... ... hotnews.ge - პოლიტიკა

ერთად შევხვდეთ აღდგომას! - ახალგაზრდებმა რუსთაველზე შეკრება დაიწყეს

"რუსული კანონის" საწინააღმდეგოდ უწყვეტი პროტესტის 21-ე დღე. რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტები დღესაც იკრიბებიან. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ახალგაზრდები ერთად, ქაშვეთის ეკლესიასთან შეხვდებიან. არა რუსულ კანონს -  კი ევროპას  -  ეს გახლავთ აქციის მონაწილეების მთავარი მოწოდება.

“იშვიათად მინახავს ასეთი გულწრფელობა აქციაზე” - ლევან იოსელიანი

იშვიათად მინახავს ასეთი გულწრფელობა აქციაზე, ეს  ამ თაობის მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან - ამის შესახებ,

სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი წერს.

 

“მინდა დავწერო, როგორც მოქალაქემ და არა როგორც სახალხო დამცველმა, რთულია მიმდინარე მოვლენებზე განყენებულად საუბარი, იმ პოზიციიდან რაც მიკავია და იმ პასუხისმგებლობით, რაც მაკისრია. მოკლედ ვიტყვი, რომ აქციების დაწყების პირველივე დღიდან, მეც და სახალხო დამცველის აპარატიც სრულად, ვაკეთებთ იმას, რასაც კონსტიტუცია და კანონი გვავალდებულებს, ვნახულობთ დაკავებულებს და დაზარალებულებს, ვაწვდით ინფორმაციას ოჯახის წევრებს და საზოგადოებას, ვაფასებთ პოლიციის მოქმედების პროპორციულობას და მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. აღნიშნულზე დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე. 

აქ სხვა რამეზე მინდა გამოვთქვა აზრი და ეს, პირველ რიგში, ეხება ჩვენს ახალგაზრდებს, პროტესტის მონაწილეებს, იშვიათად მინახავს ასეთი გულწრფელობა აქციაზე, ეს  ამ თაობის მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან.  მე ვიცი ვინ დგას იქ, ისინი ჩვენი შვილები, მათი მეგობრები, ჩვენი მეგობრების შვილები, მეზობლები, ნათესავები არიან.  კატეგორიულად მიუღებელია მათი შეურაცხყოფა, დემონიზება, ან ნებისმიერი პოლიტიკური ნარატივისადმი მიკუთვნების მცდელობა! მაქვს განცდა, რომ ამ ახალგაზრდებმა საკუთარ თავში, აწმყოსთან ერთად, ის წარსულიც გააერთიანეს, რომელიც მათი მშობლების თაობაა (თუნდაც, ისინი განსხვავებულად უყურებდნენ ბევრ რამეს) და ის მომავალიც, რომელიც ცალსახად მათია, ამიტომ მათზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული. ჩვენ ვერ ვიქნებით მათ გარეშე და ისინი უჩვენოდ, რადგან ეს ერთი დიდი ოჯახია. 

ვნახე კადრები, სადაც მოქალაქეების ჯგუფი აქციის მონაწილეს წიხლებით გაუსწორდა; ეს ის საშიში ზღვარია, რომლის შემდეგაც, უბნური ვენდეტები და გარჩევები იწყება. ამ ჯოჯოხეთს ძლივს დავაღწიეთ თავი და იქ  არასდროს უნდა დავბრუნდეთ. სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ შემთხვევაში, მან არ უნდა დაუშვას ძალადობა, ხოლო მოძალადეებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი.  ძალადობა დაუშვებელია შეკრების მონაწილეების მხრიდანაც, ყველას უნდა გვესმოდეს რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე დგას და ამ ინსტიტუციებს პატივისცემა სჭირდება, პოლიციელების შეურაცხყოფა, გინება თუ ფურთხება კატეგორიულად მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს.

