმართ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია. ეს, დარწმუნებული ვარ, არ დაამძიმებს აშშ-ს; ასევე, ხელი მოეწეროს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, უზრუნველყოფილი იყოს პირდაპირი ფრენები აშშ-ში. რაც შეეხება ევროკავშირს, აქაც ჩვენი მოწოდებაა, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან დეკემბერში, როცა ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ნათელია, ვითხოვთ მეტ ურთიერთობას, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, თუმცა სამწუხაროდ, არის თავშეკავებული პოზიცია, რასაც შეიძლება, ჰქონდეს თავისი მიზეზები, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვუწოდებთ ანტიქართულ განწყობას, პირიქით, გვაქვს აბსოლუტურად ღია პოლიტიკა, მზაობა, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის და რაც მეტი ნაბიჯი გადმოიდგმება იქითა მხრიდან, მით უკეთესი. ეს არის ჩვენი განწყობა და ჩვენი პოზიცია,“- აღნიშნა პრემიერმა.

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის წინაშე, მათ შორის იმაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი გარემო და ამ კანონის ინიციირება, ემსახურება სწორედ ამ ძალიან პრინციპულ ამოცანას - პრემიერი

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი მოსახლეობის წინაშე, მათ შორის იმაზე, რომ ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი გარემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს ამ პასუხისმგებლობით და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიციირება სწორედ ამ ამოცანას ემსახურება.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოში იყო რევოლუციის ორი მცდელობა, ჯერ 2020-21 წლებში, გახსოვთ PVT-ის გაყალბება ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ასევე საერთო შეფასების გაყალბება მთელი რიგი არასამთავრობოების მიერ, რასაც კინაღამ მოჰყვა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ჩვენ იძულებული დავხვდით, ხელი მოგვეწერა პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, თუ ვერ მივიღებდით თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს. მოკლედ, აშკარად გამოკვეთილი რევოლუციური მცდელობა ვიხილეთ, 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე. ასევე, გახსოვთ, რომ 2022 წელს პირდაპირ არასამთავრობო ორგანიზაციები ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე პარლამენტის შენობის წინ და პირდაპირ მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მათ მონაწილეობით ე.წ ტექნიკური მთავრობის ფორმირება. პირდაპირი ლუსტრაცია მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური მიზნების, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და შეუთავსებელია არასამთავრობო ორგანიზაციის არსთან და მიზნებთან“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, 2016 წლიდან ერთადერთი მშვიდი წელიწადი 2017 წელი იყო და ამის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვაა, რაც დიდწილად ქვეყანაში რყევების შემოტანას ხმარდება.

„ყველას გახსოვთ, რა ვითარებაში ჩატარდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, იყო ე.წ პოლარიზაციის ძალიან მაღალი ხარისხი. 2018 წელს გახსოვთ, რა გარემოებებში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. შემდეგ გახსოვთ 2019 წლის ივნისი. შემდეგ ჯერ კოვიდი იყო 2020 წელს და კოვიდს დამთავრება არ აცალეს, უმძიმესი არჩევნები იყო 2020 წელს თავისი შემდგომი გაგრძელებით. 2021 წელი ქვეყანამ გაატარა მუდმივად რიგგარეშე არჩევნების თემის პირობებში, იყო მუდმივი პოლარიზაცია. შემდეგ 2022 წელს დაიწყო ომი და ომთან ერთად კიდევ უფრო გაღრმავდა პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში. ივნისში პირდაპირი რევოლუციის მცდელობა იყო და მთელი 2023 წელი, ვიდრე არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მუდმივად ხდებოდა პოლარიზაციის ხელოვნურად გაღრმავება ქვეყანაში. 2016 წლიდან მოყოლებული, ერთადერთი 2017 წელი იყო, როცა ქვეყანა ცხოვრობდა მშვიდად. ამის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი არის სწორედ ის, რომ გაუმჭვირვალედ იხარჯება შესაბამისი თანხები და ეს თანხები დიდწილად სამწუხაროდ ხმარდება სწორედ ასეთი რყევების შემოტანას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენი მოსახლეობის წინაშე, მათ შორის იმაზე, რომ ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი გარემო. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ბუნებრივია, უნდა ვიმოქმედოთ ამ პასუხისმგებლობით და ამ კანონის ინიციირება ემსახურება სწორედ ამ ძალიან პრინციპულ ამოცანას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა და ერთხელ და სამუდამოდ ეს ე.წ პოლარიზაცია ჩავაბაროთ წარსულს და გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე. სწორედ ამას ემსახურება ეს კანონი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გამჭვირვალობა არავის სიამოვნებს, არავის უნდა მისი ფული დაიხარჯოს გამჭვირვალედ - ამიტომ ითხოვენ კანონპროექტის გაუქმებას - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რატომ ითხოვენ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გაუქმებას.

„ჩემი აზრით, მიზეზი მარტივია - გამჭვირვალობა არავის სიამოვნებს, არავის უნდა რომ მისი ფული დაიხარჯოს გამჭვირვალედ. ყველას აქვს დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება. ჩვენთვის მისაღებია მხოლოდ ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ითვალისწინებს ქართული საზოგადოებისთვის ფინანსების გასაჯაროებას და ამ ფინანსების გამჭვირვალობას“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის.

პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ბორჯომში სამცხე-ჯავახეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს ბორჯომში შეხვდებიან.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა 11 მაისს, 13:00 საათზე შედგება.

