... ... hotnews.ge - პოლიტიკა

"სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს დეპუტატების უსაფრთხოდ გამოსვლა; წესრიგის დამრღვევების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები" - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან უსაფრთხოდ გამოსვლა".

"პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მოვლენების ხელოვნურად ესკალაციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან უსაფრთხოდ გამოსვლა.

ამ დროისთვის, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები.

კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ყველა მონაწილეს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და ასევე, საავტომობილო გზების პარალიზება.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება" - წერია განცხადება 

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა პარლამენტის 23 წევრი.

კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო მეორე მოსმენით 2 დღის განმავლობაში, მუხლობრივად განიხილავდა. პროცესი როგორც გუშინ, ისე დღეს, უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ცხადე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

სპეცრაზმმა პარლამენტის უკანა და გვერდითა შესასვლელები დაიკავა - მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც

პარლამენტთან სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გამოიყვანეს - საკანონმდებლო ორგანოს უკანა და გვერდითა შესასვლელები სპეცრაზმელებმა დაიკავეს. მათ უკანა შესასვლელთან შეკრებილი მოქალაქეების ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს გადაწევაც დაიწყეს. ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარედ ხმაურია.

თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ. პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა - პრემიერი

თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ.  პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საჭიროა სწორედ ამ ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა და ვითარების დამშვიდება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა.

„რეალურად მარტივად არის საქმე. კონკრეტული ძალებისთვის პოლარიზაცია, რადიკალიზმი არის საკუთარი ინტერესების რეალიზების მთავარი ინსტრუმენტი და ამ კუთხით „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა მათთვის ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს. სწორედ „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა აძლევს მათ საშუალებას, რომ საქართველო დატოვონ ე.წ. პოლარიზაციის, იგივე რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეში. სწორედ იმიტომ ეწინააღმდეგებიან შესაბამისი ძალები გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, რომ მათ სურთ ქვეყანა მუდმივად ამყოფონ რადიკალიზმის რეჟიმში და ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში. 
კიდევ ერთხელ გავიხსენებ, თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა 2020 წლის ბოლოს, რა ხდებოდა 2021 და 2022 წელს, შემდეგ 2023 წელს. 3 წლის გამავლობაში ქვეყანა იყო მუდმივი რევოლუციური სცენარების განხორციელების მცდელობის პირობებში და ეს აწყობთ კონკრეტულ ძალებს, მაგრამ ეს არ აწყობს ქართულ სახელმწიფოს და ეს არ აწყობს, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად, იმისათვის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში დავამშვიდოთ ეს ქვეყანა, არის აუცილებელი  ამ კანონის მიღება. იქნება, რა თქმა უნდა, აქციები დღეს, მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა ჩვენ თუ გავიტანთ ყველაფერს და რა თქმა უნდა, გავიტანთ ამ კანონს, ამ შემთხვევაში იქნება რამდენიმედღიანი დისკომფორტი, თუმცა ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში წლობით დავაზღვევთ ამ ქვეყანას პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან. ეს არის ძალიან პრინციპული ეროვნული ამოცანა. თუ ჩვენ არ გავარღვევთ ამ ე.წ.  პოლარიზაციის და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეს, ამ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ გვჭირდება სწორედ ამ ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა და ვითარების დამშვიდება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია“, -  განაცხადა პრემიერმა.

რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოების“ და მათი მედიასაშუალებების ერთადერთი იარაღი არის ძალადობა - ირაკლი კობახიძე

მიტინგის ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი გამოიხატა როგორც საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირებით, ისე სამართალდამცავების მიმართ ფიზიკური ძალადობითა და შეურაცხყოფით, პოლიციელებისთვის სხვადასხვა საგნის - მათ შორის შუშის ბოთლებისა და ქვების სროლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოების“ და მათი მედიასაშუალებების ერთადერთი იარაღი არის ძალადობა. ამით გამოირჩეოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ამით გამოირჩევა ის ახლაც.

 

„რაც შეეხება გუშინდელ ძალადობრივ აქციას, რომელიც სრულად აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით დაიგეგმა და წარიმართა. მიტინგის ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი გამოიხატა როგორც საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირებით, ისე სამართალდამცავების მიმართ ფიზიკური ძალადობითა და შეურაცხყოფით, პოლიციელებისთვის სხვადასხვა საგნის - მათ შორის შუშის ბოთლებისა და ქვების სროლით.