სიძულვილის ენა ის წყევლაა, რაც ათწლეულების მანძილზე არ გვაძლევს საშუალებას გავერთიანდეთ საერთო ღირებულებების ირგვლივ, სიძულვილის ენის გამოყენება არის ადამიანის დეჰუმანიზაციის სამარცხვინო აქტი და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად არჩეული უარგუმენტო გზა, განსაკუთრებით, როცა ჩვენს საამაყო სპორტსმენებზეა  საუბარი, ისინი ბევრად მეტს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება შეიძლება იყოს, მათ აქვთ უფლება, აკეთონ საკუთარი საქმე და არავის აქვს უფლება ამუნათოს ამისთვის. ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაც ადამიანის უფლებაა და არა ვალდებულება.

და ბოლოს, ისევ ჩვენს ახალგაზრდებს დავუბრუნდები, ჩვენი ევროპული  მომავლის ფლაგმანს და ვიტყვი, რომ არ შევწყვიტოთ შრომა ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ორ სიტყვაში „ადამიანის უფლებები“,  მთავარი სიტყვა ადამიანია.

გილოცავთ, ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბედნიერებას, მშვიდობას და სიხარულს გისურვებთ!” - წერს იოსელიანი.

"ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია" - პრემიერი

ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გაძლიერება და სრულად იქნეს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, რათა ის გახდეს მთავარი ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული ცენტრი, ისევე, როგორც ლოგისტიკის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სერვისების ჰაბი შავი ზღვის რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობაძემ აღნიშნა, საქართველოს კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის გაძლიერებაც.

„ჩვენ ინტენსიურად ვაშენებთ აღმოსავლეთ-დასავლეთ და სამხრეთ-ჩრდილოეთის საავტომობილო ინფრასტრუქტურას, რაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას კიდევ უფრო გააძლიერებს. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გათვალისწინებულია ყოვლისმომცველი რეფორმის პროგრამა ქვეყნის სარკინიგზო სექტორისთვის, რაც გადამწყვეტია საჯარო კორპორაციების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის.

ეს ძალისხმევა ემსახურება საქართველოს განვითარებას და ამ საპასუხისმგებლო საქმეში კარგად ვაცნობიერებთ, რომ თანამედროვე, გლობალურად დაკავშირებულ მსოფლიოში ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება პარტნიორების გარეშე შეუძლებელია. მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მრავალფეროვანი პორტფელი ჩამოგვიყალიბდა როგორც სუვერენულ, ისე კერძო სექტორში. ჯამურად, 4.5 მილიარდი აშშ დოლარი მიიმართება ისეთი მნიშვნელოვანი სექტორების და პროექტების დაფინანსებაზე, როგორიცაა ჩქაროსნული მაგისტრალები, ელექტროგადამცემი ხაზები, სხვადასხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა.

სიამაყით მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა აზიის განვითარების ბანკს 2007 წელს შეუერთდა, როგორც აზიის განვითარების ფონდის ბენეფიციარი; დღეს კი, საქართველოს აღნიშნულ ფონდში უკვე დონორი ქვეყნის სტატუსი აქვს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მიზანდასახულობას და საქართველოს განვითარების შეუქცევადობას.

მეგობრებო, ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გაძლიერება და სრულად იქნეს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, რათა ის გახდეს მთავარი ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული ცენტრი, ისევე, როგორც ლოგისტიკის, ტექნოლოგიების, განათლებისა და სერვისების ჰაბი შავი ზღვის რეგიონში.

ამდენად, ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია.

ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამისი რეფორმებისა და პროექტების განხორციელებას უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის და ამ პროცესში აზიის განვითარების ბანკის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როდესაც ხელისუფლება ხარ არ შეიძლება ახალგაზრდებს სატანისტები და სხვა ეპითეტები უწოდო! - ზურაბიშვილი

"როდესაც ხელისუფლება ხარ არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობას სატანისტები და სხვა ეპითეტები უწოდო, რომლებსაც შემდეგ ხელისუფლებისა და პარლამენტის ქვედა რგოლები საკუთარი მოსახლეობის მიმართ იმეორებენ," - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

მან პარტნიორებს ბოდიში მოუხადა იმ თავდასხმების გამო, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება. ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ნაკლები პროვოკაცია და იმის უფრო მეტი გააზრება უნდა იყოს, თუ რა არის მოსახლეობის საერთო ნება.