მათივე ცნობით, შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

ვინმეს თუ მართლა ჰგონია, რომ ხალხის მხარდაჭერა აქვს, 26 ოქტომბერს გამოვიდეს და ხალხი მეცხრედ გასცემს პასუხს - პაპუაშვილი

არჩევნები რამდენიმე თვეშია. ვინმეს თუ მართლა ჰგონია, რომ ხალხის მხარდაჭერა აქვს, 26 ოქტომბერს გამოვიდეს და ხალხი კიდევ ერთხელ, მეცხრეჯერ გასცემს პასუხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ამასთან, პაპუაშვილმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ დღეს პირდაპირ სრულდება ის, რაზეც მმართველი გუნდი დიდი ხანია, საუბრობს.

„ეს დასტურია იმის, რასაც დიდი ხანია, ვსაუბრობთ და რაც სხვადასხვა ტრენინგით მზადდებოდა. ესეც ხომ ვიღაცას იუმორი ეგონა და სერიოზულად არ უყურებდა, როცა ვსაუბრობდით აკერმანის ტრენინგებზე. პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით ხომ სრულდება ახლა ის, რაც იმ წიგნში, ტრენინგების მასალაშია, ვიზუალი-ვიზუალზე იდება პირდაპირ. რთულია, მოიყვანო ამაზე მეტი ცხადი დასტური, მაგალითი, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში.

რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, იმას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. არის პოლიტიკური უმცირესობა და ცდილობს, დემოკრატიული მეთოდებიდან გვერდის ავლით, ძალადობით და წყლის ამღვრევით მოიპოვოს ძალაუფლება.

არჩევნები რამდენიმე თვეშია. თუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ხალხის მხარდაჭერა აქვს, 26 ოქტომბერს გამოვიდეს და ხალხი კიდევ ერთხელ, მეცხრეჯერ გასცემს პასუხს არჩევნებზე, თუ რას ფიქრობს მასზე საზოგადოება. ესაა, რასაც ეს დღეები ვაკვირდებით – პარლამენტზე თავდასხმა, თითქმის ყოველი აქცია ძალადობაში გადაიზარდა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ყოველ ჯერზე „ენჯეოების“ წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს, მშვიდობიან აქციას აქცევდნენ ძალადობრივად იმით, რომ მოუწოდებდნენ, მომხდარიყო პარლამენტის შენობის პიკეტირება, მისი ბლოკირება, რაც კანონით აკრძალულია, ამ ბლოკირების დროს პირდაპირ კონტაქტში შესულიყვნენ პოლიციასთან, რასაც აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებები მოჰყვებოდა.

ვერ ვნახე ვერცერთი განცხადება დიპლომატიური წარმომადგენლობის, თუ დონორებისა, ბოდიში ან მოწოდება საკუთარი „ენჯეოს“ მიმართ, რომელთა დაფინანსებითაც მოქმედებენ „ენჯეოები“, სცენაზე რომ დგანან და მოუწოდებენ აქციას, გავიდნენ ვიწრო ქუჩებში, კანცელარიასთან ან ბლოკირება მოახდინონ პარლამენტის, რაც კანონის დარღვევაა. ამას ერთადერთი მიზანი აქვს, გააკეთონ ძალადობის ინსპირირება.

დაშავდა რვა პოლიციელი, ერთს დასჭირდა ოპერაცია. დღემდე არცერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება არ მომისმენია საკუთარი „ენჯეოს“ მიმართ და არცერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული „ენჯეოებიც“ მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც ძალადობას იწვევს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ძალადობა იწვევს ძალადობას“-შალვა პაპუაშვილი

ძალადობა იწვევს ძალადობას. ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც პარლამენტის წევრებზე მიდიოდა პირდაპირი ძალადობა, არავინ ამასთან დაკავშირებით არ აღშფოთებულა.

„არ მახსოვს არავის აღშფოთება, როდესაც პარლამენტის წევრების პლაკატები დადო ყველა ენჯეომ . საელჩოები, რომ აფინანსებენ სწორედ იმ დიდმა ენჯეოებმა და შემდეგ ეპითეტები მოჰყვებოდა ამ პლაკატებს, პირდაპირ თავიანთ ოფიციალურ სოციალური ქსელის ანგარიშებზე დადეს. არც მაშინ მახსოვს როდესაც, პოლიტიკოსების ტელეფონის ნომრები ქვეყნდებოდა. კითხეთ პარლამენტის წევრებს, რა სახის მუქარა მიდიოდა მათზე და მათ ოჯახის წევრებზე, დღემდე მიდის. არ მახსოვს აღშფოთება ამასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა პაპუაშვილმა

მანვე გაიხსენა მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის შემდგომ რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიების ჟურნალისტების დამოკიდებულებაც.

„მამუკა მდინარაძეს, როდესაც ალეკო ელისაშვილი თავს დაესხა და გარეთ გამოვიდა, ჟურნალისტები ეხვეოდნენ მას და მადლობას უხდიდნენ. „პუბლიკას“ ჟურნალისტი მას გადაეხვია და მადლობები უხადა ამასთან დაკავშირებით. გვახსოვს მაშინ რა რეაქციები იყო ამასთან დაკავშირებით. ძალადობა და თავდასხმა რომელიც პირდაპირ ეთერში, საქართველოს პარლამენტის შენობაში მოხდა. ხარობდა ნახევარი ოპოზიცია. ძალადობა იწვევს ძალადობას. ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება“,- განაცხადა პაპუაშვოლმა.

ჯიმ ო'ბრაიენი თბილისში ჩამოდის

სანქციების ჯგუფის ამერიკელი შეფი, ჯიმ ო' ბრაიანი თბილისში ჩამოდის. მაღალჩინოსანი საქართველოს დედაქალაქში “რუსული კანონის“ განხილვის დღეს ჩამოდის. 

„ტვ პირველის“ ინფორმაციით,  უკვე დანიშნულია შეხვედრები ოპოზიციასთან.