პოლიტიკური უმცირესობის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი ქმედებების გამო, გუშინ აუცილებელი გახდა 6 პოლიციელის ჰოსპიტალში გადაყვანა, მათ შორის ერთ-ერთს აღენიშნებოდა თვალბუდის ფსკერის მოტეხილობა და დასჭირდა გადაუდებელი ოპერაცია.

ასევე, გუშინდელი ძალადობრივი აქციის შემდეგ, სხვადასხვა ნაკლებად მძიმე დაზიანებით კლინიკებში გადაყვანილ იქნა 4 მომიტინგე, რომლებიც მალევე გაეწერნენ კლინიკებიდან.

რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო ლევან ხაბეიშვილის დაზიანებების ხილვა. ასევე, შეკრების დაშლის დროს დაფიქსირდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი. სამწუხაროა, რომ ძალადობა შობს ძალადობას. თითოეული ადამიანის ფიზიკურ დაზიანებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს და ადამიანს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ახალისებდა და იწონებდა ძალადობას, აქეზებდა ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ, იწონებდა ელისაშვილის მიპარვით ძალადობას, ძალადობდა სიტყვიერად ხელისუფლების წარმომადგენლებზე, როდესაც მათ სხვადასხვა უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით მოიხსენიებდნენ.

ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოების“ და მათი მედიასაშუალებების ერთადერთი იარაღი არის ძალადობა. ამით გამოირჩეოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ამით გამოირჩევა ის ახლაც. ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ის ფაქტიც, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მათ არაფერი აქვთ სათქმელი, მაგრამ ამ კანონს მაინც უხეშ იარლიყებს აწებებენ, მათი ძალადობრივი ბუნების კიდევ ერთი გამოვლინებაა,“- განაცხადა პრემიერმა.

შსს-ს აქციის მონაწილეებს მორიგი წერილობითი განცხადებით აფრთხილებს

"მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფორმებში და არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება"-  წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღესაც იგეგმება საპროტესტო აქციის გამართვა.

ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას და ქალაქის პარალიზებას.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის მიხედვით, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.

მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფორმებში და არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროტესტის მონაწილეები კვლავ გეგმავენ საკანონმდებლო ორგანოს შენობის შესასვლელებისა და გასასვლელების პიკეტირებას.

ყველა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან და გამოსასვლელებთან, განთავსება პოლიციის კორდონები.

აქციის მონაწილეებს, ექნებათ შესაძლებლობა პროტესტი გამოხატონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ და უკანა შესასვლელთან.

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ გააჟღერონ მოწოდებები, რომლებიც შესაძლოა ძალადობრივი ქმედებების წინაპირობა გახდეს.

კიდევ ერთხელ, აღვნიშნავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.

ასევე, აღვნიშნავთ, რომ 30 აპრილს, აქციის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავებული ერთი სამართალდამცველის მდგომარეობა მძიმეა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართალდამცველების მხრიდან, თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება" - წერია განცხადებაში 

ყველა ცილისმწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას ძალადობაზე, რომელიც გუშინ ვიხილეთ... - ირაკლი კობახიძე

ყველა ცილისმწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც გუშინ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის შესრულებით ვიხილეთ, ყველას ვაფრთხილებთ, საკუთარი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სათანადოდ გაიაზრონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ დღეებში რადიკალური პოლიტიკური უმცირესობა ანიავებს იმ ძალადობრივ რესურსს, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა შემოენახა, რაც საარჩევნოდ მომზადებული რევოლუციური სცენარის პრევენციას ეფექტურად უზრუნველყოფს.

 

მისივე თქმით, გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული ღირებულება.

 

„ვერავინ დაამტკიცებს იმას, რომ „ენჯეოების“ მიერ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის გამოქვეყნება ევროპულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამის მიუხედავად, კვლავაც ვრცელდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსებისა და ჩინოსნების ცილისმწამებლური ნეგატიური განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.