"ჩვენ ასევე ვნახეთ თავდასხმა ჩვენს პარტნიორებზე და მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ სიტყვების გამო, რაც თქვენი ქვეყნების მიმართ იქნა გამოყენებული. თქვენ ის ქვეყნები ხართ, რომლებიც 30 წელზე მეტია - 33 წელია მხარს უჭერენ ამ ქვეყნის ყველანაირ განვითარებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, კულტურულ ინფრასტურქტურას, ქართული იდენტობის დაცვას; ყველა ის პროგრამა, რომელიც თქვენმა ქვეყნებმა და თქვენმა არასამთავრობო, თუ კერძო ორგანიზაციებმა განახორციელეს იყო საქართველოს ინტერესში.

და ეს ისაა, რაც საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ მათი სახელით, მინდა ამისათვის ოფიციალურად მადლობა გადაგიხადოთ, რადგან (ყველგან რომც არ ჩანდეს) ეს ისაა, რასაც ხალხი ფიქრობს. ქართველებს არასდროს უგრძნიათ თავი რაიმე სახით თქვენი რომელიმე ქვეყნის მონობაში, ან თქვენი დომინანტობა (ბატონობა), განსხვავებით ჩვენი მეზობლებისგან.

ასევე, ადგილი აქვს პროვოკაციასა და ძალადობას კონსტიტუციაზე, რომელშიც, როგორც ყველასათვისაა ცნობილი, ძალიან ნათლადაა ნათქვამი რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და ორიენტაცია. სიტყვები, რომლებიც დღეს აზიის განვითარების ბანკის კონფერენციაზე მკაფიოდ არ მომისმენია. მოულოდნელად ისე ჩანს, თითქოს სხვა მიმართულება აქვს საქართველოს. ასე რომ, ესაა კონსტიტუციაზე ძალადობა.

ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს პასუხისმგებლობა დავინახოთ და ხელისუფლებასთან თქვენი კომუნიკაციისას ხაზი გაუსვათ მათ პასუხისმგებლობას განსაკუთრებით, პარტნიორებისა და მოსახლეობის მიმართ გამოყენებულ ძალადობრივ რიტორიკაზე. როცა ხელისუფლება ხარ, არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობას სატანისტი და სხვა ეპითეტები უწოდო, რომლებსაც შემდეგ ხელისუფლებისა და პარლამენტის ქვედა რგოლები საკუთარი მოსახლეობის მიმართ იმეორებენ.

ეს ყველაფერი სტაბილურ გარემოს არ ქმნის. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა სტაბილური გარემო, არჩევნებისკენ წასვლის შესაძლებლობა შევინარჩუნო, რაც ყველა იმ მიღებული კანონის შესწორების საშუალებას მოგვცემს, რომლებიც ჩვენს ევროინტეგრაციის გეგმებს არ შეესაბამება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ნაკლებ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი, უკეთ უნდა აღიქვას რა არის მოსახლეობის ზოგადი ნება.

მინდა გთხოვოთ და ეს გზავნილია თქვენი ხელისუფლებებისთვის - ის პერიოდი, რომელიც ახლა იწყება, ძალიან გადამწყვეტია, იქნება კანონის მესამე მოსმენა და ვფიქრობ, თარიღების არჩევის მეთოდიც ასევე, ცოტა პროვოკაციულია; ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აღდგომის პერიოდში ხდება, რომელიც წესით გაერთიანებისა და დეპოლარიზაციის პერიოდი უნდა იყოს, თუმცა პირიქითაა. ბატონი ივანიშვილის გამოსვლა ძალიან პროვოკაციული იყო, როგორც თქვენი, ასევე, ქართველი ხალხის მიმართ.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ჩვენ დაძაბულ ვითარებაში ვართ და თქვენც მნიშვნელოვანი როლი გაქვთ, რომ საქართველოს მოსახლეობას დაანახოთ სტაბილურობა, დაანახოთ, რომ საქართველო მარტო არაა, რომ საქართველო ევროინტეგრაციისკენ სვლას განაგრძობს.

ჩემი თხოვნა სწორედ ამ პერიოდში, მაისის ბოლომდე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებაა, შემდეგ, ვიცი რომ ევროპელებისთვის სხვა პერიოდი იწყება - ევროპული საპარლამენტო არჩევნების.," - განაცხადა პრეზიდენტმა.

"თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს" - კახა კალაძე

„ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“, – სიძულვილის ენის ეს პრიმიტიული ფორმულა ბოლო მოვლენების მთავარ გზავნილად იქცა. სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია მედიით და სოციალური ქსელებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. თავდასხმის ობიექტი ხდება ნებისმიერი, ვისაც რადიკალებისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია, ასეთი კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილია, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას.

„დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი – მტრის ხატის შექმნა.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, როგორი შეურაცხყოფა, ზიზღი და ბულინგი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან. განსაკუთრებული თავდასხმა ხორციელდება ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილებზე.

ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლისგანაც კატეგორიულად მოითხოვდნენ ერთ რამეს – სიტყვასიტყვით გაემეორებინა ის მესიჯები, რაც საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგებმა შექმნეს.

ხვიჩა კვარაცხელია, ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ დიდი წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს, იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად. ხვიჩას განცხადება მკაფიოა. ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა!

ასევე, შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე და ჩვენი სპორტული თუ სახელოვნებო სფეროს სხვა ცნობილი სახეები.

მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!

საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით და ჩვენს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას.

დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, მეგობრებო, უფალმა ინებოს მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება!“ – წერს კახა კალაძე.

"ფრაზა “ხიდი მომავლისკენ“ საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს - ირაკლი კობახიძე

დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მოტივია “ხიდი მომავლისკენ“, რაც საჭირო პლატფორმას გვთავაზობს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, ჩვენი საერთო მიზნებისა და სამომავლო გეგმების, ასევე, რეგიონული თუ გლობალური კრიზისების დაძლევის პერსპექტივების განსახილველად, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ფრაზა საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს. 

„მოხარული ვარ, დღეს მასპინძლის რანგში მოგმართოთ აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე.
პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ასაკავას გამოცხადებული ნდობისთვის და ასევე, გამოვხატო მადლიერება აზიის განვითარების ბანკის გუნდის მიმართ, რომელმაც ღირებული დახმარება გაგვიწია ამ ღირსშესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებაში.
დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მოტივია “ხიდი მომავლისკენ“, რაც საჭირო პლატფორმას გვთავაზობს ეკონომიკური განვითარების ტენდენციების, ჩვენი საერთო მიზნებისა და სამომავლო გეგმების, ასევე, რეგიონული თუ გლობალური კრიზისების დაძლევის პერსპექტივების განსახილველად.
ამავე დროს, ეს ფრაზა საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს - ჩვენი გადაწყვეტილებებით და ნაბიჯით ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის.
ამ ხედვას აძლიერებს ჩვენი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც საქართველოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ხიდად აქცევს. ჩვენი უნიკალური მდებარეობა გვაძლევს საშუალებას, ერთდროულად ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამავე დროს, ღირსეულად ვატარებდეთ ისტორიული აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მემკვიდრის სტატუსს.
მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნებით უმნიშვნელოვანეს როლს ვასრულებთ ე.წ. შუა დერეფნის ფუნქციონირებაში, რომელიც სხვა მარშრუტების სტაბილურ, უსაფრთხო და საიმედო ალტერნატივად ჩამოყალიბდა. ჩვენ გავაგრძელებთ აზიური ბიზნესისა და ინვესტორებისთვის საუკეთესო ბიზნეს-გარემოს შეთავაზებას და რეგიონში მათი გაფართოების შესაძლებლობის უზრუნველყოფას”, -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

"ვეტო დაედება ყველა იმ კანონს, რაც ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება" - პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ ოფშორების კანონზე ვეტოს დადებას ეხმაურება. მისი თქმით, ვეტო დაედება ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.