 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოში მოქმედ ელჩებს, რომლებიც შესაბამის ქვეყნებს წარმოადგენენ: თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, დავსხდეთ საზოგადოების წინაშე და გავმართოთ საჯარო დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვიყავით და ახლაც ნებისმიერ დროს მზად ვართ, გავითვალისწინოთ პარტნიორების არგუმენტირებული რეკომენდაციები. ის ფაქტი, რომ შესაბამისი ქვეყნები, ერთი მხრივ, საქართველოს შიდაპოლიტიკურ დებატებში პირდაპირ ერევიან, ხოლო, მეორე მხრივ, მათი ოფიციალური წარმომადგენლები დღემდე უარს ამბობენ საჯარო დისკუსიაზე, ადასტურებს, რომ მათ, სინამდვილეში, კანონპროექტის წინააღმდეგ არავითარი არგუმენტი არა აქვთ. არგუმენტები მით უმეტეს ვერ იარსებებს, რომ ამგვარი კანონები მათთანაც მოქმედებს ან აქტიურად განიხილება. თუმცა, მაინც გვეუბნებიან, რომ კანონის მიღება არ უნდა გავბედოთ. ასეთ პირობებში, მათი მხრიდან ცილისმწამებლური განცხადებების კვლავაც გავრცელება და მშრალი შანტაჟის ენით საუბარი უკიდურესად არაევროპული და არადასავლურია.

 

ყველა ცილისმწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც გუშინ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის შესრულებით ვიხილეთ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას, ასევე, სრულად იზიარებენ აქციების ორგანიზატორი და წარმმართველი რადიკალური პარტიები, „ენჯეოები“ და მათი წარმომადგენლები. ყველას ვაფრთხილებთ, საკუთარი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა სათანადოდ გაიაზრონ.

 

პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს, რომელიც მთელი ერთი წლის მანძილზე ძალადობისა და მოძალადეების რომანტიზებას ახდენდა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებების წევრებს გულწრფელ ახალგაზრდებს უწოდებდა. საუბარი იყო მოძალადე ახალგაზრდებზე, რომლებიც კეზერაშვილის, ხაზარაძის და კონკრეტული უცხოელი დონორების მიერ ფინანსდებიან. ესენია: ნაცმოძრაობის, „ლელოს“ და „ახალის“ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც 100-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. აგრეთვე, ესენია ძალადობრივი დაჯგუფებები: „ტალღა“, „ჯიუტები“, „ნაბიჯი“, „თბილისი პრაიდი“, „ჯენზი“, „წერტილი“, „დაფიონი“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ და „მომავლის აკადემია“, რომლებიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთგულ 200-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს.

 

მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, გაემიჯნოს ამ დაჯგუფებების ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც მთლიანად ვიწროპარტიული და ანტისახელმწიფოებრივი მოტივებით არის ნაკარნახევი.

 

საინტერესოა, რომ გასული წლების განმავლობაში ამ ძალადობრივ დაჯგუფებებში მილიონობით დოლარი ჩაიდო, თუმცა, მათ, საბოლოოდ, მხოლოდ 300-მდე მოძალადე ახალგაზრდის რეკრუტირება შეძლეს. დარწმუნებული ვარ, ეს რესურსიც ოქტომბრამდე დიდწილად განიავდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებაში...- ირაკლი კობახიძე

მინდა გამოვეხმაურო როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას, ისე გუშინ განვითარებულ მოვლენებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - „ენჯეოების“ და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციების წარდგენას. 

„ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებაში. გარდა ამისა, ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ.
2020 წლიდან, „ენჯეოების“ აქტიური მონაწილეობით, ვიხილეთ რევოლუციის 2 წარუმატებელი მცდელობა. შეგახსენებთ, 2020 წელს „ენჯეოებმა“ გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები, გააყალბეს მონაცემები ოქმებში ზედმეტობების შესახებ, გააყალბეს ინფორმაცია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების თითქოსდა დაგვიანებით გამოქვეყნების შესახებ. „ენჯეოების“ ეს სიყალბე სრულად უცხოური წყაროებიდან იყო დაფინანსებული. სწორედ ამ გაყალბებამ მოუმზადა რადიკალურ ოპოზიციას ნიადაგი პარლამენტის საბოტაჟისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისათვის. არჩევნების ლეგიტიმაციის არაღიარების კამპანიას, ასევე უცხოური დაფინანსებით, აწარმოებდნენ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი კონკრეტული მედიასაშუალებები. საბოლოოდ, 2020 წლის ოქტომბერში დაწყებული რევოლუციის მცდელობა მხოლოდ 2021 წლის ოქტომბერში დასრულდა, როდესაც საზოგადობამ „ქართულ ოცნებას“ ნდობა თვითმმართველობის არჩევნებშიც დაუდასტურა.
რევოლუციის მეორე მცდელობა უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო. როგორც გახსოვთ, 2022 წლის აპრილში ბაკურიანში შეიკრიბნენ რადიკალური პარტიების, „ენჯეოებისა“ და მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომლებმაც ძალადობრივი რევოლუციების ცნობილ ექსპერტთან, პიტერ აკერმანთან ერთად, დაგეგმეს რევოლუციური სცენარი, რომელიც ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო. ეს სცენარი ივნისში მართლაც ამოქმედდა, როდესაც საქართველოს სრულიად უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. 2022 წლის ივნისში „ენჯეოებმა“ ნიღაბი ჩამოიხსნეს, პოლიტიკურ სცენაზე ავიდნენ და მთავრობის გადადგომა და მათი მონაწილეობით ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება მოითხოვეს. რევოლუციური მცდელობები მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, რაც 2023 წლის დეკემბერში საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმჯობესია, რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ძალადობრივი აქცია ვიხილოთ ახლა, ვიდრე საქართველო რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავტოვოთ - პრემიერი

„ენჯეოებისა“ და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალობა გამოიყენება მათ მიერ იმგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლებიც ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალურმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიასაშუალებებმა 3 წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა.

„მთლიანობაში, რადიკალურმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიასაშუალებებმა 3 წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა დოლარში 2021-23 წლებში გაორმაგდა. თუმცა, რომ არა რევოლუციური მცდელობები საქართველოს ეკონომიკა დამატებით 5 მილიარდი დოლარით მაინც გაიზრდებოდა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად მილიარდი დოლარით მეტი მაინც შევიდოდა, რაც არსებული სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების მნიშვნელოვნად გაფართოების საშუალებას მოგვცემდა. შესაბამისად, „ენჯეოების“ გაუმჭვირვალობა საქართველოს სახელმწიფოს არა მხოლოდ პოლიტიკურ პრობლემებს უქმნის, არამედ მისი ეკონომიკის განვითარებისა და ბიუჯეტის გაზრდისთვისაც მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ „ენჯეოებისა“ და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალობა გამოიყენება მათ მიერ იმგვარი საქმიანობის განსახორციელებლად, რომლებიც ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს პრინციპულად ეწინააღმდეგება. ესაა - ნარკოტიკების პროპაგანდა, ლგბტ-პროპაგანდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე პერმანენტული შეტევა, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენცია, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობა, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის დაბრკოლებების შექმნა და ა.შ. უმჯობესია, რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ძალადობრივი აქცია ვიხილოთ ახლა, ვიდრე საქართველო რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავტოვოთ. ამის არდაშვება არის ჩვენი, როგორც ხელისუფლების, პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა. გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, ამ დღეებში რადიკალური პოლიტიკური უმცირესობა ანიავებს იმ ძალადობრივ რესურსს, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა შემოენახა, რაც საარჩევნოდ მომზადებული რევოლუციური სცენარის პრევენციას ეფექტურად უზრუნველყოფს,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გენერალურ დირექტორს სამეზობლო და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ პროცესს, წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის მნიშვნელობას და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროქტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აღინიშნა, რომ კანონპროექტის ერთადერთი მიზანია გამჭვირვალობა და ის არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთადერთ ვალდებულებას აკისრებს - ყოველწლიურად დაადეკლარირონ მიღებული დაფინანსება.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით რეფორმები გაგრძელდება. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა ამ პროცესში ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

 

 

"ქართველებმა ბევრი იშრომეს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად" - გერტ იან კოპმანი

გერტ იან კოპმანი საქართველოშია. ამის შესახებ ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში სოციალურ ქსელში წერს.

„ახლახან ჩამოვედი თბილისში. მოუთმენლად ველი შეხვედრებს პრეზიდენტთან, მთავრობასთან, პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ქართველებმა ბევრი იშრომეს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ამჟამინდელი გამოწვევები უნდა მოგვარდეს და ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ მათ მოგვარებაში“, - წერს დიპლომატი.

აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება-სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„2024 წლის 30 აპრილსა და 1 მაისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან იღებს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას, იგეგმება და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია”, - აღნიშნულია განცხადებაში.