"ვეტო დაედო "ოფშორების" კანონს და ვეტო დაედება ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. საქართველოს იდენტობა ევროპული და ურყევია მიუხედავად დამახინჯების მცდელობებისა", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცოტა ხნის წინ, სალომე ზურაბიშვილმა ოფშორების კანონს ვეტო დაადო. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ადმინისტრაციის განცხადების მიხედვით, პარლამენტს ცვლილებები საგადასახადო კოდექსში "მოტივირებული შენიშვნებით" დაუბრუნდება.

***

პარლამენტმა ოფშორიდან აქტივების გადმომტანის დაბეგვრისგან გათავისუფლებაზე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, უნდა ჩამოიწეროს ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი. 

ცვლილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათები წესდება:

ა) აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;

ბ) აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;

გ) საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის მტკიცებით, კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ქონებას არ ეხება, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება. 

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის მიღება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთანაა დაკავშირებული.

შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის - პრემიერი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. 
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული.

“გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პარტნიორები თავს არიდებენ საგნობრივ დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე. გარდა ამისა, აღვნიშნე, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის ერთადერთი მიზანი ქართული საზოგადოების მიმართ შესაბამისი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ყურადღება გავამახვილე იმ გარემოებაზეც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული.
ამასთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის - ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის”,- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

რას გეგმავდნენ მომიტინგეები - შსს-ს განცხადება

გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების მონაწილეები შეკრება-მანიფესტაციის დროს, ასევე, სხვადასხვა მედიის საშუალებით მიმართავენ პოლიციელებს და მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ მათ პროტესტს.
იმის გამო, რომ მათ მიერ დასახული მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა, აქციის მხარდამჭერები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ღიად სვამენ კითხვებს, იმის თაობაზე თუ როგორ არის შესაძლებელი პოლიციის უნიფორმისა და ეკიპირების მოძიება.
მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, აქციის ორგანიზატორებსა და მსგავსი განზრახვის მქონე პირებს, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან და პატივი სცენ სამართალდამცველთა პროფესიულ საქმიანობას.

"არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი“ - შარლ მიშელი პრემიერს ესაუბრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სატელეფონო საუბარი გამართეს:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარში განვიხილეთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. კვლავ დავადასტურე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს. საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისაკენ უნდა იყოს გათვალისწინებული. აქტიური დებატები არის ქვაკუთხედი და ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი. საქართველოს მომავალი ევროკავშირს ეკუთვნის. არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი“

პროტესტი სასტუმრო „პარაგრაფთან“ - აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს

სასტუმრო „პარაგრაფთან“ გამართული აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები „რუსული კანონის“ აპროტესტებენ. სასტუმროში აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ღონისძიება ტარდება. შეკრებილები აცხადებენ, რომ მათ ფორუმის მონაწილეებს ხმა უნდა მიაწვდინონ.

აქციაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ერთი მონაწილე დააკავეს.

გუშინ არაერთი ფაქტი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, როდესაც გაუშვეს გარკვეული სახის გაზი, უშუალოდ ჩემს თანამშრომელს მიასხეს წიწაკის სპრეი - ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე ამბობს, რომ არსებობს არაერთი ფაქტი, როგორ გაუშვეს აქციის მონაწილეებმა "გარკვეული სახის გაზი". მისი თქმით, დაკავებულია რამდენიმე პირი.

ეს განცხადება მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა - "პოლიციელებს რატომ ეკეთათ ნიღბები".

"ხშირ შემთხვევაში, მეც მიწევს ხოლმე ნიღბის გაკეთება. გუშინ არაერთი ფაქტი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, როდესაც გაუშვეს გარკვეული სახის გაზი, კონკრეტული ფაქტები მაქვს, ასევე უშუალოდ ჩემს თანამშრომელს მიასხეს წიწაკის სპრეი, გამოვიყენეთ ჩვენი უფლებამოსილება და დაკავებულია რამდენიმე პირი. ყველაფერი საჯაროვდება. აკრძალული არ არის ნიღბის გაკეთება." - განაცხადა ვაჟა სირაძემ.